Litclub.ge

* * * პეპელას ფრთა
პეპელას ფრთა,
ან შეიძლება სხვა რამ
ღამეული მწერისა,
რომელიც სიბნელიდან
სინათლეს მოაშურებს,
კუნჭულში იმალება
და მერე შუაღამისას
ბნელ ოთახში იწყებს ფრენას
და თუ დილამდე შემორჩა
და ფანჯარას ვეღარ მიაგნო
ან კვდება ადამიანთა სამყოფელში
ან კლავენ ერთი დარტყმით,
როგორც რაღაც მომაბეზრებელს,
მოფრინავეს და მოზუზუნეს...
მწერი კვდება, გადის დრო.
ტანი ხმება და რჩება ფარფატა ფრთა,
რომელიც ოდესღაც სძლევდა ჰაერის
წინააღმდეგობას და მიწის მიზიდულობას
ნიუტონის ჯიბრზე...
და რჩება ფრთა...
ფრთხილად აიღე და შუქზე გახედე -
ფრთაზე რაღაც ხაზები და რგოლებია,
ერთი სიტყვით, იეროგლიფები
ჩვენთვის სრულიად უცხო ენისა და
ესოდენ დაშორებული სამყაროსი -
უყურე და სცადე,
იქნებ წაიკითხო, რას გვითვლის ის სამყარო
ამ სამყაროს უგულო შვილებს...
წაიკითხე და აღმოაჩენ
უცნობში ახალს...