Litclub.ge

კორიდა
მინაწერი ნ. დუმბაძის მოთხრობაზე `კორიდა”
შენ იქნებოდი ჩემი მეურმე,
მაგრამ დღეს ბედმა გვაქცია მტრებად,
ღობეს ჰკიდია აპეურები
და უპატრონო უღელი ლპება.
გესმის, გისტვენენ. იჩქარე, ბიჭო,
თამამად მოდი, არ გამაწვალო.
მაგ შენს დაშნაზე სიკვდილი მიჯობს,
ოღონდ ლაჩრობა აღარ დამწამონ.
ნუ გეშინია. მე დაღლილი ვარ,
მზით გადამწვარი მინდორ-ველებით.
მომიახლოვდი შენს ძმას, ღვინიას,
მოდი, ცოტას მეც წაგეშველები.
მოდი, გაბედე, გათავდეს ბარემ
ეს უცნაური სიკვდილის კალო.
ნუ მაბზრიალებ მაგ წითელ ალმით,
გთხოვ, ვაჟკაცურად დამკალი, ძმაო.
და ნუ დამცინებ, ნურც გიხარია,
ქვეყნად დიდება არის შემთხვევა.
ბედი ბოროტი შავი ხარია
და შენც აგაგებს რქებზე ერთხელაც.
ჩაქრნენ ჭაღები. ჩქერებად დამდის,
ჩქერებად დამდის სისხლი ქედიდან,
რომლითაც შენი ცოდვა და მადლი,
შენი უღელი უნდა მეზიდა.