Litclub.ge

*** "ვიღაცა გაშლის ჩემს ბედზე ბანქოს"
ვიღაცა გაშლის ჩემს ბედზე ბანქოს
და ნახავს, ჩრდილი ვით მეწყვილება,
ხოლო ჩვენ მაშინ ვიცეკვებთ ტანგოს
და არაფერი მეცოდინება.
აგურის ვალეტს ყორანა ქალი
დაეცემა და ჩაავლებს ბრჭყალებს,
ხოლო მე, შენი მკლავებით მთვრალი,
ვერ მოგაცილებ წამითაც თვალებს...
გაჩახჩახებულ დარბაზში მეფურ
კამარას შეკრავს არწივის ლანდი,
ჩვენ გავუღიმებთ გულღიად ერთურთს,
ვიცეკვებთ ტანგოს... ვიცეკვებთ ტანგოს...
და ტანგო გვეტყვის: `ლამაზო, კარგო,
ცავ, შორეულო და ანდამატო...”
და დიდხანს, დიდხანს ვიცეკვებთ ტანგოს,
ვიცეკვებთ ტანგოს...