Litclub.ge

ხვალ ბზობაა
ხვალ ბზობაა
და დღეს ვიცი,
რა გრძნობა მაქვს გულისწყვეტის,
რომ ვერ ვტეხე ცოდვის ციხე,
ვერ ვილოცე ცოტა მეტი.
სინანული მიდგას მწარე,
რაც დრო გადის ვნანობ უფრო.
ღმერთო, ისე რომ არ მწამდი,
როგორც ეკადრება უფალს!...
სიამეთა ნაყროვნებამ
დამიტოვა სული მარტო
და საცთურში ნამყოფ ვნებებს
ახლა, შენი ნებით ვამტვრევ!
ხვალ ბზობაა
და დღეს ვიცი
რა გრძნობა მაქვს,
მინდა მოთქმა
მუხლზე ჩოქვით.
მინდა მთელი ძალით რომ ვთქვა:
გიხმობ, ღმერთო,
ღმერთო, მოდი!
ვნანობ ყოველ წამს და წუთებს,
ვნანობ სულის ასე შიმშილს.
ვწუხვარ, ვწუხვარ, მართლა ვწუხვარ,
რომ ბოლომდე გულს ვერ გიშლი...
ხვალ ბზობაა,
უკვე ვიცი,
რა გრძნობაა
ცრემლის წვეთში.
მაპატიე, ღმერთო, ის დრო,
შენ რომ არ იყავი ჩემში...