Litclub.ge

მინორი და მაჟორი (ეტიუდი)
ეძღვნება მათ, გარე მიწის შინაურ ფოთლებს.

ჟღერენ ბემოლები...
სტვენენ დიეზები...

სკამს ეტმასნება ვიღაც ლოთი პიანისტი. ესაუბრება ფორტეს, პიანოს არწევს როგორც აკვანს. გულებს წითლად უძღვნის ეტიუდს. ხეების რწევას ყურს აძლევს, ეკარგება სიმების მჟღერი ბგერები. ახმაურდნენ გარე მიწაზე წარსულის ქარით გატანილი ფოთლები. პიანისტი მომავლიდან თითებით მისწვდა მათ. იწვის და იღვენთება პიანო, როგორც წარსულში ანთებული ხსოვნის სანთელი.
ალმოდებულ როიალს პიანისტი ამინორებს...
ჩაქრა როიალი.
პიანისტი ამაჟორებს!
ის წავიდა... არავინაა როიალთან. ხეებმა მოჭიმეს სიმები, მზემ ჩამოჰკრა სხივები. აჩხრიალდა ალაზანი, ჯიხვებმა კლდეებს ურტყეს რქები, აეწყო ხმები და წარსულს ამოფარებულმა პიანისტმა ეტიუდს უწოდა: მამლუქები.

ჯერ კიდევ დირიჟორობს საქართველო!


25 აპრილი 2010 წელი