Litclub.ge

ქართველი პანკი
ოცი წლის გიორგის
სამშობლო არა აქვს,
არ უნდა სახელი და ძეგლი,
მქონიარეთა ქონიან მარაქას
ირეკლავს სიცივის ქერცლით...
ოცი წლის გიორგის
ოცნება მოუკლეს,
ოცი წლის გიორგი
გაურბის სანათლოს,
ამოვა მთვარე და
ხორკლებს ამოჰყრის,
ლანდები მართავენ
მარათონს...
ცოცხალი მკვდრებით
სავსეა ქალაქი,
ლეშის სუნია,
სულების ხრჩოლვა,
რეკლამა ფერადობს
`ვირტუოზ დალაქის”
მეძავი გვიღიმის
მორცხვად...
ორშაბათობით
ქვეყნის პრეზიდენტი
გვჩუქნის
ჰოლივუდის ღიმილს,
მერე მკერდმაღალი
სინდი კროუფორდი
გვაშტერებს
შეხსნილი ღილით...
ოცი წლის გიორგი
არ არის დისიდენტი,
უყვარს ჰარდროკი
და ქანთრი,
ფეხებზე კიდია
ქართლის მძიმე ხვედრი,
უიმედობით აცრილს...
ცოცხალი მკვდრებით
სავსეა ქალაქი,
ლეშის სუნია,
სულების ხრჩოლვა,
კარგი ტონია
უმი სალათი,
და სექსუალური ლტოლვა...
მღერის გიორგი და
გაურბის სანათლოს,
ლაპლაპებს
სიცივის ქერცლი,
ხანდახან ენატრება
პური და სალამი,
და ნაიარევი
ღმერთი!