Litclub.ge

ფსალმუნი - 2000
იესო, უფალო ჩვენო,

იარე შენ თავშიშველმა და ფეხშიშველმა,

ხოლო ჩვენ

თავს დავირქმევთ გვირგვინებს ძვირფასს,

ხელთ ვიპყრობთ კვერთხთ მოოქროვილთ

და ვივლით ქვეყნად კომფორტული ლიმუზინებით. 

იესო, უფალო ჩვენო,

განვედ უდაბნოდ,

იმარხულე და იმარტვილე შენ ქვათა შორის,

ხოლო ჩვენ

ვიქადაგებთ მოდერნიზებულ ტაძრებში

და ვისარგებლებთ მრავალი სიკეთით

დროისა და ცივილიზაციის. 

იესო, უფალო ჩვენო,

ჯვარს ეცვი ჩვენთვის.

დაე, ჰგვემონ შენი სხეული,

რომ ჩვენ გადავრჩეთ

და კვლავ ვათრიოთ გვამნი ჩვენნი პატივმოსილნი

და ვმწყემსოთ მრევლი შენი სახელით. 

იესო, უფალო ჩვენო...