Litclub.ge

*** "მებრალება თებერვალი"
მებრალება თებერვალი,
ხან წყალია, ხანაც თიხა,
თავზე ზამთრის ცოდვა-ბრალი
აგურებად დაიტეხა.
მოარტისტობს შლეგი მარტი,
რიტორიკულ რეტრო ნოტად,
მოიკითხავს კარავს ნატვრის,
კვლავ ისესხებს დროს, _ იოტას.
აფეთქებამ კვირტი გათქვა,
ძუ სურვილებს აღარ სძინავთ,
ღრუბლის მაქვით, სირმის ძაფად,
მოდის ქოროდ, სევდის წვიმად...
უცებ ქუფრი ფიქრიც გაქრა,
ბაღი ღობის აზღუდს იკრავს,
დღემ იმატა მთელი აკრით, _
მამცნო ჩიტმა, ცის შიკრიკმა.