Litclub.ge

მიყვარხარ
მიყვარხარ, როცა ბუნება
უკიდეგანოდ მაისობს,
მიყვარხარ შემოდგომაზეც,
მზეს რომ ატყვია ნაღველი,
მიყვარხარ, როცა მოვიწყენ,
მიყვარხარ, როცა ვხალისობ,
მიყვარხარ, როცა დამცდება
შენი ძვირფასი სახელი.
მიყვარხარ, როცა ვფუსფუსებ,
მიყვარხარ, როცა მცალია,
მიყვარხარ, როცა მეგობრებს
სიხარულს დავესესხები,
მიყვარხარ, როცა ულექსო
დღეებს განვიცდი ძალიან,
მიყვარხარ, როცა ცვივიან
დაუწერელი ლექსები.
მიყვარხარ ჩუმად, ხმამაღლა,
რწმენით და ცრუ იმედებით,
მიყვარხარ, როცა მივიწყებ,
მიყვარხარ თუ გახსენდები,
მიყვარხარ, როცა მწყალობენ,
ან მღალატობენ ღმერთები,
მიყვარდი, როცა ვყვაოდი...
მიყვარხარ, როცა... ვბერდები!