Litclub.ge

დიალოგი მონტელოს ველზე
ბაჩანა ბრეგვაძეს
გაყუჩებულა მონტელოს ველი,
თიბათვის ღამე მთვარემ აავსო.
ორი ბრძენი თან ორი სულელი
მითოხარიკობს და მიბაასობს.
ხან შლეგი, ხანაც ბრძენი კატონი
ხმას დაიბოხებს და ორატორობს _
მიუბრუნდება მსახურს პატრონი:
_ მისმინე, სანჩო! _ გისმენთ, ბატონო!
_ ჩენჩოს ფასი აქვს ჩვენს შეგონებას,
თუ არ ეყოლა კარგი გამგონე,
ხალხი სახედარს უფრო ენდობა,
ვიდრე მეფეს ან გუბერნატორებს.
რაში არგია მრჩეველის ჭკუა,
როცა მსმენელი გონებით ყრუა.
_ თუ სულერთია ვინ _ წინ, ვინ _ უკან,
თქვენმა წყალობამ არ მიმატოვოს,
მაშინ მოდით და ჩემი ვირუკა
ჰერცოგად მაინც დავსვათ, ბატონო.
მოსმენაც იცის, თავის დაქნევაც,
ბოლოს და ბოლოს, ესეც საქმეა.
_ მაცალე, სანჩო! თუ ვკითხავ გუმანს,
ბოლოს ხომ მაინც ვირი ვირია _
აყროყინდება იქ სადაც სდუმან,
ან გაჩუმდება, როცა ჰყვირიან.
შეეფერება განა მეფობა,
არაკაცს ან მის უვირესობას?
ჩაფიქრდა სანჩო,
ვერ იტყვის ტყუილს,
იფხანა ქეჩო, როგორც სჩვევია,
ესა თუ ისა, ვაი თუ ვუი,
მართლაც რომ ძნელი ასარჩევია:
_ მიჭირს პასუხის გაცემა, მაგრამ
მაინც შეგკადრებთ, ბრძენო იდალგო,
ქვეყანა, სადაც კაცი არ ვარგა,
არ შეიძლება ვირმაც ივარგოს.
მოკლედ რომ მოვჭრა, პირი, პირია, _
რაც მე ვარ, ისიც ჩემი ვირია!
_ როცა არა გვაქვს სხვა არჩევანი, _
წინ წკვარამია, უკან ღამეა,გვაქვს ძაღლყურძენას ორი მტევანი _
ვჭამოთ, რომელსაც ცოტა შხამი აქვს.
_ რადგან ეგრეა, ნება მიბოძეთ,
ახლა სხვაგვარად ავწონ-დავწონო _
ლურჯა რომ ჩემზე ჭკვიანი იყოს,
არ შემისვამდა ზურგზე, ბატონო!
_ სხვა საწუხარი მტანჯავს მე, განა?
ჯავრით როგორ არ გადაირევი,
ისე დაჩლუნგდა ჩვენი ქვეყანა,
რომ პატრონებზე შესხდნენ ვირები . . .
მწუხარე სახის რაინდის ჯიბრზე
გამობრწყინდება მონტელოს მთვარე,
რომ კიდევ ერთხელ დაუფრთხოს ძილი
პანსას და ვირის თვინიერ თვალებს.
ათასი წელი ღორღიან გზაზე
მიჩურჩულებენ, უკაბადონო
სამყაროს ართობს მათი ბაასი:
_ მისმინე, სანჩო! _ გისმენთ, ბატონო! . .