Litclub.ge

ინტერვიუ როინ აბუსელიძესთან

კორესპოდენტი: მშვიდობაძე ნინო

 

ქრონიკულად წითელა ბატონებიანი პოეტი, რომელიც ევას ყველაფერს აპატიებს

ამბობენ, პოეტებს ასაკი არა აქვთო. ალბათ, ასეა. უფლისგან აქვთ ნაბოძები სამყაროს შეცნობის იდუმალი ნიჭი. პოეტისათვის დრო არ არსებობს, არც საზღვრები, ძალიან იოლად და უცებ შეუძლია დაამსხვრიოს ყოველგვარი სტერეოტიპი და გააღწიოს იქაც კი, სადაც ჩვენ, ჩვეულებრივ ადამიანებს შეღწევა მეტისმეტად გვიჭირს.
როცა ჩემმა მეგობარმა „ჩემი ნენე და დედაშენი“ მომაწოდა, ავტორის ვინაობა არ ვიცოდი. ლექსმა იმდენად იმოქმედა, რომ ყველას, ვინც იცოდა ქართული სიტყვის და ლექსის ფასი; ყველას, ვისაც მოსწონდა ქართველი ქალის სახე: გრძელი ნაწნავითა და კოჭამდე კაბით; მოკლედ, ყველას, ვისაც უბრალოდ, ესმოდა პოეზია, გადავუგზავნე. გვიან გავიგე, რომ მისი ავტორი 22 წლის როინ აბუსელიძეა.
როის ლექსებმა მიმახვედრა და დამარწმუნა იმაში, რომ პოეტი მართლა უასაკოა და ახლა ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო: როინ აბუსელიძე 21–ე საუკუნის 22 წლის ქართველი პოეტია, მართლა პოეტი, ამ სიტყვის ყველანაირი დატვირთვით:


- როგორ აღიქვა საზოგადოებამ შენი პირველი ლექსი?
კარგად არც მახსოვს, ალბათ, ამ საზოგადოებას მაშინ ოჯახი წარმოადგენდა. რა თქმა, უნდა გაეხარდათ, რომ მესამე კლასელმა ბავშვმა პირველი ლექსი დავწერე... ეგ იყო და ეგ. 

- მიუხედავად ასაკისა, მგონია გაცილებით დიდი ასაკის ადამიანის ლექსებს ვკითხულობ ხოლმე. შენი სამყარო შენს ბიოლოგიურ ასაკზე უფროსია?
ვერც აქ გაგცემთ კონკრეტულ პასუხს, არის შემთხვევა, როდესაც ვფიქრობ, რომ რაც მითქვამს ან გამიკეთებია ძალიან ნაადრევი იყო, ხდება ისეც, როცა ნათქვამს დაგვიანებულად ვთვლი. ალბათ, ეს ყველაფერი მერყევი ხასიათის ბრალია, თუმცა ლექსზე ნაკლებად მოქმედებს ეს უკანასკნელი, მაგრამ არის ავტორზე პატარა და დიდი ლექსები. შეიძლება ითქვას, რომ მეც ერთი უბრალო ლექსი ვარ.

- ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის ლექსებშია საოცარი სევდა საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებზე, გათურქებულ ქართველებზე, მათ შემდეგ შენს გარდა ასეთი სევდა და გულიდან ამონაკვესი სხვაგან არც მინახავს და არც წამიკითხავს. ასე მგონია, თავად განიცდი, რასაც წერ, შენ გადაგხდენია თითქოს... მეჩვენება თუ მართლა ასეა?

ზურაბ გორგილაძეს უამრავი ლექსი აქვს ტაო- კლარჯეთზე, ფერეიდნელ ქართველებზე და ა.შ თუმც არასოდეს ყოფილა ტაოსა და  ფერეიდანში, ეს ალბათ სისხლის ყივილია ან  ბილიკი, სადაც ნაკვალევი შეწყდა და მე ჩავდგი ფეხი, შორია ეს გზა, ძალიან შორი და ფიზიკურ განცდაზე მეტად სულიერი დატვირთვაა ამ გზაზე, რომელიც შემდეგ ფურცელზე გადმოდის და რჩება. 

- ამბობენ, ზედმეტად სერიოზული ხარ... მეძნელება ამის დაჯერება, მაგრამ ეგებ ჩემი შეხედულებაა მცდარი და მართლაც ზედმეტად სერიოზული ხარ?

გამოგიტყდებით და ვიტყვი, რომ საერთოდ არ ვარ სერიოზული, უბრალოდ, მაბრალებენ და მეც ვიჯერებ უკვე კარგა ხანია. 

- პირველად შენი შემოქმედება სრულიად შემთხვევით „გავიცანი“, ახლობელმა გადმომიგზავნა ლექსი „ჩემი ნენე და დედაშენი“. როცა გავიგე, შენი იყო, მთელი გულით გამიხარდა. ამ ლექსისადმი საკმაოდ სხვადასხვანაირი დამოკიდებულება აქვთ ადამიანებს, მე ჩემი დამოკიდებულება და შეხედულება მაქვს. ასე მგონია, ვხვდები რატომაც დაწერე. მაინც, ეგებ შენ გაგვიმხილო, რამ დაგაწერინა ეს ლექსი, როი? შემთხვევით, დღევანდელი ქალების ჩაცმულობისა და ქცევების გამო თავი შეურაცხყოფილად ხომ არ იგრძენი?

ეს ის ლექსია, მიუხედავად იმისა, ხალხს მოწონს თუ არა (ყველას თავისი შეხედულება აქვს), როინ აბუსელიძეს რომ უნდა დაეწერა. თუ რამ დამაწერინა, არ მინდა გავიხსენო, ამიტომ თავს შევიკავებ. რაც ქალების ჩაცმულობას და ქცევებს ეხება,  მაქვს იდეალური სახე აღებულ ერთ ტიპაჟში, მეორეში კი – ჩვეულებრივი თანამედროვე ქალია დახასიათებული. აქვე მინდა მკითხველის საყურადღებოდ ვთქვა, რომ დედაჩემიც  იმ მეორე თანამედროვე სახეს უფრო მიეკუთვნება, ვიდრე პირველს, მაგრამ ეს ლექსი კონკრეტულ ადამიანებსა და ქალებზე არ დაწერილა, უფრო საზოგადოა ვგონებ, ჩემი დღევანდელი გადასახედიდან.

- სანამ ნინო შენი ლექსების ულამაზესი მუზა გახდებოდა, მანამდე თუ წერდი სიყვარულზე? და ეს ლექსები კონკრეტულ ქალს ეძღვნებოდა თუ ზოგადად ქალს?
რა თქმა უნდა, ვწერდი, კონკრეტულ ქალს არა და ქალებს ეძღვნებოდა, ალბათ. არის ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე ქალი, რომლისთვისაც მიმიძღვნია ლექსი, არის ზოგადად ქალზე მიძღვნილი ლექსებიც.

- ისე, როგორ აღიქვამ ქალს? რა არის ის შენთვის: მზის სხივი, ზღვის ტალღა... რა ვიცი, იმდენ რამეს ადარებენ... ზოგადად ქალზე გეკითხები, ცხადია...

ქალი, ჩემი აზრით, არის წითელა ბატონები, რომელიც მამაკაცს დაემართა და ვერ მოიხადა, ანუ ქრონიკული წითელა ბატონებია  და კიდევ ასეთია ქალი ჩემთვის, მომიტევეთ (იცინის): 
...........
ერთად იშვიათია ლამაზი და ჭკვიანი
ქალი, თუმცა ყველა ქალს დაჰყოლია მუცლიდან
ეჭვი, აბა რა ჰქონდა ევას საეჭვიანო,
მაგრამ ყოველ საღამოს ადამს ნეკნებს უთვლიდა.

-  დახვეწილი იუმორითაც გამოირჩევი. გიყვარს ხოლმე სიტუაციების განმუხტვა?

იუმორის გრძნობა, ვფიქრობ, რომ მაქვს და ეს არის აუცილებელი და უპირველესი, რაც ნებისმიერი პროფესიის ადამიანს უნდა ჰქონდეს. ცოდვაა ადამიანი იუმორის გარეშე. ვიღაცას უთქვამს:  „იუმორის გარეშე ჩავლილი დღე დაკარგული დღეაო“. სიტუაციის განმუხტვას, რაც შეეხება, განმიმუხტავს, იუმორი ალბათ, ყველაზე კარგი წამალია მსგავს სიტუაციებში.

–პროფესიით ჟურნალისტს მგონი, ერთი დღეც არ გიმუშავია ჟურნალისტად... მაშინ რატომ აირჩიე ეს პროფესია? ვინმეს გავლენა იყო?

ალბათ იყო მცირე გავლენაც, მაგრამ პირველ და მეორე კურსზე, როცა აქტიური ჟურნალისტური ცხოვრებით ვცხოვრობდი, ერთ დღესაც რადიოჟურნალისტიკის ლექტორმა მეოთხე კურსელი ბიჭი შემოიყვანა და გვითხრა, ეს რესპონდენტი იქნება, თქვენ კითხვები დაუსვითო. მე ვკითხე, თუ ჩააბარებდა ისევ ამ ფაკულტეტზე, თავიდან რომ ჰქონოდა არჩევანის გაკეთების უფლება. მიპასუხა: არა, რა სისულელეაო. გამეცინა და ვიგრძენი, რომ მთელი ცხოვრება დაკარგული ჰქონდა. მაშინ ამ სპეციალობის გარეშე ვერ წარმომედგინა ჩემი მომავალი, მაგრამ მე რომ მეოთხე კურსზე ვიყავი, იგივე ვიფიქრე და დღეს ვფიქრობ, რომ ყველაზე ბინძური სპეციალობაა და ყველა ჟურნალისტიკაზე შეყვარებული ადამიანი მეცოდება. დროის კარგვად არ ღირს უბრალოდ... )))

– „დგებიან ასე მოძღვრები და მათი ცოლები, დგებიან ასე და კაბებით იმოსებიან“... ამ ლექსში შენი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩანს მოძღვრებისა და ფოფოდიებისადმი. ოდესმე გიფიქრია აღკვეცაზე თუ აქაც უბრალოდ, შენეული ხედვა გადმოგვეცი?

კი მიფიქრია და ყოველთვის ვფიქრობ მაგ საკითხზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე გადაწყვეტილი მაქვს.

– რისი პატიება არ შეგიძლია?

ალბათ ყველაფრის პატიება შემიძლია, ყოველ შემთხვევაში, მინდა, რომ შემეძლოს. ძალიან წამადგება ვფიქრობ. იყოს ეს ლექსი აქ:

მე ყველაფერს ვაპატიებ ევას,
აბსურდია მოკბეჩილი ვაშლი,
ჩემი თავის შემცდენელი მე ვარ,
რასაც ვეღარ უარვყოფ და წავშლი -

წარსულიდან და ვპატიობ კაენს,
იმას დღეს რომ პატიობენ აღარ
და ლოცვისას თიხას ვკოცნი მაინც,
ღვთისმშობელიც თიხის იყო რახან.

ჩემთვის სულ სხვა შენდობის დღე დადგა,
მას შემდეგ რაც სიამაყე ვთელე
და ვპატიობ პილატესაც რადგან
მე ვიყავი ვინც მას ჰბანდა ხელებს...

მე ყველაფერს ვაპატიებ გწამდეს,
ბრმა იუდას, რომ გაყიდა ქრისტე
და მართალი თუ ვიქნები ცამდე,
მერე იქნებ იმ უნარსაც მივწვდე -

განურჩევლად სქესისა თუ ფენის,
ყველაფერი ვაპატიო ყველას
და ცოდვები გავიყოლო შენი,
სადაც ცხელა და იმაზე მეტად -

ვიდრე ჩვენ რომ სარეცელზე ვიყოფთ,
ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას რიგით,
მაგრამ მიჭირს ორ ცეცხლს შუა ვიყო,
ან გადმოდი აქეთ ანდაც იქით -

მე გადავალ, მერე წარსულს წავშლი
და ყველაფერს ვაპატიებ ევას,
აბსურდია მოკბეჩილი ვაშლი,
ჩემი თავის განაჩენი მე ვარ!...

– ოდესმე თუ გიცდია კალამი გვერდზე გადაგედო და არ დაგეწერა?

კი მიცდია კალამი გადამედო და აღარ დამეწერა, მაგრამ საერთოდ არაა კალამი საჭირო ლექსის დასაწერად თურმე (კომპიუტერს და ტელეფონს არ ვგულისხმობ).
ეს ისეთი რამაა, რასაც მთელი ცხოვრება გავურბივარ, მივსდევ, მომსდევს, ვერც ვეწევი და ვერც გავექეცი.

– როგორ გამოხატავ პროტესტს?

როგორც გამომეხატვინება.

– აქვს თუ არა საზღვარი შენეულ სამყაროს? და საერთოდ, მოგწონს საზღვრები?

საერთოდ, საზღვრები არ მიყვარს, მაგრამ არის ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე საკითხი, რომელიც ჩარჩოშია ჩასმული და რომლის დამსხვრევისაც მეშინია.


– 22 წლის ასაკში ხარ მეუღლე, მამა. არ შემიძლია ამ თემას არ შევეხო. უდიდესი პასუხისმგებლობა დაგეკისრა და არ გიჭირს?

ეს ისეთი თემაა, როცა ყოველგვარ გაჭირვებას ბედნიერება წონის და მინდა სულ ასე იყოს, ცამდე, დაუსრულებლად.

– როგორ ეგუება ნინო ფურცლებს ჩაშტერებულ როის?

არაა როი ფურცლებში ჩაშტერებული. ყოველი დრო, საათი, წამი, წუთი, საუკუნე შეუძლია  დაუთმოს ნინოს, ისე რომ, საერთოდ არცერთი ლექსი, მოთხრობა, პოემა, ნოველა და წიგნი არ წაიკითხოს. 

– ოდესმე გიეჭვიანია?

არ მქონია საბაბი, შესაბამისად არა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვარ ეჭვიანი, თუმცა ეჭვიანიც ვარ–მეთქი ვერ ვიტყვი...

– ისე, მომიყევი როგორ დაიწყო თქვენი ლამაზი სიყვარული?

პოეზიით დაიწყო, ლექსის კითხვის დროს დავინახე პირველად და მას შემდეგ მიყვარს ის ოთახი, ის ლექსი და ის ნინო, რომელიც ძალიან მეჩემება.


– ამბობენ, სიყვარული სულიდან იწყებაო, იმასაც ამბობენ, ტერფებიდან მოდისო. შენთან როგორ იყო?

ვეთანხმები მაგ გამონათქვამს, შეიძლება ტერფიდან დაიწყოს, შეიძლება ატკივებული კბილიდან, შეიძლება თმის ღერიდან, მაგრამ ალბათ სიყვარული ისევ სიყვარულით იწყება.

– ამხანაგი ციხე წყლიანიაო, სულხან–საბა წერს. შენთვის რაა მეგობარი? ვინაა? შენ როგორი მეგობარი ხარ თავად?

ვცდილობ კარგი მეგობარი ვიყო, ძალიან ცოტა და დიდი მეგობარი მყავს. მეგობარი არის ჩემთვის სარკე, როცა ერთად ვიხედებით, ფიზიკური სხვაობა ჩანს მხოლოდ და სულების უნაკლო ორეულს წარმოვადგენთ...


– „და ასე იშვიათად 
მეც მქვია მამაჩემი“ – ჰგავხარ მამას? 

ძალიან ვგავარ მამას, ფიზიკურადაც და ცხოვრებითაც, რაც დრო გადის, მით უფრო ვემსგავსები, რაც ზოგჯერ მხიბლავს და ზოგჯერ არ მომწონს.

– ჰო, ერთ ლექსში წერ, მე ყველაფერს ვაპატიებ ევასო, მართლა ასეა? დაკარგულ სამოთხესაც?

გამოვიარეთ ეს თემა , ვაპატიებ, ცხადია.

– „ვგრძნობ რომ ლექსის გარდა არსად გავიშვები“... ვერც წარმომიდგენიხარ პოეზიის გარეშე... ეს თვითგადარჩენის გზაა, ხსნის ერთადერთი გზა თუ თვითდამკვიდრების უფრო?

თვითდამკვიდრებაზე რომ ვფიქრობდე, მაშინ ჟურნალისტიკას არ დავანებებდი თავს, თვითგადარჩენაც ნაკლებად. ალბათ, ყველას მისი საკეთებელი აქვს ცხოვრებაში და პოეზია ჩემი სფეროა ამ მხრივ, ეგ არის და ეგ.

– „და დგახარ ასე უფალსა და უფლებას შორის -
რომ შეგიძლია საკუთარ თავს მოუკლა თავი“... აი, ამის ახსნა ცოტა გამიჭირდა, ოდესმე გიფიქრია თვითმკვლელობაზე, თუ სხვა ემოციების შედეგია ეს სტრიქონები?

მიფიქრია და არა იმიტომ, რომ მოდაშია, მაგრამ ვფიქრობ, არასოდეს გავაკეთებ ამას. ძალიან მიყვარს ჩემი ღმერთი და შემიძლია სრულიად უარაფრომ მხოლოდ მისთვის ვიცოცხლო, ვიდრე ამ უკანაკნელ გადაწყვეტილებამდე მივიდე. მხოლოდ მშრალი სიტყვებით შემოიფარგლება ის ორი სტრიქონიც, სადაც სერიოზულობის მარცვალს ვერ ვხედავ.


– ბრაზობ ხოლმე? საინტერესოა, როგორი ხარ გაბრაზებული?

საშინელი გაბრაზება ვიცი, ძალიან აფექტური ვარ, ეს ჩემი ერთ-ერთი დიდი ნაკლია, მაგრამ მალე ვივიწყებ წყენას, გაბრაზებულიც სასაცილო ვარ უფრო ამ გადასახედიდან, მაგრამ ამას არ ვიმჩნევ მაგ დროს და სრული სერიოზულობით ვბრაზდები (იცინის).

– მოდი, დავასრულოთ, როგორია როის მომავლის ბათუმი?

მინდა გავაკეთო ბევრი რამ ჩემი ქალაქისთვის. ძალიან მიყვარს ბათუმი, ფანატიკურადაც, ეს არის ქალაქი, სადაც რომ არ დავბადებულიყავი, მოვძებნიდი და აუცილებლად აქ ვიცხოვრებდი, ვიცი მეტყვით, სისულელეა, რა გეცოდინებოდა ბათუმზე, პარიზში რომ დაბადებულიყავიო, მაგრამ მე გიპასუხებთ:
ნურას უკაცრავად (იცინის).