Litclub.ge

ბაზარი ცხოვრებისა
1.
გაზაფხული მოიხა, ვით კალენდრის ფურცელი,
მოიხა და გაფრინდა, დაბრუნებას ნურც ელი!
ის მარტოკა მიფრინავს, მარტო, არა გუნდებთან,
ის მერცხალი არაა - უკან არ დაბრუნდება.
გული მაინც იმედით უსმენს დღეთა საზანდარს
და ყაყანებს ბაზარი, და იწევა მაზანდა
ლურსმნისა და ჩაქუჩის, ფიცრისა და ხუშტარის,
მზეც ხურდება, ბაზარს კი ემატება მუშტარი.

2.
და ზაფხულიც მოიხა, ვით კალენდრის ფურცელი,
მოიხა და გაფრინდა, დაბრუნებას ნურც ელი!
ისიც მარტო მიფრინავს, განა ღრუბლებს მოება.
ძროხებს ერეკებიან, რა უნდა ქნან ხბოებმა?! -
გვალვიანმა დღეებმა საძოვრები დასიცხეს
და რძეგამშრალ საქონელს მირეკავენ ბაზრისკენ
და გაისმის ხბოების ნაღვლიანი ბგერები -
დედებს გაუყიდიან, გამოზრდიან ფერებით...

3.
შემოდგომაც მოიხა, ვით კალენდრის ფურცელი,
მოიხა და გაფრინდა, დაბრუნებას ნურც ელი!
საზარია თვითონ და უკვე თავსაც მაზარებს,
ფერ-ხორცით და სიჭრელით დატვირთული ბაზარი.
ლურსმნისა და ჩაქუჩის ფასი ისევ იმატებს
და მეც, რაც იყიდება, მყიდველი ვარ იმათი...
და მზეს, მოხუცს მწოლარეს, უთხარ ხეო უფოთლოვ,
სიკვდილს არ შეუშინდე, მე ვარ შენი კუბო-თქო!

4.
და ზამთარიც მოიხა, ვით კალენდრის ფურცელი,
მოიხა და გაფრინდა, დაბრუნებას ნურც ელი!
ბაზარში კი ისევე ყიდულობენ ჩაქუჩებს,
ვიღაც რანდავს ფიცარს და ბურბუშელას აქუჩებს
და მზე მოკვდა და ფიცარს მისთვის რანდავს ხუშტარა
და გრძელდება ბაზარში ყაყანი და ხუშტური...
არ მთავრდება ფიცრები, არ მთავრდება ლურსმნები,
კვლავ კაკუნი! - ამ კაკუნს მე ყოველდღე ვუსმენდი...

5.
და სიცოცხლეც მოიხა, ვით კალენდრის ფურცელი,
მოიხა და გაფრინდა, დაბრუნებას ნურც ელი!
ყველაფერი გავიდა დროის ოთხ თამაშიდან:
ბაღი განიძარცვა და ხეივანი გაშიშვლდა,
მოითიბა ბალახი, თივად იქცა ალერდი,
ყველაფერი მოიხა, ვით ფურცელი კალენდრის,
ბაზრის გარდა, რომელმაც ყველაფერი დაწრიტა...
არაფერი არ მიაქვთ ამ ცხოვრების ბაზრიდან.