Litclub.ge

სამყაროს კუთხე
ღრმა საიდუმლოს ვიღაცა ყრუდ ჰხვევს,
აქვს ყველა სულდგმულს რაღაც მისია,
სამყაროს ერთი პატარა კუთხე
ჩემი მგზავრობის დასაწყისია.
ყოველი ხმა თუ მცირედი ჩქამი
წამოშლის სულში კითხვებს ზვიადებს,
ყოფიერების ყოველი წამი
რაღაც დაფარულს აყურიადებს.
უცნობ აღთქმათა გამომსახველი
ეფინებიან ფერები ტილოს,
ყოველი ბიჯი და შესახვევი
რაღაც დიადის ამოხსნას ცდილობს.
არის ხედები, ტკბილად სახილი
და განუწყვეტი ძიება ახლის,
ქარის ყოველი შემოძახილი
ჯერ არმოსმენილ მუსიკას მახლის.
ყოველი ფიქრი გამიხსნის კარებს
შორ, გასაოცარ საღამოისას,
სამყაროს ერთი პატარა მხარე
ყველა დანარჩენ ცასაც მოიცავს.