Litclub.ge

სავსე მთვარიდან სავსე მთვარემდე
როცა პოლარული ვარსკვლავი გამოჩნდება
და შენი ქმარი გავა სახლიდან სანადიროდ,
მაშინ გადმოვალ.

შენ კი დამხვდები სანთლით ხელში კართან უკანა,
ქარი ჩაგიქრობს ხელში სანთელს, ალბათ თვალებშიც,
მოვალ შენამდე გულისცემით, ცივი ვულკანი,
შენ მომეხვევი დასველებულს, წვიმით გალეშილს.

მეტყვი, რომ უკვე აღარ ძალგიძს მეტის ატანა,
რომ ყველაფერი უაზროა ვერ ძლებ უჩემოდ,
ნერვებმოშლილი მუხლებს შორის კაბას ჩატენი
და თვალებიდან მლაშე წვეთებს მოკლავ ტუჩებით.

და როცა გარეთ მთვარე ავა უკვე ზენიტში,
როცა მიჯნური მგლის ყმუილი წაიღებს სოფელს.
შეშინებული მომეკვრები.

მთელი ცხოვრების დაგროვებულ ვნებას აღვიძებ
და მიწილადებ სხეულიდან სითბოს, მოწოლილს,
მარჯვენა ხელის ორი თითით შეგხსნი საკინძეს,
ხელებს გავითბობ შენს სხეულზე, როგორც კოცონზე.

მერე მკლავებზე ერთმანეთის ჩქმეტით - უხეში,
ერთად არ ყოფნის (ერთჯერადად) ვიკლავთ სიბრაზეს,
მიგეძინება ჩემი გულის მყუდრო ბუდეში,
მე კი გიყურებ, მაცინებენ შენი სიზმრები.

უკვე თენდება, მთვარე ალბათ სხვაგან გადადის,
მე კი მივდივარ, კვლავ შევხდებით სავსე მთვარეზე -
სავსე მთვარიდან.