Litclub.ge

გიჟის ცრემლებით
პოეტისათვის სიყვარული სად არის მითხარ,
უსიხარულოდ როცა კვდები და ითიშები?
შეშლილთა სახლის შესასვლელთან
გავჩერდი დიდხანს,
რომ დამენახა მეგობრები, ძველი გიჟები.
გააორკესტრა ბედმა უკვე ჩემი წამება,
გისოსებიდან იხედება ხმელი ჭადარი...
შეშლილ დღეების მწუხარებას ეწამწამება
გული მოკლული, ნატანჯი და ნაავადარი...
ვიდექი დიდხანს, ჩემში ვიღაც შოპენს
უკრავდა,
(გრძნობა თუ შეგრჩა, კაცი ამ დროს
მოიცელები)...
ტკივილს მოწოლილს ვერ გაუძლო,
ვერ გაუმკლავდა
და ის ატირდა ვეტერანი გიჟის ცრემლებით.
პოეტისათვის სიყვარული სად არის მითხარ,
უსიხარულოდ როცა კვდები და ითიშები?
შეშლილთა სახლის შესასვლელთან
გავჩერდი დიდხანს,
რომ დამენახა მეგობრები, ძველი გიჟები.