Litclub.ge

მარადისობა
  გ. დ.-ს

დუმილი... ღმერთი გარდაიცვალა...
ეშმა ქვესკნელში საბერველს ბერავს,
რწმენადაცლილი, მიტოვებული,
ვიწრო ოთახში კითხულობ ნერვალს.
ცის მდუმარებამ დაგიხშო სმენა,
მიწას ედება კუპრის ტალღები,
გარეუბანში, ნანგრევთა შორის,
სამყაროს სიკვდილს ყეფენ ძაღლები.
იხრწნება ხორცი, იმსხვრევა სული,
ზეზეულ კვდება ყვავილთა ჯარი,
მშობლების ცოდვას კითხავენ შვილებს,
გადაეგება ადამის გვარი.
ახალ მესიას ვეღარ იხილავ,
ყოფნა-არყოფნის დასრულდა ომი,
და რჩება მხოლოდ მრუმე სიბნელე
და ჩონჩხის გვერდით ნერვალის ტომი.