Litclub.ge

წუხელ კოტიკოს გადახოტრეს თავი
"ბედნიერი სიმღერა"
ომზე და სევდაზე ვცდილობდი ლექსის წერას,
გულაღმა ვიწექი ლოგინზე მთელი დილა.
ქუჩის ხმებს ვისმენდი. ვხედავდი ფარდებს ფერადს.
ვდუმდი და ვფიქრობდი, ვცდილობდი, ვდუმდი ტყუილად.
და მაშინ როდესაც მივხვდი რომ კიდევ დიდხანს
მომიწევს ფანჯრისკენ ამაო ფიქრი, წოლა,
ვიდრე შენ შეაღებ ჭრიალა კარს და მკითხავ:
- რომელზე იწყება "კლოსი"?
- ათის ნახევარზე გვეწყება შაბათს სკოლა.

თითებით მსუბუქად წიბოზე იჭერ ჩანთას
და გადახოტრილი სიფათი ვეღარ ჩრდილავს
ცამეტი წლის ღიმილს, რომელსაც უხვად ფანტავ
და ღრუბელგაფანტულ ღიმილში ახვევ დილას.
სკოლაში მივდივართ, ვსაუბრობთ, ვჩქარობთ ოდნავ.
წუხანდელ სერიას მიყვები, სმენას ითხოვ.
ტუჩსა და ცხვირსშორის გიყურებ, ვერ გცნობ, ვშფოთავ.
თითქოს დაგიმრგვალდა სახე და სხვა ხარ თითქოს.
რკინიგზის ხიდისქვეშ კლასელი ბიჭი გვხვდება,
შენ მასაც უყვები წუხანდელ "კლოსის" ამბავს,
ის მხრებში მოხრილი მაღალ ძირს ხრის კეფას,
კარგად რომ შეგხედოს. სიცილის ეძებს საბაბს,

ჩემსკენ ტრიალდება, მზერაში მიყრის მზერას.
მერე ვიცინით და შენსაკენ თითებს ვიშვერთ.
რა ბედი ეწია პოლონელ, მამაც მზვერავს,
არ გვაინტერესებს, უბრალოდ, გისმენთ ისე.
სკოლის ეზოში ვართ, კიბესთან ვხედავთ იცდის
სკოლის დირექტორი, ცალფეხა, ჯოხით ხელში.
მოახლოებული კოჭლობას წყვეტს და სიცილს
ვეღარ იკავებს და ჩამოგავს მოხუცს შეშლილს.
შენც უფრო იღიმი, გარბიხარ, აყრდნობ ფეხებს
სინათლეს, აპრილის დღესავით მშვიდს და სუფთას.
სკოლის დერეფანში შედიხარ, ყოველ შემხვედრს
შუბლზე აწერია ღიმილი, ვიკრავ სუნთქვას.
კარს ვაღებთ, ქართული დაიწყო, ვდგავარ კართან
და დაგვიანების მიზეზებს მოკლედ ჰყვები.
სუყველა იცინის ლიანა მასწის გარდა
და ბოლოს ღიმილით - "რა უყავ ბიჭო თმები".
თვითონაც რცხვენია, რომ ვეღარ ითმენს სიცილს.
მერხისკენ გვითითებს. ჩუმდება მერე დიდხანს.
ასეთი დუმილი მხოლოდ ამ ქალმა იცის.
იყუჩებს და შემდეგ განაგრძობს სიის კითხვას.