Litclub.ge

ზაფხული, შუაღამე
ჩახუთული და ცხელი ღამეა,
ვინც მიყვარს, ახლა არ ჩანს არც ერთი.
სადღაც მთვრალები `მრავალჟამიერს”
მღერიან რაღაც უცხო აქცენტით.
`ღვინის სარდაფი” _ გვაუწყებს აბრა
(აქ ბევრი მისვამს სითხე წყალწყალა).
სარასთან ერთად მოდის აბრაამ
და უკან მოსდევს ლოთი საწყალი.
ჩვენში ვინაა უფრო საბრალო,
აი, ეს კიდევ საკითხავია.
იქვე მახლობლად, სადაც აბრაა,
ცხოვრობს კეთილი ქვრივი, მარიამ.
გადამქცევია ცხოვრება ჩვევად,
რა ვქნა, ვერაფრით თავს ვერ ვანებებ...
მომწვანო გუბე,
ვის ვკითხო რჩევა,
გუბეში მშვიდად სძინავთ ამებებს.
არა, არ მომწონს მე ეს ამბები,
მე ამეების არა ვიცი რა.
ის მყიდის,
ტკბილად ვინც მესალმება,
მან მომკლა,
თბილად ვინც გამიცინა.
უსიყვარულოდ დაავადებულს,
სასწაულების ჯერ კიდევ მჯერა.
ვით რიტუალი სავალდებულო,
გადამქცევია სიცოცხლე ჩვევად.
ყავახანასთან ღამის დარაჯი. _
_ ყავა მოართვით სტივენ დედალოსს!!
კაცს ვეძებ, მაგრამ კაცი არა ჩანს,
შემესიტყვოს ან შემომედავოს.