Litclub.ge

*** "არანაირად არ მოდის თოვლი"
არანაირად არ მოდის თოვლი,
ის ემატება საგნებს და ჩრდილებს
არანაირად არ მოდის თოვლი,
ის მოდის, როგორც სექტემბრის დილა.
თოვლს ემატება თოვლი და შიში _
ეცემა სახლებს და დუმილს ვერ ცვლის
და შენს თვალებში თუ რამდენს ნიშნავს
დაგუბებული სითბო და ცეცხლი,
მე ვიცი მხოლოდ. რადგან თოვლია
ჩემი სიზმრების თავი და ბოლო.
და ხეობებზე ფრთებით თოლიებს
შენი მოწყენა გადააქვთ მხოლოდ.
მე ვიცი, თოვლი თოვლით სავსეა.
თოვლი თოვლია. ღამე _ მხედარი.
და ქუჩებს აკრთობთ თქვენი მსგავსება
მაშინ, როდესაც თოვლში გხედავენ.
მე ვიცი, თოვლი არ დაიცლება
სიზმრებით, რადგან სიზმრების იქით
არაფერია. და მზის მაცილი
უფერულდება ღვინით და ჭიქით...
არაფერია ამ თოვლის გარდა
დამტევი შენი სუნთქვის და ტანის,
და ყველაფერი იწყება სადაც
თავდება შენი სიზმრების მხარე.
თავდება, რადგან თავდება თოვლი,
როცა გაზაფხულს მზის სუნი უდის.
ასე თავდება ზღაპარი ხოლმე
ყველანაირი... კარგიც და ცუდიც.
ასე თავდება ქალი და ქალში
თავდება თოვლი, ვერაფერს შველი,
ასე თავდება ქალი და ქალში
თავდება მზისკენ გაწვდილი ხელი.
უნდა დაეცეს მიწაზე თოვლი,
როგორც ფრინველი ეცემა ალვებს,
რომლის თვალებიც და ფრთებიც რომლის
ჰგავს სამშვიდობოდ გაკიდულ ალმებს.
უნდა დაეცეს მიწაზე თოვლი,
ის დაეცემა და შენსკენ ივლის
ჩემი დაღლილი მზერა. და თოვლი
გაკვირვებული იქნება ხილვით.
არანაირად არ მოდის თოვლი,
ის ემატება ჩრდილებს და საგნებს,
არანაირად არ მოდის თოვლი.
მოდის და... მიწას ყოველთვის აგნებს.და ასე აგნებს შენი სახელი
ჩემს მზერას, მზერა ყველაფერს ასწრებს
და იმახსოვრებს. და მზე ანათებს
შენი დაღლილი დუმილის გასწვრივ.
იმახსოვრებენ ქუჩები მერე
კაბას, და კაბის ჩრდილების რხევას.
მერე შუადღეს აკლდება ფერი
და ემატება ღამეთა თევას.
შენ წევხარ, როგორც ტალღებზე ნავი
და ხერხემალი ჩიტივით გიცემს.
შენ წევხარ. შენში იღვიძებს ქალი.
მუხლები თეთრი. კისერი _ კვიცის.
იმახსოვრებენ შენს თმებს და ღამეს
ჩემი თვალები. და ჩუმად იწვის
ღამე. და ვიცი ათასი წელი
შენ მოგესაჯა რომ ასე იწვე,
რადგან თოვლია თავი და ბოლო
ჩემი სიზმრების. და მუდამ იწყებს
იმას, რაც ასე თავდება მალე,
როგორც ჩრდილებით თავდება სიცხე.
უნდა მოვიდეს თოვლივით თოვლი...
უნდა წავიდეს თოვლივით მერე.
უნდა დააკლდეს ტკივილი ხსოვნას.
და მოემატოს ტკივილი ფერებს.
არ გათავდება ზამთარი თოვლით,
როგორც მე შენით. და მთვარე ყვითლით,
რადგან დღეები შენი თმის სუნით
ათასწლეულებს ადვილად ითვლის.
არ გათავდება ეს ყველაფერი,
რადგან ჩვენშია, და იქით მიდის,
რომ არ გათავდეს და იყოს მუდამ
თოვლივით თეთრი, ჩუმი და მშვიდი.
და მერე როცა შიში და თრთოლვა
აკლდება საგნებს და უფრო ჩრდილებს,
არანაირად არ მოდის თოვლი,
ყველანაირად იწყება დილა...