Litclub.ge

გამოღვიძება
შენ ახლა გძინავს, ეხუტება წამწამს წამწამი
და ცაზე მხოლოდ დედისერთა მთვარე ანთია,
მოსაწყენია მარტოდ-მარტო ღამე წანწალი,
ალუბლისფერი შეერევა ვიდრე განთიადს.
ამეკვიატა უცნაური ფიქრი დილიდან,
თითქოს დავდივარ და ცოდვებით მიწას ვამძიმებ,
ვიცი, რომ ჩემი სიყვარული მოწყენილი გაქვს
და ეს ლექსებიც უფრო მეტად ჰგვანან სამძიმრებს.
უნდა წავიდე, ვნახო სადმე ღვინის სარდაფი
და ჩავეტიო ორიოდე ბოთლის ფარგლებში,
შენ ახლა გძინავს, დახურულა ორი სადაფი,
წვანან თვალები ფოსოების სარკოფაგებში.
გინდ დამაბრალონ ლოთობა და უიმედობა,საოცრად თბილი ჟრუანტელი მოაქვს ამ ღვინოს,
აი, ამ ჭიქით სიყვარულის იყოს შენდობა,
ამ ფიალით კი... გულს, ტკივილი მოათმენინოს.
გამომაფხიზლებს ჩამოკრული ცისკრის ზარები,
ნისლში შეცურავს სევდიანი თეთრი მაგიდა,
გახსნი წამწამებს და წყლიანი შენი თვალები,
გამოანათებს დამარხული სარკოფაგიდან.