Litclub.ge

*** "რა მანძილია"
რა მანძილია, ვფიქრობ ჩემთვის,
სასადილოდან
(სადავ ვზივარ და უგემურ კატლეტსა
ვსინჯავ)
უსუპის ძმისწულის _ ცამცუმის
კოშკამდე?
ეჰ, იქ კარგია.
რაც არ უნდა შორი გზა იყოს, ღირს
წასვლა,
მაგრამ გზას ვინ მასწავლის?..
რაღა თქმა უნდა, გზად ათასი
ფათერაკია.
ვიცი ისიც, რომ გზაჯვარედინზე
შეიძლება სწორედ იქით მომიხდეს
წასვლა,
საიდანაც არ ბრუნდებიან,
მაგრამ მერე რა...
გზას ვინ მასწავლის?
გუშინ მივიღე დედის წერილი
და მივხვდი, რომ ღრმად შემიტოპავს,
მივხვდი, რომ უნდა მივატოვო
ეს უცნობი ქალ-ვაჟები,
ეს უცნობი ჭარმაგები და მოხუცები,
რომლებიც აგერ, ჩემ პირდაპირ,
ჩემს ზურგს უკან, თუ იქეთ-აქეთ
კითხვის ნიშნებივით მოხრილან
და თავიანთ თეფშებსა და ჯამებს
ჩასცქერენ:
იღიმებიან, არ ვიცი, რატომ,
ლაპარაკობენ, არ ვიცი, რაზე...
და მიდიან, არ ვიცი, საით...
თვითონ, თვითონ თუ იციან?
არც ეს არ ვიცი.
უცნობი ქალ-ვაჟები,
უცნობი ჭარმაგები და მოხუცები...
ნუთუ მეც ერთი ამათგანი ვარ,
მეც ერთი მუქი კითხვის ნიშანი?..
გზები და გზაჯვარედინებიც
დახვეულან კითხვის ნიშნებად
და ყოველი გზის დასაწყისშიც
მოჩანს მხოლოდ კითხვის ნიშანი...
რას ნიშნავს ეს?
სად არის ის გზაჯვარედინი,
სადაც წერია:
`მარჯვნივ წახვალ _ ცხენს
მოგიკლავენ,
მარცხნივ წახვალ _ თვითონ
მოკვდები,
პირდაპირ წახვალ _ შენც და ცხენიც
დაიღუპებით~.
რა მანძილია სასადილოდან,
უსუპის ძმისწულის _ ცამცუმის
კოშკამდე?
სად მთავრდება სამფლობელო კითხვის
ნიშნების,
და სად იწყება ის ქვეყანა,
სადაც ყველას და ყველაფერს სახელი
ჰქვია,
დევებს _ ბეღელა, ბაყბაყა და
ცხრათავიანი,
ღვთისშვილთ _ კოპალა, იახსარი,
პირქუში, გიორგ,
ხალხს _ მირიანი, ამირანი, ნინო,
ქეთევან...
დღეს რომ დღე ჰქვია
და ღამეს _ ღამე...
რა მანძილია სასადილოდან,
უსუპის ძმისწულის _ ცამცუმის
კოშკამდე?
მერე რა, თუ მეც და ცხენიც
დავიღუპებით,
იქ ხომ მკვდარიც ამხელს თავის
წუხილს,
სატკივარს,
ვინაობას:
`...ძმისწული ვარ უსუპისი,
სანამ ვიყავ, მტერი ვმუსრე,
არ შევჭამე ჯავრი მტრისი,
მოვკვდი, მხოლოდ ჯავრი ჩამყვა
ერთი დევის _ ბაყბაყისი~...
რა მანძილია სასადილოდან
უსუპის ძმისწულის _ ცამცუმის
კოშკამდე?