Litclub.ge

გადაძახილი
აღარ ვიცი, ვინ ან როგორ შევაჩვენო,
ქსანს და არაგვს უცხო მუმლი მისევია,
ქართლი, როგორც გაროზგილი დედაჩემი,
გადატყაულ მუხლისთავზე მისვენია.
გვერდით მიდევს ვერცხლისფერი ამულეტი,
თვალს ვარიდებ გადამტვრეულ,
პირბლაგვ მახვილს,
`რა უყავით, რა უყავით მამულები?!” _
ტირილის ხმით ვიღაც გაღმით გამომძახის.
ეს ხმა ათას ჩემისთანა გულთან დაობს,
ხან მრისხანებს, ხანაც გლოვის ისმის ზარი _
`ვის მიეცით ეს წყალ-ჭალა საიგავო,
უფლისაგან სასოებით ნაბოძვარი?!”
ამობრწყინდი, მზეო, ღამის გამთენებო,
ჩვენ თუ არა, სხვა ვინ შეცვლის ამგვარ ამინდს...
გაიღვიძეთ, გაიღვიძეთ ქართველებო! _
დამდგარია ტანზე თაფლის წასმის ჟამი.
აღარ ვიცი, ვინ ან როგორ შევაჩვენო,
ქსანს და არაგვს უცხო მუმლი მისევია,
ქართლი, როგორც გაროზგილი დედაჩემი,
გადატყაულ მუხლისთავზე მისვენია.