Litclub.ge

რევიზორი
კომედია ხუთ მოქმედებად

              მოქმედნი პირნი

ანტონ ანტონოვიჩ სკვოზნიკ-დმუხანოვსკი  –  გოროდნიჩი.
ანა ანდრეევნა  –  მისი ცოლი.
მარია ანტონოვნა  –  მათი ქალი.
ლუკა ლუკიჩ ხლოპოვი  – სასწავლებელთა ზედამხედველი.
ცოლი მისი.
ამოს ფედოროვიჩ ლიაპკინ-ტიაპკინი  –  მოსამართლე.
არტემი ფილიპოვიჩ ზემლიანიკა  –  საღვთო-სამადლო დაწესებულებათა  მზრუნველი.
ივან კუზმიჩ შპეკინი  – ფოსტმეისტერი.
პეტრ ივანოვიჩ დობჩინსკი
პეტრ ივანოვიჩ ბობჩინსკი  –  ქალაქის მემამულენი.
ივან ალექსანდროვიჩ ხლესტაკოვი  –  პეტერბურგელი ჩინოვნიკი.
ოსიპი  –  მისი მსახური.
ხრისტიან ივანოვიჩ გიბნერი  – მაზრის მკურნალი.
ფედორ ანდრეევიჩ ლულუკოვი
ივან ლაზარევიჩ რასტაკოვსკი
სტეფან ივანოვიჩ კორობკინი   –  სამსახურიდან გადამდგარი მოხელენი, ქალაქის საპატიო პირნი.
სტეფან ილიჩ უხოვერტოვი  – უბნის ბოქაული.
სვისტუნოვი
პუგოვიცინი
დერჟიმორდა   –  პოლიციელნი.
აბდულინი  –  ვაჭარი.
ფევრონია პეტროვნა პოშლეპკინა  – ზეინკლის ცოლი.
უნტერ-ოფიცრის ქვრივი.
მიშკა  –  გოროდნიჩის მსახური.
ტრაქტირის მსახურნი.
სტუმარი ქალები და კაცები, ვაჭრები, მდაბიო მოქალაქეები, მთხოვნელები.



ხასიათები და ტანსაცმელი.
შენიშვნები ბატონ მსახიობთათვის

გოროდნიჩი  – სამსახურში დაბერებული და თავისებურად საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია. თუმცა მექრთამეა. თავი მეტად დარბაისლურად უჭირავს: საკმაოდ სერიოზულია, რამდენადმე რეზონერიც. ლაპარაკობს არც ხმამაღლა, არც ხმადაბლა, არც ბევრს და არც ცოტას. ყოველი მისი სიტყვა მნიშვნელოვანია. მისი სახის ნაკვთები ტლანქი და უხეშია, როგორც ყოველი ადამიანისა, რომელმაც სამსახური დაბალი ჩინიდან დაიწყო. შიშიდან სიხარულზე და სიმდაბლიდან მედიდურებაზე გადასვლა სწრაფად იცის, როგორც ადამიანმა, რომლის სულის მიდრეკილებანი უხეშად არის განვითარებული. აცვია ჩვეულებისამებრ ფორმის მუნდირი და მაღალყელიანი დეზებიანი ჩექმები. ჭაღარაშერეული თმა მოკრეჭილი აქვს.
ანა ანდრეევნა  – გოროდნიჩის მეუღლე. პროვინციელი კეკელა ქალი, ჯერ არც ისე ხნიერი. ნახევრად რომანების კითხვასა და ალბომებზე, ნახევრად კი საკუჭნაოსა და სამოახლოს საქმიანობაზეა აღზრდილი. ძლიერ ცნობისმოყვარეა და, თუ შემთხვევა მიეცა, პატივმოყვარეობას იჩენს. ზოგჯერ ქმარზე ბატონობს, ისიც იმიტომ, რომ ქმარს ვერ მოუსაზრია, რა უპასუხოს. მაგრამ ეს ბატონობა მხოლოდ წვრილმანებზე ვრცელდება და ქმრის დატუქსვასა და აბუჩად აგდებაში გამოიხატება. იგი ოთხჯერ იცვლის ტანსაცმელს პიესის მსვის დროს.
ხლესტაკოვი  – ახალგაზრდა კაცი, 23 წლისა, გამხდარი და წვრილი. ცოტათი მოისულელებს. როგორც იტყვიან ხოლმე, თავში ქარი უქრის. ერთი იმგვართაგანია, რომელთაც კანცელარიაში ქარაფშუტებს ეძახიან. სრულიად დაუფიქრებლად ლაპარაკობს და მოქმედებს. არ შეუძლია ყურადღება ერთ რასმეზე შეაჩეროს. ლაპარაკობს ნაწყვეტ-ნაწყვეტად, სიტყვებს სრულიად მოულოდნელად ისვრის. რაც უფრო მეტ გულწრფელობასა და გულუბრყვილობას გამოიჩენს ამ როლის შემსრულებელი, მით უფრო მოიგებს. ჩაცმულია მოდაზე.
ოსიპი  –  მსახური. ისეთია, როგორც ჩვეულებრივ არიან ხოლმე უკვე ხანში შესული მსახურნი. ლაპარაკობს დინჯად, ოდნევ თავდახრით. რეზონერია, მარტო მყოფს უყვარს ბატონისათვის განკუთვნილი დარიგებების ხმამაღლა წარმოთქმა. მისი ხმა თითქმის ყოველთვის ერთნაირად ჟღერს, ბატონთან საუბრისას კი მკაცრად და ზოგჯერ უხეშადაც. თავის ბატონზე უფრო ჭკვიანია და უფრო მალე მიმხვედრი, მაგრამ არ უყვარს ზედმეტი ლაპარაკი. ჩუმი გაიძვერაა. აცვია რუხი ან ლურჯი ნახმარი სერთუკი.
ბობჩინსკი და დობჩინსკი  –  ორივე დაბალი, ძალზე ცნობისმოყვარე, ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ორივეს აქვს პატარა ღიპი, ორივე სხაპასხუპით ლაპარაკობს, წამდაუწუმ ხელებს იშველისბენ. დობჩინსკი უფრო მაღალია და უფრო დინჯი, ბობჩინსკი უფრო თამამი და ცოცხალი.
ლიაპკინ-ტიაპკინი  –  მოსამრთლე, კაცი, რომელსაც წაკითხული აქვს ხუთი თუ ექვსი წიგნი და ამიტომ რამდენადმე თავისუფლად აზროვნებს. თავს იდებს მიხვედრაზე, ამიტომ ყოველ თავის სიტყვას აფასებს. ამ როლის შემსრულებელს სახეზე მუდამ ღრმააზროვანი გამომეტყველება უნდა ჰქონდეს. ლაპარაკობს ბოხი ხმით, გაჭიანურებით, ხვნეშით, ხრინწით, ძველებური საათის მსგავსად, რომელიც ჯერ ახრიალდება და მერე რეკავს.
ზემლიანიკა  – საღვთო-სამადლო დაწესებულებათა მზრუნველი, ძალიან სქელი და მოუხეშავი, ამასთან ქვეშქვეშა და გაიძვერა ადამიანი. მეტად უყვარს სხვისთვის სამსახურის გაწევა, ფუსფუსა კაცია.
ფოსტმეისტერი   –  გულუბრყვილო და უაღრესად მიამიტი კაცია.
დანარჩენი როლები არ საჭიროებს განმარტებას: მათი ორიგინალები თითქმის ყოველ წამს თვალწინ გვიდგას.
ბატონმა მსახიობებმა მთავარი ყურადღება უნდა მიაქციონ უკანასკნელ სცენას. სულ ბოლოს წარმოთქმულმა სიტყვამ ყველაზე ერთბაშად უნდა მოახდინოს საშინელი შტაბეჭდილება, თითქოს დენმა დაჰკრათო. მთელმა ჯგუფმა თვალის დახამხამებაში უნდა იცვალოს მდგომარეობა. განცვიფრების ხმა უნდა აღმოხდეს ყველა ქალს ერთბაშად, თითქოს ერთი გულიდან. ამ შენიშვნების შეუსრულებლობამ შეიძლება ერთიანად გააქარწყლოს ეფექტი.


პირველი მოქმედება

ოთახი გოროდნიჩის სახლში

გამოსვლა I


გოროდნიჩი, საღვთო-სამადლო დაწესებულებათა მზრუნველი, სასწავლებელთა ზედამხედველი, მოსამართლე, უბნის ბოქაული, მკურნალი და უბნის ორი პოლიციელი.
გოროდნიჩი.  ბატონებო, თქვენ იმისთვის მოგიწვიეთ, რომ გაუწყოთ მეტისმეტად არასასიამოვნო ამბავი: ჩვენთან რევიზორი ჩამოდის.
ამოს ფედოროვიჩი.  როგორ თუ რევიზორი?
არტემი ფილიპოვიჩი.  როგორ თუ რევიზორი?
გოროდნიჩი.  რევიზორი პეტერბურგიდან, ინკოგნიტოდ, თანაც საიდუმლო მინდობილობით!
ამოს ფედოროვიჩი.  ერიჰაა!
არტემი ფილიპოვიჩი.  ესღა გვაკლდა სწორედ!
ლუკა ლუკიჩ.  ღმერთო ძლიერო! თანაც საიდუმლო მინდობილობით!
გოროდნიჩი.  თითქოს წინასწარ ვგრძნობდი: წუხელ მთელი ღამე რაღაც ორი არაჩვეულებრივი ვირთაგვა მესიზმრებოდა, სწორე გითხრათ, მსგავსი არასოდეს არ მინახავს: შავები, საოცრად დიდები! მოვიდნენ, დამსუნეს და გამშორდნენ. აი აგერ წაგიკითხავთ ბარათს, რომელიც მომივიდა ანდრეი ივანოვიჩ ჩმიხოვისაგან. თქვენ ხომ იცნობთ, არტემი ფილიპოვიჩ. აი რას იწერება: «საყვარელო მეგობარო, ნათლიავ და კეთილისმყოფელო» (დუდუნებს დაბალი ხმით, სწრაფად თვალს ავლებს ნაწერს)... «და გაუწყო შენ». აი ესეც: «ვესწრაფი, სხვათა შორის, გაუწყო, რომ ჩამოვიდა ჩინოვნკი დავალებით – დაათვალიეროს მთელი გუბერნია და განსაკუთრებით ჩვენი მაზრა. (მრავლისმეტყველად სწევს თითს ზევით). ეს ამბავი გავიგე ყველაზე სანდო პირებისაგან, თუმცა თავის თავს კერძო პირად ასაღებს. რადგან ვიცი, რომ შენც, როგორც ყველას, ცოდვები გაქვს, ვინაიდან ჭკვიანი ხარ და არ გიყვარს იმის გაშვება, რაც თავისთავად ხელთ გივარდება...»(შეჩერდება) ჰო. აქ ყველა შინაურები ვართ. «ამიტომ გირჩევ გაფრთხილდე: ყოველ წუთს მოსალოდნელია მისი ჩამოსვლა, თუკი ჯერ არ ჩამოსულა და სადმე არ ცხოვრობს ინკოგნიტოდ... გუშინ მე...» აქ კი ოჯახურ ამბებზეა: «ჩემი და ანა კირილოვნა გვესტუმრა ქმრიანად, ივან კირილოვიჩი ძლიერ დასრულებულა და სკრიპკაზე უკრავს»... და სხვადასხვა, აი რა ამბებია!
ამოს ფედოროვიჩი.  დიახ, ეს უჩვეულო ამბებია, სწორედ უჩვეულო, ალბათ არც უმიზეზოდ...
ლუკა ლუკიჩი.  რათა, ანტონ ანტონოვიჩ, რისთვის? რად მოდის ჩვენთან რევიზორი?
გოროდნიჩი.  რისთვის? ჩანს, ბედმა ინება ასე! (ამოიხვნეშებს). აქამდე, ღვთის მადლით სხვა ქალაქებს უჩუჩხურებდნენ, ახლა ჩვენი ჯერიც დადგა.
ამოს ფედოროვიჩი.  მე ვფიქრობ, ანტონ ანტონოვიჩ, რომ აქ რაღაც სხვა მიზეზია, უფრო კი პოლიტიკური... აი ეს რას ნიშნავს: რუსეთს... დიახ... რუსეთს უნდა ომი დაიწყოს, ჰოდა სამინისტრომ ჩინოვნიკი გამოგზავნა იმის გასარკვევად, ღალატი ხომ არსად არისო.
გოროდნიჩი.  ეე, სად გაუტიეთ! ჭკვიან კაცს კი გეძახიან! სამაზრო ქალაქში ღალატი! განა ჩვენი ქალაქი სასაზღვრო ქალაქია? აქედან თუგინდ სამი წელიწადი სულ ჭენებით იარო, ვერა სახელმწიფომდის ვერ მიაღწევ.
ამოს ფედოროვიჩი.  არა, ბატონო, უნდა მოგახსენოთ, თქვენ ვერ გამიგეთ... მთავრიბას თავისი მოსაზრებანი აქვს: მართალია, შორს არის, მაგრამ მაინც ვარაუდს იჭერს.
გოროდნიჩი.  იჭერს თუ არ იჭერს, მე, ბატონებო, გაგფრთხილეთ. ჩემი მხრივ უკვე გავეცი ზოგიერთი განკარგულება... თავენც ამას გირჩევთ. განსაკუთრებით თქვენ, არტემი ფილიპოვიჩ! უეჭვალია, ჩამოსული ჩინოვნიკი უწინარეს ყოვლისა მოინდომებს თქვენს ხალქვეით მყოფ დაწესებულებათა დათვალიერებას. ამიტომ ისე მოაგვარეთ საქმე, ყოველივე რიგზე გქონდეთ: ჩაჩები სუფთა იყოს და ავადმუოფებიც არა ჰგვანდნენ მჭედლებს, როგორც ჩვეულებრივ დადიან ხოლმე.
არტემი ფილიპოვიჩი.  ეჰ, ეგ არაფერია, შეიძლება სუფთა ჩაჩიც დავახუროთ.
გოროდნიჩი.  დიახ, და კიდევ: ყოველი საწოლის თავზე ლათინურად ან რომელიმე სხვა ენაზე... ეგ კი უკვე თქვენი საქმეა, ხრისტიან ივანოვიჩ, – უნდა დაწეროთ, ვინ როდის გახდა ავად, რომელ დღესა და რიცხვში. ვერ არის კარგი, რომ თქვენი ავადმყოფები ისე მაგარ თამბაქოს ეწევიან, როცა დერეფანში შეხვალ, უსათუოდ ცხვირს დაგაცემინებს! უკეთესი იქნებოდა, რომ ავადმყოფთა რიცხვი ნაკლები იყოს, თორემ იმწამსვე მიაწერენ უხეირო ზედამხედველობას ან მკურნალის უვარგისობას.
არტემი ფილიპოვიჩი.  ო, მკურნალობის მხრივ ჩვენ ხრისტიან ივანოვიჩთან ერთად მივიღეთ ზომები. რაც ახლოა ბუნებრიობასთან, მით უმჯობესია – ძვირფას წამლებს სრულებით არ ვხმარობთ. ადამიანი ასეთია: თუ სასიკვდილოა – ისედაც მოკვდება, თუ მოსარჩენია – ისედაც მორჩება. ესეც არ იყოს, ხრისტიან ივანოვიჩს გაუძნელდება ავადმყოფებთან საუბარი: რუსულად ერთი სიტყვაც არ იცის.
ხრისტიან ივანოვიჩს აღმოხდება ხმა, რომელიც ნაწილობრივ ის წააგავს, ნაწილობრივ კი ე-ს.
გოროდნიჩი.  თქვენც გირჩევთ, ამოს ფედოროვიჩ, მიაქციოთ ყურადღება სამსჯავრო დაწესებულებას. იმ დერეფანში, სადაც ჩვეულებრივ მთხოვნელები შემოდიან, დარაჯებს მოუშენებიათ ბატები და ჭუკები – სულ ფეხებში ებლანდებიან ადამიანს, რა თქმა უნდა, ოჯახის სიკეთეზე ზრუნვა ყველასათვის საქებარია და დარაჯმა რატომაც არ უნდა იზრუნოს? მაგრამ, იცით, ასეთ ადგილას უხერხულია... მე წინათაც ვაპირებდი ეს შემენიშნა თქვენთვის, მაგრამ როგორღაც სულ მავიწყდებოდა...
ამოს ფედოროვიჩი.  დღესვე ვუბრძანებ სუყველას სამზარეულოში უკრან თავი. გნებავთ, სადილად მეწვიეთ.
გოროდნიჩი.  ისიც ურიგო გახლავთ, თვით დაწესებულებაში რომაა გაფენილი გასაშრობად ყოველგვარი სიბინძურე, იმ კარადის თავზე კი, სადაც საბუთები და საქმეები ინახება, სანადირო მათრახია ჩამოკიდებული. ვიცი, რომ ნადირობა გიყვართ, მაგრამ დროებით სჯობია მოაშოროთ. შემდეგ კი, როცა რევიზორი წავა, შეგიძლიათ ხელახლა ჩამოჰკიდოთ. აი, თქვენი მსაჯულიც... ის, ცხადია, მცოდნე კაცია, მაგრამ ისეთი სუნი ამოსდის, კაცს ეგონება, ეს არის ახლა გამოვიდა არყისსახდელ ქარხნიდანაო... ესეც არ ვარგა. დიდი ხანია ამის თქმას ვაპირებდი თქვენთვის, მაგრამ არ მახსოვს, რამ გადამავიწყა. ამ სუნის საწინააღმდეგო საშუალებაც არის, თუ ის, როგორც თვითონ ამბობს, მართლა თანდაყოლილი სუნია: შეიძლება ვურჩიოთ ჭამოს ხახვი ან ნიორი, ან კიდევ სხვა რამე...ამ შემთხვევაში მედიკამენტებით ხრისტიან ივანოვიჩიც დაეხმარება.
ხრისტიან ივანოვიჩი ისევ წინანდებურად წაიზმუვლებს.
ამოს ფედოროვიჩი.  არა, ამ სუნს ვერ მოიშორებს. ასე ამბობს, ბავშვობაში ძიძამ რაღაც მატკინა და იმ დღიდან არყის სუნი ამდისო.
გოროდნიჩი. – მე მხოლოდ ისე შეგნიშნეთ. რაც შეეხება შინაგან განკარგულებას და იმას, რასაც ცოდვებს უწოდებს ანდრეი ივანოვიჩი თავის წერილში, ამაზე აბა რა გითხრათ. გასაკვირიც იქნება, კაცმა რომ ამაზე რაიმე თქვას: ადამიანი არაა, ცოდვა არ ჰქონდეს. თვითონ ღვთისაგან არის ასე დაწესებული და ვოლტერიანელები ტყუილად ლაპარაკობენ ამის წინააღმდეგ.
ამოს ფედოროვიჩი.  რას უწოდებთ, ანტონ ანტონოვიჩ, ცოდვებს? ცოდვაცაა და ცოდვაც. მე ყველას აშკარად ვეუბნები, ქრთამს ვღებულობ-მეთქი, მაგრამ როგორ ქრთამს? მწევრის ლეკვებს. ეს სულ სხვა საქმეა!
გოროდნიჩი.  ლეკვებია თუ სხვა რამ საგანი, სულ ერთია, ქრთამი ქრთამია.
ამოს ფედოროვიჩი.  არა, ანტონ ანტონოვიჩ. აი, მაგალითად, თუ ვისმე ხუთასმანეთიანი ქურქი აცვია და მის ცოლს კიდევ შალი...
გოროდნიჩი.  მერე რა, რომ ქრთამში მწევრის ლეკვებს იღებთ? სამაგიეროდ, ღმერთი არა გწამთ, ეკლესიაში არ დადიხართ. მე კი, რაც უნდა იყოს, ღვთის მორწმუნე ვარ და ყოოველ კვირადღე საყდარში ვარ. თქვენ კი... მე თქვენ კარგად გიცნობთ, ქვეყნის გაჩენაზე რომ საუბარს დაიწყებთ, ადამიანს თმა ყალყზე დაუდგება.
ამოს ფედოროვიჩი.  საკუთარი ჭკუით მივედი ამ დასკვნამდის, საკუთარით.
გოროდნიჩი.  ზოგ შემთხვევაში ჭარბი ჭკუა უფრო უარესია, ვიდრე სულ უჭკუობა. სხვათა შორის, მე მხოლოდ ისე ვახსენე სამაზრო სასამართლო, თორემ, მართალი თუ გნებავთ, ძლიერ საეჭვოა ოდესმე იქ ვინმემ შეიხედოს: ეგ ისეთი დალოცვილი ადგილია, თვითონ ღმერთი მფარველობს. აი თქვენ კი ლუკა ლუკიჩ, როგორც სასწავლებელთა ზედამხედველმა, მართლაც უნდა იზრუნოთ მასწავლებლებზე. მასწავლებლები, რა თქმა უნდა, მცოდნე ხალხია და სხვადასხვა კოლეგიებში უსწავლიათ, მაგრამ რაღაც ახირებული საქციელი კი სჩვევიათ, თუმცა განსწავლულებს ასე მოსდგამთ ხოლმე. მაგალითად, აი ის, გატყაპული სახე რომ აქვს... ვერანაირად ვერ მოვიგონე მისი გვარი, – როცა კათედრაზე ავა, არ შეიძლება უცნაურად არ დაიმანჭოს, აი ასე (იმანჭება), მერე კი შეჰყოფს ხელს ყელსახვევის ქვეშ და აბურძგნულ წვერს იუთოებს. რასაკვირველია, არაფერია, თუ ასე უცნაურად დაემანჭება თავის მოწაფეს; იქნებ იქ ასეც იყოს საჭირო, ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ, აბა წარმოიდგინეთ, მასწავლებელი რომ ასე დაემანჭოს სკოლაში შემოსულ უცხო კაცს, ამას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვეს: ბატონმა რევიზორმა ან სხვა ვინმემ ხომ შეიძლება თავის თავზე მიიღოს. ეშმაკმა იცის, რა უსიამოვნება შეიძლება დატრიალდეს აქედან.
ლუკა ლუკიჩი.  ღმართმანი, აღარ ვიცი, რა გავაწყო. უკვე არა ერთხელ მითქვამს მისთვის. აი სწორედ რამდენიმე დღის წინათ, როცა კლასში შემოვიდა ჩვენი მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი, ისე დამანჭა სახე, იმის მსგავსი ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს. იმან ეს კეთილი განზრახვით ქნა, მე კი საყვედური მივიღე: რატომ უნერგავთ ყმაწვილებს თავისუფალ აზრებსო.
გოროდნიჩი.  ასევე უნდა გითხრათ ისტორიის მასწავლებელზეც. ჩანს, ნასწავლი კაცია, ცოდნაც უამრავი შეუძენია, მაგრამ ისეთი გატაცებით ხსნის, აღარაფერი არ ახსოვს. ერთხელ მეც მოვუსმინე: სანამ ასურელებსა და ბაბილონელებზე ლაპარაკობდა, კიდევ ჰო, მაგრამ როცა ალექსანდრე მაკედონელზე გადავიდა, ვერ აგიწერთ, რა დაემართა. ღმერთმანი, ასე მეგონა, ხანძარია-მეთქი. გადმოხტა კათედრიდან და, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, დაახეთქა სკამი იატაკზე. ალექსანდრე მაკედონელი გმირია, მაგრამ რა საჭიროა სკამების მტვრევა? ამით ხომ ხაზინას ზარალი მოსდის.
ლუკა ლუკიჩი.  დიახ, ძლიერ ფიცხია,. ეს უკვე რამდენჯერმე შემინიშნავს მისთვის... « როგორც გენებოთ, მე კი მეცნიერებისათვის სიცოცხლესაც არ დავზოგავო».
გოროდნიჩი.  დიახ, ასეთია განგების აუხსნელი კანონი: ჭკვიანი კაცი ან ლოთია, ან ისე დამანჭავს სახეს, პირჯვარი უნდა გადაისახო კაცმა.
ლუკა ლუკიჩი.  ღმერთმა გაშოროთ სამეცნიერო დარგში სამსახური! ყველაფრის გეშინია, ყველა გეჩხირება საქმეში, ყველას სურს გიჩვენოს, მეც ჭკვიანი კაცი ვარო.
გოროდნიჩი.  ეგ კიდევ არაფერი, უბედურება წყეული ინკოგნიტოა! უეცრივ შემოჰყოფს თავს: « აჰა, აქა ბრძანდებით, ჩემო კარგებო? აბა, – იტყვის, – ვინ არის აქ მოსამართლე?» – « ლიაპკინ-ტიაპკინი». « აბა, მომგვარეთ აქ ლიაპკინ-ტიაპკინი! აბა ვინაა საღვთო-სამადლო დაწესებულებათა მზრუნველი?» – « ზემლიანიკა». « აბა მომგვარეთ აქ ზემლიანიკა!» აი რა გახლავთ უბედურება!

გამოსვლა 11

იგინივე და ფოსტმეისტერი

ფოსტმეისტერი.  ამიხსენით, ბატონებო, რა მოხდა, რომელი ჩინოვნიკი მოდის?
გოროდნიჩი.  განა თქვენ კი არ გაგიგიათ?
ფოსტმეისტერი.  ეს წუთია პეტრ ივანოვიჩ ბობჩინსკიმ მითხრა, ჩემთან იყო ფოსტის კანტორაში.
გოროდნიჩი. მერე, რას ფიქრობთ ამაზე?
ფოსტმეისტერი.  რას ვფიქრობ? ნაღდად ომი იქნება ოსმალებთან!
ამოს ფედოროვიჩი.  სიტყვა სიტყვით არ გაიმეორა! მეც სწორედ აგრე ვფიქრობდი!
გოროდნიჩი.  დიახ, ორივეს გამოცანა გერგებათ, აი!
ფოსტმეისტერი.  უეჭველია, ოსმალებთან იქნება ომი. სულ კი ფრანგი გვირევს საქმეს.
გოროდნიჩი.  რა ომი, რომელი ომი ოსმალებთან! ჩვენ დაგვადგება ცხელი დღე, ოსმალებს კი არა. ეს უკვე ცხადია: მე ბარათიც მივიღე!
ფოსტმეისტერი.  თუ აგრეა, მაშ არ იქნება ომი ოსმალებთან.
გოროდნიჩი.  აბა, თქვენ რას ფიქრობთ, ივან კუზმიჩ?
ფოსტმეისტერი.  ეჰ, მე რას ვფიქრობ... თვითონ რას ფიქრობთ, ანტონ ანტონოვიჩ?
გოროდნიჩი.  მე რა? შიშით კი არ მეშინია, ოღონდაც ცოტა... ვაჭრები და მოქალაქეები მაფიქრებენ. ამბობენ, თითქოსდა ძალიან ძვირად ვუჯდები. მე კი, ღმერთს გეფიცებით, თუკი ამიღია ვისგანმე, განა სიბოროტით. მე იმასაც ვფიქრობ ( ხელს გაუყრის და განზე გაიყვანს), მე იმასაც კი ვფიქრობ, ხომ არ დამაბეზღეს-მეთქი? მართლაცდა რა უნდა ჩვენთან რევიზორს? გამიგონეთ, ივან კუზმიჩ, განა არ შეიძლება, ჩვენ ყველას სასიკეთოდ, ყოველი ბარათი, რომელიც მოდის ხოლმე საფოსტო კანტორაში, გახსნათ და გადაიკითხოთ – ხომ არ არის შიგ დაბეზღება ან კიდევ სხვა რამ მიწერ-მოწერა. თუ არაფერი არ არის, შეიძლება ხელმეორედ დაბეჭდოთ, არადა ისევე მისცეთ გახსნილი.
ფოსტმეისტერი.  ვიცი, ვიცი... ნუ მასწავლით, ამას მე ისეც ჩავდივარ, თუმცა არა სიფრთხილით, არამედ უფრო ცნობისმოყვარეობით: საშინლად მიყვარს შევიტყო, რა არის ახალი ამ ქვეყნად, უნდა მოგახსენოთ, ეს ძალიან საინტერესო საკითხავია. ზოგიერთ წერილს სიამოვნებით კითხულობ, ისეა აღწერილი ზოგიერთი პასაჟი... მერე რა ჭკუის სასწვლი... უკეთესი, ვიდრე « მოსკოვსკიე ვედომოსტი!».
გოროდნიჩი.  ერთი მითხარით, ხომ არაფერი ამოგიკითხავთ რომელიმე პეტერბურგელ ჩინოვნიკზე?
ფოსტმეისტერი.  არა, პეტერბურგელზე არა, კოსტრომელ და სარატოველებზე კი ბევრი წერია. დიახ, სამწუხაროა, თქვენ რომ არ კითხულობთ წერილებს: საუცხოო ადგილებს შეხვდებით იქა. აი, ამას წინათ ერთი პორუჩიკი სწერდა თავის მეგობარს...ისე ცოცხლად აღწერდა მეჯლისს... ძლიერ, ძლიერ კარგად: « ჩემი ცხოვრება, ძვირფასო, ემპირიებში მიმდინარეობს, ქალიშვილები ბევრია, მუსიკა უკრავს, შტანდარტი დანავარდობსო». დიდი, დიდი გრძნობით აღწერდა. მე განგებ დავიტოვე. თუ გნებავთ, წაგიკითხავთ.
გოროდნიჩი.  არა, ახლა მაგისთვის არა მცალია. მაშ ასე, ივან კუზმიჩ, ჰქენით სიკეთე, თუ, ვინიცობაა, საჩივარი ან დაბეზღება მოგხვდეთ ხელში, ულაპარაკოდ დააკავეთ.
ფოსტმეისტერი.  დიდი სიამოვნებით.
ამოს ფედოროვიჩი.  იცოდეთ, ოდესმე ამისთვის მოგხვდებათ.
ფოსტმეისტერი.  ერთი თქვენც!
გოროდნიჩი.  არაფერია, არაფერი. სხვაა, ეს რომ საჯაროდ გაგეხადათ, თორემ შინაურულად არა უშავს.
ამოს ფედოროვიჩი.  დიახ, ცუდი საქმე დატრიალდა. მე კი, გამოგიტყდებით, ანტონ ანტონოვიჩ, თქვანთან იმ განზრახვით მოვდიოდი, ლეკვი მეთავაზებინა; ღვიძლი დაა იმ ხვადისა, რომელსაც თქვენ იცნობთ. უეჭველია, გაგონილი გექნებათ, რომ ჩეპტოვიჩმა და ვარხოვინსკიმ დავა დაიწყეს. მე კი ბედმა გამიღიმა: კურდღელზე ხან ერთსა და ხან მეორის მამულში ვნადირობ.
 გოროდნიჩი.  ჩემო კარგო, ახლა მე თქვენი კურდღელი არ მადარდებს: ის წყეული ინკოგნიტო მიზის თავში. ყოველ წუთს ველი, საცაა გაიღება კარი და მეხივით თავზე დაგვეცემა-მეთქი...


გამოსვლა 111

იგინივე, ბობჩინსკი და დობჩინსკი, რომლებიც ქოშინით შემოდიან.


ბობჩინსკი.  საკვირველი შემთხვევაა!
დობჩინსკი.  მოულოდნელი ამბავი!
ყველანი.  რა იყო, რა ამბავია?
დობჩინსკი.  წარმოუდგენელი საქმე: შევდივარ სასტუმროში...
ბობჩინსკი.  (სიტყვას ართმევს). შევდივართ პეტრ ივანოვიჩთან ერთად სასტუმროში...
დობჩინსკი.  (სიტყვას ართმევს). არა, ნება მომეცით, პეტრ ივანოვიჩ, მე ვუამბო...
ბობჩინსკი.  არა, ნება მომეცით მე... დამაცადეთ, დამაცადეთ... თქვენ ისე ვერც მოყვებით.
დობჩინსკი.  თქვენ კი აგერევათ და ყველაფერს ვერ მოიგონებთ.
ბობჩინსკი.  მოვიგონებ, ღმერთმანი, მოვიგონებ, ოღონდაც ნუ მიშლით. ბატონებო, კეთილინებეთ, უთხარით პეტრ ივანოვიჩს, ხელი არ შემიშალოს.
გოროდნიჩი.  ღვთის გულისათვის, თქვით, რა მოხდა? გული საგულეს არა მაქვს. დასხედით ბატონებო! აიღეთ სკამები! პეტრ ივსნოვიჩ, აი თქვენ სკამი (ყველანი ჩამოსხდებიან ორივე პეტრ ივანოვიჩის ირგვლივ). აბა, რა იყო, რა მოხდა?
ბობჩინსკი.  მოითმინეთ, მოითმინეთ, ყველაფერს წესრიგზე მოგახსენებთ. მას შემდეგ, რაც მე მქონდა ბედნიერება გავსულიყავ თქვენი სახლიდან, როცა ასე შეგაშფოთათ მიღებულმა ბარათმა, დიახ, მაშინვე შევირბინე... გეთაყვა, პეტრ ივანოვიჩ, ნუ შემაწყვეტინებთ, მე უკვე ყველაფერი, ყველაფერი ვიცი, დიახ, ყველაფერი. ჰოდა, იმას მოგახსენებდით, შევირბინე კორობკინთან. რაკი კორობკინი შინ ვერ შევისწარი, რასტაკოვსკისთან შევუხვიე, რაკი რასტაკოვსკიც შინ არ დამიხვდა, აგერ ივან კუზმიჩთან შევიარე, რომ მეთქვა მისთვის ის ახალი ამბავი, რაზედაც თქვენ მიიღეთ ცნობა. იქიდან რომ ვბრუნდებოდი, შევხვდი პეტრ ივანოვიჩს...
დობჩინსკი.  (სიტყვას აწყვეტინებს). ფარდულთან, სადაც ქადები იყიდება.
ბობჩინსკი.  ფარდულთან, სადაც ქადები იყიდება. ჰოდა, რომ შევხვდი პეტრ ივანოვიჩს, ვეუბნები: «გაიგეთ თუ არა ახალი ამბავი, რომელიც ანტონ ანტონოვიჩს აცნობეს-მეთქი. სარწმუნო წერილით?» პეტრ ივანოვიჩს უკვე გაეგო ეს ამბავი თქვენი მეკუჭნავე ავდოტიასაგან, რომელიც რაღაცაზე ყოფილიყო გაგზავნილი ფილიპ ანტონოვიჩ პოჩეჩუევთან.
დობჩინსკი.  (აწყვეტინებს). პატარა კასრის სათხოვნელად ფრანგული არყისათვის.
ბობჩინსკი.  (განზე გაუწევს დობჩინსკის ხელებს). პატარა კასრის სათხოვნელად ფრანგული არყისათვის. ჰოდა, მე და პეტრ ივანოვიჩი წავედით პოჩეჩუევთან... პეტრ ივანოვიჩ, ნუ შემაწყვეტინებთ, გეთაყვა, ნუ შემაწყვეტინებთ. გავსწიეთ პოჩეჩუევთან. გზაში კი პეტრ ივანოვიჩი მეუბნება: შევიაროთ ტრაქტირში... კუჭი ისეთ დღეში მაქვს... დილიდან არაფერი ჩამსვლია პირში, ჩემს კუჭში მთელი ალიაქოთიაო. ... დიახ, პეტრ ივანოვიჩის კუჭში... ტრაქტირში ეს-ესაა ახალი გოჯი მოიტანეს, ვისაუზმოთო. შევყავით თუ არა თავი სასტუმროში, უეცრივ ახალგაზრდა კაცი...
დობჩინსკი.  (აწყვეტინებს). სანდომიანი სახის პატრონი, პარტიკულარულ ტანისამოსში...
ბობჩინსკი.  სანდომიანი სახის პატრონი, პარტიკულარულ ტანისამოსში, დადის ოთახში და სახეზე ერთგვარი ფიქრი ეტყობა... ფიზიონომია... ქცევა... და აქაც (ატრიალებს ხელს შუბლთან) ბლომადაა ყველაფერი, ბლომად. თითქოს გულმა მიგრძნოო, ვეუბნები პეტრ ივანოვიჩს: «აქ რაღაც ამბავია-მეთქი»... დიახ. პეტრ ივანოვიჩმა კი უკვე თითით მოიხმო მეტრაქტირე ვლასი. მისი ცოლი ამ სამი კვირის წინათ მოლოგინდა, ბიჭია ისეთი ცოცხალი, ალბათ მამასავით მეტრაქტირე იქნება. რომ მოიხმო მეტრაქტირე ვლასი, პეტრ ივანოვიჩმა ჩუმად ჰკითხა: ვინ არის ეს ახლგაზრდა კაციო? ვლასმა კი უპასუხა: «ეგაო, – ნუ მაწყვეტინებთ პეტრ ივანოვიჩ, გეთაყვა, ნუ მაწყვეტინებთ, თქვენ ვერ უამბობთ, ღმერთმანი, ვერ უამბობთ: ცოტათი ჩიფჩიფებთ; მე ვიცი, თქვენ პირში ერთი კბილი გისტვენთ... – ეგაო, – ამბობს, – ახალგაზრდა კაციო, ჩინოვნიკიაო, დიახ, პეტერბურგიდან მოდისო, მისი გვარი ივან ალექსანდროვიჩ ხლესტაკოვიაო, დიახ, სარატოვის გუბერნიაში მიემგზავრება და მეტად უცნაურად იქცევაო: აგერ მეორე კვირაა ცხოვრობს, ტრაქტირიდან არ გადის, ყველაფერს ნისიად თხოულობს და გროშ-კაპიკს არ იხდისო...» როგორც კი მითხრა ეს, მაშინვე დამკრა თავში. «ერიჰაა», – ვუთხარი პეტრ ივანოვიჩს.
დობჩინსკი.  არა, პეტრ ივანოვიჩ, ეგ მე ვთქვი: «ერიჰაა-მეთქი!»
ბობჩინსკი.  ჯერ თქვენა თქვით, მერე მეც ვთქვი. «ერიჰა! – ვთქვით მე და პეტრ ივანოვიჩმა, – რად უნდა იჯდეს აქ, როცა სარატოვის გუბერნიაშია-თქო წასასვლელი?» დიახ. სწორედ ეს გახლავთ ის ჩინოვნიკი.
გოროდნიჩი.  ვინა? რომელი ჩინოვნიკი?
ბობჩინსკი.  ის ჩინოვნიკი, ვისზეც ცნობა მიიღეთ, რევიზორიაო.
გოროდნიჩი.  (თავზარდაცემული). რას ამბობთ, რასა! ღმერთმა გვაშოროს! ეგ ის არ არის!
დობჩინსკი.  ის არის! არც ფულს იხდის და არც მიდის. მაშ ვინ უნდა იყოს? საგზურზეც სარატოვია აღნიშნული.
ბობჩინსკი.  – ის არის, ის, ღმერთმანი, ის არის. ისეთი დაკვირვებულია, ყველაფერი დაათვალიერა. დაინახა, რომ ჩვენ თევზს შევექცეოდით – უფრო იმიტომ, რომ პეტრ ივანოვიჩს კუჭი ჰქონდა ამ დღეში – ჰოდა, ჩვენს თეფშებსაც დახედა. მე შიშით თავზარი დამეცა.
გოროდნიჩი.  ღმერთო, შეგვიწყალე ჩვენ ცოდვილნი! მერედა სად ცხოვრობს იქ?
დობჩინსკი.  მეხუთე ნომერში, კიბის ქვეშ.
ბობჩინსკი.  სწორედ იმ ოთახში, სადაც შარშან ორმა ჩამოსულმა ოფიცერმა ჩხუბი ატეხა.
გოროდნიჩი.  დიდი ხანია იქ არის?
დობჩინსკი.  უკვე ორი კვირაა. ვასილი ეგვიპტელის დღეს ჩამოსულა!
გოროდნიჩი.  ორი კვირა! (განზე). ღმერთო ძლიერო! ყველა წმინდანნო, გვფარვიდეთ ჩვენ! ამ ორ კვირაში გაიწკეპლა უნტერ-ოფიცრის ცოლი! ტუსაღებს სანოვაგე არ ეძლეოდათ, ქუჩებში ორომტრიალი და სიბინძურეა! ვაი სირცხვილო, ვაი თავის მოჭრავ! (თავზე ხელს წაივლებს).
არტემი ფილიპოვიჩი.  რა ვქნათ, ანტონ ანტონოვიჩ? უნდა დავეწყოთ და მივადგეთ სასტუმროში.
ამოს ფედოროვიჩი.  არა, არა! ჯერ უნდა ეახლონ ქალაქის თავი, სამღვდელოება, ვაჭრები; აი იმ წიგნშიაც «საქმენი იოანე მასონისა»...
გოროდნიჩი.  არა, არა, ნება მომეცით, მე თვითონ მოვაგვარო. ცხოვრებაში ბევრი გასაჭირი დამდგომია, მაგრამ უხიფათოდ ჩაუვლია და ზოგჯერ მადლობაც მიმიღია. იქნებ ღმერთმა ახლაც მიხსნას. (ბობჩინსკის.) თქვენ ამბობთ, ახალგაზრდა კაციაო?
ბობჩინსკი.  ახალგაზრდაა, ასე ოცდასამისა თუ ოთხისა ან ცოტა მეტიც.
გოროდნიჩი.  მით უკეთესი: ახალგაზრდას უფრო სწრაფად აუღებ ალღოს. უბედურებაა, როცა ძველი გაიძვერაა; ახალგაზრდას კი სახეზე აწერია, რაცაა. თქვენ, ბატონებო, თქვენ-თქვენს საქმეს მიხედეთ, მე კი თვითონ წავალ ან თუნდ პეტრ ივანოვიჩთან ერთად გავისეირნებ. იმასაც გავიგებ, რაიმე უსიამოვნებას ხომ არ აყენებენ. ჰეი, სვისტუნოვ!
სვიტუნოვი.  რას მიბრძანებთ?
გოროდნიჩი.  ახლავე გასწი უბნის ბოქაულთან; თუმცა არა, შენ მჭირდები. უთხარი იქ ვინმეს, დაუყოვნებლივ მომგვარონ უბნის ბოქაული და ისევ აქ მოდი.
პოლიციელი აჩქარებით გარბის.
არტემი ფილიპოვიჩი  წავიდეთ, წავიდეთ, ამოს ფედოროვიჩ! ვინ იცის, რა უბედურება დატრიალდეს.
ამოს ფედოროვიჩი.  თქვენ კი რისა გეშინიათ? დაახურეთ სუფთა ჩაჩები ავადმყოფებს, მორჩა და გათავდა.
არტემი ფილიპოვიჩი.  რის ჩაჩები! ნაბრძანებია, ავადმყოფები გაბერწვენით ვკვებოთ, ჩვენი საავადმყოფოს დერეფნებში კი კომბოსტოს ისეთი სუნი ტრიალებს, ცხვირზე იტაცებ ხელს.
ამოს ფედოროვიჩი.  მაგ მხრივ მე დამშვიდებული ვარ. მართლაცდა ვინ შემოიხედავს სამაზრო სასამართლოში? ხოლო თუ ჩახედავს რომელიმე საბუთს, თავბედს დაიწყევლის... მე აგერ თხუთმეტი წელიწადია ვზივარ მოსამართლის სკამზე და ჩავიხედავ თუ არა მოხსენებით ბარათში – უჰ! ხელს ჩავიქნევ, თვით სოლომონ ბრძენიც ვერ გამოარკვევს, რა არის იქ მართალი და რა ტყუილი. (მოსამართლე, საღვთო-სამადლო დაწესებულებათა მზრუნველი, სასწავლებლების ზერდამხედველი და ფოსტმეისტერი გადიან. კარებში შეეჯახებიან დაბრუნებულ პოლიციელს.)



გამოსვლა 1V


გოროდნიჩი, დობჩინსკი, ბობჩინსკი და პოლიციელი.


გოროდნიჩი. (პოლიციელს) დროშკა იქა დგას?

პოლიციელი.  დგას
გოროდნიჩი.  წადი ქუჩაში... თუმცა არა, მოიცა! წადი, მომიტანე... სხვები სად არიან? ნუთუ მარტო შენა ხარ? ხომ ვბრძანე, პროხოროვიც აქ ყოფილიყო. სად არის პროხოროვი?
პოლიციელი.  პროხოროვი უბნის შენობაშია, ოღონდაც საქმისათვის ვერ ივარგებს.
გოროდნიჩი.  რატომ?
პოლიციელი.  იმიტომ, რომ დილით მოათრიეს გალეშილი. უკვე ორი გოვზაკი წყალი გადაასხეს, მაგრამ აქამდის ვერ გამოფხიზლდა.
გოროდნიჩი.  (თავზე იტაცებს ხელს). ოჰ, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! გასწი საჩქაროდ ქუჩაში, თუმცა არა, ჯერ ოთახში შეირბინე, გესმის, დაშნა და ახალი ქუდი მომიტანე. აბა, პეტრ ივანოვიჩ, გავსწიოთ!
ბობჩინსკი.  მეც... მეც... ნება მიბოძეთ მეც, ანტონ ანტონოვიჩ!
გოროდნიჩი.  არა, არა, პეტრ ივანოვიჩ, არ შეიძლება, არ შეიძლება, უხერხულია, დროშკაშიაც ვერ ჩავეტევით!
ბობჩინსკი.  არაფერია, არაფერია, მე ისე ძუნძულით, ძუნძულით გამოვედევნები დროშკას, ჭუჭრუტანაში მაინც შევიჭვრიტო, კარიდან მაინც დავინახო, თუ როგორი ქცევა აქვს...
გოროდნიჩი.  (დაშნას გამოართმევს, მიმართავს პოლიციელს), ახლავე გასწი სირბილით; წაიყვანე დესიატნიკები, თითოეულმა... ვაჰ, როგორ დაკაწრულა დაშნა! წყეული ვაჭრუკა აბდულინი! ხადავს, რომ გოროდნიჩის დაშნა დაუძველდა, მაგრამ განა ახალს გამოაგზავნის! ჰოი, რა მზაკვარი ხალხია! ვინძლო მაგ არამზადებს უკვე მალულად მზადა აქვთ საჩივრები... თითოეულმა ხელში აიღოს ქუჩა... დალახვროს ღმერთმა, რას ვამბობ...თითოეულმა ხელში აიღოს ცოცხი და დაგავოს ის ქუჩა, ტრაქტირისკენ რომ მიდის, სუფთად დაგავონ, გესმის?! შენც ჭკუით იყავი! გიცნობ, რა შვილიც ბრძანდები! შენ იქ ვიღაც-ვიღაცეებს უნათლიმამდები, თანაც მოპარულ ვერცხლის კოვზებს ბოტფორტებში იდებ. მიფრთხილდი, მე ვერაფერს გამომაპარებ! რა უყავ ვაჭარ ჩერნიაევს, ჰა? იმან სამუნდირედ ორი არშინი მაუდი მოგცა, შენ კი მთელი თოფი აწაპნე! ჭკუით-მეთქი! შენ, ძმაო, იმაზე მეტს იღებ, ვინემ ჩინით გეკუთვნის!... გასწი!



გამოსვლა V


იგინივე და უბნის ბოქაული


გოროდნიჩი.  ოჰ, სტეფან ილიჩ! ერთი მითხარით, ღვთის გულისათვის, სად დაიკარგეთ? აბა რასა ჰგავს?
ბოქაული.  მე აქვე ვიყავი, ჭიშკრის გადაღმა.
გოროდნიჩი.  გამიგონეთ, სტეფან ილიჩ! ჩინოვნიკი პეტერბურგიდან უკვე ჩამოსულა... რა მოაწესრიგეთ იქ?
ბოქაული.  ისე, როგრც მიბრძანეთ. უბნის პოლიციელი პუგოვიცინი დესიატნიკებთან ერთად ქვაფენილის დასახვეტად გავგზავნე.
გოროდნიჩი.  დერჟიმორდა სადღაა?
ბოქაული.  დერჟიმორდა სახნძრო კასრს გაჰყვა.
გოროდნიჩი.  პროხოროვი მთვრალია?
ბოქაული.  მთვრალია.
გოროდნიჩი.  მერე, როგორ მოგივიდათ ეს?
ბოქაული.  ეშმაკმა იცის იმისი თავი. გუშინ ჩხუბი ატყდა ქალაქგარეთ – იქ წავიდა წესიერების დასამყარებლად, გალეშილი კი დაბრუნდა.
გოროდნიჩი.  გამიგონეთ, აი რა უნდა ქნათ: უბნის პოლიციელი პუგოვიცინი... იგი მაღალია, წესრიგისათვის ხიდზე დააყენეთ. საჩქაროდ დააშლევინეთ ძველი ღობე, მეჩექმის მახლობლად რომ არის, და იქ ჩალის სარყე დაარჭვეთ, კაცმა რომ შეხედოს და იფიქროს: აქ რაღაცა აქვთ დაგეგმილიო. რაც უფრო მეტი რამაა დანგრეული, მით უფრო მეტ საქმიანობას ნიშნავს ქალაქის მმართველისას. ოჰ, ღმერთო ჩემო, სულ დამავიწყდა, რომ სწორედ იმ ღობესთან ორმოც ურემზე მეტი ნაგავია დაყრილი. ეს რა ოხერი ქალაქია! თუ სადმე რამე ძეგლი ან თუნდაც უბრალო ღობე დადგი, ეშმაკმა იცის, რა ნაგვით არ აავსებენ იქაურობას! (ამოიოხრებს). თუ ჩამოსული ჩინოვნიკი სამსახურის თაობაზე ჰკითხავთ – კმაყოფილნი ხართ თუ არაო, უპასუხონ: ყველაფრით კმაყოფილნი ვართ-თქო, თქვენო მაღალკეთილშობილებავ. ხოლო ვინც უკმაყოფილო იქნება, იმას მერე ისეთ უკმაყოფილებას მივცემ... ოჰ! ოჰ! ოჰ! ღმერთო, შემინდე მე ცოდვილი! ( ქუდის ნაცვლად იღებს კოლოფს.) ღმერთო ოღონდ კი მალე და კარგად ჩაიაროს ამან და ისეთ სანთელს აგინთებ, რომლის მსგავსი არავის ენახოს: ყოველ გაიძვერა ვაჭარს სამ-სამ ფუთ სანთელს შევაწერ. ოჰ, ღმერთო ჩემო! აბა გავსწიოთ, პეტრ ივანოვიჩ! (ქუდის მაგიერ აპირებს დაიხუროს ქაღალდის კოლოფი.)
ბოქაული.  ანტონ ანტონოვიჩ, ეგ კოლოფია და არა ქუდი.
გოროდნიჩი.  (გადააგდებს კოლოფს). კოლოფია და კოლოფი იყოს, ჯანდაბას! თუ იკითხონ, რატომ არ არის აგებული ეკლესია საღვთო-სამადლო დაწესებულებასთანო, რომლისთვისაც ხუთიოდე წლის წინათ გაღებული იყო თანხაო, არ დაგავიწყდეთ უპქსუხოთ: შენობა დაიწყეს, მაგრამ დაიწვა-თქო. ამის თაობაზე მე პატაკიც კი წარვუდგინე მთავრობას. თორემ შესაძლოა ვინმემ წამოროშოს, შენობა არც კი იყო დაწყებულიო. დერჟიმორდას უთხარით მუშტებს მეტისმეტად ნუ იქნევს, აქაოდა წესრიგს ვამყარებო, ყველას ულილავებს თვალებს, ბრალიანსაც და უბრალოსაც. წავიდეთ, წავიდეთ, პეტრ ივანოვიჩ! (მიდის და მობრუნდება). ჰო, აღარ გამოუშვან ქუჩაში ჩაუცმელი ჯარისკაცები: ეგ ოხრები პერანგზე გადაიცვამენ მუნდირებს, ქვემოთ კი ტიტლიკანები არიან. (ყველანი გადიან)


გამოსვლა VI

სცენაზე შემორბიან ანა ანდრეევნა და მარია ანტონოვნა.

ანა ანდრეევნა.  სად არიან, ასად არიან ისინი? ჰო, ღმერთო ჩემო! (კარს გააღებს) მეუღლევ! ანტოშა! ანტონ! (ჩქარა ლაპარაკობს) სულ კი შენი ბრალია, ყველაფერი შენი გამოისობითაა. დაიწყო ქექვა: ეს ქინძისთავიო, ეს თავსაფარიო! (მიირბენს ფანჯარასთან, ყვირის) ანტონ! საით, საით? რაო, ჩამოვიდა? რევიზორი! ულვაშებიანი? რანაირი ულვაშები აქვს?
გოროდნიჩის ხმა.  მერე, მერე, გეთაყვა!
ანა ანდრეევნა.  მერე? ესეც ახალი ამბავი! – მერე! მერე რად მინდა... ოღონდაც მარტო ის მითხარი, პოლკოვნიკია? (ზიზღით) წავიდა, დამაცა, გაგახსენებ ამას! სულ კი შენი ბრალია: «დედიკო, დედიკო, დამაცადეთ, ახლავე თავსაფარს უკან დავიმაგრებ!» ესეც შენი ახლავე! ვერაფერიც ვერ შევიტყვეთ! სულ კი წყეული პრანჭიაობის ბრალია: ყური მოჰკრა, ფოსტმეისტერი აქააო და მოჰყვა სარკის წინ მანჭვა-გრეხას! ასე ჰგონია, ფოსტმეისტერი მეარშიყებაო, ის კი, მიბრუნდები თუ არა, იღრიჯება და დაგცინის.
მარია ანტონოვნა.  ახლა რა გაეწყობა, დედიკო. სულ ერთია, ორი საათის შემდეგ შევიტყობთ.
ანა ანდრეევნა. ორი საათის შემდეგ! დიდად გმადლობთ, არ დამამშვიდა! მიკვირს, რატომ არა თქვი, ერთი თვის შემდეგ ყველაფერს კიდევ უკეთ შევიტყობთო! (გადაეყუდება ფანჯრიდან.) ჰეი, ავდოტია! ჰა? რაო? ავდოტია, რა გაიგე, ვიღაცა ჩამოსულა? არ გაგიგია? რა სულელი ხარ! ხელი აგიქნია? მერე და აქნიოს, შენ მაინც უნდა გამოგეკითხა. ესეც კი ვერ შევიტყვე: აბა არა, თავი სისულელეებით გაქვს გამოტენილი, სულ საქმროები გელანდება. რაო? მალე წავიდნენ? მერე და ვერ გამოედევნე დროშკას? წადი, წადი! ახლავე წადი! გესმის, გაიქე, გამოიკითხე, სად წავიდნენ. კარგად გამოიკითხე, რა კაცია ახლად ჩამოსული, როგორია, – გესმის? ჭუჭრუტანაში შეიჭვრიტე და ყველაფერი შეიტყვე, თვალები როგორი აქვს – შავი თუ არა, და იმწამსვე დაბრუნდი... გესმის? აბა, ჩქარა, ჩქარა, ჩქარა! (ყვირის მანამ, სანამ ფარდა არ დაეშვება და ორივეს არ დაფარავს.)


მეორე მოქმედება

პატარა ოთახი სასტუმროში. ლოგინი, მაგიდა, ჩემოდანი, ცარიელი ბოთლი, ჩექმები, ტანსაცმელი, ჯაგრისი და სხვა.

გამოსვლა 1

ოსიპი.  (ბატონის სარეცელზე წევს). დასწყევლოს ღმერთმა, ისე მომშივდა და მუცელსაც ისეთი ბრხაბრუხი გააქვს, თითქოს შიგ მთელი პოლკი ბუკ-ნაღარას უკრავსო. ვერ იქნა და ვეღარ მივაღწიეთ შინამდის. აბა რა უნდა ვქნა? მეორე თვეა, რაც პეტერბურგიდან წამოვედით. გზაში მიაფშვნა ამ ჩემმა თვალისჩინმა ფულები, ახლა კი ზის კუდამოძუებული და აღარ ცხარობს. საგზაო ფული განა არ გვეყოფოდა, მაგრამ არა, – ყოველ ქალაქში მომინდომა თავის გამოჩენა! (აჯავრებს) «Hჰეი, ოსიპ, წადი და ნახე საუკეთესო ოთახი, სადილიც საგანგებო შეუკვეთე; ხომ იცი, უბრალოზე ვერ გადავალ, საუკეთესო სადილს ვარ დაჩვეულიო». კაი შენ, მართლაც და დიდი ვინმე იყოს, თორემ სულ უბრალო ელისტრატორია. მგზავრებს ეცნობა, მერე ბანქოს თამაშს მოჰყვება და აი კიდეც ერთიანად გაიფხიკა... ეჰ, მომბეზრდა ასეთი ცხოვრება! მე და ჩემმა ღმერთმა, სოფლად ყოფნა ბევრად სჯობია! მართალია იქ მაგდენი სანახავ-გასართობი არ არის, სამაგიეროდ დარდი და საზრუნავი ნაკლებია, ითხოვე დედაკაცი და მთელი სიცოცხლე იკოტრიალე მერე შენთვის ტახტზე, ჭამე ხაბიზგინები. არა, ვინ დაობს, კაცი მართალს თუ იტყვი, პიტერში ყოფნა უკეთესია, ოღონდ ფულები იყოს, თორემ იქ ცხოვრებას რა სჯობია: იქ თრიატებიო, აქ ძაღლები ცეკვავენო, ერთი სიტყვით, ყველაფერია, რაც კი გნებავს, ყველა ისე დელიკატურად ლაპარაკობს, თავადაზნაურობას არ ჩამოუვარდებიან. გახვალ შჩუკინის ბაზარზე – ვაჭრები გეძახიან: «აქეთ, პატივცემულო!» ნავში ჩაჯდები გაღმა გადასასვლელად – გვერდში ჩინოვნიკი გიზის. კამპანია მოგინდება – შეიარე დუქანში: იქ კავალერი გიამბობს სამხედრო ბანაკებზე, გაგაგებინებს, ცაზე ყოველ ვარსკვლავს რა მნიშვნელობა აქვს, ყველაფერს ხელისგულივით დაგანახვებს. ზოგჯერ ოფიცრის მოხუცი ცოლი შემოივლის, ზოგჯერ კი იმისთანა მოახლე გოგო შემოვა, პა,პა,პა! (ჩაიცინებს და თავს აქნევს.) ეშმაკმა წაიღოს, დიდი გალანტერული მოქცევა აქვთ. უზრდელ სიტყვას ვერ გაიგონებ: ყოველი კაცი თქვენობით გესაუბრება. მოგწყინდა ფეხით სიარული – დაუძახე ეტლს, გამოიჭიმე შიგ ბატონივით. არ გინდა ფულის გადახდა, ნუ მისცემ. ყოველ სახლს ორ-ორი გასასვლელი აქვს, ისე გაძვრები, ეშმაკიც ვერ იპოვნის შენს გზას და კვალს. ერთია მხოლოდ ცუდი: ზოგჯერ დიდებულად გამოძღები, ზოგჯერ კი შიმშლისაგან ლამის სული გაგძვრეს, როგორც, მაგალითად, ახლა. სულ კი მისი ბრალია. რა უნდა მოვუხერხო მაგას? მამა გამოუგზავნის ფულებს, ეგ კი იმის მაგიერ ხელმოჭერით იყოს, შენც არ მომიკვვდე, საქეიფოდ დაბრძანდება, ეტლით დაქრიალებს, ყოველდღე თრიატში ბილეთი უნდა ვუყიდო... ერთი კვირის შემდეგ კი ბაზარზე მგზავნის ახალი ფრაკის გასაყიდად. ზოგჯერ უკანასკნელ პერანგსაც კი მიაყიდის. ისე რომ მარტო სერთუკითა და შინელით დადის. ღმერთმანი, მართლა! მერე რანაირი მაუდი – ინგლიცურია! მარტო ფრაკი უჯდება არანაკლებ თხუთმეტი თუმნისა, ბაზარზე კი ორ თუმნად ყიდის. შარვლებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. სულ მუქთად აძლევს! მერედა რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ საქმეს არ ადგას! იმის მაგიერ სამსახურში დადოდეს, პროშპექტზე დაყიალობს და ქაღალდს თამაშობს. ეჰ, ეს რომ მოხუცმა ბატონმა გაიგოს, იმას არ მიხედავს, რომ ჩინოვნიკი ბრძანდები, აგიწევს პერანგს და იმდენს მოგცხებს, ოთხი დღე იფხანო. თუ მსახურობ, რიგზე იმსახურე. აი ახლა მეტრაქტირემ გვითხრა, სასმელ-საჭმელს არ მოგცემთ, სანამ ძველ ვალს არ გადაიხდითო; მერედა რომ არ გადავიხადოთ? (ოხვრით.) ეჰ, ღმერთო ჩემო, ნეტავ შჩი მაინც მაჭამა! ისე მშია, მგონია, მთელ ქვეყანას შევჭამდი. აკაკუნებს უეჭველია, ის არის. (საჩქაროდ გადმოხტება სარეცელიდან.)


გამოსვლა I


ოსიპი და ხლესტაკოვი

ხლესტაკოვი.   ჰა, გამომართვი! ( აძლევს ქუდსა და ტროსტს) რაო, კიდევ გორავდი ლოგინზე?
ოსიპი.  ვითომ რად უნდა ვგორავდე? ლოგინი არ მინახავს თუ?
ხლესტაკოვი.  მიჰქარავ, გორავდი, ხომ ხედავ, სულ აწეწილია!
ოსიპი.  რად მჭირდება თქვენი ლოგინი? განა არ ვიცი, რა არის ლოგინი? ფეხები იმიტომ მაბია, რომ ზეზე ვიდგე. რად მჭირდება ეგ თქვენი ლოგინი?
ხლესტაკოვი.  (დადის ოთახში). აბა კარტუზში ნახე, თამბაქო ხომ არ არის?
ოაიპი.  თამბაქოს რა უნდა იქ! რაც იყო, ამ ოთხი დღის წინ მოსწიეთ.
ხლესტაკოვი.  (დადის ოთახში და ტუჩებს კუმავს, ბოლოს ხმამაღლა მტკიცედ ამბობს). გამიგონე ოსიპ!
ოსიპი.  რას მიბრძანებთ?
ხლესტაკოვი.  (ხმამაღლა, თუმცა არც ისე მტკიცედ).ჩადი იქ.
ოსიპი.  სად იქ?
ხლესტაკოვი.  (ისეთი ხმით, რომელიც ბრძანებას კი არა, უფრო თხოვნას ჰგავს). ქვემოთ, ბუფეტში... უთხარი, სადილი მომიტანონ.
ოსიპი.  არა, წასვლაც არ მსურს.
ხლესტაკოვი.  როგორ მიბედავ, შე ბრიყვო!
ოსიპი.  როგორ და ისე; სულ ერთია, რომ წავიდე, მაინც არაფერი გამოვა... პატრონმა თქვა, სადილს აღარ მოგცემთო!
ხლესტაკოვი.  როგორ გაბედავს, რომ არ მომცეს? რას სულელობს!
ოსიპი.  ესეც კი თქვა, გოროდნიჩისთან წავალო. აგერ მესამე კვირაა შენი ბატონი ფულს არ იხდისო... შენა და შენი ბატონიო, თქვა, თაღლითები ხართო, შენი ბატონი გაიძვერააო... ჩვენაო, თქვა, თქვენისთანა მაწანწალები და სალახანები ბევრი გვინახავსო.
ხლესტაკოვი.  შენ კი, მხეცო, გიხარია, მაშინვე ჩამიკაკლო ყოველივე.
ოსიპი.  მითხრა: ეგრე ხომ ყველა ჩამოგვისახლდება, ჩაანისიავებს და მერე ვეღარც გააგდებო. მითხრა: მე ხუმრობა არ მიყვარს, წავალ და ვიჩივლებ, პირდაპირ საპატიმროში ამოაყოფინონ თავიო.
ხლესტაკოვი.  კარგი, კარგი, სულელო, გეყოფა! წადი, წადი-მეთქი და უთხარი. რა პირუტყვია!
ოსიპი.  ისევ ისა სჯობია, თვითონ პატრონი მოგიყვანოთ!
ხლესტაკოვი.  რა საჭიროა პატრონი? წადი და თვითონ უთხარი.
ოსიპი.  დამიჯერეთ, ბატონო, ასე სჯობია.
ხლესტაკოვი.  კარგი, წადი, ჯანდაბას შენი თავი! დაუძახე პატრონს. (ოსიპი გადის).



გამოსვლა  III


ხლესტაკოვი.  (მარტო). საშინლად მომშივდა! ცოტა გავიარე, ვიფიქრე, იქნებ მადა დამეკარგოს-მეთქი, მაგრამ, დალახვროს ღმერთმა, მადა არ დამეკარგა. დიახ პენზაში რომ არ წამექეიფა, მეყოფოდა ფული შინ ჩასავლელად. ქვეითი ჯარის კაპიტანმა საშინლად გამწურა; საოცრად მოსდიოდა მაგ ოხერს ქაღალდი. სულ რაღაც თხუთმეტიოდე წუთს იჯდა და ერთიანად გამატყავა. ოჰ, როგორ მინდოდა ერთხელ კიდევ გვეთამაშა, მაგრამ შემთხვევა არ მომეცა. რა საძაგელი ყოფილა ეს პატარა ქალაქი! დუქნებში ნისიად არაფერს იძლევიან... ამაზე მეტი უსინდისობა გინახავთ? (უსტვენს ჯერ «რობერტიდან», მერე «ნუ მიკერავ, დედილო». ბოლოს კი ვერც გაარკვევ, რას უსტვენს.) არავინ არ მოდის.


გამოსვლა IV

ხლესტაკოვი, ოსიპი და ტრაქტირის მსახური.

მსახური.  პატრონმა მიბრძანა გკითხოთ, რა გნებავთო!
ხლესტაკოვი.  გამარჯობა ძმობილო! სხვა, როგორა ხარ, ხომ ჯანმრთელად ხარ?
მსახური.  ღვთის წყალობით, რა მიჭირს.
ხლესტაკოვი.  სხვა, რა ამბავია თქვენს სატუმროში საქმე ხომ კარგად მიდის?
მსახური.  მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად მიდის.
ხლესტაკოვი.  მგზავრები ბლომად გყავთ?
მსახური.  დიახ, საკმარისად.
ხლესტაკოვი.  გამიგონე, ჩემო კეთილო, აქამდის ჩემთვის სადილი არ მოუტანიათ. გეთაყვა, დააჩქარებინე, რომ დროით მომართვან. საქმე მაქვს და ნასადილევს მაშინვე იმას უნდა შევუდგე.
მსახური.  პატრონმა მითხრა, სადილს მეტს აღარ გავუგზავნიო. დღეს აპირებს, მგონი, გოროდნიჩისთან საჩივლელად წასვლას.
ხლესტაკოვი.  რა საჭიროა ჩივილი? აბა თვითონ განსაჯე, ჩემო კარგო, განა აგრე იქნება? მე ხომ ჭამა მინდა. ასე ხომ სრულებით ჩამოვხმი. მე ძლიერ მშია, ამას ხუმრობით კი არ გეუბნები.
მსახური.  დიახ. ტრაქტირის პატრონმა თქვა, სადილს არ მივცემ, სანამ ძველ ვალს არ გამისწორებსო. ასეთი იყო მისი პასუხი.
ხლესტაკოვი. შ ენ კიდევ ჩააგონე, დაიყოლიე.
მსახური.  აბა რა ვუთხრა ისეთი?
ხლესტაკოვი.  რა და სერიოზულად აუხსენი, რომ მე ჭამა მინდა. ფული იქით იყოს... იმას ჰგონია, როგორც მისთანა გლეხუჭასათვის არაფერია, თუ ერთ დღეს არ ჭამს, სხვებსაც ასე შეუძლიათ! კარგი ამბავია, თქვენმა მზემ!
მსახური.  კი, ბატონო, ვეტყვი (მსახური და ოსიპი გადიან.)


გამოსვლა V

ხლესტაკოვი.  (მარტო). სწორედ საძაგლობა იქნება, თუ მართლა მშიერი დამტოვა. ჭამა კი ისე მინდა, როგორც არასდროს არ მდომია. მოდი ტანსაცმლიდან რომ გამოვიყენო რამ და შარვალი გავყიდო? არა, ისევ შიმშილი სჯობია, შინ კი პეტერბურგში შეკერილი კოსტუმით ჩავიდე, აფსუს, იოხიმმა რომ არ მომაქირავა კარეტა. კარგი კი იქნებოდა, დალახვროს ღმერთმა, სოფელში კარეტით ჩავგრიალებულიყავი, რომელიმე მეზობელი მემამულის პარმაღთან კოხტად მიმეგდო ფარნებიანი კარეტა, ოსიპი კი უკან იდგებოდა ლივრეიაში გამოჭიმული. წარმოდფგენილი მაქვს, რა ალიაქოთი ატყდებოდა: «ვინ არის? რა კაცია?» ლაქია კი შევიდოდა (ლაქიასავით გამოიჭიმება): «ივან ალექსანდროვიჩ ხლესტაკოვი გახლავთ პეტერბურგიდან, ინებებთ მიღებას?» იმ ყეყეჩებს კი არც ესმით, რას ნიშნავს «ინებებთ მიღებასო?» მათთან თუ სტუმრად ჩამოვა ვინმე ბოთე მემამულე, პირდაპირ სასტუმრო ოთახში შეალაჯუნებს დათვივით. რომელიმე ლამაზ ქალიშვილთან მიხვალ: «ქალბატონო, რომ იცოდეთ, თუ რა...» (ხელებს იფშვნეტს და ფეხი ფეხს შემოჰკრავს.) ფუ! (აფურთხებს.) ისე მშია, გულიც კი მერევა.


გამოსვლა VI

ხლესტაკოვი, ოსიპი და მსახური

ხლესტაკოვი.  აბა რას იტყვი?
ოსიპი.  სადილი მოაქვთ.
ხლესტაკოვი.  (ტაშს უკრავს და სკამზე ოდნავ შეხტება). მოაქვთ, მოაქვთ, მოაქვთ!
მსახური.  (თეფშებითა და ხელსახოცით). ტრაქტირის პატრონმა თქვა, ეს უკანასკნელად არისო.
ხლესტაკოვი.  ჰმ, პატრონმა, პატრონმა...ფეხებზე მკიდია შენი პატრონი! მანდ რა გაქვს?
მსახური.  წვნიანი და შემწვარი.
ხლესტაკოვი.  როგორ, მხოლოდ ორი თავი?
მსახური.  მხოლოდ.
ხლესტაკოვი.  რა სისულლელეა! არ მივიღებ მაგას! უთხარი შენს პატრონს: მართლაცდა რას ჰგავს ეს? ცოტაა!
მსახური.  არა, პატრონი ამბობს, ეგეც ბევრიაო.
ხლესტაკოვი.  საწებელი რატომ არ არის?
მსახური.  საწებელი არ გახლავთ.
ხლესტაკოვი.  მერე რატომ არ არის? მე თვითონ დავინახე, სამზარეულოსთან რომ გამოვიარე, ბლომად მზადდებოდა! სასადილოშიაც დღეს დილით დავინახე, ვიღაცა ორი მოკლე კაცი თევზს მიირთმევდა და კიდევ ბევრ სხვა რამეს.
მსახური.  არის, შეიძლება იყოს კიდეც, მაგრამ არ არის.
ხლესტაკოვი.  როგორ თუ არ არის?
მსახური.  ისე, რომ არ არის.
ხლესტაკოვი.  გოჯი, თევზი, კატლეტები?
მსახური.  ეგ ყველაფერი იმათთვისაა, ვისაც უფრო შეეფერება.
ხლესტაკოვი.  აი, შე სულელო.
მსახური.  დიახ.
ხლესტაკოვი.  შე საძაგელო გოჭო, ისინი რომ ჭამენ, მე ვერ შევჭამ თუ? რატომ მეც არ შემიძლია, დალახვროს ღმერთმა! განა ისინიც ჩემისთანა მგზავრები არ არიან!
მსახური.  ცხადია, რომ არა.
ხლესტაკოვი.  აბა რანაირები?
მსახური.  იმნაირები, რომ ჭამა-სმაში ფულს იხდიან.
ხლესტაკოვი.  შენისთანა ბრიყვთან ლაპარაკიც არ მსურს. (დაისხამს წვნიანს და ჭამს.) რა წვნიანია ეს? ჯამში წყალი ჩაგისხამს: გემო ამას არა აქვს და არაფერი, მხოლოდ ჰყარს. არ მინდა ეს წვნიანი, სხვა მოიტანე!
მსახური.  კეთილი, დავიბრუნებთ. პატრონმა თქვა, თუ არ ნებავთ, არცაა საჭიროო.
ხლესტაკოვი.  (ხელს აფარებს საჭმელს). აბა, აბა, აბა...ხელი არ ახლო, ბრიყვო! გეტყობა, სხვებთან ხარ დაჩვეული თავხედობას, მე კი, ჩემო ძმაო, სხვანაირი ვარ. ჩემთან ეგეთებს არ გირჩევ...(ჭამს.) ღმერთო ჩემო, რა წვნიანია! (განაგრძობს ჭამას.) ჯერ არც ერთ ადამიანს მთელ დუნიაზე ამგვარი წვნიანი არ უგემია. ერბოს მაგიერ რაღაც ბუმბულები დაცურავს. (ჭრის ქათამს.) უჰ, უჰ, უჰ, რა ქათამია ეს! მოიტა შემწვარი! იქ წვნიანი კიდევ დარჩა, ოსიპ, შენ ჭამე. (ჭრის შემწვარს.) ეს რანაირი შემწვარია? განა ეს შემწვარია?
მსახური.  მაშ რა არის?
ხლესტაკოვი.  ეშმაკმა იცის, რა არის, ოღონდაც შემწვარი კი არ არის. ეს ნაჯახია, საქონლის ხორცის მაგიერ შემწვარი! (ჭამს.) არამზადები, გაიძვერები! რას აჭმევენ ხალხს ყბები აგტკივდება, ერთი ასეთი ლუკმა რომ შეჭამო! (კბილებს იჩიჩქნის.) გათახსირებულები! პრდაპირ ხეფსებია – ვერას გზით ვერ ამოიძრობ. აბა არ გაგიშავებს კბილებს ამისთანა საჭმელი. არამზადები! (მოიწმენდს პირს ხელსახოცით.) მეტი არაფერია?
მსახური.  არაფერი.
ხლესტაკოვი.  არამზადები, გათახსირებულები! რაიმე საწებელი მაინც ყოფილიყო ან ნამცხვარი. უქნარები! ტყავს აძრობენ მგზავრებს! (მსახური აალაგებს თეფშებს და იმასა და ოსიპს გააქვთ.)



გამოსვლა VII

ხლესტაკოვი, მერე ოსიპი.

ხლესტაკოვი.  თითქოს არც კი მეჭამოს რამე; მხოლოდ მადა გამიღიზიანა. ხურდა ფული რომ მქონდეს, ბაზარში გავგზავნიდი და მადაურს მაინც მოვატანინებდი.
ოსიპი.  (შემოდის). იქ გოროდნიჩი მობრძანდა ეტლით, თქვენს ამბავს კითხულობს.
ხლესტაკოვი  (შეშინდება). ერიჰაა! რა არმზადა ყოფილა მეტრაქტირე, ჩივილიც მოუსწრია! კარგი ამბავი არ იქნება, მართლაც რომ საპყრობილეში წამათრიოს?! თუმცა, კეთილშობილურად თუ მომექცევიან, ჯანი გავარდეს... არა, არა, არ მინდა! ქალაქში ოფიცრებია, ხალხი დადის. თან თავი მოვიწონე და ერთი სოვდაგრის ქალსაც თვალი ჩავუკარი... არა, არ მინდა... მერე და ვინ მიგდია? როგორ მიბედავს? ვინმე ვაჭარი ან ხელოსანი ხომ არ ვგონივარ! (მხნევდება და წელში იმართება.) მე იმას პირშიც ვეტყვი: «როგორ მიბედავთ! თქვენ რა...» (კარის სახელური ტრიალებს, ხლესტაკოვი ფითრდება და მოიკუნტება.)


გამოსვლა VIII

ხლესტაკოვი გოროდნიჩი და დობჩინსკი.

გოროდნიჩი შემოსვლისთანავე შეჩერდება. ის და ხლესტაკოვი თვალებდაჭყეტილნი შეჰყურებენ ერთმანეთს რამდენიმე წუთის განმავლობაში.

გოროდნიჩი.  (ოდნავ გონს მოვა, ორივე ხელს ძირს დაუშვებს და გამოიჭიმება). გისურვებთ დღეგრძელობას!
ხლესტაკოვი.  (თავს უკრავს). გამარჯობათ!
გოროდნიჩი.  უკაცრავად...
ხლესტაკოვი.  არა უშავს...
გოროდნიჩი.  ჩემი მოვალეობაა, ვითარცა აქაური ქალაქის თავისა, ვიზრუნო, რომ მგზავრები და ყველა კეთილშობილი პირი არავინ შეაწუხოს და...
ხლესტაკოვი.  (დასაწყისში ცოტათი ებმის ენა, მაგრამ დასასრულ გათამამდება და ხმამაღლა ლაპარაკობს). რა ვუყოთ, ჩემი ბრალი არ არის... მერწმუნეთ გადავიხდი... სოფლიდან გამომიგზავნიან (ბობჩინსკი კარიდან იჭვრიტება.) თვითონ უფრო დამნაშავეა: ქვასავით საქონლის ხორცს იძლევა, წვნიანის მაგიერ კი, ეშმაკმა იცის, რა ჩაუსხამს, ფანჯრიდან უნდა გადამესროლა. მთელი დღეები შიმშილითა მკლავს, ჩაიც ისეთი უცნაურია, თევზის სუნით ჰყარს. მერე რისთვის... კარგია, კარგია შენმა მზემ!
გოროდნიჩი.  (შემკრთალი). უკაცრავად, ღმერთმანი, ჩემი ბრალი არ არის, ბაზარში ყოველთვის კარგი საქონლის ხორცი გვაქვს, ხოლმოგორელ ვაჭრებს ჩამოაქვთ, – ყოველმხრივ წესიერი ხალხია...მე არ ვიცი, სად შოულობს ასეთ ხორცს. თუ რაიმე წესიერად არ არის... ნება მიბოძეთ სხვა ბინაზე გადაგიყვანოთ.
ხლესტაკოვი.  არა, არ მინდა. მე ვიცი ეგ სხვა ბინა რას ნიშნავს: ე. ი. სატუსაღო. მერედა რა უფლება გაქვთ? როგორ მიბედავთ! აი მე... მე პეტერბურგში ვმსახურობ. (ცდილობს ყოჩაღად დაიჭიროს თავი.) მე, მე, მე...
გოროდნიჩი.  (განზე). ღმერთო ჩემო, რა ბრაზიანი ყოფილა! ყველაფერი გაუგია, ყველაფერი უამბიათ წყეულ ვაჭრებს!
ხლესტაკოვი.  (თამამდება). თუნდაც მთელი რაზმი დამახვიოთ, არ წამოვალ. მე პირდაპირ მინისტრს მივმართავ! (მუშტებს ურტყამს მაგიდას.) ერთი ამათ დამიხედეთ!
გოროდნიჩი.  (გამოიჭიმება, მთელი ტანით ცახცახებს). შემიწყალეთ, ნუ დამღუპავთ... ცოლი მყავს, შვილები... ნუ გამაუბედურებთ!
ხლესტაკოვი.  არ მინდა, არა! ბიჭოს! რა ჩემი საქმეა?! თქვენ რომ ცოლშვილი გყავთ, ამიტომ მე სატუსაღოში უნდა გეახლოთ? კარგი ამბავია სწორედ! (ბობჩინსკი იჭყიტება კარიდან და შეშინებული ისევ იმალება.)
გოროდნიჩი.  (კანკალებს). გამოუცდელობით, ღმერთმანი, გამოუცდელობით მომივიდა. ხელმოკლეობის ბრალია... თვითონ განსაჯეთ: ჯამაგირი ჩაი-შაქარშიაც არ მყოფნის. თუ ქრთამი ამიღია, სულ მცირე და უმნიშვნელო: რაღაც ხორაგეული ან ორიოდე არშინი ფართალი... რაც შეეხება უნტერ-ოფიცრის ქვრივს, რომელიც ვაჭრობს და რომელიც მე ვითომც გამეწკეპლოს, ეგ ცილისწამებაა, ღმერთმანი, ცილისწამებაა. სულ ჩემი მტრების მონაჭორია. ეგ ისეთი ხალხია, ჩემს მოსაკლავადაც მზად არიან.
ხლესტაკოვი.  რაო? მერე რა საქმე მაქვს მათთან! (ჩაფიქრდება.) მაინც არ მესმის, რა შუაშია აქ თქვენი მტრები თუ ვიღაც უნტერ-ოფიცრის ქვრივი... უნტერ-ოფიცრის ქვრივის ამბავი სხვაა, გაწკეპვლას კი ვერ გაბედავთ, ამას ვერ ეღირსებით. კარგი ამბავია! უყურე ერთი ამას! გადავიხდი ფულს, გადავიხდი, ოღონდაც ახლა არა მაქვს. აქ იმიტომ ვზივარ, რომ კაპიკი არ გამაჩნია.
გოროდნიჩი.  (განზე). ჰო-ჰო, რა ეშმაკი რამ არის! სად გადამოკრა, საიდან მოუარა! მოდი და გაერკვიე! არც კი ვიცი, საიდან მივუდგე... მოდი, ვცდი, რაც იქნება, იქნება, – ცდა ბედის მონახევრეაო (ხმამაღლა.) თუ მართლა გიჭირთ ფული ან სხვა რამ, მზად ვარ ამწამსვე გაგიწიოთ სამსახური. ჩემი მოვალეობაა მგზავრებს დავეხმარო.
ხლესტაკოვი.  მასესხეთ, მასესხეთ! ახლავე გავუსწორდები მატრაქტირეს, ორასი მანეთი მეყოფა, თუნდაც ნაკლები იყოს.
გოროდნიჩი.  (მიაწოდებს ქაღალდის ფულს). სწორედ ორასი მანეთია, დათვლით თავს ნუ შეიწუხებთ.
ხლესტაკოვი.  (გამოართმევს ფულს). უმორჩილესად გმადლობთ, დაუყოვნებლივ გამოგიგზავნით სოფლიდან... მე უცებ... გატყობთ, რომ კეთილშობილი კაცი ბრძანდებით... ახლა კი სხვა საქმეა.
გოროდნიჩი.  (თავისთვის). მადლობა ღმერთს! ფული აიღო. საქმე ახლა, მგონი, კარგად წავა. თანაც ორასი მანეთის მაგიერ ოთხასი შევაპარე.
ხლესტაკოვი.  ჰეი, ოსიპ! (ოსიპი შემოდის). დაუძახე ტრაქტირის მსახურს! (გოროდნიჩისა და დობჩინსკის.) რასა დგახართ? გთხოვთ დაბრძანდეთ! (დობჩინსკის.) დაბრძანდით, გთხოვთ.
გოროდნიჩი.  არა უშავს, ჩვენ ფეხზედაც დავდგებით!
ხლესტაკოვი.  გთხოვთ დაბრძანდეთ. ახლა კი ვხედავ, რომ გულღია და გულთბილი ხალხი ყოფილხართ, გამოგიტყდებით, ასე მეგონა, იმიტომ მოხველით, მე რომ... (დობჩინსკის.) დაბრძანდით. (გოროდნიჩი და დობჩინსკი დასხდებიან. ბობჩინსკი კარიდან იჭყიტება და ყურს უგდებს).
გოროდნიჩი.  (განზე.) მეტი სითამამე სჯობია. ამას უნდა ინკოგნიტოდ ჩავთვალოთ. კეთილი და პატიოსანი, ჩვენც ავყვეთ: თავი მოვიკატუნოთ, ვითომც არც კი ვიცით, ვინა ბრძანდება. (ხმამაღლა.) ჩვენ, მე და პეტრ ივანოვიჩ დობჩინსკი, აქაური მემამულე გახლავთ, სამსახურის საქმეებზე დავდიოდით, ჰოდა, განზრახ შემოვუხვიეთ სასტუმროშიაც იმის გასაგებად, აბა როგორ ინახავენ-თქო მგზავრებს. მე ისეთი არა ვარ, როგორც ზოგიერთი გოროდნიჩია, არაფერი რომ არ ედარდებათ. მე, გარდა იმისა, რომ თანამდებობა მავალებს, ქრისტიანული კაცთმოყვარეობითაც ვარ გამსჭვალული და მინდა ყოველ მოკვდავს კარგად ხვდებოდნენ. ჰოდა, აი, თითქოს ჯილდოდ, შემთხვევა მომეცა ასეთ სასიამოვნო ვისმე გავცნობოდი.
ხლესტაკოვი.  მეც ძალზე მოხარული ვარ. უთქვენოდ, უნდა გამოგიტყდეთ, დიდხანს მომიხდებოდა აქ ჯდომა: აღარ ვიცოდი, როგორ გამესტუმრებინა ვალი.
გოროდნიჩი.  (განზე.) მაშ, მაშ, იჭუკჭუკე! არ იცოდა, ვალი როგორ გაესტუმრებინა! (ხმამაღლა.) გავკადნიერდები და გკითხავთ: სად და რომელ მხარეში აპორებთ გამგზავრებას?
ხლესტაკოვი.  სარატოვის გუბერნიაში მივემგზავრები, საკუთარ სოფელში.
გოროდნიჩი.  (განზე, სახეზე ირონიული გამომეტველება აქვს.) სარატოვის გუბერნიაში? რომ არც კი წითლდება! ოჰ, მაგასთან ყურმახვილად უნდა იყოს კაცი! (ხმამაღლა.) დიდებული საქმე გინებებიათ. აი, თუნდაც გზა ავიღოთ: ამბობენ, ერთი მხრით, უსიამოვნო რამაა, ცხენებზე გაგიჭირებენ საქმესო, მაგრამ, მეორე მხრით, ჭკუა-გონებისათვის დიდი გასართობია...თქვენ ხომ უეჭველია, უფრო პირადი სიამოვნებისათვის მოგზაურობთ?
ხლესტაკოვი.  არა, მამა მიბარებს. გაჯავრდა მოხუცი, აქამდე პეტერბურგში რატომ ვერ დაწინაურდიო. იმას ჰგონია, რაწამს კიპეტერბურგში ჩახვალ, მაშინვე მკერდზე ვლადიმერის ორდენს ჩამოგკიდებენ. ერთი თვითონ სინჯოს კანცელარიაში წანწალი.
გოროდნიჩი.  (განზე.) ერთი დამიხედეთ, როგორ მირევს გზა-კვალს. მოხუცი მამაც კი მიატმასნა! (ხმამაღლა.) დიდი ხნით მიბრძანდებით?
ხლესტაკოვი.  მაგისი კი რა მოგახსენოთ. მამაჩემი დიდი უჯიათი ბებერია. მე იმას პირდაპირ ვეტყვი: როგორც გენებოთ, მაგრამ უპეტერბურგოდ სიცოცხლე არ შემიძლია-მეთქი. არა, მართლაცდა რისთვის უნდა ჩავღუპო ჩემი სიცოცხლე ტეტიებში? ახლა სულ სხვა დროა, ჩემს სულს განათლება სწყურია.
გოროდნიჩი.  (განზე). რა კარგად ჩააგვირისტა! ტყუის, ტყუის და არსად კი არ წაიბორძიკებს. კაცს მაინც ჰგავდეს ეს ჭიაყელა: ასე მგონია, ფრჩხილით გავჭყლეტდი. მაგრამ დამაცა! წამოგაცდენინებ! გაიძულებ უფრო მეტი მიამბო! (ხმამაღლა) მართლაცდა მართებულად შენიშნეთ: რის გაკეთება შეიძლება მიყრუებულ ადგილას? აი თუნდაც აქა: ღამეც არ გძინავს, მამულისათვის იღვწი, არაფერს არ ზოგავ, ჯილდო კი, ვინ უწყის, როდის იქნება. (ოთახს თვალს მოავლებს) მგონი, ეს ოთახი ცოტა ნესტიანია?
ხლესტაკოვი.  საძაგელი ოთახია, და ასეთი ბაღლინჯოებიც არსად მინახავს: ავი ძაღლივით იკბინებიან.
გოროდნიჩი.  რასა ბრძანებთ! ასეთი განათლებული სტუმარი და ასე იტანჯება, მერე ვისგან? – ყოვლად საზიზღარი ბაღლინჯოებისაგან, რომელნიც ქვეყნად არც კი უნდა გაჩენილიყვნენ! აქ, მგონი, უნდა ბნელოდეს კიდეც?
ხლესტაკოვი.  დიახ, ძალიან ბნელა! სასტუმროს პატრონს წესად შემოუღია სანთლები არ აძლიოს მდგმურებს. ხანდახან რისამე გაკეთება მინდა – ან წაკითხვა, ან ფანტაზია მომივლის დავწერო რამე – არ შემიძლია: ბნელა, უკუნეთია.
გოროდნიჩი.  გავკადნიერდები და გთხოვთ... მაგრამ არა, ღირსი არა ვარ.
ხლესტაკოვი.  მაინც რა?
გოროდნიჩი.  კადნიერებაში თუ არ ჩამომართმევთ... სახლში მაქვს თქვენთვის მშვენიერი ოთახი, ნათელი მყუდრო...მაგრამ არა, თვითონაც ვგრძნობ, ჩემთვის მეტისმეტი პატივი იქნება... ნუ შემრისხავთ – ღმერთმანი ალალი გულით შემოგთავაზეთ.
ხლესტაკოვი.  პირიქით, სიამოვნებით... ჩემთვის გაცილებით უფრო სასიამოვნოა კერძო სახლში ცხოვრება, ვიდრე ამ დუქანში.
გოროდნიჩი.  მე კი უაღრესად მოხარული ვიქნები! ჩემს ცოლსაც რარიგ გაუხარდება! ასეთი ხასიათი მაქვს: ბავშვობიდანვე სტუმართმოყვარე ვარ, მეტადრე თუ სტუმარი განათლებული კაცია. ნუ იფიქრებთ, თითქოს პირმოთნეობით მოგახსენებდეთ; ამ ცოდვას ვერავინ შემწამებს, სულითა და გულით მოგახსენებთ!
ხლესტაკოვი.  დიდად გმადლობთ. არც მე მიყვარს ორპირი ხალხი. ძლიერ მომწონს თქვენი გულახდილობა და გულთბილობა. გამოგიტყდებით, ამაზე მეტს არაფერს მოვთხოვდი კაცს, ოღონდაც ერთგულებით და პატივით მომეპყრას, პატივით და ერთგულებით.


გამოსვლა IX

იგინივე და ტრაქტირის მსახური, რომელსაც ოსიპი მოჰყვება.
ბობჩინსკი კარიდან იჭყიტება.

მსახური.  თქვენ გიბრძანებიათ მოსვლა?
ხლესტაკოვი.  დიახ, მოიტა ანგარიში.
მსახური.  წეღან მოგართვით მეორე ანგარიში.
ხლესტაკოვი.  მე არ მახსოვს შენი სულელური ანგარიშები. თქვი,რამდენი გერგებათ?
მსახური.  პირველ დღეს მოითხოვეთ სადილი. მეორე დღეს ისაუზმეთ გოჯით. შემდეგ კი სულ ნისიად მიირთმევდით.
ხლესტაკოვი.  ბრიყვო! დამიწყე აქ ანგარიში. სულ რამდენი გერგება?
გოროდნიჩი.  თქვენ რადა სწუხდებით, მოიცდის. (მსახურს.) წადი, გამოგიგზავნიან.
ხლესტაკოვი.  მართლაც და სწორი ბრძანდებით. (ფულს ჯიბეში ჩაიდებს. მსახური გადის. კარებში ბობჩინსკი იჭყიტება.)


გამოსვლა X

გოროდნიჩი, ხლესტაკოვი, დობჩინსკი.


გოროდნიჩი.  ხომ არ ისურვებდით ახლა დაგეთვალიერებინათ ჩვენი ქალაქის ზოგიერთი დაწესებულება, მაგალითად, საღვთო-სამადლო დაწესებულებანი თუ სხვა?
ხლესტაკოვი.  მერე იქ რა არის?
გოროდნიჩი.  ნახავთ, როგორაა ჩვენთან საქმეები, რა წესრიგი სუფევს...
ხლესტაკოვი.  დიდი სიამოვნებით, მე მზადა ვარ... (ბობჩინსკი თავს შემოყოფს კარებში.)
გოროდნიჩი.  თუ თქვენი ნებაც იქნება, იქიდან სამაზრო სასწავლებელს ვეწვიოთ, რათა გაეცნოთ, როგორ ასწავლიან ჩვენში მეცნიერებას.
ხლესტაკოვი.  ინებეთ, ინებეთ.
გოროდნიჩი.  მერე, თუ ინებებთ, დაათვალიერეთ ციხე და ქალაქის სატუსაღოები, ნახავთ, როგორ ვინახავთ ჩვენში პატიმართ.
ხლესტაკოვი.  რა საჭიროა სატუსაღოების ნახვა? სჯობია საღვთო-სამადლო დაწესებულებები დავათვალიეროთ.
გოროდნიჩი.  როგორც გენებოთ... საკუთარ ეტლს ინებებთ თუ მე წამომყვებით დროშკით?
ხლესტაკოვი.  ჰო, სჯობს თქვენ წამოგყვეთ დროშკით
გოროდნიჩი.  (დობჩინსკის). პეტრ ივანოვიჩ, ახლა თქვენთვის ადგილი აღარ მექნება.
დობჩინსკი.  რა მიშავს, ისე წამოვალ.
გოროდნიჩი.  (ჩუმად დობჩინსკის). გამიგონეთ. გასწით, გაფრინდით ახლავე და ეს ბარათები წაუღეთ ერთი საღვთო-სამადლო დაწესებულებაში ზემლიანიკას, მეორე კი ჩემს მეუღლეს. (ხლესტაკოვს). ნებას ხომ დამრთავთ, ჩემს მეუღლეს მივწერო თქვენი თანდასწრებით ერთი სტრიქონი, რათა მოემზადოს დიდად პატივცემული სტუმრის მისაღებად.
ხლესტაკოვი.  რა საჭიროა?.. თუმცა მელანი აქაა, ქაღალდის კი რა მოგხსენოთ... იქნებ ამ ანგარიშზე...
გოროდნიჩი.  მე ამაზე დავწერ. (წერს და იმავე დროს თავისთვის ლაპარაკობს.) აბა ვნახოთ, როგორ ამღერდები საუზმისა და ერთი ღიპიანი ბოთლის შემდეგ. ჩვენებური მადერაც გვაქვს. შესახედად დიდი არაფერია, მაგრამ სპილოსაც წააქცევს. ოღონდ კი გავიგო, რა ჯურის კაცი ხარ და რამდენად საშიში. (დაწერს და გადასცემს დობჩინსკის. რომელიც კარისკენ მიდის. მაგრამ კარი ჩამოვარდება და ყურმოდებულ ბობჩინსკისთან ერთად სცენაზე დაეცემა. ყველა შეჰყვირებს. ბობჩინსკი წამოდგება.)
ხლესტაკოვი.  ხომ რაფერი დაიშავეთ?
ბობჩინსკი.  არაფერია, დიახ, არაფერია, არავითარი ფათერაკი. მხოლოდ ცხვირი გამეფხაჭნა ოდნავ. შევირბენ ხრისტიან ივანოვიჩთან: რაღაც სალბუნი აქვს, დამადებს და გამივლის.
გოროდნიჩი.  (ბობჩინსკის საყვედურით ანიშნებს). ეგ არაფერია! უმორჩილესად გთხოვთ – მობრძანდით! თქვენს მსახურს კი ვეტყვი, თქვენი ჩემოდანი წამოიღოს (ოსიპს). ჩემო კარგო, ყველაფერი ჩემთან გადაიტანე, გოროდნიჩისთან – სახლს ყველა მიგასწავლის. მობრძანდით, უმორჩილესად გთხოვთ! (წინ გაუშვებს ხლესტაკოვს და თვითონ უკან მისდევს, მერე მოტრიალდება და საყვედურით ეუბნება ბობჩინსკის.) თქვენცა ხართ რაღა! სხვა ადგილი ვერ იპოვეთ წასაქცევად?! გაიშხლართეთ, როგორც... ეშმაკმაც წაგიღოთ! (გადის. მას მისდევს ბობჩინსკი.)
ფ ა რ დ ა  ე შ ვ ე ბ ა


მესამე მოქმედება

პირველი მოქმედების ოთახი

გამოსვლა 1
ანა ანდრეევნა, მარია ანტონოვნა (ფანჯარასთან დგანან იმავე მდგომარეობაში).

ანა ანდრეევნა.  აგერ უკვე ერთი საათია ველოდებით, სულ კი შენი სულელური მანჭვა-გრეხის ბრალია. ხომ ჩაცმულ-მოკაზმული იყავი, მაგრამ არა, კიდევ უნდა ქექო და ძებნო რაღაცა... ნეტავ სულ არ დამეგდო შენთვის ყური. რა უბედურებაა! თითქოს განგებ, არავინ არ ჭაჭანებს. გეგონება, ყველანი ამოწყდნენო.
მარია ანტონოვნა.  დამიჯერეთ, დედიკო, ორი წუთის შემდეგ ყველაფერს შევიტყობთ. საცაა ავდოტია უნდა მოვიდეს. (მიაჩერდება ფანჯარას და შეჰკივლებს.) უი, დედიკო, დედიკო, ვიღაცა მოდის, აი იმ ქუჩის ბოლოში!
ანა ანდრეევნა.  სად მოდის? მუდამ რაღაცას იგონებ ხოლმე. კი, კი, მოდის. ნეტა ვინ მოდის? ტანმორჩილია... ფრაკი აცვია. ნეტავი ვინაა? ჰა? მოდი და გული ნუ გაგისკდება! ნეტა ვინ უნდა იყოს?
მარია ანტონოვნა.  ეგ დობჩინსკია, დედიკო!
ანა ანდრეევნა.  რის დობჩინსკი! შენ ხომ ყოველთვის უცნაური რამ მოგელანდება... სრულებითაც დობჩინსკი არ არის. (იქნევს ცხვირსახოცს.) ჰეი, თქვენ, აქეთ მოდით! ჩქარა!
მარია ანტონოვნა.  დედიკო, მერწმუნეთ, დობჩინსკია.
ანა ანდრეევნა.  დახეთ, ჯიბრზე ამბობს, ოღონდაც შემეკამათოს. მე გეუბნები, დობჩინსკი არ არის-მეთქი!
მარია ანტონოვნა.  ახლა, ახლა, დედიკო? ხომ ხედავთ, რომ დობჩინსკია?
ანა ანდრეევნა.  კი, დობჩინსკია. ახლა მეც ვხედავ, მერედა რაღას მედავები? (ფანჯრიდან უყვირის.) ჩქარა, ჩქარა, რა ნელა მოდიხართ! აბა რას იტყვით? სად არიან? ჰა? მანდედანვე თქვით, სულ ერთია. რაო? ძალიან სასტიკია? ჰა? ქმარმა, ქმარმა რაო? (ფანჯარას ცოტათი მოშორდება გაბრაზებული.) რა სულელია, სანამ ოთახში არ შემოვა, არაფერს არ იტყვის!

გამოსვლა II

იგინივე და დობჩინსკი.

ანა ანდრეევნა.  არა, ერთი მიბრძანეთ, გეთაყვა, როგორ არა გრცხვენიათ? მე მხოლოდ თქვენი იმედი მქონდა, წესიერი ადამიანია-მეთქი. ერთბაშად კი ყველანი გავარდნენ და თქვენც იმათ გაჰყევით! ჰოდა, აქამდე ვერავისგან ვერაფერი შევიტყვე. არა გრცხვენიათ? მე ხომ თქვენი ვანიჩკასა და ლიზანკას ნათლია ვარ, თქვენ კი როგორ მომექეცით!
დობჩინსკი.  ღმერთმანი, ნათლი, ისე გამოვრბოდი, ჩემი პატივისცემა რომ დამემტკიცებინა, სულს ძლივსღა ვიბრუნებ! გამარჯობათ, მარია ანტონოვნა!
მარია ანტონოვნა.  გაგიმარჯოთ, პეტრ ივანოვიჩ!
ანა ანდრეევნა.  აბა, რა ამბავია? აბა, მოჰყეთ, იქ რა იყო და რა მოხდა?
დობჩინსკი.  ანტონ ანტონოვიჩმა ბარათი გაახლათ.
ანა ანდრეევნა.  ჰო, რაო, ვინ არის? გენერალია?
დობჩინსკი.  არა, გენერალი არ არის, მაგრამ არც დიდად ჩამოუვარდება, ისეთი განათლება და დიდკაცური ყოფაქცევა აქვს.
ანა ანდრეევნა.  აჰა, მაშ სწორედ ის ყოფილა, რომელზედაც ქმარს წერილით ატყობინებდნენ.
დობჩინსკი.  სწორედ ის გახლავთ. ეს პირველად მე აღმოვაჩინე პეტრ ივანოვიჩთან ერთად.
ანა ანდრეევნა.  აბა გვიამბეთ, რა იყო და როგორ იყო?
დობჩინსკი.  ღვთის მადლით, ყველაფერი კარგად მიდის, თავდაპირველად ანტონ ანტონოვიჩს, ცოტა არ იყოს, სასტიკად დაუხვდა, დიახ, ჯავრობდა და გაიძახოდა, სასტუმროში უწესრიგობა სუფევსო... არც თქვენთან გადმოვალ და არც თქვენ მაგიერ საპატიმროში ჩავჯდებიო, მაგრამ ბოლოს, როცა დარწმუნდა ანტონ ანტონოვიჩის სისპეტაკეში და უფრო ახლო გამოელაპარაკა, მაშინათვე აზრები გამოიცვალა. მადლი უფალს, ყველაფერი კეთილად გაიჩარხა... ახლა ისინი საღვთო-სამადლო დაწესებულებათა დასათვალიერებლად გაემგზავრნენ. თორემ, უნდა გამოვტყდე, ანტონ ანტონოვიჩს უკვე ეგონა, ვაითუ ვიღაცამ საიდუმლოდ დაგვაბეზღაო. ცოტაოდნად მეც კი შევშინდი.
ანა ანდრეევნა.  თქვენ კი რიღასი გეშინოდათ, ხომ არ მსახურობთ?
დობჩინსკი.  აბა რა ვიცი, როცა დიდკაცი ლაპარაკობს, მაინც შიშს განვიცდი.
ანა ანდრეევნა.  ჰო, კარგი... ეს ყველაფერი სისულელეა, თქვენ ის გვიამბეთ: თვითონ როგორია? მოხუცია თუ ახალგაზრდა?
დობჩინსკი.  ახალგაზრდაა, ასე ოცდასამი წლისა... მაგრამ ისე ლაპარაკობს, მოხუცი გეგონებათ. «როგორც გენებოთო, აქაც გეახლებით და იქაცო»... (ხელებს შლის) ისე მშვენივრად თქვა. «მეო, თქვა, წერაც მიყვარს და კითხვაც, მაგრამ ხელს ის მიშლის, რომ ოთახში ცოტა ბნელაო.»
ანა ანდრეევნა.  როგორია: შავგვრემანია თუ ქერა?
დობჩინსკი.  არა, უფრო წაბლისფერთმიანია, თვალები კი ისე დაურბიან, როგორც პატარა თაგუნები, შეგაკრთობენ კიდეც.
ანა ანდრეევნა.  ნეტა რას მწერს ამ ბარათში? (კითხულობს). «ვესწრაფი შეგატყობინო, ჩემო სულიკო, რომ ჩემ მდგომარეობა ფრიად სავალალო იყო, მაგრამ ღვთის მადლითა და წყალობით, ორი მჟავე კიტრისა და ნახევარი პორცია ხიზილალისა მანეთი და ხუთი შაური...»(გაჩერდება) არაფერი მესმის. რა შუაშია აქ მჟავე კიტრი და ხიზილალა?
დობჩინსკი.  ჰო, ეს ანტონ ანტონოვიჩმა რაღაც ქაღალდზე დაწერა, ეჩქარებოდა, იქ ანგარიში იყო ჩამოწერილი.
ანა ანდრეევნა.  ჰო, მართალია (განაგრძობს კითხვას): «მაგრამ ღვთის მადლითა და წყალობით, მგონი ყველაფერი კეთილად დაბოლოვდება. სასწრაფოდ მოამზადე ოთახი საპატიო სტუმრისათვის, აი ის, ყვითელი ქაღალდით რომაა გაწებილი. სადილს ნურაფერს დაუმატებ, ჩვენ საღვთო-სამადლო დაწესებულებაში ვისაუზმებთ არტემი ფილიპოვიჩთან, ღვინო კი ბლომად იყოს; ვაჭარ აბდულინს შეუთვალე, საუკეთესო გამოაგზავნოს, თორემ სარდაფს სულ ერთიანად გადმოვუბრუნებ. ხელზე გაკოცებ, ჩემო სულიკო, ვშთები შენი: ანტონ სკვოზნიკ-დუხანოვსკი». ოჰ, ღმერთო ჩემო! ეს კი საჩქაროდ უნდა მოგვარდეს! ჰეი, მანდ ვინა ხართ? მიშკა!
დობჩინსკი.  (გარბის და კარებში ყვირის). მიშკა! მიშკა! (მიშკა შემოდის,)
ანა ანდრეევნა.  გამიგონე: გაიქეცი ვაჭარ აბდულინთან... მოიცა, ბარათს გაგატან (მიუჯდება მაგიდას, წერს ბარათს და თან ლაპარაკობს): ეს ბარათი მეეტლე სიდორს მიეცი, ახლავე გაიქცეს ვაჭარ აბდულინთან და ღვინო მოიტანოს იქიდან, შენ კი ამწამსვე წადი და ის ოთახი მიალაგე სტუმრისათვის. დადგი ლოგინი, პირსაბანი და სხვა.
დობჩინსკი.  აბა, ანა ანდრეევნა, მე უნდა გავიქცე და ვნახო, როგორ ათვალიერებს იქაურობას!
ანა ანდრეევნა.  წადით, წადით! მე არ გაკავებთ!


გამოსვლა III

ანა ანდრეევნა და მარია ანტონოვნა.

ანა ანდრეევნა.  აბა, მაშენკა, ახლა დროა ჩვენს მორთვა-მოკაზმვას შევუდგეთ! ხომ იცი, სატახტო ქალაქიდანაა: ღმერთმა დაგვიფაროს და რამეზე სასაცილოდ კი არ აგვიღოს! შენთვის ყველაზე უფრო შესაფერი იქნება ჩაიცვა შენი ცისფერი კაბა, წვრილ-წვრილი ფურჩალით გაწყობილი.
მარია ანტონოვნა.  ფუჰ, დედიკო, სულაც არ მომწონს ცისფერი! ლიაპკინ-ტიაპკინის ცოლიც ცისფერში დადის და ზემლიანიკას ქალიშვილიც ცისფერს იცვამს. არა, სჯობია ფერადი ჩავიცვა.
ანა ნადრეევნა.  ფერადი! სწორედ ჩემს ჯიბრზე ამბობ. ცისფერი შენთვის იმიტომ სჯობია, რომ თვითონ მე მინდა ჩალისფერი ჩავიცვა: ძალიან მიყვარს ჩალისფერი.
მარია ანტონოვნა.  დედიკო, ჩალისფერი სწორედაც არ გიხდებათ!
ანა ანდრეევნა.  მე არ მიხდება ჩალისფერი?
მარია ანტონოვნა.  არ გიხდებათ, რაზეც გინდათ, დაგენიძლავებით, არ გიხდებათ! რომ მოგიხდეთ, შავი თვალები უნდა გქონდეთ.
ანა ანდრეევნა.  კარგი ამბავია სწორედ! განა მე შავი თვალები არა მაქვს? დიახაც შავი მაქვს. რა სისულელეს ლაპარაკობს! თუ შავი არ არის, მაშ ჩემს თავზე მკითხაობისას ქაღალდს მუდამ ჯვრის ქალზე რადა ვშლი!
მარია ანტონოვნა.  არა, დედიკო, თქვენ ნაზუქის ქალზე უფრო უნდა გაშალოთ.
ანა ანდრეევნა.  აბა რას იედ-მოედები? ნაზუქის ქალი ჩემს დღეში არ ვყოფილვარ! (სწრაფად გადის მარია ანტონოვნასთან ერთად და სცენის უკან ლაპარაკობს). იტყვის ხოლმე რაღაცას! ნაზუქის ქალიო! ღმერთმა უწყის რაებს არ მოჩმახავს ხოლმე! ( ქალები რომ გავლენ, კარები გაიღება და მიშკა გამოგვის ნაგავს. მეორე კარიდან ოსიპი გამოვა ჩემოდნით თავზე.)

გამოსვლა IV

მიშკა და ოსიპი

ოსიპი. აბა საით?
მიშკა. აქეთ, ძიაკაცო, აქეთ!
ოსიპი.  მოიცა, სული მომათქმევინე. ვაი ამ ძაღლურ ცხოვრებას! ცარიელ კუჭზე ყოველი ტვირთი ასი ფუთი გეჩვენება!
მიშკა.  ერთი ეს მითხარით, ძიაკაცო, მალე მობრძანდება ღენერალი?
ოსიპი.  რომელი ღენერალი?
მიშკა.  თქვენი ბატონი.
ოსიპი. მერე ის სადაური ღენერალია?
მიშკა.  განა ღენერალი არ არის?
ოსიპი.  კი, ღენერალია, ოღონდაც სხვა მხრივ.
მიშკა.  ეს ნამდვილ ღენერალზე მეტია თუ ნაკლები?
ოსიპი.  მეტია.
მიშკა.  დახე ერთი?! იმიტომაც ატეხეს ჩვენსა ერთი აურზაური!
ოსიპი.  გამიგონე, ყმაწვილო, როგორც გატყობ, ყოჩაღი ბიჭი უნდა იყო. ჰოდა, დატრიალდი და საჭმელად რამე გამიმზადე.
მიშკა.  სათქვენოდ, ძიაკაცო, ჯერ არაფერი მოუმზადებიათ. უბრალოს თქვენ არ მიირთმევთ, ამიტომ, როცა თქვენი ბატონი დაბრძანდება სუფრაზე, თქვენც მაშინ მოგართმევთ.
ოსიპი.  კარგი და ეს უბრალო რაღაა?
მიშკა,  შჩი, ქაში და ღვეზელები.
ოსიპი. მოიტა ყველაფერი, შჩი, ქაში და ღვეზელები! არა უშავს რა, ყველაფერს გიახლებით... აბა, ეს ჩემოდანი წავიღოთ! იქით მეორე კარი ხომ არის?
მიშკა.  არის. ( ორივეს გააქვს ჩემოდანი გვერდით ოთახში.)


გამოსვლა V

პოლიციელები გააღებან კარის ორივე ნახევარს. შემოდის ხლესტაკოვი, მას მოსდევს გოროდნიჩი, შემდეგ საღვთო-სამადლო დაწესებულებათა მზრუნველი, სასწავლებელთა ზედამხედველი, დობჩინსკი და ბობჩინსკი, რომელსაც ცხვირზე სალბუნი აკრავს. გოროდნიჩი უთითებს პოლიციელებს ძირს დაგდებულ ქაღალდზე. ისინი კისრისტეხით გავარდებიან ქაღალდის ასაღებად და ერთმანეთს დაეჯახებიან.

ხლესტაკოვი.  კარგი დაწესებულებანია. მომწონს, რომ თქვენს ქალაქში მგზავრებს ყველაფერს უჩვენებენ. სხვა ქალაქებში ჩემთვის არაფერი უჩვენებიათ.
გოროდნიჩი.  სხვა ქალაქებში, გავკადნიერდები და მოგახსენებთ, ქალაქის მმართველნი და მოხელენი უფრო მეტად, ასე ვთქვათ, საკუთარ ხეირზე ზრუნავენ. აქ კი, შეიძლება ითქვას, სხვა განზრახვა არა არის რა, გარდა იმისა, რომ კეთილსინდისიერებითა და მუყაითობით დავიმსახუროთ უფროსობის ყურადღება.
ხლესტაკოვი.  დიდებული საუზმე იყო. იმდენი ვჭამე, ლამის გავსკდე! თქვენში ყოველდღე ასეთი ჭამა-სმაა?
გოროდნიჩი.  ეს საგანგებოდ გახლდათ სასიამოვნო და იშვიათი სტუმრისათვის!
ხლესტაკოვი.  ჭამა-სმა მიყვარს. კაცი ხომ იმისათვის ცხოვრობს, სიამოვნების ყვავილები წყვიტოს. ის რა თევზი იყო?
არტემი ფილიპოვიჩი.  (მოირბენს). ლაბარდანი.
ხლესტაკოვი.  ძალიან გემრიელი თევზია. სად ვისაუზმეთ დღეს? მგონი, საავადმყოფო იყო, არა?
არტემი ფილიპოვიჩი.  მართალს ბრძანებთ, საღვთო-სამადლო დაწესებულებაში.
ხლესტაკოვი.  მახსოვს, მახსოვს, იქ ლოგინები იდგა. ავადმყოფები განიკურნენ? რაღაც ცოტა მეჩვენა.
არტემ ფილიპოვიჩი.  ათიოდე კაციღა დარჩა. დანარჩენი ყველა განიკურნა. აქ ასეა მოწყობილი, ასეთი წესია. მას შემდეგ, რაც მე ვიკისრე უფროსობა, – იქნებ დაუჯერებლადაც მოგეჩვენოთ, – ავადმყოფები ბუზებივით იკურნებიან... ავადმყოფი ვერც კი ასწრებს ლაზარეთში შემოსვლას, რომ უკვე განკურნებულია, თანაც იმდენად მედიკამენტებით არა, რამდენადაც აქაური პატიოსნებითა და წესრიგით.
გოროდნიჩი.  გავკადნიერდები მოგახსენოთ, და ძალზე თავსატეხი რამ გახლავთ ქალაქის მმართველის მოვალეობა! რამდენი საქმე აწევს კისრად, ეს სისუფთავეო, ეს შეკეთებაო, ეს შესწორებაო... ერთი სიტყვით, ბრძენთა ბრძენსაც კი გაუჭირდება, მაგრამ, ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად მიდის. ზოგი გოროდნიჩი, რა თქმა უნდა, თავის კეთილდღეობაზე იზრუნებდა, მაგრამ მე კი, მერწმუნეთ, როცა დასაძინებლად ვწვები, მაშინაც სულ ასე ვფიქრობ: «ღმერთო ძლიერო, როგორ მოვაწყო ისე, რომ ჩემი გარჯა დაინახონ უფროსებმა და კმაყოფილნი დამირჩნენ?» დამაჯილდოებენ თუ არა, რა თქმა უნდა, მათი ნებაა, მაგრამ მე მაინც გულდამშვიდებით ვიქნები, როცა ქალაქში ყველაფერი წესრიგზეა, როცა ქუჩები დაგვილია, ტუსაღები კარგად მოვლილი, ლოთები ცოტა... ამის მეტი რაღა უნდა მინდოდეს! ღმერთმანი, არავითარი წარჩინება არ მინდა. რა თქმა უნდა, წარჩინება ვის არ ეამება, მაგრამ სათნოებასთან შედარებით ყველაფერი ამაოებაა.
არტემ ფილიპოვიჩი.  (განზე). ჰაი გიდი, რა მოქნილად ლაპარაკობს ეს უქნარა! ღმერთი წყალობს და ესაა!
ხლესტაკოვი.  მართალია. გამოგიტყდებით, ხანდახან მეც მიყვარს ხოლმე ისე... გასართობად ჭკუის ჭყლეტა... ზოგჯერ პროზით, ზოგჯერ კი ლექსებითაც...
ბობჩინსკი.  (დობჩინსკის). ჭეშმარიტებაა, წმინდაწყლის ჭეშმარიტებაა, პეტრ ივანოვიჩ! ისეთ შენიშვნებს იძლევა... ეტყობა, კაცი მეცნიერებას დაუფლებია.
ხლესტაკოვი.  ერთი მიბრძანეთ, გეთაყვა, არის თუ არა ქალაქში რაიმე გასართობი ადგილი, რაიმე საზოგადოება, სადაც შეიძლებოდეს, მაგალითად, ბანქოს თამაში?
გოროდნიჩი.  (განზე). ჰე, ჰე, ვიცით, ჩემო სულიკო, საითაც უმიზნებ! (ხმამაღლა.) ღმერთმა დაგვიფაროს! აქ ამისთანაობის ნიშანწყალიც არ არის. ქაღალდი ჩემს სიცოცხლეში ხელში არ მჭერია; ისიც კი არ ვიცი, როგორ თამაშობენ! ვერ ვიტან ბანქოს! ათასში ერთხელ თუ შემთხვევით დავინახავ აგურის მეფეს ან სხვა რასმე, ისე მეზიზღება, მინდა გადავაფურთხო. ერთხელ ბავშვების გასართობად ქაღალდების ხუხულა ავაშენე და, წარმოიდგინეთ, მთელი ღამე ის წყეული ქაღალდები მესიზმრებოდა. ღმერთმა დალახვროს! აბა როგორ შეიძლება კაცმა ძვირფასი დრო ბანქოზე დაკარგოს.
არტემი ფილიპოვიჩი.  (თავისთვის). არამზადავ, გუშინ ხომ კარგად ამაფცქვენი ასი მანეთი!
გოროდნიჩი.  ის არა სჯობს, ეს დრო სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოვიყენო!
ხლესტაკოვი.  არა, ამას ტყუილად ბრძანებთ... ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა მხრივ მიუდგები კაცი საგანს. თუ, მაგალითად, მაშინ გაჩერდები, როდესაც სამ კუთხივ უნდა გახვიდე... მაშინ, რა თქმა უნდა... არა, მაგას ნუ ბრძანებთ, ხანდახან ფრიად გაგიტაცებს კაცს ქაღალდის თამაში.

გამოსვლა VI

იგინივე, ანა ანდრეევნა და მარია ანტონოვნა.

გოროდნიჩი.  ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ჩემი ოჯახი: მეუღლე და ქალიშვილი.
ხლესტაკოვი.  (თავს უკრავს). რა ბედნიერი ვარ, ქალბატონო, რომ მაქვს, ასე ვთქვათ, ბედნიერება თქვენი ხილვისა.
ანა ანდრეევნა.  ჩვენთვის უფრო სასიამოვნო გახლავთ ასეთი პიროვნების ხილვა.
ხლესტაკოვი.  (თავს იწონებს). რასა ბრძანებთ, ქალბატონო, პირიქით, ჩემთვის უფრო მეტი სიამოვნებაა.
ანა ანდრეევნა.  რას ბრძანებთ! მაგას თქვენ ქათინაურისათვის ამბობთ. უმორჩილესად გთხოვთ დაბრძანდეთ.
ხლესტაკოვი.  თქვენ ახლო ფეხზე დგომა უკვე ბედნიერებაა, მაგრამ თუ მაინცდამაინც აგრე გსურთ – დავჯდები! რა ბედნიერი ვარ, რომ ძლივს მეღირსა თქვენთან ჯდომა.
ანა ანდრეევნა.  რასა ბრძანებთ, მე ვერანაირად ვერ მივიღებ ჩემს თავზე... სატახტო ქალაქის შემდეგ მოგზაურობა ალბათ მეტად უსიამოდ გეჩვენათ.
ხლესტაკოვი.  მეტისმეტად უსიამოდ. შეჩვეული, comprenez  vous, დიდ საზოგადოებას, და უცებ მოხვდე გზაში: ჭუჭყიანი ტრაქტირები, უმეცრების სიბნელე... მართალი გითხრათ, ასეთი შემთხვევა რომ არ ყოფილიყო, რომელმაც მე... (ანა ანდრეევნას ათვალიერებს და თავს იწონებს.) ეგზომ დამაჯილდოვა ყველაფრისათვის...
ანა ანდრეევნა.  მართლაც, რამდენად უსიამო უნდა იყოს თქვენთვის.
ხლესტაკოვი.  ეგ კია, ქალბატონო, რომ ამჟამად მე ძალიან კმაყოფილი ვარ...
ანა ანრეევნა.  რასა ბრძანებთ! ეგ მეტისმეტი პატივისცემაა, მე ამის ღირსი არა ვარ.
ხლესტაკოვი.  რატომაც არა ხართ ღირსი? თქვენ, ქალბატონო, ღირსი ბრძანდებით.
ანა ანდრეევნა.  მე სოფლად ვცხოვრობ...
ხლესტაკოვი.  დიახ, მაგრამ სოფელსაც აქვს მთა-გორაკები, ნაკადულები. რა თქმა უნდა, ვერავინ შეადარებს პეტერბურგს! ეჰ, პეტერბურგი! ცხოვრება მართლაც იქაა! იქნებ გგონიათ, მე მხოლოდ გადამწერი ვიყო; არა, განყოფილების უფროსი ჩემთან დაახლოებულია! აი, ასე დამარტყამს ხოლმე მხარზე ხელს და მეტყვის: «მოდი, ძმაო, სადილადო». მხოლოდ ორი წუთით შევივლი ხოლმე დეპარტამენტში, მხოლოდ იმის სათქმელად: ეს ასე უნდა, ეს კი ასე-მეთქი. იქ კი ამისთანა ვირთაგვასავით მოხელე გვყავს გადამწერი, ხელად ააწრიპინებს კალამს: წრ... წრ... წრ... უნდოდათ ჩემთვის მოეცათ კოლეჟსკი ასესორობა, მაგრამ ვიფიქრე, რა საჭიროა-მეთქი... კიბეზე რომ ავდივარ, უკან დარაჯი მომდევს ჯაგრისით: «ნება მიბოძეთ, ივან ალექსანდროვიჩ, ფეხსაცმელები გაგიწმინდოთო». (გოროდნიჩის). ბატონებო,ფეხზე რად დგახართ? დაბრძანდით, გეთაყვა!
გოროდნიჩი.  ჩვენი ჩინის ხალხს ფეხზე დგომითაც არა დაგვიშავდება.
არტემი ფილიპოვიჩი.  ფეხზედაც კარგად ვიდგებით.
ლუკა ლუკიჩი.  ნუ შეწუხდებით!
ხლესტაკოვი.  ჩინები დავივიწყოთ... გთხოვთ დაბრძანდეთ. (გოროდნიჩი და სხვები დასხდებიან.) არ მიყვარს ცერემონიები. პირიქით, ვცდილობ კიდეც, შეუმჩნევლად გავიარო, მაგრამ არაფრით არ მიხერხდება. სადმე თავს გამოვყოფ თუ არა, მაშინვე ატყდება ხოლმე: შეხეთ, შეხეთ, აგერ ივან ალექსანდროვიჩი მობრძანდებაო. ერთხელ მთავარსარდალს მიმამსგავსეს: ჯარისკაცები გამოცვივდნენ ჰაუპტვახტიდან და თოფებით გამომეჭიმნენ... ოფიცერი კი ჩემი კარგი ნაცნობი იყო და ასე მითხრა: რა ვქნათ, ძმაო, ყველას მთავარსარდალი გვეგონეო.
ანა ანდრეევნა.  რასა ბრძანებთ!
ხლესტაკოვი.  ლამაზ მსახიობ ქალებს ვიცნობ. მე ხომ შიგადაშიგ ვოდევილებსაც ვწერ... მწერლებს ხშირად ვხედავ. პუშკინი ჩემი მეგობარია. ხშირად მითქვამს ხოლმე მისთვის: «სხვა, როგორა ხარ, ძმაო პუშკინ?» «როგორ ვიქნები!.. ისე რაღაო»... მეტად თავისებური კაცია.
 ანა ანდრეევნა.  მაშ წერთ კიდეც?.. რა სასიამოვნო უნდა იყოს მწერლისაათვის! ალბათ ჟურნალშიაც ათავსებთ თქვენს ნაწერებს?
ხლესტაკოვი.  დიახ, ჟურნალებშიაც ვწერ. თხზულებები ბლომადა მაქვს: «ფიგაროს ქორწინება», «რობერტ ბელზებელი», «ნორმა», სახელებიც კი დამავიწყდა. სულ კი შემთხვევის ბრალია... არ მინდა ხოლმე დავწერო, მაგრამ თეატრის დირექცია მეუბნება: «ძმაო, რამე უნდა დაგვიწერო». ვფიქრობ ჩემთვის: «დავწერ, რატომაც არ დავწერ-მეთქი, ძამია!» ჰოდა, მგონი, ერთ საღამოს დავწერე ყველაფერი და ყველანი გავაკვირვე. არაჩვეულებრივი სხარტი აზროვნება მაქვს... ყველაფერი ის, რაც ბარონ ბრამბეუსის სახელით არის გამოსული, «ფრეგატ ნადეჟდა», «მოსკოვსკი ტელეგრაფი», ყველაფერი ჩემი დაწერილია!
ანა ანდრეევნა.  მართლა? მაშ ეგ თქვენ ბრძანებულხართ ბრამბეუსი?
ხლესტაკოვი.  რა თქმა უნდა, იმათ ყველას მე ვუსწორებ წერილებს. ამისათვის სმირდინი ორმოც ათას მანეთს მაძლევს.
ანა ანდრეევნა.  მაშ. უთუოდ. «იური მილოსლავსკიც» თქვენი თხზულებაა?
ხლესტაკოვი.  დიახ, ჩემი თხზულებაა.
მარია ანტონოვნა.  ახ, დედიკო, იქ წერია, ბატონ ზაგოსკინის თხზულებააო.
ანა ანდრეევნა.  ერთი ამას დამიხედეთ! ვიცოდი, რომ აქაც შემედავებოდი.
ხლესტაკოვი.  ოჰ, დიახ, მართალია; სწორედ ზაგოსკინისა გახლავთ, მაგრამ არის მეორე «იური მილოსლავსკი», ის კი ჩემია.
ანა ანდრეევნა.  უეჭველია, თქვენი წამიკითხავს. რა მშვენივრად არის დაწერილი!
ხლესტაკოვი.  უნდა მოგახსენოთ, მე ლიტერატურით ვცხოვრობ. ჩემი სახლი პირველია პეტერბურგში, ყველამ ასე იცის: ივან ალექსანდროვიჩის სახლიო. (მიმართავს ყველას.) ასე რომ გთხოვთ მეწვიოთ. ბალებს მეც ვმართავ ხოლმე.
ანა ანდრეევნა.  წარმოდგენილი მაქვს, რა დიდებული ბალები იქნება, რა გემოვნებით...
ხლესტაკოვი.  ნუ მკითხავთ! მაგალითად, სუფრაზე შვიდასმანეთიანი საზამთრო გამოაქვთ, ქვაბში რომ წვნიანია, პირდაპირ პარიზიდან არის ჩამოსული გემით. მოხდიან თავს, ისეთი ოხშივარი ამოდის, რომლის მსგავსს ბუნებაში ვერ იპოვნით. ყოველდღე ბალებზე ვარ. იქ ჩვენ ვისტსაც ვთამაშობთ: შინაგან საქმეთა მინისტრი, საფრანგეთის ელჩი, ინგლისის ელჩი, გერმანიის ელჩი და მე. ამ თამაშში ისე დაიქანცები, მეტი აღარ შეიძლება. აირბენ მერე მეოთხე სართულზე შენს ოთახში, მზარეულ ქალს ამასღა ეტყვი: «ჰა, მარფუშა, შინელიო!» თუმცა რას ვროშავ: სულ დამავიწყდა, რომ ბელეტაჟში ვცხოვრობ... მარტო ჩემი კიბე რად ღირს... ნეტამც განახათ, რა ამბავია ჩემს დერეფანში, როცა ჯერ კიდევ მძინავს: გრაფები და თავადები ბუზებივით ირევიან, ჟ... ჟ... ჟ... ისმის მხოლოდ. ზოგჯერ მინისტრიც მეწვევა ხოლმე. (გოროდნიჩი და სხვები შემკრთალი წამოდგებიან სკამებიდან.) კონვერტებზედაც კი ასე მიწერენ: თქვენო აღმატებულებავო». ერთხელ დეპარტამენტის გამგებლობაც მომანდვეს. საოცარი ამბავი იყო. დირექტორი გაემგზავრა – სად გაემგზავრა, არავინ იცის. რა თქმა უნდა, დაიწყეს ბჭობა, როგორ, რა, ვინ უნდა დაიჭიროს ადგილიო. ბევრ გენერალს აეშალა მადა და აიღეს ეს თანამდებობა, ეგონათ, ადვილიაო, მაგრამ რომ სცადეს, დარწმუნდნენ, ძნელიაო. დაინახეს, სხვა გზა არ იყო და ისევ ჩემთან აფრინეს შიკრიკები, შიკრიკები, შიკრიკები... წარმოიდგინეთ ოცდათხუთმეტი ათასი შიკრიკი! აბ რა მდგომარეობა იქნებოდა? «ივან ალექსანდროვიჩ, მობრძანდით დაპარატმენტის გამგებლადო!» გამოგიტყდებით, ცოტათი შევკრთი, ხალათით გამოველი, უარის თქმა მინდოდა, მაგრამ გავიფიქრე: ვაითუ ეს ამბავი ხელმწიფის ყურამდე მივიდეს-მეთქი, თან სამსახურის ნუსხაც... აგრე იყოს, ბატონებო, ყაბულს ვარ-მეთქი, რაც იყოს, იყოს, მივიღებ-მეთქი თანამდებობას, მაგრამ იცოდეთ, ჩემთან აპა-პა-პა! ჩემთან ფრთხილად-მეთქი!» და მართლაც: როცა კი გავივლიდი დეპარტამენტში, მიწისძვრა გეგონებოდათ, ყველა ისე ცახცახებდა და კანკალებდა, როგორც ფოთოლი. (გოროდნიჩი და სხვები შიშისაგან კანკალებენ, ხლესტაკოვი უფრო მეტად შედის ეშხში.) ო, მე ხუმრობა არ მიყვარს. მე იმათ ყველას ვუჩვენე სეირი. სახელმწიფო საბჭოსაც კი ეშინია ჩემი! მაშ არა და! მე აგეთი ვარ! მე არავის მოვერიდები, მე ყველას პირდაპირ ვეუბნები: «მე თვითონ ვიცი-მეთქი ჩემი თავის ამბავი!» ყველგან მე ვარ, ყველგან. სასახლეში ყოველდღე დავდივარ. მე ხვალვე მიბოძებენ ფელდმარშ...(წიბარბაცებს, ლამის წაიქცეს, მაგრამ ჩინოვნიკები მოწიწებით შეაკავებენ.)
გოროდნიჩი.  (ცახცახით მიუახლოვდება და ძლივძლივობით ამბობს). თქვე... თქვე... თქვე...
ხლესტაკოვი.  (სწრაფად). რა იყო?
გოროდნიჩი.  თქვე... თქვე... თქვე...
ხლესტაკოვი.  (იმავე ხმით). ვერაფერი გავიგე, ყველაფერი მიქარვაა.
გოროდნიჩი. თქვე-თქვე-თქვე... ულებავ, აღმატებულებავ, არ ინებებთ ცოტა მოისვენოთ? აი ოთახიც და ყველაფერი, რაც საჭიროა.
ხლესტაკოვი.  მოსვენება მიქარვაა. თუმცა ინებეთ, მე მზად ვარ მოვისვენო. თქვენი საუზმე, ბატონებო, კარგი იყო... მე კმაყოფილი ვარ. (დეკლამაციით.) ლაბარდან! ლაბარდან! (გადის გვერდით ოთახში, უკან მისდევს გოროდნიჩი).


გამოსვლა VII

იგინივე, გარდა ხლესტაკოვისა და გოროდნიჩისა.

ბობჩინსკი.  (დობჩინსკის). აი, ეს ყოფილა, ვინც ყოფილა, პეტრ ივანოვიჩ! ჩემს დღეში არ ვყოფილვარ მაგისთანა დიდ კაცთან. შიშისაგან კინაღამ მოვკვდი. როგორ ფიქრობთ, პეტრ ივანოვიჩ, ვითომ რა ჩინის კაცია ახლა ეგ?!
დობჩინსკი.  მე მგონია, თითქმის გენერალია.
ბობჩინსკი.  მე კი მგონია, გენერალი ფეხსაცმლის ლანჩადაც არ გამოადგება... ხოლო თუ გენერალია, მაშინ თვით გენერალისიმუსი იქნება! ხომ გაიგონეთ სახელმწიფო საბჭოს როგორ გადაუმათრახა? როგორ გაწურა? აბა, ჩქარა წავიდეთ, ამოს ფედოროვიჩსა და კორობკინს ვუამბოთ. მშვიდობით ბრძანდებოდეთ, ანა ანდრეევნა!
დობჩინსკი.  მშვიდობით, ნათლი! (ორივენი გადიან.)
არტმ ფილიპოვიჩი.  (ლუკა ლუკიჩს). შიშმა ამიტანა, არ ვიცი კი, რა მიზეზია. ჩვენ მუნდირებიც არ გვაცვია. წარმოგიდგენიათ, რომ გამოიღვიძოს და პირდაპირ პეტერბურგში აფრინოს მოხსენება? (დაფიქრებული გადის სკოლის ზედამხედველთან ერთად.) მშვიდობით, ქალბატონო! (ამბობს გასვლისას.)


გამოსვლა VIII

ანა ანდრეევნა და მარია ანტონოვნა.

ანა ანდრეევნა.  აჰ, რა სასიამოვნო კაცია!
მარია ანტონოვნა. აჰ, რა სანდომიანია!
ანა ანდრეევნა.  ან რა თავაზიანია! მაშინათვე შეატყობ, რომ სატახტო ქალაქიდანაა, სიტყვა-პასუხი თუ სხვა ყველაფერი ისეთი აქვს... აჰ, რა საუცხოოა! საშინლად მომწონს მაგისთანა ყმაწვილკაცები, ლამის ჭკუაზე შევიშალო! თუმცა მეც ძლიერ მოვეწონე: შევატყვე, სულ მე მიცქეროდა.
მარია ანტონოვნა.  აჰ, დედიკო, სულ ჩემკენ იყურებოდა...
ანა ანდრეევნა.  თავი დაანებე, გეთაყვა, როშვას, ეგ აქ სრულებით უალაგოა!
მარია ანტონოვნა.  არა, დედიკო, მერწმუნე!
ანა ანდრეევნა.  ერთი უყურე! არა, თუ არ შემედავა, ისე არ შეუძლია და არა! სად ეცალა შენს საყურებლად! ან რად უნდა ეცქირა შენთვის!
მარია ანტონოვნა.  გარწმუნებ, დედიკო, სულ მიყურებდა, მწერლობაზე რომ ჩამოაგდო ლაპარაკი, შემომხედა და მერე, როცა გვიამბო, როგორ თამაშობდა ბანქოს ელჩებთან, მაშინაც შემომხედა.
ანა ანდრეევნა.  შესაძლოა, ერთხელ კიდეც შემოგხედა, ესეც იმიტომ, რომ გაიფიქრა: «მოდი, ამასაც შევხედავო!»

გამოსვლა IX

იგინივე და გოროდნიჩი.

გოროდნიჩი.  ( ფეხის წვერებზე შემოდის) სსუ... სსუ...
ანა ანდრეევნა.  რა იყო?
გოროდნიჩი.  ნეტა არ დამეთრო... იმის ნახევარი თუ მაინც მართალია, რაც ილაპარაკა, რა გვეშველება? (ჩაფიქრდება.) თუმცა რატომაც არ უნდა იყოს მართალი? კაცი რომ შეზარხოშდება, ყველაფერს წამოაყრანტალებს: რაც გულში აქვს, ის ენაზე აკერია: რაღა თქმა უნდა, ცოტა იცრუა, მაგრამ განა უცრუებლად ქვეყანაზე რაიმე ითქმის? მინისტრებთან ბანქოს თამაშობს, სასახლეში დადის... არა, რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო ყველაფერი დომხალივით მერევა თავში... ასე მგონია, მაღლა სამრეკლოზე ვდგავარ ან არადა ჩამოხრჩობას მიპირებენ-მეთქი!
ანა ანდრეევნა.  მე კი არავითარი შიში არ მიგრძვნია. მე ვხედავდი განათლებულ, საზოგადოებაში გამოსულ, უაღრესად განვითარებულ ყმაწვილკაცს, ხოლო მაგის ჩინებთან საქმე არა მაქვს.
გოროდნიჩი.  ეჰ, თქვენც ხართ, რაღა – ქალები! ამ ერთი სიტყვითაც ყველაფერი გასაგებია! თქვენთვის ყველაფერი პრასი და ნიახურია! წამოროშავთ ისეთ სიტყვას, არც მთისაა და არც ბრისა... ამისათვის თქვენ მხოლოდ გაგწკეპლავენ, ქმარმა კი... მოგჭამა ჭირი. შენ, ჩემო სულიკო, ისე თავისუფლად ექცეოდი, თითქოს ვინმე დობჩინსკი ყოფილიყო...
ანა ანდრეევნა.  ამაზე, გირჩევთ, ნუ შეწუხდებით. ჩვენ ვიცით ისეთი რაღაცეები... (გადახედავს ქალიშვილს).
გოროდნიჩი.  (თავისთვის). თქვენთან ლაპარაკი არა ღირს! მართლაც რა უბედურებაა! ჯერაც გონს ვერ მოვსულვარ შიშისაგან. (გააღებს კარს და გაიძახის). მიშკა! დაუძახე უბნის პოლიციელებს სვისტუნოვსა და დერჟიმორდას, აქ სადმე იქნებიან ჭიშკართან. (მცირე სიჩუმის შემდეგ). ახლა ყველაფერი უცნაურად მოეწყო ქვეყნიერებაზე: ნეტა შესახედად მაინც რამეს გვანდნენ, თორემ გამჭლეულები, გამხდრები, – მოდი და გაიგე, ვინ არის? სამხედროები კიდევ ჰო, გარეგნობით მაინც ჩანან, მაგრამ ამ ფრაკს რომ ჩაიცვამენ – შენს მტერს: თითქოს ფრთამოკვეცილი ბუზიაო. დიდხანს კი იკავა თავი ტრაქტირში, რაებს არ მიედ-მოედო, ისეთი ალეგორიები ჩაურთო, მეგონა, ვერაფერს გავხდები-მეთქი. ბოლოს კი ვერ გაუძლო. იმაზე მეტიც კი წამოაყრანტალა, ვინემ საჭირო იყო. ეტყობა, რომ ახალგაზრდაა.


გამოსვლა X

იგინივე და ოსიპი. ყველანი ოსიპისაკენ მირბიან, თითით იხმობენ, მოდიო.

ანა ანდრეევნა.  აქეთ მოდი, ჩემო კარგო!
გოროდნიჩი.  სსუ... რა? რაო? სძინავს?
ოსიპი.  არა, ჯერ ისევ იზმორება.
ანა ანდრეევნა.  გამიგონე, შენი სახელი?
ოსიპი.  ოსიპი, ქალბატონო.
გოროდნიჩი.  (ცოლსა და შვილს). გეყოთ, გეყოთ, დამაცადეთ. (ოსიპს) სხვა, ჩემო კეთილო, ხომ კარგად დაგანაყრეს?
ოსიპი.  კარგად... უმორჩილესად გმადლობთ, კარგად დამანაყრეს.
ანა ანდრეევნა.  აბა თქვი, შენს ბატონთან ალბათ ბევრი თავადი და გრაფი დადის?
ოსიპი.  (თავისთვის) აბა რა ვუპასუხო? თუ ახლა კარგად მაჭამეს, შემდეგ უკეთ გამაძღებენ. (ხმამაღლა.) დიახ, გრაფებიც მოდიან ხოლმე.
მარია ანტონოვნა.  ოსიპ, ჩემო კარგო, რა კოხტა ბატონი გყოლია!
ანა ანდრეევნა.  ოსიპ, გეთაყვა, ერთი მითხარი, შენი ბატონი...
გოროდნიჩი.  თავი დაანებეთ! თქვენი უთავბოლო ლაპარაკით მხოლოდ ხელს მიშლით. აბა რაო, მეგობარო?
ანა ანდრეევნა.  შენს ბატონს რა ჩინი აქვს?
ოსიპი.  მოგეხსენებათ, რაც.
გოროდნიჩი.  ღმერთო ჩემო, მაგ თქვენს სულელურ კითხვებს არ იშლით... საქმეზე სიტყვასაც არ მათქმევინებთ. აბა, ჩემო მეგობარო, შენი ბატონი როგორია? სასტიკია? უყვარს ხოლმე დატუქსვა თუ არა?
ოსიპი.  დიახ, წესრიგი უყვარს, ყველაფერი რიგზე უნდა იყოს.
გოროდნიჩი.  ძლიერ მომწონს შენი სახე, მეგობარო. უთუოდ კარგი ადამიანი უნდა იყო. ჰოდა...
ანა ანდრეევნა.  გამიგონე ოსიპ, შენი ბატონი მუნდირით დადის?
გოროდნიჩი.  გეყოთ ყბედობა, კაჭკაჭებო! აქ საჭირო საქმეა. აქ კაცის სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა... (ოსიპს) ჰო, ჩემო მეგობარო, მართლაც ძლიერ მომწონხარ; ვინ იცის, გზაში ხანდახან ზედმეტი ჭიქა მოგინდეს, ახლა ხომ ცივა, – აი შენ ჩაისთვის ორი მანეთი.
ოსიპი.  (გამოართმევს ფულს) უმორჩილესად გმადლობთ, ჩემო ბატონო! ღმერთმა ჯანი ნუ მოგაკლოთ! საცოდავ კაცს უშველეთ.
გოროდნიჩი.  კარგი, კარგი, მეც კმაყოფილი ვარ. აბა მეგობარო...
ანა ანდრეევნა.  გამიგონე, ოსიპ, უფრო რანაირი თვალები მოსწონს შენს ბატონს?
მარია ანტონოვნა.  ოსიპ, ჩემო კარგო, რა ლამაზი და კოპწია ცხვირი აქვს შენს ბატონს.
გოროდნიჩი.  დამაცადეთ-მეთქი, ნუ მიშლით! (ოსიპს) აბა, მეგობარო, მითხარი, შენი ბატონი რას უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, ესე იგი, გზაში რა უფრო მოსწონს?
ოსიპი.  გააჩნია, სად რა გამოადგება. ყველაზე უფრო კი ის უყვარს, კარგად რომ მიიღონ და კარგადაც დახვდნენ, უყვარს, კარგად რომ გაუმასპინძლდნენ.
გოროდნიჩი.  კარგად?
ოსიპი.  დიახ, კარგად გაუმასპინძლდნენ. აი მე ხომ ყმა ვარ, მაგრამ იმასაც ყურადღებას აქცევს, მეც კარგად ვიყო, ღმერთმანი! მაგალითად, გზაში შევივლით სადმე: «აბა, რას იტყვი, ოსიპ, ხომ კარგად გაგიმასპინძლდნენო?» – «ცუდად, თქვენო მაღალკეთილშობილებავ-მეთქი». «ეჰ, – იტყვის ხოლმე. – ეგ, ოსიპ, გლახა მასპინძელიაო. რომ ჩავალთ, მომაგონე მაშინაო!» «ეჰ,– ვამბობ ჩემს გუნებაში (ხელს ჩაიქნევს), – ღმერთმა შეუნდოთ-მეთქი. მე უბრალი კაცი ვარ-მეთქი!»
გოროდნიჩი.  კარგია, კარგია, გონიერად მსჯელობ. ჩაისათვის ხომ მოგეცი, აი ესეც ნამცხვრისთვის დაუმატე.
ოსიპი.  რათა სწუხდებით თქვენო მაღალკეთილშობილებავ? (ფულს ინახავს) თქვენს სადღეგრძელოს დავლევ სადმე...
ანა ანდრეევნა.  ოსიპ, ჩემთან შემოდი, ჩემგანაც მიიღებ... მარია ანტონოვნა.  ოსიპ, ჩემო კარგო, აკოცე შენს ბატონს! (მეორე ოთახიდან მოისმის ხლესტაკოვის ჩუმი ხველა.)
გოროდნიჩი.  სსუ... (ფეხის ცერებზე დგება. მთელი სცენა ხმადაბლა წარმოებს.) ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ იხმაუროთ! წადით, ჰო, წადით! გეყოთ...
ანა ანდრეევნა.  წავიდეთ მაშენკა! მე გიამბობ, რა შევნიშნე ჩვენს სტუმსრს ისეთი, რაზედაც მხოლოდ მე და შენ შეგვიძლია ვისაუბროთ. (გადიან.)
გოროდნიჩი.  აბა იქ უნდა ნახოთ, რამდენს იყბედებენ! მოუსმენ და მერე ყურებსაც დაიცობ. (ოსიპს) აბა, მეგობარო...


გამოსვლა XI

იგინივე, დერჟიმორდა და სვისტუნოვი.

გოროდნიჩი.  სსუ! თქვე დათვებო! ისე მოაბრაგუნებთ, გეგონება, ორმოცფუთიან ტომრებს ისვრიან ფორნიდანო! სად ჯანდაბაში დაეთრეოდით?
დერჟიმორდა.  თქვენი ბრძანებით გახლდით.
გოროდნიჩი.  სსუ! (ხელს მიაფარებს პირზე) რა ყვავივით დაიყრანტალე» (აჯავრებს.) თქვენი ბრძანებით გახლდითო! რა ყვავივით დაიყრანტალე! (აჯავრებს). თქვენი ბრძანებით გახლდითო! ქვევრივით არ ბუბუნებს?! (ოსიპს.) აბა, ჩემო მეგობარო, შენ წადი და დაამზადე, რაც კი საჭიროა შენი ბატონისათვის. რაც კი გვაბადია, ყველაფერი მოითხოვე! (ოსიპი გადის.) თქვენ კი კიბეზე დადექით და ფეხი არ მოიცვალოთ. სახლში უცხოს ნურავის შემოუშვებთ, განსაკუთრებით ვაჭრებს. თუ ერთი მაინც შემოგიშვიათ, იცოდეთ... თუ დაინახავთ, ვინმე არზით მოდის, ან თუნდაც უარზოდ, მაგრამ მომჩივანსა ჰგავს, სულ პანღურის კვრით გააგდეთ! აი ასე ლაზათიანად მიაყოლეთ! (უჩვენებს ფეხით.) გაიგეთ? სუუ... სსუ... (ფეხის ცერებზე გაჰყვება პოლიციელებს.)


ფარდა.


მეოთხე მოქმედება


იგივე ოთახი გოროდნიჩის სახლში.

გამოსვლა I

შემოდიან ფრთხილად, თითქმის ფეხის ცერებზე: ამოს ფედოროვიჩი, არტემი ფილიპოვიჩი, ფოსტმეისტერი, ლუკა ლუკიჩი, დობჩინსკი და ბობჩინსკი, ყველანი საპარადოდ გამოწყობილნი. მთელი სცენა ხმადაბლა წარმოებს.

ამოს ფედოროვიჩი.  ღვთის გულისათვის, ბატონებო, საჩქაროდ წრე გააკეთეთ, მეტი წესიერება იყოს! (ყველას თავის ირგვლივ ნახევარწრედ აყენებს.) ხომ იცით, სასახლეშიაც დაიარება, სახელმწიფო საბჭოსაც ტუქსავს... მხედრულად დაეწყვეთ, უსათუოდ მხედრულ ყაიდაზე! თქვენ, პეტრ ივანოვიჩ, ამ მხრიდან მოირბინეთ, თქვენ კი, პეტრ ივანოვიჩ, აი აქ დადექით. (ორივე პეტრ ივანოვიჩი ფეხის ცერებზე შემოურბენენ.)
არტემი ფილიპოვიჩი.  როგორც გენებოთ, ამოს ფედოროვიჩ, მაგრამ ჩვენ რაიმე გარკვეულ გზას უნდა დავადგეთ.
ამოს ფედოროვიჩი.  მაგალითად, რას?
არტემი ფილიპოვიჩი.  აშკარაა, რას.
ამოს ფედოროვიჩი.  ჩავქრთამოთ?
არტემი ფილიპოვიჩი.  ჰო, თუნდაც ჩავქრთამოთ.
ამოს ფედოროვიჩი.  სახიფათოა, ეშმაკმა წაიღოს! აქ არ აყვირდეს: სახელმწიფო კაცია. შემოწირულების სახით ხომ არ მივართვათ ძეგლის ასაგებად, თავადაზნაურობისაგან, ჰა?
ფოსტმეისტერი.  ან კიდევ: «აი ფოსტით ფული მოვიდა და არა ჩანს, ვის ეკუთვნის-თქო».
არტემი ფილიპოვიჩი.  ფრთხილად იყავით, იმან თქვენ თვითონ ფოსტით სადმე შორს არ გადაგგზავნოთ. გამიგონეთ, კეთილმოწყობილ სახელმწიფოში საქმეები ასე არ კეთდება. რად შევკრბით აქ მთელი ესკადრონი? სათითაოდ უნდა წარვუდგეთ და ოთხ თვალს შუა უნდა ჩავაიმასქნათ... როგორც რიგი და წესია, რომ ყურებმაც არა გაიგონონ რა! აი თქვენ პირველმა, ამოს ფედოროვიჩ, უნდა დაიწყოთ.
ამოს ფედოროვიჩი.  თქვენ რომ დაიწყოთ, ის ემჯობინება: დიდმა სტუმარმა თქვენს დაწესებულებაში იპურმარილა.
არტემი ფილიპოვიჩი.  მაშინ სჯობს ლუკა ლუკიჩი იყოს, როგორც ახალგაზრდობის განმანათლებელი. 
ლუკა ლუკიჩი.  არ შემიძლია, არ შემიძლია, ბატონებო! გამოგიტყდებით, ისე ვარ აღზრდილი, თუ ვინმე ჩემზე ერთი ჩინითაც უფროსი დამელაპარაკა, სული გამეპარება ხოლმე და ენაც ისე დამებმება, სიტყვას ვეღარ ვძრავ. არა, ბატონებო, მომეშვით, მართლა მომეშვით!
არტემი ფილიპოვიჩი.  ამოს ფედოროვიჩ, თქვენ გარდა ვერავინ ვერ შეძლებს. ისეთი ლაპარაკი იცით, კაცს ეგონება, ციცერონი გადმოუფრინდა ენის წვერიდანო.
ამოს ფედოროვიჩი.  აბა რასა ბრძანებთ, რის ციცერონი! რაებს არ მოიგონებთ! თუ ხანდახან გამიტაცებს ჩემს ძაღლებზე ან რომელიმე მეძებრებზე ლაპარაკი...
ყველანი.  (ჩააცივდებიან). არა, თქვენ მარტო ძაღლებზე კი არა, ბაბილონის გოდოლზედაც კარგად შეგიძლიათ... არა, ამოს ფედოროვიჩ, ნუ მიგვატოვებთ, გაგვიწიეთ მამობა! არა, ამოს ფედოროვიჩ!
ამოს ფედოროვიჩი.  ჩამომეხსენით, ბატონებო!
ამ დროს გაისმის ნაბიჯების ხმა და წამოხველება ხლესტაკოვის ოთახიდან. ყველანი კარისკენ გარბიან, ერთმანეთის გასწრებას ცდილობენ. ისმის ხმადაბალი წამოძახილები:
ბობჩინსკის ხმა:  ოი, პეტრ ივანოვიჩ, პეტრ ივანოვიჩ, ფეხი ნუ დამადგით!
ზემლიანიკას ხმა:  ბატონებო, სული შემეხუთა, ნუ გამჭყლიტეთ! უზიარებლად ნუ მომკალით!
ისმის შეძახილები: «ოჰ! ვაი! « ბოლოს ყველანი გაილალებიან. ოთახი ცარიელდება.


გამოსვლა II

გამოდის ნამძინარევი ხლესტაკოვი.

ხლესტაკოვი.  (მარტო). მგონია, გვარიანად წაუხვრინე. სად მოუგროვებიათ ამდენი ლეიბი და ბუმბულის დოშაკები? ოფლიც კი დამასხა. მგონი, გუშინ საუზმეზე რაღაც შემომაპარეს. თავი ახლაც მიბრუის... აქ, როგორც ვატყობ, კარგად შეიძლება დროის გატარება! მიყვარს გულთბილი ხალხი. გამოტეხილი უნდა ვთქვა, უფრო მომწონს, როცა წრფელი გულით მასიამოვნებენ და არა რაიმე ანგარიშით... გოროდნიჩის ქალი კაი სანდომიანი ვიღაცაა. დედასაც არა უჭირს რა... კიდევ შეიძლება გამოდგეს... არ ვიცი, მაგრამ სწორედ რომ ვთქვა, ძლიერ მომწონს ასეთი ცხოვრება.

გამოსვლა III

ხლესტაკოვი და მოსამართლე.

ამოს ფედოროვიჩი.  (შემოდის და ჩერდება. თავისთვის). ღმერთო, ღმერთო, უვნებლად დამიხსენ! მუხლები მეკვეთება... (გამოიჭიმება, ხელით დაშნას იჭერს და ხმამაღლა ამბობს.) მაქვს პატივი გამოგეცხადოთ: აქაური სამაზრო სასამართლოს მოსამართლე, კოლეჟსკი ასესორი ლიაპკინ-ტიაპკინი.
ხლესტაკოვი.  გთხოვთ დაბრძანდეთ! მაშ თქვენ აქ მოსამართლედ ბრძანდებით?
ამოს ფედოროვიჩი.  რვაას თექვსმეტიდან სამი წლით ამორჩეული გახლდით თავადაზნაურობის სურვილით და დღევანდლამდე ამ თანამდებობაზე გახლავართ.
ხლესტაკოვი.  მოსამართლედ ყოფნა სახეირო საქმეა განა?
ამოს ფედოროვიჩი.  სამი სამწლედის სამსახურისათვის უფროსობის მხარდაჭერით წარდგენილი გახლავართ ვლადიმერის მეოთხე ხარისხის ჯვარზე. (თავისთვის.) ფული მუჭაში მიჭირავს, მუჭზე კი ცეცხლი მიკიდია.
ხლესტაკოვი.  იცით, მე მომწონს ვლადიმერი. მესამე ხარისხის ანა კი არც ისე.
ამოს ფედოროვიჩი.  (ნელ-ნელა ამოყოფს მუშტს, რომელშიაც ფული აქვს დამალული, განზე). ღმერთო დიდებულო, აღარ ვიცი, სადა ვარ, თითქოს ნაკვერჩხლებზე ვზივარ.
ხლესტაკოვი.  ხელში რა გაქვთ?
ამოს ფედოროვიჩი.  (იბნევა და იატაკზე უვარდება ასიგნაციები). არაფერი, არაფერი.
ხლესტაკოვი.  როგორ თუ არაფერი? ფული დაგივარდათ.
ამოს ფედოროვიჩი.  (მთელი სხეულით კანკალებს.) რასა ბრძანებთ, ბატონო! (განზე.) ღმერთო ძლიერო! უკვე სამართალში მიმცეს კაცი; უკვე ეტლიც მოაყენეს ჩემს წასაყვანად.
ხლესტაკოვი.  (აიღებს იატაკიდან ფულს). დიახ, ეს ფულია...
ამოს ფედოროვიჩი.  (განზე). ახლა კი ყველაფერი გათავდა, დავიღუპე! დავიღუპე კაცი!
ხლესტაკოვი.  იცით რა? მასესხეთ ეს ფული!
ამოს ფედოროვიჩი.  (ცქვიტად). რატომაც არა, რატომაც არა... დიდი სიამოვნებით. (განზე.) აბა, გაბედულად, გაბედულად! შენ დამიფარე, ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო!
ხლესტაკოვი.  იცით, გზაში ფული შემომეხარჯა. ზოგი ესა, ზოგი ისა...სოფლიდან დაუყოვნებლივ გამოგიგზავნით.
ამოს ფედოროვიჩი.  რას ბრძანებთ, როგორ გეკადრებათ! ისეც დიდი პატივია ჩემთვის... რა თქმა უნდა, ჩემი სუსტი ძალისა, მონდომებისა და ერთგულების კვალობაზე... ვეცდები დავიმსახურო... (წამოდგება სკამიდან, გამოიჭიმება.) მაშ თავს აღარ შეგაწყენთ... ხომ არაფერს მიბრძანებთ?
ხლესტაკოვი.  რა უნდა გიბრძანოთ?
ამოს ფედოროვიჩი.  იმაზე მოგახსენებთ, რამე განკარგულება ხომ არ გექნებათ-მეთქი აქაური სამაზრო სასამართლოს მიმართ?
ხლესტაკოვი.  რათა? ახლა იმასთან რაღა საქმე მაქვს.
ამოს ფედოროვიჩი.  (თავს უკრავს და მიდის, გასვლისას თავისთვის.) აბა, ახლა კი ქალაქი ჩვენია!
ხლესტაკოვი.  (მოსამართლე რომ გავა). მოსამართლე კარგი კაცია!


გამოსვლა IV

ხლესტაკოვი და ფოსტმეისტერი (შემოდის გაჭიმული, მუნდირი აცვია, ცალი ხელით დაშნას იჭერს.)

ფოსტმეისტერი.  მაქვს პატივი გამოგეცხადოთ: ფოსტმეისტერი, ნადვორნი სოვეტნიკი შპეკინი.
ხლესტაკოვი.  ჰაა, მობრძანდით! ძლიერ მიყვარს სასიამოვნო საზოგადოება. დაბრძანდით. თქვენ აქ მუდმივად ცხოვრობთ?
ფოსტმეისტერი.  დიახ.
ხლესტაკოვი.  მომწონს თქვენი პატარა ქალაქი. რა თქმა უნდა, არც ისე ხალხმრავალია, მაგრამ რას იზამ? სატახტო ქალაქი არ არის. ხომ მართალს ვამბობ, სატახტო ქალაქი არ არის-მეთქი?
ფოსტმეისტერი.  სრული ჭეშმარიტებაა.
ხლესტაკოვი.  მხოლოდ სატახტო ქალაქში ნახავ განათლებულ საზოგადოებას, პროვინციულ ბატებს იქ ვერ იპოვნი. თქვენ რა აზრისა ხართ? აგრე არ არის?
ფოსტმეისტერი.  დიახ, ეგრე გახლავთ. (განზე.) არც ისე ამაყი ყოფილა: ყველაფერი აინტერესებს.
ხლესტაკოვი.  მაგრამ გამოტყდით, პატარა ქალაქშიაც ხომ შეიძლება კაცი ბედნიერად ცხოვრობდეს?
ფოსტმეისტერი.  დიახ.
ხლესტაკოვი.  ჩემი აზრით, ამისათვის რა არის საჭირო? უნდა პატივსა გცემდნენ, ხალხს გულწრფელად უყვარდე, ხომ მართალია?
ფოსტმეისტერი.  სრულ ჭეშმარიტებას ბრძანებთ.
ხლესტაკოვი.  უნდა მოგახსენოთ, ძალიან მიხარია, თქვეც რომ ჩემი შეხედულებისა ხართ. რა თქმა უნდა, შეიძლება უცნაური კაცი მიწოდონ, მაგრამ რა გაეწყობა, მე აგეთი ხასიათი მაქვს... (თვალს თვალში გაუყრის, თავისთვის ამბობს.) მოდი, ამ ფოსტმეისტერსაც დავესესხები. (ხმამაღლა) რა უცნაური ამბავი შემემთხვა: რაც ფული მქონდა გზაში, სულ შემომეხარჯა. არ შეგიძლიათ სამასიოდე მანეთი მასესხოთ?
ფოსტმეისტერი.  რატომაც არა? თავს უაღრესად ბედნიერად ჩავთვლი. ინებეთ. მზად ვარ გულწრფელად გემსახუროთ!
ხლესტაკოვი.  დიდად გმადლობთ. უნდა მოგახსენოთ, გზაში არ მიყვარს ყაირათობა, ან კი რისთვის? ხომ მართალს ვამბობ?
ფოსტმეისტერი.  დიახ!  (წამოდგება, გამოიჭიმება, დაშნაზე ხელს დაიდებს.) აღარ შეგაწუხებთ ჩემი აქ ყოფნით. ხომ არაფერი შენიშვნა გექნებათ საფოსტო უწყების მიმართ?
ხლესტაკოვი.  არა, არაფერი! (ფოსტმეისტერი თავს დაუკრავს და გადის.)
ხლესტაკოვი.  (სიგარას მოუკიდებს და აბოლებს.) მე მგონია, ფოსტმეისტერიც ძალიან კარგი კაცი უნდა იყოს... სხვა რომ არა, თავაზიანი მაინცაა. მიყვარს მაგისთანა ხალხი.
 

გამოსვლა V

ხლესტაკოვი და ლუკა ლუკიჩი, რომელსაც თითქმის ძალით შემოაგდებენ ხმამაღალი ჩურჩულით: «რისა გეშინიან?»

ლუკა ლუკიჩი.  (გამოჭიმული, დაშნაზე ხელდადებით, შემკრთალი). მაქვს პატივი წარმოგიდგეთ: სასწავლებელთა ზედამხედველი, ტიტულარული სოვეტნიკი ხლოპოვი.
ხლესტაკოვი.  ოჰო, მობრძანდით! დაბრძანდით, დაბრძანდით! სიგარას ხომ არ ინებებთ? (შესთავაზებს სიგარას).
ლუკა ლუკიჩი.  (გაუბედავად, თავისთვის ამბობს). სეირი თუ გინდა, ეს არის! ამას კი სულ არ მოველოდი. ავიღო თუ არა?
ხლესტაკოვი.  აიღეთ, აოღეთ; გვარიანი სიგარაა, რა თქმა უნდა, ისეთი არ არის, როგორც პეტერბურგშია. იქ, ჩემო ბატონო, იმისთანა სიგარები მომიწევია, ასი ცალი ოცდახუთი მანეთი რომ ღირს. ისეთია – მოწევ და თითებს დაიკოცნი. აი ცეცხლიც, მოუკიდეთ. (აწვდის სანთელს.)
ლუკა ლუკიჩი.  (ცდილობს მოუკიდოს, თან კანკალებს).
ხლესტაკოვი.  თქვენ უკუღმიდან უკიდებთ!
ლუკა ლუკიჩი.  (შიშისაგან სიგარა გაუვარდება, გადააფურთხებს და ხელს ჩაიქნევს თავისთვის). დალახვროს ეშმაკმა! წყეულმა სიმხდალემ დამღუპა.
ხლესტაკოვი.  როგორც გეტყობათ, სიგარის მოყვარული არ ყოფილხართ, მე კი, გამოგიტყდებით, ძლიერ მიყვარს. აი კიდევ ქალთა სქესის შესახებაც – გულგრილად არ შემიძლია ვუყურო ქალებს. თქვენ ვინ უფრო მოგწონთ: შავგვრემანები თუ ქერა ქალები?
ლუკა ლუკიჩი.  (არ იცის რა უპასუხოს).
ხლესტაკოვი.  არა, გულახდილად თქვით, შავგვრემანები თუ ქერა ქალები?
ლუკა ლუკიჩი.  რა მოგახსენოთ.
ხლესტაკოვი.  არა, არა, თავს ნუ იკატუნებთ! უთუოდ მინდა გავიგო თქვენი გემოვნება.
ლუკა ლუკიჩი.  გავბედავ მოგახსენოთ, რომ... (განზე.) თვითონაც არ მესმის, რას ვლაპარაკობ.
ხლესტაკოვი.  ოჰო! ოჰო! არ გინდათ მიპასუხოთ? ალბათ ვიღაც შავგვრემანმა ქალმა შეგიტოკათ გული. გამომიტყდით, ხომ ასეა?
ლუკა ლუკიჩი.  (დუმს).
ხლესტაკოვი.  აჰა, გაწითლდით! ხედავთ, გაწითლდით, მაშ რატომ არ ამბობთ?
ლუკა ლუკიჩი.  შევკრთი, თქვენო კეთილ... აღმატ... ბრწყინვ... (თავისთვის.) დამღუპა, წყეულმა ენამ დამღუპა!
ხლესტაკოვი.  შეკრთით? მე მართლაც ისეთი თვალები მაქვს, არ შეიძლება ადამიანი არ შეაკრთოს. ყოველ შემთხვევაში, ის კი ვიცი, რომ ვერც ერთი ქალი ვერ უძლებს ჩემს თვალებს. ხომ ასეა?
ლუკა ლუკიჩი.  აგრე გახლავთ!
ხლესტაკოვი.  წარმოიდგინეთ, რა უცნაური ამბავი შემემთხვა: გზაში სულ შემომეხარჯა ფული. არ შეგიძლიათ მასესხოთ სამასი მანეთი?
ლუკა ლუკიჩი.  (ჯიბეზე იტაცებს ხელს, თავისთვის). კაი ამბავი კი იქნება, თუ არ აღმომაჩნდა! მქონია, მქონია! (ამოიღებს და კანკალით გადასცემს ასიგნაციებს.)
ხლესტაკოვი.  დიდად გმადლობთ.
ლუკა ლუკიჩი.  (გამოეჭიმება, ხელი დაშნაზე აქვს). ვეღარ ვბედავ ჩემი ყოფნით შეგაწუხოთ.
ხლესტაკოვი.  მშვიდობით.
ლუკა ლუკიჩი.  (თითქმის სირბილით მიეშურება კარისაკენ, განზე ამბობს). მადლობა ღმერთს! იქნება აღარ შემოიხედოს კლასებში.
 

გამოსვლა VI

ხლესტაკოვი და არტემი ფილიპოვიჩი.

არტემი ფილიპოვიჩი.  (გამოიჭიმება, დაშნაზე ხელდადებით). მაქვს პატივი წარმოგიდგეთ: საღვთო-სამადლო დაწესებულებათა მზრუნველი, ნადვორნი სოვეტნიკი ზემლიანიკა.
ხლესტაკოვი.  გამარჯობათ, უმორჩილესად გთხოვთ დაბრძანდეთ.
არტემი ფილიპოვიჩი.  მქონდა პატივი თან გხლებოდით და პირადად დაგხვედროდით ჩემდამი რწმუნებულ საღვთო-სამადლო დაწესებულებებში.
ხლესტაკოვი.  აჰა! დიახ, მახსოვს. თქვენ ძალიან კარგად გაგვიმასპინძლდით საუზმით...
არტემი ფილიპოვიჩი.  მზად გახლავართ გავისარჯო მამულისათვის.
ხლესტაკოვი.  გამოტეხით უნდა ვთქვა, ეს ცოდვა მომდგამს: კარგი სმა-ჭამა მიყვარს... ერთი მითხარით, ასე მგონია, გუშინ უფრო დაბალი იყავით, ასე არ არის?
არტემი ფილიპოვიჩი.  ადვილი შესაძლებელია. (სიჩუმე.) შემიძლია ვთქვა, რომ არაფერს ვზოგავ და თავგამოდებით ვასრულებ სამსახურს. (წააჩოჩებს სკამს ხლესტაკოვისაკენ და ჩუმად ეუბნება.) აი, აქაური ფოსტმეისტერი კი სრულებით არაფერს არ აკეთებს. საქმეები მთლად არეულ-დარეულია. ამანათებს აგვიანებენ... თვითონ შეგიძლიათ დარწმუნდეთ ამაში. მოსამართლე, რომელიც ჩემზე წინ გახლდათ თქვენთან, მხოლოდ კურდღლებს დასდევს, დაწესებულებაში ძაღლები ჰყავს და ყოფაქცევაც, რომ გამოგიტყდეთ – რასაკვირველია, სამშობლოს საკეთილდღეოდ ასეც უნდა მოვიქცე, თუმცა კი მენათესავება და ჩემი მეგობარიც არის – ყოფაქცევაც ყოვლად დასაგმობი აქვს. აქ გახლავთ ერთი მემამულე დობჩინსკი, რომელიც თქვენ უკვე ნახეთ, ჰოდა, რაწამს ეს დობჩინსკი სახლიდან გავა, მოსამართლე მაშინვე იმის ცოლთან მოიკალათებს, თუნდაც შემოგფიცავთ, გნებავთ, განზრახ ნახეთ შვილები: არც ერთი არ ჰგავს დობჩინსკის. ყველანი, სულ პატარა გოგოც კი ზედგამოჭრილი მოსამართლეა.
ხლესტაკოვი.  მაგას კი სწორედ ვერ ვიფიქრებდი! აბა უყურეთ!
არტემი ფილიპოვიჩი.  აი თუნდაც აქაური სასწავლებლის ზედამხედველი... არ მესმის, მთავრობამ როგორ მიანდო ასეთი თანამდებობა: იაკობინელზე უარესია, ისეთ საშიშ აზრებს უნერგავს ახალგაზრდობას, აღარ ვიცი, როგორა ვთქვა. თუ მიბრძანებთ, ყოველივე ამას უკეთესად მოგახსენებთ წერილობით.
ხლესტაკოვი.  კეთილი, წერილობით იყოს, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იქნება. იცით, ძლიერ მიყვარს ხოლმე მოწყენის დროს რამე გასართობის წაკითხვა... თქვენი გვარი? სულ მავიწყდება.
არტემი ფილიპოვიჩი.  ზემლიანიკა.
ხლესტაკოვი.  ჰო, მართლა, ზემლიანიკა! ერთი მიბრძანეთ, გეთაყვა, შვილები გყავთ?
არტემი ფილიპოვიჩი.  როგორ არა! ხუთი, ორი უკვე მოზრდილია.
ხლესტაკოვი.  ნუთუ მოზრდილები? ჰოდა, მერე...
არტემი ფილიპოვიჩი.  იქნებ გნებავთ სახელები გაიგოთ?
ხლესტაკოვი.  დიახ, რა ჰქვიათ?
არტემი ფილიპოვიჩი.  ნიკოლაი, ივან, ელიზავეტა, მარია და პერეპეტუია.
ხლესტაკოვი.  ეგ კარგია!
არტემი ფილიპოვიჩი.  ვეღარ ვბედავ თავი შეგაწყინოთ ჩემი აქ ხლებით და წაგართვათ დრო, რაიც უნდა მოხმარდეს უწმინდესი მოვალეობის აღსრულებას... (წასასვლელად თავს უკრავს.)
ხლესტაკოვი.  (აცილებს). რას ბრძანებთ, არა უშავს რა... რაც თქვენა თქვით, ძალიან სასაცილოა ყველაფერი, ასე რომ, გეთაყვა, სხვა დროსაც... მე ძლიერ მიყვარს ამისთანები. (მიბრუნდება, გააღებს კარს და ეძახის.) თქვენ ეი, რა გქვიათ? სულ მავიწყდება თქვენი სახელი.
არტემი ფილიპოვიჩი.  არტემი ფილიპოვიჩი.
ხლესტაკოვი.  გეთაყვა, არტემი ფილიპოვიჩ, საოცარი ამბავი შემემთხვა გზაში, სულ შემომეხარჯა ფული. ერთი ოთხასი მანეთი ხომ არ გექნებათ, რომ მასესხოთ?
არტემი ფილიპოვიჩი.  მაქვს.
ხლესტაკოვი.  ოჰ, სწორედ მისწრებაა! დიდად გმადლობთ!


გამოსვლა VII

ხლესტაკოვი, ბობჩინსკი და დობჩინსკი.

ბობჩინსკი.  მაქვს პატივი გამოგეცხადოთ: აქაური ქალაქის მცხოვრები... პეტრ ივანოვიჩ ბობჩინსკი.
დობჩინსკი.  მემამულე პეტრ ივანოვიჩ დობჩინსკი.
ხლესტაკოვი.  ჰო, თქვენ მე უკვე გნახეთ, მგონი, მაშინ წაიქეცით? ცხვირი როგორ გაქვთ?
ბობჩინსკი.  მადლობა ღმერთს! ნუ შეწუხდებით: მომიშუშდა, ახლა სავსებით მომიშუშდა.
ხლესტაკოვი.  კარგია, რომ მოგშუშებიათ. მოხარული ვარ... (ერთბაშად მიახლის). ფული არა გაქვთ?
ბობჩინსკი.  Fფული? რა ფული?
ხლესტაკოვი.  (ხმამაღლა, სწრაფად). სესხად ათას მანეთამდე.
ბობჩინსკი.  ამდენი თანხა, ღმერთმანი, არა მაქვს. თქვენ ხომ არა გაქვთ პეტრ ივანოვიჩ?
დობჩინსკი.  მაგდენი თან არა მაქვს. ფული საზოგადოებრივი მზრუნველობის დაწესებულებაში მაქვს შენახული.
ხლესტაკოვი.  თუ ათასი არ არის, ასი იყოს.
ბობჩინსკი.  (იჩხრეკს ჯიბეებს) პეტრ ივანოვიჩ, თქვენ არ გექნებათ ასი მანეთი? მე სულ ორმოცი მაქვს ასიგნაციებით.
დობჩინსკი.  (საფულეში იყურება) მე სულ ოცდახუთი მანეთი მაქვს.
ბობჩინსკი.  კარგად დაძებნეთ, პეტრ ივანოვიჩ! მე ვიცი, ჯიბის მარჯვენა მხარე გარღვეული გაქვთ, შესაძლოა იმ გარღვეულში ჩაცვივდა.
დობჩინსკი.  არა, გარწმუნებთ, გარღვეულშიაც არ არის.
ხლესტაკოვი.  სულ ერთია, მე ხომ ისე ვთქვი. კარგი, დე, სამოცდახუთი იყოს. ეგ სულ ერთია! (გამოართმევს ფულს)
დობჩინსკი.  გავბედავ და თხოვნით მოგმართავთ ერთი ფრიად საჩოთირო საქმის თაობაზე.
ხლესტაკოვი.  რა საქმეა?
დობჩინსკი.  საქმე ფრიად საჩოთირო გარემოებას ეხება; უფროსი ვაჟი, უნდა მოგახსენოთ, ქორწინებამდე შემეძინა.
ხლესტაკოვი.  ჰოო?
დობჩინსკი.  ესე იგი, ასე ითქმის, თორემ სავსებით ისე გახლავთ შობილი, თითქოს დაქორწინებული ვყოფილიყავ. მერე ყოველივე ეს, როგორც წესია, კანონიერი ქორწინებით დავაგვირგვინე. ჰოდა, მოგეხსენებათ, მინდა, რომ ახლა სავსებით კანონიერი ჩემი შვილი იყოს და ჩემსავით ისიც დობჩინსკად იწოდებოდეს.
ხლესტაკოვი.  კარგი, დე იწოდებოდეს, ეგ შესაძლებელია.
დობჩინსკი.  მე არც კი შეგაწუხებდით, მაგრამ მეტად ნიჭიერია, ისეთი ბიჭია... დიდ იმედებს იძლევა: სულ ზეპირად ამბობს ლექსებს, ხოლო თუ სადმე ხელთ იგდო ჯაყვა, მაშინვე ისე ოსტატურად გამოგითლით ეტლს, ჯამბაზი გეგონებათ. აი პეტრ ივანოვიჩი დამემოწმება.
ბობჩინსკი.   დიახ, დიდი ნიჭის პატრონია.
ხლესტაკოვი.  კარგი, კარგი! მე შევეცდები, მოველაპარაკები. იმედია, ყველაფერი მოეწყობა. დიახ, დიახ... (მიმართავს ბობჩინსკის.) ჩემთან სათქმელი თქვენც ხომ არა გაქვთ რა.
ბობჩინსკი.  როგორ არა, უმდაბლესი თხოვნა მაქვს!
ხლესტაკოვი.  რაზე? რის თაობაზე?
ბობჩინსკი.  უმორჩილესად გთხოვთ, როცა პეტერბურგში ჩაბრძანდებით, უთხრათ ყველა წარჩინებულ დიდკაცებს: სენატორებს და ადმირალებს, რომ თქვენო ბრწყინვალებავ თუ აღმატებულებავ, ამა და ამ ქალაქში ცხოვრობს-თქო პეტრ ივანოვიჩ ბობჩინსკი, სწორედ ასე უთხარით: ცხოვრობს-თქო პეტრ ივანოვიჩ ბობჩინსკი.
ხლესტაკოვი.  ბატონი ბრძანდებით.
ბობჩინსკი.  თუ ხელმწიფესთანაც მოგიხდეთ ყოფნა, ხელმწიფესაც მოახსენეთ – თქვენო იმპერატორობით უდიდებულესობავ, ამა და ამ ქალაქში ცხოვრობს-თქო პეტრ ივანოვიჩ ბობჩინსკი.
ხლესტაკოვი.  ძალიან კარგი!
დობჩინსკი.  უკაცრავად, რომ ასე შეგაწყინეთ თავი.
ბობჩინსკი.  უკაცრავად, რომ ასე შეგაწყინეთ თავი.
ხლესტაკოვი.  არა უშავს, არა უშავს! მე ძლიერ მოხარული ვარ. (გაისტუმრებს ორივეს).


 გამოსვლა VIII

ხლესტაკოვი.  (მარტო) დიდძალი ჩინოვნიკები კი ყოფილა ამ ქალაქში. თუმცა მგონია, რომ სახელმწიფო კაცად მიმიღეს... ალბათ გუშინ კარგად ჩავაბაქიბუქე. რა სულელები არიან! მოდი და ამ ამბებს პეტერბურგში მივწერ ტრიაპიჩკინს: გაზეთებში წერილებს რომ წერს ხოლმე, ადგეს და ერთი კარგად ამოსცხოს ამ ვაჟბატონებს... ჰეი, ოსიპ! მომიტანე საწერ-კალამი და ქაღალდი! (ოსიპი ოთახიდან გამოიხედავს და ამბობს «ახლავე».) ტრიაპიჩკინს თუ ვინმე ჩაუვარდა ყბაში, გათავდა: ღვიძლ მამასაც არ დაზოგავს მოსწრებული სიტყვისათვის, თან ფულიც ძლიერ უყვარს... თუმცა ესეც კი უნდა ითქვას, რომ აქაური ჩინოვნიკები მეტად გულკეთილი ხალხია; მათ მხრივ დიდი ღირსებაა, ხელი რომ გამიმართეს. მოდი, გადავითვლი, რამდენი მაქვს. ეს მოსამართლისაგან – სამასი მანეთი, ეს ფოსტმეისტერისაგან – სამასი მანეთი, ექვსასი, შვიდასი, რვაასი... რა გაქონილი ასიგნაციაა! რვაასი, ცხრაასი... ოჰო, ათასს გადასცილდა! აბა ახლა ჩამივარდი ხელში, კაპიტანო! ახლა ვნახოთ, ვინ ვის აჯობებს!

გამოსვლა IX

ხლესტაკოვი და ოსიპი (საწერ-კალმითა და ქაღალდით).

ხლესტაკოვი.  ხედავ, ბრიყვო, როგორ მიმასპინძლდებიან? როგორ მხვდებიან? (შეუდგება წერას).
ოსიპი.  მადლობა ღმერთს! მაგრამ, იცით, რას გეტყვით, ივან ალექსანდროვიჩ?
ხლესტაკოვი.  (წერს) რა გინდა თქვა?
ოსიპი.  წავიდეთ აქედან, ღმერთმანი, უკვე დროა!
ხლაესტაკოვი.  (წერს) რას მიჰქარავ! ვითომ რატომაო?
ოსიპი.  ისე... ღმერთმა ყველას მშვიდობა მისცეს! წავიქეიფეთ აქ ორი დღე, ჰოდა, საკმარისია. აბა დიდხანს რა გინდათ მაგათთან! მიაფურთხეთ და მოშორდით! ერთიც ვნახოთ და სხვა ვინმე ჩამოვიდეს!.. ღმერთმანი, ივან ალექსანდროვიჩ! მერე რა მშვენიერი ცხენებია აქ – ისე გაგვაქროლებენ...
ხლესტაკოვი.  (წერს). არა, მე კიდევ მინდა აქ ცოტა ხანს დარჩენა... ხვალ იყოს.
ოსიპი.  რაღა ხვალ! ღმერთმანი, წავიდეთ ივან ალექსანდროვიჩ! მართალია, აქ დიდ პატივში ხართ, მაგრამ მაინც დროზე სჯობს წასვლა. აშკარაა, რომ სხვა ვიღაცა ჰგონიხართ. ესეც არ იყოს, მამათქვენიც გაჯავრდება, მაგდენ ხანს რომ იგვიანებთ... ისე წავქრიალდებოდით, რომა... ცხენებსაც დიდებულს მოგვცემდნენ.
ხლესტაკოვი.  (წერს). მაშ კარგი! მანამდე კი აი ეს ბარათი წაიღე და ბარემ საგზურიც გაამოართვი... მაგრამ იცოდე, კარგი ცხენები იყოს! მეეტლეებს უთხარი, რომ თითო მანეთიანით დავასაჩუქრებ, ოღონდ ისე გამაქროლონ, როგორც ფელდიეგერი, თანაც იმღერონ! (განაგრძობს წერას) წარმოდგენილი მაქვს, ტრიაპიჩკინი სიცილით გაიგუდება...
ოსიპი.  მე, ბატონო ჩემო, ამ წერილს აქაური მსახურის ხელით გავგზავნი, თვითონ კი ბარგი-ბარხანის ჩალაგებას დავიწყებ, რომ ტყუილუბრალოდ არ დავკარგო დრო.
ხლესტაკოვი.  (წერს) კარგი, ოღონდაც ჯერ სანთელი მოიტანე.
ოსიპი.  (გადის და სცენის უკან ლაპარაკობს) ჰეი, ძმობილო, გამიგონე! წერილს წაიღებ ფოსტაში და ფოსტმეისტერს ეტყვი, რომ უფულოდ მიიღოს. ისიც უთხარი, რომ ახლავე გამოგზავნოს ბატონთან საუკეთესო ტროიკა, შიკრიკებისთვის რომ გაქვთ-თქო, გზის ფულს კი ბატონი არ იხდის-თქო, ხაზინის ხარჯზეა-თქო. ყველაფერი მალე იყოს-თქო, თორემ ბატონი გაჯავრდება-თქო. მოიცა, წერილი მზად არაა.
ხლესტაკოვი.  (განაგრძობს წერას). ნეტავ ვიცოდე, სად ცხოვრობს ახლა – ფოსტის ქუჩაზე თუ გოროხოვაიაზე? იმასაც ხომ უყვარს ბინის ცვლა და ქირის შეტყაპუნება. მოდი, ალალბედზე დავწერ ფოსტის ქუჩას. (კეცავს ბარათს და ზედ აწერს მისამართს.)
ოსიპს შმოაქვს სანთელი, ხლესტაკოვი წერილს დალუქავს. ამ დროს ისმის დერჟიმორდას ხმა: «სად მიძვრები, გრძელწვერავ? შენ გეუბნებიან, ნაბრძანებია, არავინ შეუშვათო»
ხლესტაკოვი.  (აძლევს წერილს ოსიპს). აჰა, წაიღე!
ვაჭრების ხმა.  შეგვიშვით, ბატონო! თქვენ არ შეგიძლიათ არ შეგვიშვათ: ჩვენ საქმეზე ვართ მოსულნი.
დერჟიმორდას ხმა.  გასწით, გასწით! არ ღებულობს, სძინავს-მეთქი! (ხმაური ძლიერდება).
ხლესტაკოვი.  რა ამბავია იქ, ოსიპ? ნახე, რა ხმაურია?
ოსიპი.  (იყურება ფანჯარაში.) ვიღაც ვაჭრებს შემოსვლა უნდათ, მაგრამ უბნის პოლიციელი არ უშვებს; ქაღალდებს აქნევენ. ალბათ თქვენი ნახვა უნდათ!
ხლესტაკოვი.  (მივა ფანჯარასთან) რა გინდათ, მეგობრებო?
ვაჭრების ხმა.  თქვენი წყალობა, ბატონო... მადლი მოისხით და ჩვენი არზა მიიღეთ!
ხლესტაკოვი.  შემოუშვით ეგენი, შემოუშვით! დე მოვიდნენ ოსიპ. უთხარი, შემოვიდნენ. (ოსიპი გადის).
ხლესტაკოვი.  (ფანჯრიდან გამოართმევს არზებს, ერთ-ერთს გახსნის და კითხულობს.) «მის მაღალკეთილშობილებას, ფინანსთა უფალს ვაჭარ აბდულინისაგან»... ეშმაკმა იცის, რა მოუგონია: ასეთი ჩინი არც კი არსებობს!


გამოსვლა X

ხლესტაკოვი და ვაჭრები (შაქრის თავებით და ღვინის კალათით).

ხლესტაკოვი.  რაზე გარჯილხართ, მეგობრებო?
ვაჭრები.  მოწყალებას გემუდარებით!
ხლესტაკოვი.  რა გნებავთ?
ვაჭრები.  ნუ დაგღუპავთ ხელმწიფეო! ტყუილუბრალოდ გვავიწროებენ!
ხლესტაკოვი.  ვინ?
ვაჭარი.  ვინ და აქაური გოროდნიჩი. ასეთი გოროდნიჩი, ხელმწიფევ, ჯერ არასოდეს არ ყოფილა. ისეთ უსამართლობას გვაყენებს, აღწერაც კი ძნელია... სახლებში სალდათებს გვიყენებს, ლამის თავები ჩამოვიხრჩოთ... მეტად უდიერად ირჯება... დაგვითრევს წვერით და გვიყვირის: «ჰაი, შე თათაროო!» ღმერთსა ვფიცავთ! პატივისცემას რომ ვაკლებდეთ, კიდევჰო, თორემ წესს ყოველთვის ვასრულებთ: რაც მის ცოლსა და ქალიშვილს საკაბეები სჭირდებათ, ამაზე უარს არ ვეუბნებით, მაგრამ ამას როდი ჯერდება, ღმერთმანი! შემოვა დუქანში და რასაც თვალს მოჰკრავს, ყველაფერი მიაქვს: თოფ მაუდს დაინახავს, ამბობს: ეს, ჩემო ძამია, კარგი მაუდია, ჩემსას წაიღეო. ჰოდა, მიგვაქვს, თოფში კი ორმოცდაათ არშინამდის იქნება.
ხლესტაკოვი.  არა, მართლა? ოჰ, რა არამზადა ყოფილა!
ვაჭრები.  უფლის მადლმა! ამნაირი გოროდნიჩი ჯერ არავის მოსწრებია, მაშინათვე ყველაფერს მივმალავთ ხოლმე, როგორც კი თვალს მოვკრავთ. ესე იგი, დელიკატურ რასმე კი არა, ყოველგვარ ნაგავსაც არ თაკილობს. აგერ შვიდი წელიწადია კასრში შავქლიავი მიყრია, ჩემი ნოქარიც კი არა ჭამს, ის კი პეშვით იტენის. მაგის დღეობა ხომ ანტონობასაა, ჰოდა, ყველაფრით ავავსებთ ხოლმე, მაგრამ არა, დაუჩემებია, ონოფრობასაც ჩემი დღეობააო. მეტი რა ჯანია, ონოფრობასაც მივართმევთ ხოლმე.
ხლესტაკოვი.  ეს ხომ ნამდვილი ყაჩაღობაა!
ვაჭრები.  ღმერთმანი, ღმერთმანი! აბა გაბედე და სიტყვა შეუბრუნე – მთელ პოლკს ჩაგიყენებს სახლში, ან კიდევ კარს ჩაგიკეტავს. მე შენო ცემით არ გცემ და წამებით არ გაწამებო – ეგ კანონით აკრძალულიაო, სამაგიეროდ, ჩემო კარგო, ქაშაყით გაგიმასპინძლდებიო.
ხლესტაკოვი.  ოჰ, რა არამზადა ყოფილა! ამისთვის პირდაპირ ციმბირში უნდა უკრა თავი.
ვაჭრები.  სადაც შენი წყალობა ინებებს, იქ მიაბრძანე, ყველაფრის ღირსი იქნება, ოღონდ კი ჩვენ მოგვაშორე. ნუ იუკადრისებ ჩვენს ძრვენს, ჩვენო მამავ, შაქარი და ღვინო მოგართვით.
ხლესტაკოვი.  არა, მაგას თქვენ ნუ იფიქრებთ, მე ქრთამს არ ვიღებ, მაგრამ სესხად რომ მოგეცათ ერთი სამასიოდე მანეთი, ეს სულ სხვა იქნებოდა – სესხს ავიღებდი!
ვაჭრები.  ინებე, ჩვენო მამავ! (ამოიღებენ ფულს.) რაღა სამასი, ბარემ ხუთასი იყოს, ოღონდ დაგვეხმარე.
ხლესტაკოვი.  ძალიან კარგი, სესხად – კრინტსაც არ დავძრავ, ავიღებ.
ვაჭრები.  (ვერცხლის სინით მიართმევენ ფულს), ინებეთ და სინიც ფეშქაშად მიირთვით.
ხლესტაკოვი.  ჰო, სინიც შეიძლება. ვაჭრები.  (თავის დაკვრით). ბარემ შაქარიც ინებეთ.
ხლეატაკოვი.  ოჰ, არა, მე არავითარ ქრთამს...
ოსიპი.  თქვენო მაღალკეთილშობილებავ! რატომ არ იღებთ? აიღეთ! გზაში ყველაფერი გამოსადეგია. მოიტათ აქ შაქრის თავებიც და ტომსიკაც. ყველაფერი მოიტათ! ყველაფერი გამოგვადგება. ეგ რა არის? ბაწარი? ბაწარიც მოიტათ – ბაწარიც გამოდგება გზაში: ღერძი გატყდება თუ სხვა რამ, – ბაწრით შეკრავ.
ვაჭრები.  მაშ მოიღეთ წყალობა თქვენო ბრწყინვალებავ! თუ თქვენც არ შეიწყნარებთ ჩვენს თხოვნას, მაშინ აღარ ვიცით, რა ვქნათ: თავი უნდა ჩამოვიხრჩოთ და ეგ არის
     ხლესტაკოვი.  უსათუოდ, უსათუოდ, ვეცდები.
ვაჭრები გადიან: ისმის დედაკაცების ხმა: «არა, ნება არა გაქვს არ შემიშვა! სწორედ იმასთან გიჩივლებ! ხელს რას იკვრევინები, თუ იცი!»
ხლესტაკოვი.  ვინ ხარ მანდ? (მივა ფანჯარასთან). რა გინდა, დედილო?
ორი დედაკაცის ხმა.  შენს წყალობას მოველოდებით, ჩვენო მამავ! მოგვისმინე, ჩვენო ხელმწიფევ!
ხლესტაკოვი.  (ფანჯარაში). გამოუშვით ეგ დედაკაცი!


გამოსვლა XI


ხლესტაკოვი, ზეინკლის ცოლი და უნტერ-ოფიცრის ქვრივი.

ზეინკლის ცოლი.  (დაბლა თავს უკრავს). წყალობა მოიღეთ...
უნტერ-ოფიცრის ქვრივი.  წყალობა მოიღეთ...
ხლესტაკოვი.  თქვენ ვინა ხართ, ქალებო?
უნტერ-ოფიცრის ქვრივი.  უნტერ-ოფიცრის ივანოვის ქვრივი.
ზეინკლის ცოლი.  ზეინკლის ცოლი, აქაური მდაბიო მოქალაქე, ფევრონია პეტროვნა პოშლიოპკინა, ჩვენო მამავ!
ხლესტაკოვი.  მოიცა, ჯერ ერთმა ილაპარაკოს. აბა რა გინდა?
ზეინკლის ცოლი.  თქვენი წყალობის მთხოვნელი ვარ, გოროდნიჩზე მაქვს საჩივარი! ღმერთმა დასაჯოს და ათასი უბედურება თავს დაატეხოს, ღმერთმა არ მისცეს სიკეთე არც მაგის შვილებს, არც მაგ გაიძვერას, არც მაგის ბიძებს, არც მაგის მამიდებსა და დეიდებს!
ხლესტაკოვი.  რაო, რა იყო?
ზეინკლის ცოლი.  ჩემი ქმარი სალდათად გაამწესა მაგ არამზადამ, თუმცა ჯერ ჩვენი ჯერი არ იყო, კანონითაც არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ცოლიანია.
ხლესტაკოვი.  მერე, როგორ მოაწყო ეს საქმე?
ზეინკლის ცოლი.  მოაწყო, მოაწყო მაგ არამზადამ, ღმერთი მაგას დასწყევლის სააქაოსაც და საიქიოსაც! ჭირი და არგადარჩენა მაგ გაიძვერას, მაგის დეიდებსა და მამიდებს, მაგის მამას, თუ ჰყავს ისინი, ვაი და ვუი ყველას! რიგით თერძის შვილი უნდა წაეყვანათ სალდათად, მერე ლოთიც არის, მაგრამ მშობლებმა ძვირფასი ძღვენი მოართვეს. მერე ვაჭარ პანტელეევის შვილს დაეტაკა, პანტელეევის ცოლმა კი მის ცოლს სამი თოფი ტილო გაუგზავნა. მაშინ ჩემზე მოიცალა: რად გინდა შენ ქმარიო, შენთვის ის აღარ ვარგაო. მე უკეთ არ ვიცი, ვარგა თუ არა? ეს ჩემი საქმეა, შე არამზადავ შენა! შენი ქმარი ქურდიაო, მართალია, ახლა არაფერი არ მოუპარავს, მაგრამ სულ ერთია, მერე მოიპარავსო. მერედა გაისად ხომ მაინც წაიყვანენ სალდათადო. მე კი როგორ გავძლო უქმროდ, შე არამზადავ შენა! მე ერთი სუსტი ქალი ვარ, შე გათახსირებულო შენა! არ იხაროს შენმა მიტან-მოტანებამ ამ ქვეყნად! თუ სიდედრი ჰყავს, სიდედრსაც...
ხლესტაკოვი.  კარგი, კარგი (გაიყვანს დედაბერს.) აბა, შენ?
ზეინკლის ცოლი.  (გასვლისას). არ დაგავიწყდეს, ჩვენო მამავ! მოიღე წყალობა!
უნტერ-ოფიცრის ქვრივი.  გოროდნიჩიზე ვჩივი, ჩემო ხელმწიფევ!
ხლესტაკოვი.  აბა რაშია, საქმე, რაზე ჩივი? მოკლედ თქვი.
უნტერ-ოფიცრის ქვრივი.  გამწკეპლა, ბატონო.
ხლესტაკოვი.  როგორ?
უნტერ-ოფიცრის ქვრივი.  შეცდომით, ჩვენო მამავ! ბაზარში ჩვენს დედაკაცებს ჩხუბი მოუვიდათ, პოლიციამ ვერ მოუსწრო, მე კი დამიჭირეს და ისე გამწკეპლეს, ორი დღე ვერა ვჯდებოდი...
ხლესტაკოვი.  კარგი, მაგრამ ახლა რა ვქნათ?
უნტერ-ოფიცრის ქვრივი.  ახლა ვეღარაფერს იზამთ, მაგრამ შეცდომისთვის უბრძანე ჯარიმა გადაიხადოს. ჩემს იღბალზე უარს რატომ ვიტყვი, მით უფრო Fფული ახლა ძალიან მჭირია!
ხლესტაკოვი.  კარგი, კარგი! წადით! წადით! განკარგულებას მოვახდენ. (ფანჯარაში გამოჩნდება არზებიანი ხელები.) ვინ არის კიდევ? (მივა ფანჯარასთან.) არ მინდა, არა, არაა საჭირო! (მოშორდება) თავი მომაბეზრეს. ეშმაკსაც წაუღიათ! ნუ შემოუშვებ, ოსიპ!
ოსიპი. (ყვირის ფანჯრიდან.) წადით, წადით! დრო არ არის, ხვალ მოდით!
გაიღება კარი და გამოჩნდება შინელიანი, წვერგაუპარსავი კაცი, დასიებული ტუჩით და შეხვეული ყბით. მის უკან, პერსპექტივაში, რამდენიმე სხვაც მოჩანს.
ოსიპი. გასწი, გასწი! სად მოძვრები?
(ხელებს მუცელში მიაბჯენს, პირველს გაათრევს და კარსაც მოხურავს.)


გამოსვლა XII

ხლესტაკოვი და მარია ანტონოვნა.

მარია ანტონოვნა.  აჰ!
ხლესტაკოვი.  აგრე რამ შეგაშინათ, ქალბატონო?
მარია ანტონოვნა.  არა, მე არ შემშინებია.
ხლესტაკოვი.  (მანჭვით). მერწმუნეთ, ქალბატონო, ძლიერ მესიამოვნა, თქვენ რომ იმისთანა კაცად მიმიღეთ, ვისაც... გავკადნიერდები და შეგეკითხებით – სად აპირებდით წაბრძანებას?
მარია ანტონოვნა.  გარწმუნებთ, არსად არ მივდიოდი.
ხლესტაკოვი.  მაგალითად, რატომ არსად არ მიდიოდით?
მარია ანტონოვნა.  ვიფიქრე, დედიკო აქ ხომ არ არის-მეთქი...
ხლესტაკოვი.  არა, მე მინდა გავიგო, რატომ არსად მიდიოდით?
მარია ანტონოვნა.  მე ხელი შეგიშალეთ... თქვენ დიდი საქმეებით იყავით გართული.
ხლესტაკოვი.  (მანჭვით.) თქვენი თვალები კი მე დიდ საქმეებს მირჩევნია, ან როგორ შემიშლით ხელს. პირიქით, თქვენ შეგიძლიათ სიამოვნება მომანიჭოთ.
მარია ანტონოვნა.  მართლა დედაქალაქელივით ლაპარაკობთ.
ხლესტაკოვი.  მხოლოდ თქვენისთანა მშვენიერი არსებისათვის... შემიძლია გავბედო და სკამი შემოგთავაზოთ? მაგრამ არა, თქვენ სკამი კი არა, ტახტი გეკადრებათ.
მარია ანტონოვნა. ღმერთმანი, არ ვიცი,  რა ვქნა... ისე კი მეჩქარება (დაჯდება.)
ხლესტაკოვი.  რა საუცხოო მანდილია!
მარია ანტონოვნა.  თქვენ მხოლოდ დაგვცინით პროვინციელებს.
ხლესტაკოვი.  ოჰ, როგორ მინდა, ქალბატონო, თქვენი მანდილი ვიყო, რომ მაგ შროშან ყელს შემოვეხვიო.
მარია ანტონოვნა.  სრულებით არ მესმის, რაზე ლაპარაკობთ: რაღაც მანდილიო... რა უცნაური ამინდია დღეს!
ხლესტაკოვი.  თქვენი ბაგენი, ქალბატონო, ყოველ ამინდს მირჩევნია!
მარია ანტონოვნა.  თქვენ სულ ამგვარებს ლაპარაკობთ... მე გთხოვთ სამახსოვროდ რაიმე ლექსი ჩამიწეროთ ალბომში. უეჭველია, ბევრი ლექსი გეცოდინებათ.
ხლესტაკოვი.  თქვენთვის, ქალბატონო, ყველაფერზე მზადა ვარ. ბრძანეთ, რანაირი ლექსები გნებავთ?
მარია ანტონოვნა.  რანაირიც არ უნდა იყოს, ოღონდაც კარგები და ახლები.
ხლესტაკოვი.  ლექსები რაა? მე ბევრი ლექსი ვიცი.
მარია ანტონოვნა.  აბა თქვით, რომელს ჩამიწერთ სახსოვრად?
ხლესტაკოვი.  თქმა რა საჭიროა? მე ისედაც ბევრი ვიცი.
მარია ანტონოვნა.  მე ძლიერ მიყვარს ლექსები...
ხლესტაკოვი.  მე ბევრნაირი ლექსი მაქვს. აი, თუნდაც ეს:
        « გაჭირვების ჟამს ტყუილუბრალოდ
          ღმერთს რად ემდური, ადამიანო!»
და ბევრი სხვა... ახლა ვერ მოვიგონებ. ეგ ყოველივე არაფერია! უკეთესი იქნება ამის მაგიერ წარმოგიდგინოთ ჩემი სიყვარული, რომელიც თქვენი ერთი გამოხედვით... (მიაჩოჩებს ქალისაკენ სკამს.)
მარია ანტონოვნა.  სიყვარული! მე არ მესმის სიყვარული... მე არც როდისმე მცოდნია, რა არის სიყვარული... (გასწევს სკამს.)
ხლესტაკოვი.  რად გასწიეთ სკამი? ჩვენთვის უფრო უკეთესი იქნება ერთმანეთის ახლო ვისხდეთ.
მარია ანტონოვნა.  (გასწევს.) რა საჭიროა ახლო? შორს იყოს, სულ ერთია.
ხლესტაკოვი.  (მისწევს მისკენ სკამს). რატომ შორს, ახლოს იყოს, რა უშავს?
მარია ანტონოვნა.  (სკამს გასწევს). აბა რა საჭიროა?
ხლესტაკოვი.  (სკამს სწევს მისკენ). არა, ეგ თქვენ გეჩვენებათ, ვითომ ახლო ვართ. რა ბედნიერი ვიქნებოდი, ქალბატონო, რომ შემეძლოს მკერდზე მიგიკრათ.
მარია ანტონოვნა.  (ფანჯარაში იცქირება). რა იყო ესა? თითქოს რაღაცა გაფრინდაო? კაჭკაჭია თუ სხვა რამ ფრინველი?
ხლესტაკოვი.  (აკოცებს მხარზე და ფანჯარაში იცქირება). ეგ კაჭკაჭია!
მარია ანტონოვნა.  (აღშფოთებული წამოდგება). არა, ეს მეტისმეტია... რა თავხედობაა!
ხლესტაკოვი.  (არ უშვებს). მაპატიეთ, ქალბატონო, ეს სიყვარულით მომივიდა, სწორედ სიყვარულით.
მარია ანტონოვნა.  თქვენ ისეთი პროვინციელი ქალი გგონივართ... (ცდილობს წავიდეს.)
ხლესტაკოვი.  (ისევ აჩერებს). სიყვარულით, გარწმუნებთ, მხოლოდ სიყვარულით! მე გაგეხუმრეთ მხოლოდ; ნუ ჯავრობთ, მარია ანტონოვნა! მე მზად ვარ მუხლმოდრეკით გთხოვოთ შენდობა (მუხლებზე დაეცემა.) მაპატიეთ, მაპატიეთ, ხომ ხედავთ, დაჩოქილი ვარ!


გამოსვლა XIII

იგინივე და ანა ანდრეევნა.

ანა ანდრეევნა.  (დაინახავს დაჩოქილ ხლესტაკოვს), აჰ, რა პასაჟია!
ხლესტაკოვი.  (წამოდგება). დასწყევლოს ღმერთმა!
ანა ანდრეევნა. (ქალიშვილს). ეს რას ნიშნავს, ქალბატონო? ეს რა საქციელია?
მარია ანტონოვნა.  დედიკო... მე...
ანა ანდრეევნა.  გასწი აქედან! გესმის, გასწი, გასწი! თვალით არ დამენახო! (მარია ანტონოვნა თვალცრემლიანი გადის.) უკაცრავად კი ნუ ვიქნები და ისე ვარ გაოცებული...
ხლესტაკოვი.  (თავისთვის). ესეც კაი გემრიელი ლუკმაა, ამასაც არა უშავს რა! (მუხლებზე ეცემა.) ქალბატონო, ხომ ხედავთ, სიყვარულით ვიწვი!
ანა ანდრეევნა.  როგორ, თქვენ და მუხლმოყრილი? წამოდექით, აქ იატაკი არც ისე სუფთაა!
ხლესტაკოვი.  არა, უეჭველად მუხლმოდრეკით! უნდა გავიგო, რა მიწერია, სიცოცხლე თუ სიკვდილი?
ანა ანდრეევნა.  მოითმინეთ, მე არ მესმის, რას მეუბნებით, თუ არ ვცდები თქვენი დეკლარაცია ჩემს ქალიშვილს შეეხება?
ხლესტაკოვი.  არა, მე თქვენ მიყვარხართ! ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია, თუ ჩემს მარადიულ სიყვარულს არ დააგვირგვინებთ, მაშ ღირსი არ ვყოფილვარ ამ ქვეყნად არსებობისა. გულზე ცეცხლმოდებული გთხოვთ ხელს.
ანა ანდრეევნა.  კი მაგრამ, ნება მიბოძეთ მოგაგონოთ: მე, ასე ვთქვათ... გათხოვილი ვარ.
ხლესტაკოვი.  ეგ არაფერია! სიყვარულისათვის განსხვავება არ არსებობს; ჯერ კიდევ კარამზინმა თქვა: «კანონები სჯიანო!» ჩვენ განვმარტოვდებით კამარის ჩრდილში... ხელსა გთხოვთ, ხელს! გემუდარებით.


გამოსვლა XIV


იგინივე და მარია ანტონოვნა (ერთბაშად შემორბის).

მარია ანტონოვნა.  დედიკო, მამიკომ თქვა, რომ... (დაინახავს დაჩოქილ ხლესტაკოვს და შეჰკივლებს.) აჰ, რა პასაჟია!
ანა ანდრეევნა.  რა იყო? რა მოხდა? რა ამბავია? ეს რა ქარაფშუტობაა! შემორბიხარ დამდუღრულ კატასავით! რა ნახე ასეთი საკვირველი? თავში რა მოგსვლია? ღმერთმანი, სამი წლის ბავშვივით ირჯები! არ გეტყობა, სრულებით არ გეტყობა, რომ თვრამეტი წლისა ხარ, არ ვიცი, როდის დაჭკვიანდები, როდის მოიქცევი ისე, როგორც შეჰფერის კარგად აღზრდილ ქალიშვილს. როდის გეცოდინება კარგი წესები და ზრდილობიანი ქცევა, როდის დადინჯდები.
მარია ანტონოვნა.  (აცრემლებული). ღმერთმანი, დედიკო, არ ვიცოდი...
ანა ადნრეევნა.  შენ მუდამ ქარი გიქრის თავში; მაგალითს ლიაპკინ-ტიაპკინის ქალიშვილებისაგან იღებ! იმათ რას ჰბაძავ! რა საჭიროა იმათ წაბაძო, როცა შენ სხვა მაგალითი გყავს წინ: დედაშენი. აი, რა მაგალითს უნდა მისდიო...
ხლესტაკოვი.  (სტაცებს მარია ანტონოვნას ხელს). ანა ანდრეევნა, ნუ აღუდგებით წინ ჩვენს ბედნიერებას, დალოცეთ სამარადისო სიყვარული.
ანა ანდრეევნა.  (გაკვირვებით). მაშ თქვენ ეგ გიყვართ?
ხლესტაკოვი.  გადაწყვიტეთ: სიცოცხლე თუ სიკვდილი?
ანა ანდრეევნა.  აი, ხომ ხედავ, შე სულელო, ხომ ხედავ: შენისთანა ტუტრუცანას გულისთვის ძვირფასი სტუმარი მუხლებზე იყო დაჩოქილი; შენ კი უეცრად შემოვარდი დამთხვეულივით. მართლაც ახი იქნება შენზე, განზრახ უარი ვუთხრა: ღირსი არა ხარ ასეთი ბედნიერების!
მარია ანტონოვნა.  არა, მეტს აღარ ვიზამ, დედიკო, ღმერთმანი, აღარ ვიზამ.


გამოსვლა XV


იგინივე და აქლოშინებული გოროდნიჩი

გოროდნიჩი.  თქვენო აღმატებულებავ, ნუ დამღუპავთ, ნუ გამწირავთ!
ხლესტაკოვი.  რა მოგივიდათ?
გოროდნიჩი.  აქ თურმე ვაჭრებს უჩივლიათ თქვენს აღმატებულებასთან.  პატიოსნებას გეფიცებით, იმის ნახევარიც არ არის მართალი, რასაც ისინი ამბობენ. თვითონ ვაჭრები ატყუებენ ხალხს. უნტერ-ოფიცრის ქვრივმა მოგატყუილათ, გამწკეპლაო. ტყუის, ღმერთმანი, ტყუის. თვითონ გაიწკეპლა თავი.
ხლესტაკოვი.  ჯანდაბამდის გზა ჰქონია უნტერ-ოფიცრის ქვრივს, რა იმისთვის მცხელა ახლა!
გოროდნიჩი.  ნუ დაუჯერებთ, ნუ დაუჯერებთ, ისეთი მატყუარა ხალხია... იმათ ამხელა ბავშვიც არ დაუჯერებს. მთელ ქალაქში ცნობილი მატყუარები არიან. რაც შეეხება თაღლითობას, მაგათთანა თაღლითები ჯერ ქვეყნად არც გაჩენილან.
ანა ანდრეევნა.  იცი, რა პატივი დაგვდო ივან ალექსანდროვიჩმა? ჩვენს ქალიშვილს გვთხოვს ცოლად.
გოროდნიჩი.  ეი, ეი, შეიშალე, დედაკაცო? ნუ განრისხდებით თქვენო აღმატებულებავ: ცოტა წაიჩერჩეტებს, დედაც ასეთი ჰყავდა.
ხლესტაკოვი.  დიახ, მართალია, მე ვთხოულობ თქვენს ქალს... მე შეყვარებული ვარ...
გოროდნიჩი.  ვერ დავიჯერებ, თქვენო აღმატებულებავ!
ანა ანდრეევნა.  ადამიანო, როცა გეუბნებიან გაიგონე!
ხლესტაკოვი.  მე არ გეხუმრებით... სიყვარულისაგან შესაძლოა ჭკუაზე შევცდე.
გოროდნიჩი.  ვერ დავიჯერებ, ვერა, ასეთი პატივის ღირსი არა ვარ!
ხლესტაკოვი.  თუ მარია ანტონოვნას არ მომათხოვებთ, იცოდეთ, არ ვიცი, რას ჩავიდენ...
გოროდნიჩი.  ვერ დავიჯერებ, ვერა: თქვენ ხუმრობთ, თქვენო აღმატებულებავ!
ანა ანდრეევნა.  ეს რა ჯირკია, ღმერთო! როცა გეუბნებიან, გაიგონე!
გოროდნიჩი.  დაჯერება არ შემიძლია.
ხლესტაკოვი.  მომათხოვეთ, მომათხოვეთ, მე თავზე ხელაღებული კაცი ვარ. უკან არაფერზე დავიხევ: მე რომ თავი მოვიკლა, თქვენ სამართალში მიგცემენ.
გოროდნიჩი.  ღმერთო ჩემო! ღმერთმანი, არც სულით, არც ხორცით დამნაშავე არა ვარ! ნუ ინებებთ გაჯავრებას! როგორც თქვენს მოწყალებას ენებოს, ისე მოიქეცით! მე ახლა თავში ისეთი დომხალი მაქვს, თვითონ არ ვიცი რა ხდება... ისე გამოვყეყეჩდი, თავის დღეში ასე არ ვყოფილვარ...
ანა ანდრეევნა.  აბა, დალოცე!

ხლესტაკოვი და მარია ანტონოვნა მივლენ გოროდნიჩისთან.

გოროდნიჩი.  უფალმა დაგლოცოთ! ოღონდაც ჩემი ბრალი არაა. (ხლესტაკოვი ჰკოცნის მარია ანტონოვნას. გოროდნიჩი შეჰყურებს ორივეს) დალახვროს ეშმაკმა, მართალი ყოფილა! (თვალებს იფშვნეტს.) ჰკოცნიან ერთმანეთს, ღმერთო, ერთმანეთს ჰკოცნიან! მართლა სასიძოა! (შეჰყვირებს და სიხარულით კუნტრუშებს.) აფერუმ, ანტონ! აფერუმ, გოროდნიჩი! აი როგორ მოეწყო საქმე!


გამოსვლა XVI


იგინივე და ოსიპი

ოსიპი.  ცხენები მზად გახლავთ.
ხლესტაკოვი.  ჰო, კარგი... მე ახლავე.
გოროდნიჩი.  როგორ? მიბრძანდებით?
ხლესტაკოვი.  დიახ, გეახლებით.
გოროდნიჩი.  ის კი როდისღა... თქვენ, მგონი, გადაკვრით ბრძანეთ ქორწილის თაობაზე?
ხლესტაკოვი.  ჰო, ეს... ერთი წუთით მხოლოდ... ერთი დღით მივალ ბიძაჩემთან – მდიდარი მოხუცია და ხვალვე დავბრუნდები.
ხლესტაკოვი.  დიახ, დიახ, მშვიდობით, ჩემო საყვარელო! არა, სიტყვები ვერ გამომითქვამს! მშვიდობით, ჩემო სულიკო! (აკოცებს მარია ანტონოვნას ხელზე.)
გოროდნიჩი.  გზაში ხომ არა გნებავთ რა? მგონი, ფული გჭირდებათ.
ხლესტაკოვი.  არა, რა საჭიროა? (ცოტა ფიქრის შემდეგ.) თუმცა რატომაც არა.
გოროდნიჩი.  რამდენს ინებებთ?
ხლესტაკოვი.  მაშინ ხომ ორასი მომეცით, ესე იგი, ორასი კი არა, ოთხასი. მე არა მსურს ვისარგებლო თქვენი შეცდომით; ჰოდა, ახლაც რომ მაგდენი იყოს, მაშინ სწორედ რვაასი გამოვა.
გოროდნიჩი.  ახლავე! (ფულს ამოიღებს საფულედან.) თითქოს განგებ, სულ ტკიცინა გახლავთ!
ხლესტაკოვი.  ჰო, მართლაც! (გამოართმევს და ათვალიერებს ასიგნეციებს.) ეს კარგია, ამბობენ, ახალი ფული ახალი ბედის მომასწავებელიაო.
გოროდნიჩი.  სწორედ ეგრე გახლავთ.
ხლესტაკოვი.  მშვიდობით, ანტონ ანტონოვიჩ! დიდად დავალებული ვარ თქვენი სტუმართმოყვარეობით. გულწრფელად გეუბნებით: ასე კარგად არსად არ დამხვედრიან. მშვიდობით, ანა ანდრეევნა! მშვიდობით, ჩემო სულიკო, მარია ანტონოვნა! (გადიან.)

სცენის უკან:

ხლესტიაკოვის ხმა.  მშვიდობით, ჩემო სულის ანგელოზო, მარია ანტონოვნა!
გოროდნიჩის ხმა.  როგორ? ამ უბრალო ეტლით მიბრძანდებით?
ხლესტაკოვის ხმა.  ჰო, ამას უკვე შევეჩვიე, რესორებისაგან თავი მტკივა ხოლმე.
მეეტლის ხმა.  თრრ...
გოროდნიჩის ხმა.  მაშინ რამე დავფინოთ მაინც, თუნდაც პატარა ხალი! თუ ინებებთ, ვუბრძანებ პატარა ხალი მოგართვან.
ხლესტაკოვის ხმა.  რა საჭიროა? არა უშავს! თუმცა მართალი ხართ, მოიტანონ პატარა ხალი!
გოროდნიჩის ხმა.  ეი, ავდოტია, ადი საკუჭნაოში, ამოიტანე საუკეთესო ხალი, ცისფერი რომ არის, სპარსული, მალე!
მეეტლის ხმა.  თრრ...
გოროდნიჩის ხმა.  მაშ როდისთვის გვიბრძანებთ მოგელოდოთ?
ხლესტაკოვის ხმა.  ხვალ ან ზეგ!
ოსიპის ხმა.  ოჰო, ეს ხალია? აქ მოიტა. აი ასე დადე, ახლა იქით ცოტა თივა ამოუდე.
მეეტლის ხმა.  თრრ...
ოსიპის ხმა.  აი აქეთ! აქეთ-მეთქი! კარგია! მშვენიერი იქნება!

(ხალიჩას ხელს დაჰკრავს.) აბა ახლა დაბრძანდით, თქვენო კეთილშობილებავ!

ხლესტაკოვის ხმა.  მშვიდობით, ანტონ ანტონოვიჩ!
გოროდნიჩის ხმა.  მშვიდობით, თქვენო აღმატებულებავ!
ქალების ხმა.  მშვიდობით, ივან ალექსანდროვიჩ!
ხლესტაკოვის ხმა.  მშვიდობით, დედიკო!
მეეტლის ხმა.  აბა ჰე, ჩემო რაშებო!

(ეჟვნები ჟღარუნობს. ფარდა ეშვება).



მეხუთე მოქმედება


ისევ ის ოთახი


გამოსვლა I

გოროდნიჩი, ანა ანდრეევნა და მარია ანტონოვნა.

გოროდნიჩი.  აბა, რას იტყვი ანა ანდრეევნა? იფიქრებდი ასეთ რასმე? ჯილდოც ასეთი უნდა, დალახვროს ეშმაკმა! არა, გულწრფელად აღიარე, რომ არც დაგესიზმრებოდა, რომ ვიღაც გოროდნიჩის ცოლი და უეცრად... ფუი, დალახვროს ეშმაკმა, შენ გესმის, ვის დაუმოყვრდი?!
ანა ანდრეევნა.  რატომაც არა! მე ეს დიდი ხანია ვიცოდი. ეს შენ გიკვირს, იმიტომ რომ უბრალო კაცი ხარ და თავის დღეში წესიერი ხალხი არ გინახავს.
გოროდნიჩი.  თვითონ მე გახლავართ, ბატონო ჩემო, წესიერი კაცი. არა, მართლაცდა რომ დავფიქრდები, ანა ანდრეევნა, რა დიდკაცები შევიქენით ახლა მე და შენ! ჰა, ანა ანდრეევნა? მაღლა-მაღლა მონავარდენი! დალახვროს ეშმაკმა! დამაცადე, ახლა მე ვიცი, რა სეირს დავაყრი იმათ, ვინც არზებს და საჩივრებს აცხობდა! ჰეი, ვინა ხართ მანდ? (შემოდის უბნის პოლიციელი). შენა ხარ, ივან კარპოვიჩ? დამიძახე, ჩემო ძმაო, აქ ვაჭრებს, მე ვუჩვენებ სეირს იმ მუდრეგებს! მაშ ჩემზე საჩივრები? ჰაიტ, თქვე წყეულო იუდებო! დამაცათ, ძვირფასებო! წინათ ყელამდე გაჭმევდით მხოლოდ, ახლა კი პირამდე გაგაძღებთ. ყველა ჩამიწერე, ვინც ჩემზე ჩიოდა, მეტადრე ის ვაჟბატონი მჯღაბნელები, არზებს რომ აფრიალებდნენ. ყველას გამოუცხადე, ყველამ შეიტყოს, ღმერთმა რა ბედი გამოუგზავნა გოროდნიჩის: თავის ქალს ათხოვებს-თქო არა ვიღაც უბრალო მოხელეზე, არამედ ისეთ კაცზე, რომლის ბადალი ჯერ მთელ ქვეყნიერებას არ მოვლენია-თქო, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია-თქო, ყველაფრის, ყვლაფრისა! ყველას გამოუცხადე, ყველამ იცოდეს, შეჰყარე მთელი ხალხი, დააგუგუნე ზარები, დალახვროს ეშმაკმა! თუ ზეიმია, ზეიმი იყოს! (უბნის პოლიციელი გადის). მაშ ასე, ანა ანდრეევნა! როგორ მოვაწყოთ ახლა ჩვენი საქმე, სად ვიცხოვროთ? აქ თუ პიტერში?
ანა ანდრეევნა.  რა თქმა უნდა, პეტერბურგში. აქ დარჩენა როგორ შეიძლება!
გოროდნიჩი.  მაშ თუ პიტერში გსურს, პიტერში იყოს, თუმცა აქაც ურიგო არ იქნებოდა. რას იტყვი, მე ვფიქრობ, მაშინ გოროდნიჩობა მეწყერს წაუღია, ჰა, ანა ანდრეევნა?!
ანა ანდრეევნა.  რა თქმა უნდა, გოროდნიჩობა რა საკადრისია!
გოროდნიჩი.  შენ როგორ ფირობ? ახლა შესაძლოა დიდი ჩინი გაიტყაპუნოს კაცმა, იმიტომ რომ ის ყველა მინისტრთან ძმაბიჭურადაა და სასახლეშიაც დადის. ამიტომ შეუძლია ისეთ დაწინაურებაზე წარმადგინოს, თავის დროზე გენერლადაც გავძვრე. შენ როგორ ფიქრობ, ანა ანდრეევნა, შეიძლება გენერლად გავძვრე?
ანა ანდრეევნა.  რა თქმა უნდა! რასაკვირველია, შეიძლება.
გოროდნიჩი.  ეჰ, დალახვროს ეშმაკმა, გენერლობას რა სჯობია! კავალერიას ჩამოგკიდებენ მხარზე. რომელი კავალერია სჯობს, წითელი თუ ცისფერი?
ანა ანდრეევნა.  რა თქმა უნდა, ცისფერი ემჯობინება!
გოროდნიჩი.  დახე ერთი, რა მოინდომა! წითელზედაც ყაბულს იქნები. იცი, რატომ მინდა გენერლობა? იმიტომ რომ, თუ ვინიცობაა, გამგზავრება მომინდა სადმე, ფელდიეგერები და ადიუტანტები ჩემზე წინ მოუსვამენ და ყველგან მოითხოვენ «ცხენებიო». სადგურებში ცხენებს არავის მისცემენ, ყველა მოიცდის: ყველა; ყველა ეს ტიტულიარნი სოვეტნიკებიო, კაპიტნებიო, გოროდნიჩებიო, შენ კი აინუნშიაც არავის აგდებ, სადილს მიირთმევ სადმე გუბერნატორთან, შენ კი იდექ და იცადე, გოროდნიჩო! ხე-ხე-ხე! (ხითხითებს სიამოვნებით). აი, დალახვროს, რა არის სახარბიელო!
ანა ანდრეევნა.  შენ სულ მაგისთანა ტლანქი რამეები მოგწონს. შენ უნდა გახსოვდეს, რომ ახლა ცხოვრება უნდა გამოიცვალო, რომ შენი ნაცნობები აღარ იქნებიან ვიღაც მეძაღლე-მოსამართლე, ვისთანაც კურდღლებზე სანადიროდ დადიხარ, ან ზემლიანიკა. ახლა შენი ნაცნობები იქნებიან ზრდილი, მაღალი წრის ხალხი – გრაფები და დიდკაცები... ეს კია, ძლიერ მეშინია შენი: ხანდახან ისეთი სიტყვა წამოგცდება, რიგიან საზოგადოებაში რომ ვერასოდეს ვერ გაიგონებ.
გოროდნიჩი.  მერე რა! სიტყვა რას აშავებს!
ანა ანდრეევნა.  როცა გოროდნიჩი იყავ, მაშინ არ აშავებდა, ახლა კი სულ სხვა ამბავია.
გოროდნიჩი.  ჰო, ამბობენ იქ ორნაირი თევზიაო – ცქიმურა და ჭაპალა. ისეთებია თურმე, ჭამას რომ დაიწყებ, ნერწყვი წამოგივა.
ანა ანდრეევნა.  ამას ოღონდ თავზი არ მოაკლდეს! მე კი მინდა, რომ ჩვენი სახლი სატახტო ქალაქში პერველი იყოს და ჩემს ოთახში ისეთი სურნელება იდგეს, კაცი ვერ შემოდიოდეს და მხოლოდ თვალებს ხუჭავდეს, აი ასე. (დახუჭავს თვალებს და ყნოსავს.) ოჰ, ოჰ, რა კარგია!


გამოსვლა II

იგინივე და ვაჭრები.

გოროდნიჩი.  აა, გამარჯობათ საყვარლებო!
ვაჭრები.  (თავის დაკვრით.) ღმერთმა გამარჯვება ნუ მოგაკლოთ, ბატონო!
გოროდნიჩი.  რაო, ძვირფასებო. როგორ გიკითხოთ? როგორ ასაღებთ საქონელს? რაო, თქვე ჩაით გაჭყეპილებო, თქვე არშინის ჭიებო, მიჩივით? არმზადებო, გაიძვერებო, ქვეყნის თვალთმაქცებო! მიჩივით? მერე რა გაიტანეთ? გეგონათ აგერ-აგერ საპატიმროში უკრავენ თავსო! იცით თუ არა, თქვე ქაჯებისა და კუდიანების არჩივნო, რომ...
ანა ანდრეევნა.  ოჰ, ღმერთო ჩემო! ანტოშა, რა სიტყვებს გაიძახი!
გოროდნიჩი.  (უკმაყოფილო). ეჰ, ახლა რა სიტყვებისა მცხელა! იცით თუ არა, რომ ის ჩინოვნიკი, ვისთანაც მიჩივლეთ, ახლა ჩემს ქალს ირთავს? რაო? ჰა? რას იტყვით? უ, თქვენი!... ხალხს ატყუებთ!... ხაზინიდან იჯარას აიღებთ, დამპალ მაუდს გაასაღებთ და ასი ათას მანეთს გამორჩებით. მერე ოციოდე არშინს შესწირავთ და ამაში ჯილდოსაც ითხოვთ! რომ იცოდნენ, ისეთ დღეს დაგაწევდნენ რომა... გადმოუგდია ღიპი, აქაოდა ვაჭარი ვარ, ხელი არ მახლოთო. ჩვენაო, – გაიძახიან, – თავადაზნაურობასაც არ ჩამოუვარდებითო! აზნაური... შე ჯოჯო, შენა, აზნაური მეცნიერებას სწაცლობს. იმას თუ წკეპლავენ სკოლაში, საქმის გულისთვის მაინც წკეპლავენ, რომ იცოდეს, რა არის სასარგებლო; შენ კი რა ხარ? იწყებ თაღლითობით, პატრონი გცემს იმისათვის, რომ მოტყუება არ იცი... ჯერ კიდევ პატარა ბიჭი რომ ხარ და «მამაო ჩვენო» არ გისწავლია, უკვე ზომაში ატყუებ ხალხს; ხოლო როდესაც ღიპს გადმოაგდებ და ჯიბეს გაისქელებ, მაშინ გაიბერები! დიდი ამბავი, რაღა! დღეში რომ თექვსმეტ სამოვარ ჩაის ჩაცეცხლავ, ამით მოგაქვს თავი? მიმიფურთხებია შენთვისაც და შენი მედიდურებისთვისაც!
ვაჭრები.  (თავის დაკვრით). შევცდით, ანტონ ანტონოვიჩ!
გოროდნიჩი.  მიჩივით, არა? მერედა შენ ვინ დაგეხმარა თაღლითობაში, ხიდს რომ აშენებდი და ორი ათასი თუმნის ხე-ტყე ჩასწერე, თუმცა სინამდვილეში ათი თუმნისაც არ იყო? მე დაგეხმარე, შე თხაწვერავ! დაგავიწყდა ეს? მე რომ გამეცხადებინა, ციმბირიც უკან დაგრჩებოდა, ამაზე რას იტყვი, ჰა?
ერთი ვაჭარი.  ღმერთს შევცოდეთ, ანტონ ანტონოვიჩ! ეშმაკმა შეგვაცდინა. აღთქმას გაძლევთ, აღარასდროს არ გიჩივლოთ. დაგვავალე რაც გენებოს, ოღონდაც ნუ შეგვრისხავ!
გოროდნიჩი.  ნუ შეგვრისხავ!... აი ახლა ჩემ ფეხქვეშ გართხმულხარ. რატომ? იმიტომ, რომ მე გაჯობე, მაგრამ შენს მხარეს რომ ყოფილიყო გამარჯვება, გაიძვერავ, ტალახში ჩამტენიდი და ზემოდან ძელებსაც დამაყრიდი.
ვაჭრები.  (დაბლა უკრავენ თავს). ნუ დაგვღუპავ, ანტონ ანტონოვიჩ!
გოროდნიჩი.  ნუ დაგვღუპავ! ამას ახლა გაიძახით, აქამდის კი რას ამბობდით? თქვენ ყველას უნდა... (ჩაიქნევს ხელს) კარგით, ღმერთმა შეგინდოთ! კმარა. მე გულღვარძლიანი არა ვარ! მაგრამ ახლა კი ფრთხილად იყავით! ჩემს ქალს ვიღაც უბრალო აზნაურს კი არ ვაძლევ: იცოდეთ, თავგადასაგდები იყოს... გაიგეთ? ის კი არ გეგონოთ, ზურგიელით ან შაქრის თავით გადარჩეთ... ახლა კი წადით, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ! (ვაჭრები გადიან).


გამოსვლა III

იგინივე, ამოს ფედოროვიჩი, არტემი ფილიპოვიჩი, მერე რასტაკოვსკი.

ამოს ფედოროვიჩი.  (ზღურბლიდან იძახის). ანტონ ანტონოვიჩ, დავუჯეროთ განა ხმებს? არაჩვეულებრივი ბედნიერება გეწვიათ განა?
არტემი ფილიპოვიჩი.  მაქვს პატივი მოგილოცოთ არაჩვეულებრივი ბედნიერება. სულითა და გულით გავიხარე, როცა გავიგე. (ხელზე ჰკოცნის ანა ანდრეევნას). ანა ანდრეევნა! (ხელზე ჰკოცნის მარია ანტონოვნას) მარია ანტონოვნა!
რასტაკოვსკი.  (შემოდის). ანტონ ანტონოვიჩს ვულოცავ. ღმერთმა ხანგრძლივი ჰყოს სიცოცხლე თქვენი და ახალი ცოლ-ქმრისა, მოგასწროთ ღმერთმა უამრავი შთთამომავლობა, შვილიშვილები და შვილთაშვილები. ანა ანდრეევნა! (ხელზე ჰკოცნის ანა ანდრეევნას). მარია ანტონოვნა! (ხელზე ჰკოცნის მარია ანტონოვნას).


გამოსვლა IV

იგინივე, კოროკოვი ცოლით და ლულუკოვი.

კორობკინი.  მაქვს პატივი მივულოცო ანტონ ანტონოვიჩს. ანა ანდრეევნა! (ჰკოცნის ხელზე). მარია ანტონოვნა! (ჰკოცნის ხელზე).
კორობკინის ცოლი.  სულითა და გულით გილოცავთ ანა ანდრევნა, ახალ ბედნიერებას.
ლულუკოვი.  მაქვს პატივი, მოგილოცოთ ანა ანდრევნა! (ხელზე ჰკოცნის, მერე ხალხისკენ მიბრუნდება და მოწონების ნიშნად ენას გააწკლაპუნებს.) მარია ანტონოვნა! მაქვს პატივი მოგილოცოთ! (ხელზე ჰკოცნის და მერე ხალხს მიუბრუნდება იგივე მოწონების წკლაპუნით).


გამოსვლა V

იგინივე და მრავალი სტუმარი, სერთუკებსა და ფრაკებში გამოწყობილნი. ჯერ ანა ანდრეევნას ჰკოცნიან ხელზე და თან დასძენენ: «ანა ანდრეევნა!», შემდეგ მარია ანტონოვნას და თან დასძენენ «მარია ანტონოვნა!» ბობჩინსკი და დობჩინსკი ძლივს გამოაღწევენ სტუმრებში.

ბობჩინსკი.  მაქვს პატივი მოგილოცოთ!
დობჩინსკი.  ანტონ ანტონოვიჩ! მაქვს პატივი მოგილოცოთ!
ბობჩინსკი.  გილოცავთ კეთილ ამბავს!
დობჩინსკი.  ანა ანდრეევნა!
ბობჩინსკი.  ანა ანდრეევნა!
(ორივე ერთსადა იმავე დროს მიუახლოვდება და შუბლით ეჯახებიან ერთმანეთს).
დობჩინსკი.  მარია ანტონოვნა! (ჰკოცნის ხელზე). მაქვს პატივი მოგილოცოთ, დიდზე დიდ ბედნიერებაში იქნებით, ოქროს სამოსელში ივლით, ნაირ-ნაირ დელიკატურ წვნიანს მიირთმევთ, ძალიან, ძალიან მხიარულ დროს ტარებაში იქნებით.
ბობჩინსკი.  (აწყვეტინებს). მარია ანტონოვნა! მაქვს პატივი მოგილოცოთ! ღმერთმა მოგცეთ ყოველგვარი სიკეთე და სიმდიდრე, ოქროს ფულები და ვაჟიშვილიც, დიახ, აი ეგეთი პაწაწა, აი ამხელა! (ხელით უჩვენებს), რომ კაცმა ხელისგულზე დასვას, დიახ, იმან კი «აღუ! აღუ!» იძახოს!
  

გამოსვლა  VI

კიდევ რამდენიმე სტუმარი, ლუკა ლუკიჩი ცოლით.

ლუკა ლუკიჩი.  მაქვს პატივი...
ლუკა ლუკიჩის ცოლი.  (გარბის წინ). მომილოცნია, ანა ანდრეევნა! (ჰკოცნიან ერთმანეთს.) მე კი, ღმერთმანი, ისე გამეხარდა, ისე! მეუბნებიან: «ანა ანდრეევნა ქალს ათხოვებსო». «ოჰ, ღმერთო ჩემო! – ვფიქრობ გულში და ისე მიხარია, რომ ქმარსაც ეუბნები: – გამიგონე, ლუკანჩიკ, აი რა ბედი ქწია-მეთქი ანა ანდრეევნას!» ვფიქრობ: «მადლობა ღმერთს!» და ქმარსაც ვეუბნები: «ისე აღტაცებული ვარ, რომ ვეღარ ვითმენ, პირადად უნდა მივულოცო-მეთქი ანა ანდრეევნას»... «ოჰ, ღმერთო ჩემო, – ვფიქრობ გულში, – ანა ანდრეევნა სწორედ კარგ საქმროს ელოდა თავისი ქალისათვის და აი ბედმა კიდეც გაუჭრა: სწორედ ისე მოხდა, როგორც მას სურდა-მეთქი», ისე გამეხარდა, ღმერთმანი, რომ ლაპარაკი არ შემეძლო. ვტირი და ვტირი, პირდაპირ ვქვითინებ. ლუკა ლუკიჩი მეუბნება: «რა გატირებს ნასტენკა!» ვეუბნები: «ლუკანჩიკ, მე თვითონ არ ვიცი, ცრემლები ღაპაღუპით კი მომდის და მომდის-მეთქი».
გოროდნიჩი.  უმორჩილესად გთხოვთ დაბრძანდეთ, ბატონებო! ეი, მიშკა, ბლომად მოიტანე სკამები. (სტუმრები დასხდებიან).


გამოსვლა VII

იგინივე, უბნის ბოქაული და პოლიციელები.
 
ბოქაული.  მაქვს პატივი მოგილოცოთ, თქვენო მაღალკეთილშობილებავ, და გისურვოთ კეთილდღეობა მრავალსა და მრავალ წელს!
გოროდნიჩი.  გმადლობთ, გმადლობთ! გთხოვთ დაბრძანდეთ, ბატონებო!
(სტუმრები დასხდებიან).
ამოს ფედოროვიჩი.  ერთი გვიბრძანეთ, ანტონ ანტონოვიჩ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, თანდათან როგორ განვითარდა საქმე?
გოროდნიჩი.  განსაკუთრებულად მოხდა ყოველივე: ინება და თვითონ პირადად გვთხოვა ქალის ხელი.
ანა ანდრეევნა.  იშვიათი პატივისცემითა და თავაზიანობით. ყველაფერი გასაოცარი ლაზათითა თქვა. მეო, ანა ანდრეევნა, მხოლოდ თქვენი ღირსების პატივისცემითა და ხათრითო... მერე რა მშვენიერი, რა ზრდილი ყმაწვილი კაცია, კეთილშობილი ზნე-ხასიათისა. მერწმუნეთ, ანა ანდრეევნა, სიცოცხლე გროშკაპიკად არ მიღირსო... მე მხოლოდ იმიტომაო, რომ ვაფასებ თქენს იშვიათ თვისებებსაო.
მარია ანტონოვნა.  ოჰ, დედიკო! ამას ხომ მე მეუბნებოდა...
ანა ანდრეევნა.  გაჩუმდი, შენ არაფერი არ იცი და რაც შენი საქმე არ არის, ნუ ერევი. – მეო, ანა ანდრეევნა, გაოცებული ვარო. ჰოდა, იმისთანა ქების სიტყვები დააფრქვია... ის იყო უნდა მეთქვა, ჩვენ არასგზით არ მოველოდით-მეთქი ამისთანა მაღალ პატივს, რომ უეცრივ მუხლებზე დაეცა და უაღრესად კეთილშობილი კილოთი თქვა: ანა ანდრეევნა! ნუ გამხდით უუბედურეს კაცადო! დათანხმდით და თანაუგრძნეთ ჩემს გრძნობებს, თორემ სიკვდილით დავასრულებ ჩემს სიცოცხლესო.
მარია ანტონოვნა.  დედიკო, ამას ხომ ჩემზე ამბობდა.
ანა ანდრეევნა.  რა თქმა უნდა, შენზედაც, განა მე უარვყოფ ამას?
გოროდნიჩი.  წარმოიდგინეთ, შეგვაშინა კიდეც: თავს მოვიკლავო! – გაიძახოდა, – თავს მოვიკლავ, ტყვიას დავიხლიო!
ხმები.  რასა ბრძანებთ!
ამოს ფედოროვიჩი.  როგორი ამბავია და...
ლუკა ლუკიჩი.  მართალი ნათქვამია: ყველაფერი ბედზე ჰკიდიაო.
არტემი ფილიპოვიჩი.  ბედი რა შუაშია, გეთაყვა! ბედი ინდაურია! დამახურებამ მიანიჭა ეგ ყველაფერი. (თავისთვის.) ამისთანა ღორს ეწევა ხოლმე ბედი!
ამოს ფედოროვიჩი.  ანტონ ანტონოვიჩ, რაც იყოს იყოს და მოგყიდით იმ ძაღლს, თქვენ რომ მევაჭრებოდით...
გოროდნიჩი.  არა, ახლა რა მეძაღლება!
ამოს ფედოროვიჩი.  თუ არა გნებავთ, მეორე ძაღლზე მოვრიგდეთ.
კორობკნის ცოლი.  ოჰ, ანა ანდრეევნა, როგორ მიხარია თქვენი ბედნიერება! თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ.
კორობკნი.  ნება მიბოძეთ გკითხოთ, ამჟამად სად იმყოფება სახელოვანი სტუმარი? ყური მოვკარი, რაღაც საქმეებზე გამგზავრებულაო.
გოროდნიჩი.  დიახ, ერთი დღით გაემგზავრა, ფრიად საჭირო საქმეზე
ანა ანდრეევნა.  თავის ბიძასთან წაბრძანდა, ლოცვა-კურთხევის გამოსათხოვრად.
გოროდნიჩი.  ლოცვა-კურთხევის გამოსათხოვრად... მაგრამ ხვალვე... (დააცემინებს. დალოცვები საერთო გუგუნად იქცევა). დიდად გმადლობთ, მაგრამ ხვალვე უკან მობრძანდება... (დააცემინებს. დალოცვის გუგუნი. საერთო ხმაურში უფრო გარკვევით ისმის ხმები):
ბოქაულისა.  ჯანმრთელობას გისურვებთ, თქვენო მაღალკეთილშობილებავ!
ბობჩინსკისა.  ასი წლის სიცოცხლე და ტომსიკა ოქროს თუმნიანებისა!
დობჩინსკისა.  ღმერთმა გაგაძლიეროთ უკუნითი უკუნისამდე!
არტემი ფილიპოიჩისა. მიწაც გაგისკდეს!
კორობკინის ცოლისა.  ჯანდაბას შენი თავი!
გოროდნიჩი.  უმდაბლესად გმადლობთ! თქვენც მაგასვე გისურვებთ.
ანა ანდრეევნა.  ჩვნ ახლა პეტერბურგში ვაპირებთ ცხოვრებას. აქ, გამოგიტყდებით და, ჰაერი... მეტისმეტად სოფლურია... გულახდილად გეტყვით, ძალიან უსიამოვნოა... აი ჩემი მეუღლეც... იქ გენერლის ჩინს მიიღებს.
გოროდნიჩი.  დიახ, ბატონებო, გამოგიტყდებით და ძლიერ მინდა გენერლობა.
ლუკა ლუკიჩი.  ღმერთმაც ქნას, მიიღოთ!
რასტაკოვსკი.  კაცი ვერ გაახერხებს, თორემ ღმერთის გაუხერხებელი რა არის?
ამოს ფედოროვიჩი.  დიდ ხომალდს – დიდი წყალიო.
არტემი ფილიპოვიჩი.  დამსახურების კვალობაზეა პატივიც.
ამოს ფედოროვიჩი.  (განზე). მართლაცდა ოინი არ იქნება, თუ გენერლობა გაიკრა! ისე შეეფერება მაგას გენერლობა, როგორც ვირს კრიალოსანი! არა, ჯერ შორს ხარ მაგაზე. აქ შენზე უკეთესებიც არიან, მაგრამ აქამდის ვერ გაგენერლებულან.
არტემი ფილიპოვიჩი.  (განზე). დალახვროს ღმერთმა! უყურე, გენერლობასაც ეპოტინება. ვინ იცის, იქნებ კიდეც გაგენერალდეს. მედიდურობა ხომ მაგ გაიძვერას საკმაო აქვს. (მიუბრუნდება მას). მაშინ, ანტონ ანტონოვიჩ, ჩვენც ნუ დაგვივიწყებთ.
ამოს ფედოროვიჩი.  თუ, ვინიცობაა, რაიმე დაგვჭირდა, თქვენს მფარველობას ნუ მოგვაკლებთ!
კორობკინი.  საგაისოდ ჩემი ვაჟი უნა წავიყვანო სატახტო ქალაქში სახელმწიფო სამსახურში. მაშინ მოიღეთ მოწყალებს და ნუ მოაკლებთ თქვენს პროტექციას. მამობა გაუწიეთ ჩემს ყმაწვილს.
გოროდნიჩი.  ჩემი მხრივ მზად ვარ გემსახუროთ.
ანა ანდრეევნა.  ასე იცი ხოლმე, ანტოშა, მუდამ უნდა შეჰპირდე კაცს! უწინარეს ყოვლისა, დროც არ გექნება მაგეებზე იფიქრო, ან რატომ უნდა შეიწუხო თავი მაგისთანა შეპირებებით?
გოროდნიჩი.  რათა, ჩემო სულიკო? ხანდახან შეიძლება.
ანა ანდრეევნა.  შეიძლება, მაგრამ ყველა წვრილფეხას ხომ არ გაუწევ მფარველობას!
კორობკინის ცოლი.  ხომ გაიგეთ, როგორ მოგვნათლა?
სტუმარი ქალი. ეგეთი იყო ყოველთვის, მე მაგას კარგად ვიცნობ: უნახავმა რა ნახაო...


გამოსვლა  VIII

იგინივე და ფოსტმეისტერი
(საჩქაროდ შემოდის გახსნილი ბარათით).

ფოსტმეისტერი.  საოცარი ამბავია, ბატონებო! ჩინოვნიკი, ჩვენ რომ რევიზორი გვეგონა, სულაც არ ყოფილა რევიზორი.
ყველანი.  როგორ თუ რევიზორი არ ყოფილა?
ფოსტმეისტერი.  წერილიდან გავიგე, რომ სრულიადაც არ ყოფილა რევიზორი...
გოროდნიჩი.  რას ამბობთ რასა, რომელი წერილიდან?
ფოსტმეისტერი.  მისივე საკუთარი წერილიდან, ფოსტაში რომ მოიტანეს. დავხედე მისამართს – «ფოსტამტის ქუჩაო». გავშეშდი კაცი. «ჰე-ჰე, – ვიფიქრე, – უეჭველია, ჩემს საფოსტო უწყებაში რაღაც უწესრიგობა აღმოაჩინა და ახლა მთავრობას ატყობინებს-მეთქი». ავდექი და გავხსენი.
გოროდნიჩი.  მერე როგორ გაბედეთ?
ფოსტმეისტერი.  თვითონაც არ ვიცი; რაღაც არაბუნებრივმა ძალამ მაიძულა. უკვე შიკრიკსაც დავუძახე, წერილი რომ ესტაფეტით გამეგზავნა, მაგრამ ისეთმა ცნობისმოყვარეობამ შემიპყრო, მსგავსი არ განმიცდია. ვგრძნობ, არ შემიძლია და არა! ცნობისმოყვარეობით სული მიმდის. ერთ ყურში ვიღაც ჩამძახის: «ნუ გახსნი წერილს, თორემ დაიღუპებიო».მეორე ყურში კი თითქოს ეშმაკი ჩამჩურჩულებს: «გახსენი, გახსენი, გახსენიო!»ლუქი რომ მოვგლიჯე, ძარღვებში ცეცხლმა დამირბინა, მაგრამ რომ გავხსენი, სისხლი გამეყინა. ღმერთმანი, გამეყინა, ხელებიც ამიკანკალდა და გონებაც დამიბნელდა.
გოროდნიჩი.  როგორ გაბედეთ გაგეხსნათ ასეთი რწმუნებული პირის წერილი?
ფოსტმეისტერი.  საქმეც ის არის, რომ არც რწმუნებულია და არც დიდი ვინმე!
გოროდნიჩი.  მაშ ვინღაა თქვენი აზრით?
ფოსტმეისტერი.  არარა და არაფერი, ეშმაკამა იცის ვინ არის!
გოროდნიჩი.  (გაბრაზებით). როგორ თუ არარა და არაფერი? როგორ ბედავთ არარა და არაფერი უწოდოთ და, ეშმაკმა იცის, ვინ არისო, ზედ დაუმატოთ? ახლავე დაგაპატიმრებთ...
ფოსტმეისტერი.  ვინა? თქვენ?
გოროდნიჩი.  დიახ, მე!
ფოსტმეისტერი.  ხელი არ მიგიწვდებათ...
გოროდნიჩი.  იცით კია, რომ ჩემს ქალს თხოულობს, რომ თვითონაც დიდი კაცი შევიქნები და შემეძლება ციმბირში ამოგაყოფინოთ თავი?
ფოსტმეისტერი.  ეჰ, ანტონ ანტონოვიჩ! ციმბირი რაა? ციმბირი შორსაა. ისა სჯობია წერილი წაგიკითხოთ.
ყველანი.  წაიკითხეთ, წაიკითხეთ!
ფოსტმეისტერი.  (კითხულობს) «ვესწრაფი გაუწყო, ჩემო სულიკო ტრიაპიჩკინ, რა სასწაულები გადამხდა თავს. გზაში სულერთიანად გამფცქვნა ქვეითი ჯარის კაპიტანმა, ასე რომ სასტუმროს პატრონი უკვე საპატიმროში მიპირებდა დამწყვდევას. სწორედ ამ დროს, ჩემი პეტერბურგული ფიზიონომიისა და კოსტუმის წყალობით, მთელმა ქალაქმა გენერალ-გუბერნატორად შემიცნო. ახლა გოროდნიჩისთან ვცხოვრობ, ვარშიყობ, ვეკურკურები იმის ცოლსა და ქალიშვილს, ოღონდ ჯერ ვერ გადამიწყვეტია, რომლიდან დავიწყო. ვფიქრობ, დედიდან სჯობს დაწყება, ვინაიდან, ეტყობა, არაფერზე უარს არ იტყვის. გახსოვს, მე და შენ როგორ გვიჭირდა, სადილსაც რომ მუქთად მივირთმევდით და ერთხელ რომ მეკონდიტრემ კისერში ხელი წამავლო ღვეზელების გულისათვის, რაიც ინგლისის მეფის ხარჯზე გიახელით? ახლა სულ სხვანაირად მოეწყო ჩემი საქმე. ფულს ყველა მაძლევს სესხად, რამდენიც მომესურვება. მეტისმეტად თავისებური ხალხია: პირდაპირ სიცილით მოკვდები. ვიცი, შენ გაზეთში წერილებს წერ ხოლმე, ჰოდა, ბარემ ეგენიც გამოჭიმე შენს ლიტერატურაში. პირველ ყოვლისა გოროდნიჩი – სისვი ლაფშასავით ჩერჩეტია».
გოროდნიჩი. შეუძლებელია!  ეგ რა წერია მანდ.
ფოსტმეისტერი.  (უჩვენებს წერილს). თვითონ წაიკითხეთ!
გოროდნიჩი.  (კითხულობს). «სისვი ლაფშასავით...» შეუძლებელია! ეგ თქვენი ჩაწერილია...
ფოსტმეისტერი.  აბა მე როგორ ჩავწერდი?
არტემი ფილიპოვიჩი.  წაიკითხეთ!
ლუკა ლუკიჩი.  წაიკითხეთ!
ფოსტმეისტერი.  (განაგრძობს კითხვას). «გოროდნიჩი სისვი ლაფშასავით ჩერჩეტია...»
გოროდნიჩი.  აი ეშმაკს თქვენი თავი! კიდეც რომ იმეორებს! თითქოსდა უამისოდაც არ ეწეროს.
ფოსტმეისტერი.  (კითხულობს). ჰმ... ჰმ... ჰმ... «სისვი ლაფშასავით»... ფოსტმეისტერიც კეთილი კაცია»... (კითხვას თავს ანებებს.) აქ მეც უზრდელად მიხსენიბს.
გოროდნჩი.  არა, წაიკითხეთ!
ფოსტმეისტერი.  აბა რა საჭიროა?
გოროდნიჩი.  დალახვროს ღმერთმა, თუ წაკითხვაა, ბარემ წაიკითხეთ! ყველაფერი წაიკითხეთ!
არტემი ფილიპოვიჩი.  მოითმინეთ, მე წავიკითხავ. (იკეთებს სათვალეს და კითხულობს). «ფოსტმეისტერი პირწავარდნილი დეპარტამენტის დარაჯი მიხეევია. ალბათ ეგ ოხერიც არაყსა ხუხავს».
ფოსტმეისტერი.  (ხალხისკენ). თავგასული ბიჭია და მეტი არაფერი. ვაჰ, რა მადლია მაგისთვის გაწკეპვლა!
არტემი ფილიპოვიჩი.  (განაგრძობს კითხვას.) «საღვთო-სამადლო დაწესებულებათა მზრუნველ... ი... ი... ი... (ენა ებმის).
კორობკინი.  მე მიბოძეთ, მე უფრო მიჭრის თვალი. (უნდა გამოართვას წერილი).
არტემი ფილიპოვიჩი.  (არ აძლევს წერილს.) არა, ეს ადგილი შეიძლება გამოვტოვოთ, დანაჩენი გარკვევითაა დაწერილი.
კორობკინი.  გვიბოძეთ, ეს მე ვიცი.
არტემი ფილიპოვიჩი.  წაკითხვით მეც წავიკითხავ: მერწმუნეთ, მერე სულ გარკვეული ხელია...
ფოსტმეისტერი.  არა, სულ წაიკითხეთ! მანამდე ხომ წაკითხულია.
ყველანი.  მიეცით, არტემი ფილიპოვიჩ, მიეცით წერილი! (კორობკინს.) წაიკითხეთ.
არტემი ფილიპოვიჩი.  ახლავე, (აძლევს წერილს.) აი, მოითმინეთ... (თითს აფარებს.) აი აქედან წაიკითხეთ. (ყველანი შეუტევენ).
ფოსტმეისტერი.  წაიკითხეთ, სულ წაიკითხეთ! ნუ მიჰქარავთ, სულ წაიკითხეთ.
კორობკინი.  «საღვთო-სამადლო დაწესებულებათა მზრუნველი ზემლიანიკა პირწავარდნილი არახჩინიანი ღორია».
არტემი ფილიპოვიჩი.  (ხალხისაკენ). ვერაფერი ენამახვილობაა! არახჩინიანი ღორი! სად გაგონილა არახჩინიანი ღორი?
კორობკინი.  (განაგრძობს კითხვას). «სასწავლებელთა ზედამხედველი მთლად ხახვითაა აყროლებული».
ლუკა ლუკიჩი.  (ხალხისკენ) ღმერთმანი, თავის დღეში არ გავკარებივარ ხახვს.
ამოს ფედოროვიჩი.  (განზე). მადლობა ღმერთს, ჩემზე მაინც არაფერია!
კორობკინი.  (კითხულობს.) «მოსამართლე...»
ამოს ფედოროვიჩი.  ერიჰაა! (ხმამაღლა) ბატონებო, მე მგონი, წერილი მეტისმეტად გრძელია, ან რა ეშმაკად გვინდა... განა ღირს მაგისთანა უწმაწური რამის წაკითხვა.
ლუკა ლუკიჩი.  არა!
ფოსტმეისტერი.  არა, წაიკითხეთ!
არტემი ფილიპოვიჩი.  არა, ინებეთ და წაიკითხეთ!
კორობკინი.  (განაგრძობს) «მოსამართლე ლიაპკინ-ტიაპკინი დიდზე დიდი მოვეტონია... (ჩერდება) ალბათ ფრანგული სიტყვაა.
ამოს ფედოროვიჩი.  ეშმაკმა იცის, რას ნიშნავს! კარგია, თუ მხოლოდ «გაიძვერას» ნიშნავს, იქნებ უარესიც იყოს.
კორობკინი. (განაგრძობს კითხვას) «საერთოდ კი სტუმართმოყვარე და გულკეთილი ხალხია. მშვიდობით, ჩემო ტრიაპიჩკინ, მეც შენს მაგალითს უნდა მივბაძო და ლიტერატურას მივყო ხელი. მომწყინდა, ძმაო, ასე ცხოვრება. ბოლოს და ბოლოს სულიერი საზრდოც საჭიროა. ვხედავ, რომ მართლაც რაღაც ამაღლებულ რასმე უნდა მოვკიდო ხელი. მომწერე სარატოვის გუბერნიაში, სოფელ პოდკატილოვკაში (გადააბრუნებს ბარათს და კითხულობს მისამართს): მის მაღალკეთილშობილებას უფალ ივან ვასილიევიჩ ტრიაპიჩკინს, სანკტ-პეტერბურგში, ფოსტამტის ქ. სახლი #97, ეზოდან მესამე სართულზე, მარჯვნივ».
ერთი სტუმარი ქალი.  რა მოულოდნელი რეპრიმანდია.
გოროდნიჩი.  აი ახლა კი მართლაც გამომჭრა ყელი! მომკლა, გამათავა კაცი! ვერაფერს ვხედავ, სახეების მაგიერ თვალწინ სულ ღორის დინგები მიტრიალებს, სხვა არაფერი... დააბრუნეთ, ახლავე დააბრუნეთ! (ხელებს აქნევს.)
ფოსტმეისტერი.  სად დააბრუნებ! თითქოს ჯბრზე, ზედამხედველს ვუბრძანე საუკეთესო ტროიკა მიეცათ, რაღაც ეშმაკად მიწერილობაც წინდაწინ მივართვი.
კორობკინის ცოლი.  აი მართლაცდა ამბავი, აი მართლაცდა უმაგალითო თავის მოჭრა.
ამოს ფედოროვიჩი.  ეს ყველა კარგი, ბატონებო, მაგრამ სესხად რომ სამასი მანეთი გამომართვა?!
არტემი ფილიპოვიჩი.  მეც სამასი მანეთი გამომართვა.
ფოსტმეისტერი.  (ოხვრით). ოჰ, მეც სამასი მანეთი.
ბობჩინსკი.  მე და პეტრ ივანიჩს კი სამოცდახუთი ასიგნაციებით, დიახ.
ამოს ფედოროვიჩი.  (დაბნევით შლის ხელებს). ეს როგორ მოხდა, ბატონებო? მართლაცდა როგორ მოგვივიდა ეს?
გოროდნიჩი.  (ირტყამს ხელს შუბლზე). არა, მე, მე როგორ მომივიდა ეს?! გამოთაყვანდი, შე სულელო ბატო! ოცდაათი წელიწადი სამსახურში ვარ და ვერც ერთმა ვაჭარმა, ვერც ერთმა მოიჯარადრემ ვერ შეძლო ჩემი მოტყუება, არამზადების უსტაბაშებს ვატყუებდი, ისეთ თაღლითებსა და ჯიბგირებსაც კი მახეში ვაბამდი, რომელნიც მზად არიან, მთელი ქვეყანა გაძარცვონ... სამი გუბერნატორი მომიტყუებია! გუბერნატორი რაა! (ხელს გაიქნევს). გუბერნატორი რა სახსენებელია.
ანა ანდრეევნა.  არა, ეგ შეუძლებელია, ანტოშა: მან ხომ მაშენკა დანიშნა.
გოროდნიჩი.  (გაბრაზებული). დანიშნა! ბრანწი არ გინდა? ეგ იქნება შენი დანიშვნა! რა თვალში მჩხირავ ამ დანიშვნას! (ლამის გაგიჟდეს სიბრაზისაგან). აი უყურეთ, მთელო ქვეყანავ, მთელო საქრისტიანოვ, ყველამ უყურეთ, როგორ გააპამპულეს გოროდნიჩი! კიკო მიართვით, კიკო, ამ ბებერ არამზადას! (თავის თავს უღერებს მუშტს). ჰაი, შე დიდცხვირავ! ვიღაც ძუძუმწოვარა, ვიღაც ჩვარი დიდკაცად მიიჩნიე! აი ახლა მიქრის შარაგზაზე ეჟვნების ჟღარუნით! მთელ ქვეყანას მოსდებს ამ ამბავს! ამასაც არ გაკმარებენ, ყველას სასაცილო გახდები – გამოჩნდება ვინმე კალმოსანი, ვიღაც მჯღაბნელი და კომედიაში გამოგჭიმავს. აი რა არის საწყენი! არც ჩინსა და არც წოდებას შენსას არ მოერიდება, ყველანი დაიწყებენ შენზე ღრეჭას და რაშისცემას. რა გაცინებთ? თქვენს თავს დასცინით! ვაჰ, თქვენს თავს! (ბრაზმორეული აბრახუნებს ფეხებს). მე რომ ვიყო, ყველა ამ მჯღაბნელს... ოი, თქვე კალმოსნებო, წყეულო ლიბერალებო! თქვე ეშმაკის მოდგმავ! ყველას ერთად შეგკრავდით, ყველას დაგფქვავდით და ქაჯის სარჩულში ამოგდებდით! მის ქუდში ჩაგტენიდით! (მუშტს აჩვენებს და იატაკზე ქუსლებს აბრახუნებს. მცირე სიჩუმის შემდეგ) აქამდის გონს ვერ მოვსულვარ. მართლაცდა, თუ ღმერთს კაცის დასჯა სურს, ჯერ გონებას წაართმევს. არა, რევიზორისა რა ეცხო იმ ჩიტირეკიას? არაფერი! ფრჩხილისოდენა მსგავსებაც არ იყო! ყველამ ერთბაშად კი დაიჩემა: რევიზორი, რევიზორიო! აბა ვინ თქვა პირველად რევიზორიო? მიპასუხეთ!
არტემი ფილიპოვიჩი.  (ხელების გაშლით). როგორ მოხდა ეს ყველაფერი, თუნდა მომკალით, ვერ ამიხსნია. თითქოს თვალზე ბისტი გადაგვეკრა, თითქოს ეშმაკმა აგვირია გზა-კვალი.
ამოს ფედოროვიჩი.  ვინა და აი ამ ვაჟბატონებმა ბრძანეს! (უჩვენებს ბობჩინსკისა და დობჩინსკიზე).
ბობჩინსკი.  უფლის მადლმა, მე არა... არც მიფიქრია.
დობჩინსკი. მე არაფერი, სრულებით არაფერი!
არტემი ფილიპოვიჩი.  რა თქმა უნდა, თქვენ!
ლუკა ლუკიჩი.  ცხადია, თქვენ! დამთხვეულებივით მოცვივდით ტრაქტირიდან: ჩამოვიდა და ფულსაც არ იხდისო... ნახეს რაღა წითელი კოჭი!
გოროდნიჩი.  რასაკვირველია, თქვენ! ქალაქის ჭორიკნებო! წყეულო ცრუპენტელებო!
არტემი ფილიპოვიჩი.  აი ეშმაკმა კი წაგიღოთ თქვენი რევიზორითა და ნაამბობით!
გოროდნიჩი.  დაძრწიხართ ქალაქში და ყველას გზა-კვალს ურევთ, წყეულო ჭრიჭინებო! ყველგან ჭორებს სთესავთ, თქვე კუდმოკლე კაჭკაჭებო!
ამოს ფედოროვიჩი.  წყეულო წვინტლიანებო!
ლუკა ლუკიჩი.  ჭკუის კოლოფებო!
არტემი ფილიპოვიჩი.  ღიპიანო ჯუჯებო! (ყველანი შემოეხვევიან.)
ბობჩინსკი.  ღმერთმანი,მე კი არა, პეტრ ივანოვიჩმა თქვა.
დობჩინსკი.  ჰე, არა, პეტრ ივანოვიჩ, თქვენ ხომ პირველმა...
ბობჩინსკი.  აბა კი, ვერ მოგართვით. პირველი სწორედ რომ თქვენ იყავით.

უკანასკნელი გამოსვლა

იგინივე და ჟანდარმი.

ჟანდარმი.  უმაღლესი ბრძანებით პეტერბურგიდან ჩამოსული ჩინოვნიკი დაუყოვნებლივ თავისთან გიხმობთ ყველას. იგი სასტუმროში ჩამოხტა.
წარმოთქმული სიტყვები ყველას მეხივით დასცემს თავზარს. გაოცების ამოკვნესა ქალებს ერთსა და იმავე დროს აღმოხდებათ. მთელი ჯგუფი, რომელმაც უცებ შეიცვალა მდგომარეობა, გაქვავდება.


მუნჯური სცენა


გოროდნიჩი შუა სცენაზეა ბოძივით გაშეშებული. ხელები გაუშლია და თავი უკან აქვს გადახრილი. მარჯვნივ ცოლი და ქალიშვილი უდგას. მთელი სხეულით მისკენ მიისწრაფვიან; მათ უკან დგას კითხვის ნიშნად გადაქცეული ფოსტმეისტერი, მაყურებლებისაკენ მობრუნებული. მის უკან – ლუკა ლუკიჩი, სრულიად გულწრფელად დაბნეული. მას შემდეგ, სცენის განაპირას, სამი სტუმარი ქალია ერთმანეთზე მიყრდნობილი, სახის მეტად დამცინავი გამომეტყველებით; ეტყობა, ეს დაცინვა მიმართულია გოროდნიჩის ოჯახისადმი. გოროდნიჩის მარცხენა მხარეს ზემლიანიკა დგას, თავი ოდნავ გვერდზე გადაუხრია, თითქოს რაღაცას აყურადებსო. მის უკან მოსამართლეა, რომელსაც ხელის თითები გაუფარჩხავს, თითქმის მიწამდის ჩამჯდარა და ტუჩები ისე აქვს აპრუწული, თითქოს ეს-ეს არის უნდა დაუსტვინოს ან წარმოთქვას: «აი, სეირი თუ გინდა, ეს არისო». მის უკან კორობკინია, რომელიც მაყურებელს ოდნავ თვალმოხუჭული შეჰყურებს. სახეზე გოროდნიჩის მისამართით მწარე დაცინვა ეხატება. კორობკინის შემდეგ, სცენის განაპირას დგანან ბობჩინსკი და დობჩინსკი, რომელნიც ხელებგაწვდილი ერთმანეთისკენ მიისწრაფვიან, პირი დაღებული აქვთ და თვალები დაჭყეტილი... დანარჩენი სტუმრები ბოძებივით უძრავად დგანან. თითქმის წუთნახევარი მთელი ჯგუფი ამ მდგომარეობაშია გაქვავებული.

ფ ა რ დ ა