Litclub.ge

განწყობილება
უაზროდ უსტვენს
ნაპირს ზღვაური,
ტალღები მლაშეს
ლოკავენ ქვიშას,
უაზრო სივრცეს
შარლ აზნავური
უმღერს, მამღვრევს და...
სხვად არა მიშავს.
უაზრო ღამე
ნაღველით მავსებს,
დარღვეულ ფიქრებს
უაზროდ ვკონკავ,
წყურვილი გკლავს და
წყალს არვინ გასმევს,
წყლის გზაზე ერთხელ
გამტყდარო კოკავ!
თვალებბრიალა
თებროლე ახლა
ელაციცება
ბროლის სასმისებს,
ბაგე, რომელიც
შენს ტუჩზე თრთოდა,
ერთხელაც აღარ
მოგისაკლისებს!