Litclub.ge

ექსკურსია ძველ ციხესთან
სვამდნენ წმინდა ალადასტურს, სვამდნენ ვაზის წვენს ოდენ,
მეთერთმეტე საუკუნეს მეოცედან სწვეოდნენ.
ენთო ცირა, კოცონივით, ათასი წლის ძელქვასთან,
ტკვარცალებდა თვალმცეცხლია და ცეკვავდა, ცეკვავდა.
ტრიალებდნენ ტურისტები როკენროლში ქარივით,
(ტანმა მიგრძნო, ცახცახებდა ციხე ამბოკარივით)...
და როდესაც შეაზვავდა დარბაზს ჩვენი დავლური,
გამოვვარდი, დავუარე, დავაჩორთე ალური,
გავიწვიე და ცერებმაც ნაპერწკლები გაფანტეს,
ბაცანკალა მროკავებმა აიგუდანაბადეს,
გადგნენ განზე, დასცხეს ტაში, შურითაც და გულითაც,
გლეჯდა კედლებს ჩვენი დოლი, ბეჰაიებს უვლიდა.
მაგრამ, ვაი, ჩვენებური არ სცოდნია კოპწიას,
იმ ძუძუებკუნძულას და იმ წიოკა კოცნიას.
თურმე, გული რა ყოფილა, როგორ ჩაგეფიწლება, _
ვდგავარ და ვგრძნობ: სისხლის ნაცვლად სიყვარულით იცლება.
დასცხეთ მაგ დოლს! ნუ აჩუმებთ!
დასცხეთ! კიდევ! თავიდან!
რომ შევაკვდე მე ამ ცეკვას, ჩემსას მაინც გავიტან!
ვინმე როგორ არ გამოვა მედავლურე-მეცერე?
ქართულს ვცეკვავ! მარტო ვცეკვავ!
ქართველებო, მეცეკვეთ!