Litclub.ge

ძველი რეალობიდან “ჰიპერრეალობისაკენ”. ნიცშე/ბოდრიარის ინტეგრალური პროექტი.
კულისი არის ის დამფარავი სიბრტყე, რომელიც გამოყოფს და ერთმანეთისაგან მიჯნავს სცენას ან პოდიუმს იმ ადგილისაგან, სადაც მსახიობები ან მანეკენები ამ სცენაზე გამოსვლამდე იმყოფებიან. ის რაც კულისებს მიღმა ხდება, დარბაზში მსხდომთათვის აბსოლუტურად მიუწვდომელია. კულისებს მიღმა განთავსებული ადგილი ყოველი სასცენო ჩვენება-წარმოდგენის ლაბორატორიაა. აქ იგეგმება, აქ იქმნება, აიგება ყოველივე ის, რაც სცენაზე უნდა წარმოგვიდგინონ. სცენა - წარმოდგენის გაგებით - კულისებიდან იბადება. კულისებში, უფრო ფართო გაგებით, ვგულისხმობთ ყველაფერს იმას, რაც წარმოდგენის, სპექტაკლის მიღმაა არსებული, მის მოსამზადებელ სამუშაოებს შეადგენს. ის, რაც სცენაზე მიმდინარეობს, კულისების თვალთახედვიდან მხოლოდ თამაში და ინსცენირებაა.
მაგრამ დაკარგავდა თუ არა სცენა აზრს, თუკი მისი კულისები გამჭვირვალე გახდებოდა? წარმოვიდგინოთ ისეთი სპექტაკლი, ან ისეთი მოდის ჩვენება, სადაც დამსწრე საზოგადოება იმასაც თვალყურს მიადევნებდა, რასაც მსახიობები და მანეკენები სცენაზე გამოსვლამდე აკეთებენ. ეს მარლაც დამაინტრიგებელი იქნებოდა. დავუშვათ, რომ მაკიაჟის წასმა, გრიმირება, გამოწყობა, უკანასკნელი დარიგებები, - ყველაფერი ეს ჩვენს თვალწინ გაიმართებოდა. მეტი აღარ იარსებებდა მაყურებლის მზერისათვის დაფარული ადგილები. ყველაფერი ერთ დიდ სცენად გარდაიქმნებოდა. ხოლო თავად სცენა, ანუ წარმოდგენა, რა თქმა უნდა, აღარ იქნებოდა ისევ ის, რაც იგი ადრე იყო. მაგრამ საერთოდ აზრს მაინც არ დაკარგავდა, არამედ რაღაც ახალ, უჩვეულო ხიბლს შეიძენდა. ყველაფერი გულახდილი თამაშისა და გულწრფელობის სახეს მიიღებდა. შესაძლებელია სცენაზე მიმდინარე მოქმედება ოდნავ უკანა პლანზეც გადაწეულიყო.
მაგრამ რაღა გავაგრძელოთ და ამგვარი პრაქტიკა თანამედროვე მოდის ისტორიაში ერთხელ უკვე განხორციელდა: ერთ-ერთი მოდელიორის ახალი კოლექციის წარმოდგენისას მიმართეს ექსპერიმენტულ ხერხს და კულისის მასალა, რისგანაც ის იყო შემდგარი, მართლაც გამჭვირვალე აირჩიეს: ჩვენ ვხედავდით, თუ მანეკენი გოგონები პოდიუმზე გამოსვლამდე, როგორ გამოეწყობოდნენ და ირთვებოდნენ ახალ-ახალი მოდელებითა და აქსესუარებით. ელექტრონული განათება შთაბეჭდილებას კიდევ უფრო ამძაფრებდა. სანახაობა მართლაც ეფექტური აღმოჩნდა.
მაგრამ რა კავშირი აქვს ფ.ნიცშეს ფილოსოფიას ამ ყველაფერთან? რა თქმა უნდა არა პირდაპირი - მხოლოდ მეტაფორული. ჩვენ გვახსოვს, რომ ნიცშე თავის წიგნში "სიკეთისა და ბოროტების მიღმა" ყოველ ფილოსოფიას "ავანსცენის ფილოსოფიას" უწოდებდა, ხოლო ყოველი ასეთი "ავანსცენის ფილოსოფია" "თავის თავში მალავს რაღაც ფილოსოფიას" - ვუწოდოთ მას ფილოსოფიის კულისები. ("Jede Philosofie ist eine VordergrundsPhilosophi ... Jede Philosophie v e r b i r g t auch eine Philosophie. Nietzsche. Friedrich Nietzsche. Sämtliche Werke. Herausgeben von Giorgio Colli und Mazzino Montinari. Bd 5. BerlinNew York. 1980. 234.].
აი სწორედ ასეთი გაყოფა სცენისა და კულისებისა, ფილოსოფია-წარმოდგენისა და ფილოსოფია-ლაბორატორიისა ნიცშეს განაზრებებში ერთ-ერთ ფუნდამენტურ გამიჯვნად არის წარმოდგენილი, რომელიც ჩვენს მიერ აგებულ ნიცშეს მეტაფორულ სამყაროში ღრუბლებამდელ და ღრუბლებშემდგომ ნაწილებად გვესახებიან. ის რაც ჩვენს მიერ აღწერილი სამყაროს ღრუბლებამდელ ნაწილში მიმდინარეობს, არის ფილოსოფიის ავანსცენაზე გამართული სპექტაკლი, რომელიც ჟ.ბოდრიარის ტერმინოლოგიით წარმოდგენითის განვითარების ასახვის დონეზეა განლაგებული, ხოლო, რაც ამ სამყაროს ღრუბლების შემდგომ ნაწილში მოგვეცემა - ფილოსოფიის კულისებში დამალული "რაღაც ფილოსოფია", რომელიც ასახვის დონეზე ამაღლებულ სიმულაციის სივრცეს განეკუთვნება. მაგრამ ნიცშე ხომ თავად აღნიშნავს, რომ ყოველი ფილოსოფია არის "ავანსცენის ფილოსოფია", მაშასადამე, რატომ არ შეიძლება არჩეული გამჭვირვალე კულისის მეტაფორით ასევე ნებისმიერი ფილოსოფია დახასიათდეს?
ნიცშეს მოძღვრების ექსპერიმენტული ხასიათი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მან პირველად შემოიტანა (ნახსენები მოდელიორის მსგავსად) ფილოსოფიაში და საერთოდ აზროვნების ისტორიაში სცენის მიღმა, კულისებში, ფილოსოფიის ლაბორატორიაში გაღწევის შესაძლებლობა. ეს ის "რაღაც ფილოსოფიაა" მის ფილოსოფიაში ჩამალული, რომელიც მთლიანი მისი მოძღვრების სიმულაციის სიბრტყეში აღქმას გვთავაზობს. სადაც ყოველი კონკრეტული იდეა - ეს იქნება ზეკაცის, მარადიული მობრუნების, ძალაუფლების ნების, Amor fati-ს და სხვა - გამოწყობილი მანიკენის ან სცენაზე გამოსული მსახიობის როლში წარმოგვიდგება. მიუხედავად იმისა, რომ ეს კულისები (რომლის პირდაპირი მეტაფორა ღრუბელია) არც ისეთი გამჭვირვალეა , როგორც ეს ნახსენებ წარმოდგენისას, ნიცშე ზოგიერთ რჩეულს მაინც რთავს ნებას და მათ ამ კულისებს მიღმა გაღწევის, საიდუმლოს დაუფლების შესაძლებლობას უქმნის: სოკრატეს არ ძალუძს ღრუბლებს ზემოთ აღწევა, მაშინ როდესაც დიონისე და მისი თანამგზავრი ამას ახერხებენ. მაშასადამე, ნიცშეს ფილოსოფიის კულისები მის უმრავლეს მკითხველთათვის მაინც სრულებით დაფარულია. ჩვეულებრივი მკითხველი მაინც უნდა დასჯერდეს ტრადიციული მაყურებლის მდგომარეობას, როდესაც სცენაზე მიმდინარე მოქმედება მთლიანად იპყრობს მის სერიოზულ ყურადღებას. ამიტომაც ნიცშეს მკითხველთა უმეტესობისათვის მისი ფილოსოფიის "გასაღები" ან ზეკაცის, ან ძალაუფლების ნების, ან მარადიული მობრუნების, ან კიდევ სხვა რამ იდეა-მანეკენის შინაარსში არის საძიებელი. რომელიც მხოლოდ საჩვენებელი სპექტაკლია და მთავარი სათქმელი კი, ყოველთვის მის მიღმა არის გადატანილი.
მაშ ასე, "გამჭვირვალე კულისის მეტაფორის" ხელში მომარჯვებით დავიწყოთ მთლიანობითი სურათის აღდგენა და პირველ რიგში გადმოვცეთ ის ძველი სამყარო, კაცობრიობის ის ძველი ერა, რომელშიც ნიცშეს უხდებოდა არსებობა და თვალყური მივადევნოთ, თუ რა ბედი ერგებოდა ამ სამყაროში ჩვენს მიერ აღწერილ სიმულაციის განზომილებას.
ძველ სამყაროში არსებობდა ძველი, ბუნებრივი რეალობა. აქ ძალაში იყო წარმოდგენითსა და რეალურს შორის განსხვავება, რომელიც ჟ.ბოდრიარის მიერ აღწერილ წარმოდგენითის განვითარების პირველ ორ დონეს შეესაბამება. ეს არის ასახვის განზომილება - ჭეშმარიტებისა და მცდარობის განზომილება. ამ განზომილებაში არსებობს ონტოლოგია, მეტაფიზიკა. რაც შეეხება სხვადასხვა თეორიებს და მოძღვრებებს, ისინი ამბობდნენ, რომ სინამდვილე არის ისეთი, რომ შესაძლებელია მისი გადმოცემა, მასზე რაიმეს შეტყობინება და გადმოსცემდნენ კიდეც ამ სინამდვილეს. ანდა თუკი ამგვარ პოზიციას ისინი არ ემხრობოდნენ, მაშინ ამტკიცებდნენ, რომ სინამდვილე არის ისეთი, რომ შეუძლებელია მასზე რაიმეს შეტყობინება და არაფერს აღარ გადმოსცემდნენ, მაგრამ ამით მაინც უკვე იძლეოდნენ სინამდვილეზე რაღაცის შეტყობინებას. შესაბამისად სხვადასხვა მოძღვრებებს, თეორიებს შორის ის იყო პრივილეგირებული, რომელიც სინამდვილეს ყველაზე უფრო ადეკვატურდ ასახავდა, ანდა ყველაზე უკეთ აჩვენებდა, რომ სინამდვილე ისეთია, რომ მასზე რაიმეს შეტყობინება შეუძლებელია და აქედან გამომდინარე ღებულობდნენ ამჯერად ჭეშმარიტების ან მცდარობის ეპითეტს. ნიჰილიზმი კი, ამგვარ სამყაროში ღმერთის სიკვდილში მდგომარეობდა, ანუ ყოველ ღირებულებათა გაუფასურებაში, რომ ისინი არაჭეშმარიტნი აღმოჩნდნენ. ეს იყო სინამდვილის და ფილოსოფიური აზროვნების სცენა, რომლის უკანაც იმალებოდა კულისები - ის ერთეული ინდივიდები, რომლებიც ყოველთვის არსებობდნენ და ყოველთვის ფლობდნენ სიმულაციურ სივრცეს, რომელიც წარმოდგენითსა და რეალურს შორის განუსხვავებლობაში მდგომარეობდა. ეს იყო ბოდრიარის მიერ აღწერილი წარმოდგენითის განვითარების მესამე და მეოთხე დონეები. აქ აღარ არსებობდა ასახვის განზომილება - ჭეშმარიტებისა და მცდარობის განზომილება. ამიტომაც ადგილი აღარ რჩებოდა ონტოლოგიისა და მეტაფიზიკისათვის. აქ ასახვა შეცვლილი იყო სიმულაციით - ზედაპირზე ნიშანთა თამაშით, რომელიც ენაცვლებოდა რეალურს, რომელიც უკვე "ოპერაციულ რეალურს" ანუ ჰიპერრეალურს (ნეორეალური) წარმოადგენდა. მაგრამ რადგანაც უარყოფილი იყო ადექვატური ასახვა, წარმოდგენითით რეალურის არეკვლა, ამიტომ თეორიებსა და სხვადასხვა მოძღვრებებს შორის პრივილეგირებულად ყოფნა ჭეშმარიტების ნიშნით აღარ განირჩეოდა. ყოველი თეორია იყო სიმულაცია - თამაში, ილუზია, სადაც არსებობდა მხოლოდ მანიპულირება, თეორიული ძალადობა, ცდუნება (Seduction) ამიტომ პრივილეგირებული იყო ის, ვინც ყველაზე უკეთ შეძლებდა ეცდუნებინა. ეს იყო სამყარო, სადაც ძველი რეალობა ჯერ კიდევ არსებობდა. სადაც სიმულაციის სივრცე იყო ძალზე შეზღუდული და მხლოდ იშვიათ რჩეულთა ხვედრი, ამიტომაც ამ სიმულაციის ყოველ გამოვლენას რეალობა თავისად მიისაკუთრებდა. ეს კი, ერთეულებს იმის შესაძლებლობას აძლევდა, რომ სიმულაციისა და მანიპულირების გზით მთელი სამყაროს შემაცდენლები გამხდარიყვნენ და რეალობა საკუთარი ნებიდან შეექმნათ. ამას ვუწოდოთ ძალაუფლების ნების ძველი ვერსია, რომელიც მანიპულირების მექანიზმით ეწევა ცდუნებას. სიმულაციის სივრცე ამგვარ სამყაროში არ იყო ტოტალური და მხოლოდ განსაკუთრებულ ერთეულთა საიდუმლოებას წარმოადგენდა, მაშინ როდესაც უმრავლესობას კვლავაც გააჩნდა რეალობისადმი ღრმა რწმენა. სწორედ ეს გარეშე თვალთაგან გასაიდუმლოებულობა და დაფარულობა აძლევდა მას იმ დიდ ძალას, რომელიც შემაცდენლად გახდომას შეაძლებინებდა. ამიტომ მოგვიწოდებს ნიცშე დიონისე-შემაცდენელის ფილოსოფიაზე საუბრისას შემდეგი სიტყვებით: "რა თქმა უნდა ამ დროს საჭიროა ხმადაბლა საუბარი: რამეთუ აქ საქმე რაღაც იდუმალს, ახალს, უცხოს, გასაოცარს, ბოროტეულს ეხება" [95.403]. ამ აზრს ადასტურებს ჟ.ბოდრიარის სიტყვებიც: "ასე რომ, პაპმა, დიდმა ინკვიზიტორმა, დიდმა იეზუიტებმა და თეოლოგებმა იცოდნენ, რომ ღმერთი არ არსებობს - სწორე ამაში იყო მათი საიდუმლო ძალა"[63.353].
მაშასადამე, ნიცშე იყო დიდი შემაცდენელი. იგი სრულყოფილად ფლობდა სიმულაციის ხელოვნებას და ამ გზით ჭეშმარიტებისა და სინამდვილის განაყოფიერებას ახდენდა. იგი ქმნიდა, მანიპულირებდა და მართავდა სინამდვილეს, რადგანაც სინამდვილე ჯერ კიდევ არსებობდა, არსებობდა მისდამი ურყევი რწმენა. მართლაც რომ მისი სახეა დიონისე, რომელიც არიადნე/სინამდვილეს ანაყოფიერებს. მას მიჰყავდა დიდი თამაში და იცოდა რომ ეს მხოლოდ თამაშია, მაგრამ ამავე დროს აცნობიერებდა, რომ ის ნამდვილად ღირს, რომ ერთხელაც ის აღარ იქნებოდა თამაში.
მე ნიცშე ზუსტად იმავე სიტყვებით მინდა დავახასიათო, რომელი სიტყვებიც რუსმა მკვლევარმა ს.კორნევმა ჟ.დელიოზის მიმართ გამოიყენა: "მან ძალზე კარგად იცოდა, რომ მუყაოს მახვილი - ეს არა მხოლოდ უბრალო სათამაშოა, არამედ ისეთი სათამაშო, რომელიც წმინდა სინდისის ფასად ღირს, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა რაღაც რეალობად გადაიქცეს, - და მაშინ უკვე ვეღარავინ გაექცევა ყოვლისდამასრულებელ ჰარაკირს... ჟილ დელიოზი სამურაის მახვილით ხელში" [83.19]. ამგვარად წინასწარმეტყველებს ავტორი მომავლის ფილოსოფიასაც, რომელსაც იგი პოსტმოდერნულ პერფორმანსს ანუ ქაღალდის მახვილიდან მის ნამდვილ მახვილად გადაქცევის ხელოვნებას უწოდებს. ნიცშეს იდეებიც: ზეკაცი, ძალაუფლების ნება, მარადიული მობრუნება,* შურისგების სულისაგან განთავისუფლება და სხვა და სხვა, სწორედ ის ქაღალდის მახვილებია, ქაღალდის მანეკენებია, რომლებიც მან იცოდა, რომ "ერთ მშვენიერ დღეს" რეალობად გადაიქცეოდნენ და სამყაროს ცხოვრებას საკუთარი მიმართულებით წაიყვანდნენ, რომლებიც სინამდვილისა და აზროვნების ავანსცენაზე მოქმედებას დაიპყრობდნენ. და ამ წარმოდგენაში ჩაერთვებოდა ყველაფერი, თავად ნიცშეც, რომელსაც კარგა ხანია უკვე საკუთარი პერფორმანსი დაიმორჩილებდა.

*ამ იდეის დელიოზისეულ ინტერპრეტაციას არ ვგულისხმობთ.

აი, ამას გულისხმობს ჟ.დელიოზი ნიცშეს ტრანსფორმაციის ხელოვნებაში, რომელზედაც იგი თავის ესე - "არიადნეს საიდუმლოება"-ში [1992წ.] საუბრობს. აქ იგი აქტიურ და რეაქტიულ ძალთა დიხოტომიის ფონზე ტყუილისა და ფილოსოფიის ხელოვნებას განიხილავს. დელიოზისათვის "ამაღლებული ანუ უმაღლესი ადამიანი", რომლის მეტაფორულ სახედაც იგი თეზევსს წარმოგვიდგენს, "ნეგატიური ნებისა" და "რეაქტიული ძალის" საწყისის მატარებელია. ხოლო დიონისე, როგორც მისი საწინააღმდეგო, - აქტიური, შემოქმედებითი ძალის მატარებელი. შესაბამისად ისინი სხვადასხვა დონეზე ფლობენ იმიტაციისა და ფალსიფიცირების ოსტატობას. რადგანაც რეაქტიული ძალის შემცველი თეზევსი არის ავადმყოფი, გამოფიტული სიცოცხლე, მისთვის ძალაუფლების ნება არის მხოლოდ მოტყუების ნება, ბატონობის ნება (ძალაუფლების ყველაზე დაბალი საფეხური). ამ "უმაღლეს ადამიანთ" მხოლოდ შენიღბვა და გადაცმა ძალუძთ და არა თვითშეცვლა, მათ მხოლოდ ფორმის შეცვლა ძალუძთ, როდესაც სინამდვილეში მუდამ იგივენი რჩებიან. ეს არის ფორმაციის უნარი, რომელსაც შემოქმედებითი უნარი წართმეული აქვს. "ის რასაც გაურბის იმიტატორი, ეს ორიგინალის მეტამორფოზები და გარდასახვებია, რომლებიც მას განსხვავებულ ფორმებს აძლევენ, ის გაურბის შემოქმედებას. ამიტომაც უმაღლესი ადამიანები განასახიერებენ ძალაუფლების ყველაზე დაბალ საფეხურს... მათთვის, ამ ადამიანებისათვის ძალაუფლების ნება - ეს მხოლოდ მოტყუების ნებაა, ბატონობის ნებაა, ის წარმოადგენს ავადმყოფ, პროთეზების მამოძრავებელ გამოფიტულ სიცოცხლეს" [72.52]. ხოლო დიონისეზე დელიოზი ამბობს: "თავად დიონისე, ეს კოსმოპოლიტი, ხომ არ წარმოადგენს ყველაზე დიდ "ჭეშმარიტ" ფალსიფიკატორს? და ხელოვნება? ხომ არ მდგომარეობს იგი ტყუილის ძალაში?" [72.52]. დიონისე, როგორც აქტიური, შემოქმედებითი ძალის მატარებელი, როგორც სიცოცხლის სიჭარბის მქონე, ისე კარგად ფლობს ტყუილისა და იმიტაციის ხელოვნებას, რომ იგი მას არა ფორმით, არამედ ტრანსფორმაციით ახორციელებს. ეს არის არა "წართმევის", არამედ "მიცემის" უნარი - სიცოცხლის შესაძლებლობათა შემოქმედებითი ქმნა. ეს არის გარდასახვათა და მეტამორფოზთა ცოდნის უნარი. დელიოზი წერს: "და მხოლოდ მხატვარი-შემოქმედი, გარდასახვათა და მეტამორფოზთა უნარის შემძლე დიონისე, რომელშიც იგი საკუთარ თავს აღწევს, მოწმობს სიცოცხლის აურაცხელ სიჭარბეზე. მართლაც იგი იმდენად კარგად ფლობს იმიტაციისა და ტყუილის უნარს, რომ მას არა ფორმით, არამედ ტრანსფორმაციით ახორციელებს. ეს - "ჩუქნის უნარია", ანდა სიცოცხლის შესაძლებლობათა შემოქმედებითი ქმნა: ტრანსმუტაცია. ძალაუფლების ნება ენერგიის მსგავსია და როგორც ენერგიას, იმ ნებას მიიჩნევენ კეთილშობილურად, რომელსაც თვითშეცვლის უნარი გააჩნია" [72.52].
მაშასადამე, დელიოზი ერთმანეთისაგან განასხვავებს ტრანსფორმაციას, რომელიც სინამდვილის შემოქმედებაა, ფორმაციისაგან, რომელიც მხოლოდ გარეგნულ, ფორმალურ ცვლილებას წარმოადგენს. ტრასფორმაციის უნარი - სინამდვილის განაყოფიერების, დამორჩილების, მისი შექმნის უნარია. ტრანსფორმაციის შემძლე იმიტაცია და ტყუილი, აქტიური შემოქმედებითი სივრცის კუთვნილებაა, მაშინ როდესაც ამის ვერშემძლე იმიტაცია არ არის ამგვარი. დელიოზთან ეს ორი რამ ერთმანეთისაგან იმ ასპექტით განირჩევიან, როგორადაც ბოდრიართან განირჩევიან სიმულაცია და "მარტივი თავის მოჩვენება," როგორადაც ნიცშესთან განირჩევიან რეალობის მოდელის კარგი, წარმატებული კოპირება ცუდისაგან, წარუმატებელისაგან.
მაშასადამე, ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ნიცშე არის დიდი შემაცდენელი. მისი სამყარო ამის შესაძლებლობას იძლეოდა, მაგრამ კარგა ხანია რაც ის ძველი ერა დასრულდა. დღეს ჩვენ სრულებით სხვა სიტუაციაში ვიმყოფებით. მას ბოდრიარი "ტოტალური სიმულაციის" ერას უწოდებს. ამ ახალმა სამყარომ ნიცშეანური შეცდენა შეუძლებელი გახადა. რა არის ამის მიზეზი?
გვახსოვს, რომ თავის დროზე ნიცშე "ცალყბად" საუბრობდა იმაზე, რაც დღეს პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში საყოველთაოდ გათქმული და გაცხადებული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ნიცშემ პირველად დაიწყო სიმულაციურ სივრცეზე მინიშნება, რომ მან პირველად მიმართა ფილოსოფიის კულისების გამჭვირვალობას, იგი მაინც ერიდებოდა ამ ყველაფრის საჯარო აფიშირებასა და კულისების, თუნდაც გამჭვირვალის, მაგრამ მაინც შენარჩუნებას ცდილობდა. იგი ბოლომდე დარჩა სამყაროში არსებული იერარქიების ერთგული, რადგანაც იცოდა, რომ სიმულაციის სივრცე მხოლოდ ერთეულთა და რჩეულთა საკუთრება უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ეს სივრცე გატოტალურდებოდა, ჩვენ უკვე იმგვარ პროცესებთან გვექნებოდა შეხება და ნიჰილიზმის ისეთ რადიკალურ ფორმას შევეჩეხებოდით, როგორიც ნიცშეს დროისათვის ჯერ კიდევ შეუძლებელიც იყო წარმოგვედგინა. სწორედ ამის ეშინოდა მას და მეორე მხრივ კი ამგვარი დროის დასაწყისი იწინასწარმეტყველა.
ჟ.ბოდრიარი უკვე "ღია ეთერში" საუბრობს იმაზე, რასაც ნიცშე თავის დროზე მხოლოდ "ცალყბად" მიანიშნებდა. აღარ არსებობს ის გამჭვირვალე კულისი, რომელიც სცენასა და მის მიღმა მყოფ სივრცეს ერთმანეთისაგან ასე თუ ისე მაინც გამიჯნავდა. დაირღვა ის ძველი იერარქია, რომელიც მაყურებელთა შორის არსებობდა და სიმულაციის სივრცე ყველას საკუთრებად გადაიქცა, იგი გატოტალურდა. ეს მოახდინა ტექნიკამ, მასმედიამ, ელექტროფიკაციამ, რეკლამწარმოებამ..., რომლებმაც თავიანთი მაღალი განვითარების დონის გამოისობით "ზუსტი აღმწერი მანქანის" ფუნქცია შეიძინეს, რომელიც რეალობის მუდმივ კვლავწარმოებას ახორციელებს, ეკუთვნის სიმულაციის სივრცეს და შედეგად ოპერაციულ/რეალურს ანუ ნეორეალურს გვაძლევს. ბოდრიარის აზრით თანამედროვე სამყაროში აღარ არსებობს "ძველი რეალობა". მისი ადგილი "ჰიპერრეალობამ" დაიკავა.* ეს არის სამყარო, სადაც მოისპო "ძველი რეალობისადმი" რწმენა, შედეგად მოისპო ასახვა - ჭეშმარიტება/მცდარობის განზომილება. მოისპო ონტოლოგიის, მეტაფიზის

*სადაც წარმოდგენითი აღარაა საფუძველ-რეალობის რეფლექსია, არამედ წარმოდგენითსა და რეალურს შორის ყოველგვარი განსხვავება გამქრალია.

შესაძლებლობა. ყოველი თეორია, რომელსაც ჯერ კიდევ სწამს ადეკვატური ასახვის შესაძლებლობა, სრულიად უაზრობად გამოიყურება. წარმოდგენითის მიერ რეალობის არეკვლა სინამდვილეში ზედაპირზე ნიშანთა თამაშით შექმნილი ილუზიაა. ამ სამყაროში ძველი დროისაგან განსხვავებით რეალობის ყოველ გამოვლენას უკვე სიმულაცია მიისაკუთრებს. მეორე მხრივ ჩნდება რეალობის ნიშანთა გათამაშების კოლექტიური მოთხოვნა, რომელთაც ზემოთ ნახსენები "ზუსტი აღმწერი მანქანები" ახორციელებენ და რითიც მიიღწევა რეალობა, რომელიც არის სინთეთიკური რეალური და არა ბუნებრივი. რეალურობის ამ მუდმივი კვლავწარმოების გზით საზოგადოება საბოლოოდ გადაირჩენს თავს, მაგრამ კულტურა ხდება პორნოკულტურა, სადაც არსებობს მხოლოდ წარმოება და არა ცდუნება. თეორიული მანიპულირება, ძალადობა, თეორიული ცდუნება გაძნელებულია, თითქმის შეუძლებელია. რეალობისადმი რწმენის სივრცის შეკვეცასთან ერთად მისი სივრცეც იკვეცება. აღარ სწამთ სიღრმის, საზრისის, თავისთავადი რეალობის, ყველაფერი ზედაპირად, "ეკრანად" გარდაიქცევა. წიგნში "სიმულირებულები და სიმულაციები" (1981წ.) ჟ.ბოდრიარი წერს: "როდესაც ღმერთი მოკვდა, ჯერ კიდევ არსებობდა ნიცშე, რათა ეთქვა ამის შესახებ -- დიდი ნიჰილისტი მარადიულობის გვამის წინაშე. მაგრამ ყოველ საგანთა სიმულირებადი ტრანსპარენტულობის წინაშე, ჰიპერრეალურში სამყაროს მატერიალისტური და იდეალისტური დასრულებულობის წინაშე, ღმერთი არ მომკვდარა, ის გახდა ჰიპერრეალური" [131.299]. ყველაფერი ტრანსპარენტულია. - ესაა ის რადიკალური ნიჰილიზმი, რომელიც სიმულაციასა და სრულ ურწმუნოებაში განხორციელდა. იგი მდგომარეობს არა იმაში, რომ უმაღლესი ღირებულებები გახდნენ არაჭეშმარიტნი, არამედ იმაში, რომ დღეს ყოველი ღირებულება სიმულაციურია. სხვადასხვა თეორიები და მოძღვრებები კი აღნიშნავენ, რომ ყველაფერი სიმულაციაა და ზედაპირზე თამაშია და რომ ამ სამყაროში გამორიცხულია ნიცშეანული ცდუნება. შესაბამისად არსებულ თეორიებს შორის ის იქნება პრივილეგირებული, რომელიც ყველაზე უკეთ უჩვენებს ყოველივე ამას და მიისწრაფვის "არამნიშვნელოვნებისაკენ", საბოლოოდ გაქრობის ნებისაკენ - ძალაუფლების ნების თანამედროვე ვერსია. ამიტომაც ერთეულებს, როგორც დიდ შემაცდენლებს, არც აზრი და არც ადგილი აღარ რჩებათ ამგვარ სამყაროში.