Litclub.ge

*** "გამოვალ გარეთ"
გამოვალ გარეთ, ავყვები რუსთველს,
გამინაწილებს მზე თავის სითბოს,
ვჩერდები წუთით, გაზაფხულს ვუსმენ,
გასული ზამთრის ქარებზე ვფიქრობ.
გამოუცნობი სურნელი მმოსავს...
ამაღლებულა ოცნება ჩემი
ამ გაზაფხულის უცაბედ მოსვლას,
მოჰყვა სხვა სითბო, სილაღე ვრცელი.
ატეხილ ჭალას მოაგავს ქუჩა,
აჩქეფებულა სხეულში სისხლი,
სამყარო ახლა სხვა რიტმით სუნთქავს,
აცეტებული საკინძეს იხსნის.
შეცბუნებული შვლის ნუკრის ხილვა,
ჰაეროვანი ღვთიური სახე,
სითბოთი სავსე ღიმილით მხიბლავს,
თან სილამაზის ბურუსში მახვევს.
აფეთქებულა ჰაერში სხივი,
გაბრუებულა ალერსით მთვრალი,
ახალშობილი სინორჩე ყივის,
მოჰკიდებია სიცოცხლეს ალი.