Litclub.ge

თეონა დოლენჯაშვილის დუნია
ხდება ხოლმე, დამწყები მწერალი უცებ ერთ ისეთ ნაწარმოებს დაწერს, რომ ხელად მიიპყრობს ყურადღებას, ააფორიაქებს ლიტერატურულ ყოფას, ახალი ტალანტის მოსვლის შესახებ აალაპარაკებს საზოგადოებას. გახმაურებული ნაწარმოების ბუნება ათასგვარი შეიძლება იყოს და ნებისმიერ შემთხვევაში მის მიერ გამოწვეული მღელვარების ტალღები ავტორის გამორჩეულობის რაღაც საზომებზე მიუთითებენ. მაგრამ არის საშიშროება, რომ წარმატება ერთჯერადი აღმოჩნდეს და ის მწერლური პოტენციალი, რაც მოულოდნელად გამოვლინდა და სამომავლოდ მეტსაც გვპირდებოდა, ვეღარ განვითარდეს. ასეთი შემთხვევა მსოფლიო თუ ქართულ ლიტერატურაში არაერთი ყოფილა და ყოველ პრეცედენტს კონკრეტული, ხან მარტივი, ხანაც კი რთული ახსნა აქვს.
ყოველივე ამაზე კი იმიტომ ვსაუბრობ, რომ თეონა დოლენჯაშვილიც შარშან, უცებ, ერთი მოთხრობით გახდა ქართული ლიტერატურული სამყაროსათვის ცნობილი და საინტერესო სახე და ეს მოთხრობაა "ფიდაი ანუ ამინა სამიდან ხუთამდე" ("პარნასი" #2). ყოველ შემთხვევაში, მოთხრობის დაბეჭდვის შემდეგ ჩემს ირგვლივ ბევრი საუბარი იყო ამ ნაწარმოებზე, ხოლო როდესაც ჩემი ძველი ნაცნობი, ჟურნალისტი თეონა რედაქციაში მესტუმრა პროზაიკოსის ახალი სტატუსით და ახალი მოთხრობით ხელდამშვენებული, უცნაური რამ მოხდა: დროის მცირე მონაკვეთში რედაქციაში სტუმრიანობის დონემ უჩვეულოდ იმატა, ყოველ წუთს რედაქციის კარს მავანი ლიტერატორი აღებდა, და ათიდან ცხრამ, ჩვენი წერილის გმირი გავაცანი თუ არა, სახეგაბადრულმა სულითა და გულით დაუწყო ქება მის სწორედ და სწორედ ამ მოთხრობას. ვინ იცის, ზოგიერთებს თეონას სხვა მოთხრობებიც ჰქონდათ წაკითხული, მაგრამ პირველ რიგში მაინცდამაინც "ფიდაი" ახსენდებოდათ. და ამას ჰქონდა თავისი ღრმა მიზეზები, ნაკლებად ავტორზე და უფრო მეტად პოლიტიკური პათოლოგიით ტრავმირებულ საზოგადოებრივ ცნობიერებაზე დამოკიდებული. და რაკი ასე მწამს, ბარემ გავბედავ და ვიტყვი, რომ თეონა დოლენჯაშვილი ის ავტორია, რომლის წარმატება შემთხვევითი და ერთჯერადი არაა, ის უკვე იმდენად ჩამოყალიბებული, საკუთარი ხელწერის და მსოფლშეგრძნების პროზაიკოსია, რომ მის თვისობრივ ზრდას წყალი არ გაუვა.
რთული დასამტკიცებელი თეორემაა? ვნახოთ. იქნებ არც ისე.

დღემდე ლიტერატურულ პრესაში თეონა დოლენჯაშვილის ათიოდე მოთხრობა გამოქვეყნდა. სანამ სტილურ მახასიათებლებზე გადავსულვართ, მისი პროზის წარმმართველი: თემატური და იდეური მახასიათებლები ვნახოთ: იგი გლობალურ და თითქოს არაქალურ თემებზე წერს: ეკოლოგიური კატასტროფები, კლონირება, ტერორიზმი... და ახერხებს, არ იყოს კონიუნქტურული, ახერხებს ვირტუოზულად გადაიაროს ქალური სენტიმენტალიზმის ბეწვის ხიდზეც... მაგალითად, მის ზემონახსენებ გახმაურებულ მოთხრობაში, რომელშიც შაჰიდი ქალის ცხოვრების უკანასკნელი ორი საათია აღწერილი, თავის აფეთქებამდე ნახევარი საათით ადრე სასიყვარულო ისტორია იწყება, და ეს სასიყვარულო მოკლემეტრაჟიანი ისტორია იმდენად დამაჯერებელია, რომ მოთხრობას კი არ ვნებს, არამედ პირიქით, ტრაგიკულობის ბოლო გრადაციაში აჰყავს.

თეონა დოლენჯაშვილის გმირები - ზოგჯერ ქართველები, ზოგჯერ არაქართველები, ზოგჯერ გაურკვეველი წარმომავლობისანი - მთელს დუნიას არიან მოდებულნი: პარიზი, ვენეცია, ბანგკოკი, სიდნეი, ნიუ იორკი, რომი, რიო-დე-ჟანეირო... ვის ძალუძს ამ ქალაქების (ძირითადად მეგაპოლისების) აღწერა? ნამდვილ ტურისტს? მას, ვინც თავისი თვალით იხილა ეს ქალაქები? მაგრამ თეონა დოლენჯაშვილს პოსტსაბჭოური სივრცის მიღმა დღემდე ფეხიც არ გაუდგამს. და, პრინციპში, მის პროზას ეს არც ესაჭიროება. შეიძლება ხელს უწყობს კიდეც, ავტორის ისტორიულ-კულტუროლოგიური, ვირტუალური თუ საცნობარო ცოდნიდან თავისებურ მეტროპოლიურ ფანტაზიებს აღვივებს. თანამედროვე სამყაროს აღქმა-აღწერა ხომ მასთან ტურისტული, რეალისტურ-დოკუმენტური სულაც არ არის. თუმცა მას რაღაც მანქანებით (მწერლური თუ ჟურნალისტური თუ ქალური გუმანით) დაჭერილი და ნაგრძნობი აქვს თანამედროვე (თუ სუპერ/ჰიპერ-თანამედროვე) ყოფის გამოცდილება და ამ გამოცდილება-განცდის ექსტრაქტით ქმნის ქალაქების ისეთ ხატებებს, სადაც შესაძლებელი ხდება ისეთი პერსონაჟების ჩასახლება-ამოქმედება, რომლებიც თავიანთი პიროვნული ბედისწერით ცივილიზაციის გლობალურ კატასტროფათა და საფრთხეთა ტვირთს ზიდავენ.

ერთმნიშვნელოვნად ძნელია თქმა, რომ მისი მოთხრობები იგავებია, მაგრამ იგავურობის კვალი მათ საკმაოდ ატყვიათ. მოქმედების დრო, როგორც წესი, არ კონკრეტდება და გაურკვეველი (ახლო თუ მეტ-ნაკლებად შორეული) მომავლის სურათს იძლევა, თუმც ამის გამო ესთეტიკით ფანტასტიკის ჟანრულ მახასიათებლებში არ გადადის, ისევე როგორც არ გადადის სიურრეალიზმის ჟანრულ მახასიათებლებშიც, მიუხედავად ტექსტის სიურრეალისტური ხატოვანებისა. ერთი სიტყვით, აქ ნატიფ ესთეტიკურ ქსოვილთან გვაქვს საქმე, და ზუსტად გათვლილი პროპორციებით დაბალანსებული ეს ქსოვილი ავტორისეულ მსოფლ-და-ესთეტიკურ კონცეფციას აჩენს.
ის განწყობა, რაც თეონა დოლენჯაშვილის მოთხრობების კითხვის დროს ეუფლება ადამიანს, მნიშვნელოვანწილად გაპირობებულია სწორედ გარემოს შთამბეჭდავად დახატვის უნარზე. გარემო - მისთვის მხოლოდ გარემო არაა, ის აუცილებელი და მინიმალური, სადაც მოქმედება უნდა განვითარდეს; ის, რასაც ბევრი კარგი მწერალი მაქსიმალურ იგნორირებასაც კი უკეთებს ხოლმე. მასთან გარემო - ეს მოთხრობის იდეის რეალიზაციის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. გარემოს დინამიკა შერწყმულია მთავარი პერსონაჟის დინამიკასთან - მთლიანობაში კი - იდეის დინამიკასთან. პერსონაჟი განუწყვეტელ, აქტიურ კონტაქტშია გარემოსთან, გარემო პერსონაჟთან - და როგორც კვესისა და აბედის ერთმანეთთან ხახუნისას ჩნდება ცეცხლი, ასევე ჩნდება დოლენჯაშვილის მოთხრობებშიც პრობლემა, იდეა, სათქმელი...
ამიტომაცაა, რომ მასთან გარემოს შერჩევა სხვანაირ მიდგომას ითხოვს და სწორხაზოვნება აურიდებელი მარცხის ტოლფასია. ამიტომაცაა, რომ ტერორისტული აქტები მასთან ნიუ იორკში კი არ ხორციელდება ან ვთქვათ, მოსკოვში მაინც, არამედ რიო-დე-ჟანეიროსა თუ პარიზში, ამიტომაცაა, რომ წარღვნა ლოკალურია (თუმც მეტაფორული) და ვენეციას ელის...
მაგალითად, "ფიდაი". შაჰიდი ქალი პარიზში, პოსტიმპრესიონისტების გრანდიოზულ გამოფენაზე იფეთქებს თავს. რატომ მაინცადამინც იქ? ვფიქრობ, რამდენიმე ფაქტორია, რის გამოც ავტორმა სწორედ ეს ალაგი აირჩია. პირველი - პარიზი, სიცოცხლის და სიყვარულის დედაქალაქი, ის ქალაქი, რომლის მიმართ აგრესიის გრძნობა არ გააჩნია მთავარ გმირსაც კი, - პირიქით, ორგანულად ჩართულია ქალაქის ცხოვრებაში, - და სწორედ ამის გამო აქ იკვეთება რელიეფურად იმ ადამიანის განცდები, რომელიც წუთი-წუთზე ამქვეყნიურ ყოფას უნდა დაშორდეს. მეორე - პარიზი, დასავლური კულტურის ცენტრი, სადაც კულტურისა და პოლიტიკის გლობალური კონფლიქტი კიდევ უფრო ტრაგიკული ჩანს. და მესამე - პოსტიმპრესიონისტების გამოფენა, ის მშვენიერი, თუმც დესტრუქციაშეპარული გარემო ("ბრაკი, პიკასო, ლეჟე... - კუბებად და სამკუთხედებად დაყოფილი პორტრეტები, ნატურმორტები, პეიზაჟები. ძალიან ლამაზი ფერწერაა, ცოტა აგრესიული, ცოტა შეშლილი, ცოტა გაურკვეველი. რეალობისა და აბსტრაქციის, ჰარმონიისა და დისჰარმონიის, წესრიგისა და ქაოსის საზღვარზე შექმნილი ტილოები თვალს მჭრიან და მჯერა, მათი ავტორები იმასვე განიცდიდნენ, რასაც ახლა მე განვიცდი."), რომელიც მთავარი გმირის ემოციურ მდგომარეობას ეჯაჭვება.

"ვენეტა": წარღვნის დოლენჯაშვილისეული ვერსია, როგორც უკვე ვთქვით, მეტაფორულია: როგორც ვენეცია ნელ-ნელა იძირება წყალში, ისე იძირება დედამიწა ცოდვაში. თანამედროვე წარღვნა თანდათანობითი, სისტემატიური პროცესია, თითქმის შეუმჩნეველი და ესთეტიკურად გარკვეულწილად მომხიბლავიც.

ლაურასა და მისი კლონის ისტორია ("ოთხასოცდამეხუთე"). კლონი ლაურაზე გაცილებით ყოჩაღი აღმოჩნდება, ნელ-ნელა ართმევს მას ყოველივე ძვირფასს და ლაურას გაქცევისა და თვითმკვლელობის მეტი აღარაფერი დარჩენია. ლიტერატურის კვლევის მრავალი მეთოდი არსებობს. ბოლო პერიოდია, ლიტერატურულ ნაწარმოებებს გენდერული კვლევის პრინციპებითაც განიხილავენ. ამ მოთხრობაში (თუკი მეცნიერული პროგრესისა გვწამს), მომავალი გენდერის ერთი სფეროც შეიძლება დავინახოთ, რომელიც ინდივიდისა და მისი კლონის ურთიერთჩაგვრის ასპექტებით იქნება დაკავებული, ხოლო თუ კლონი ფანტაზიის სფეროდ მიგვაჩნია, მაშინ ეს მოთხრობაც მეტაფორად შეგვიძლია აღვიქვათ: კლონები, ანუ სტანდარტული ადამიანები როგორ ჯაბნიან თანამედროვე ყოფაში საკუთარ "ორიგინალებს".

"ლიანა, ვერა, ნორიკო": - კიდევ ერთი მტკივნეული საყოველთაო პრობლემა: მოხუცთა პოპულაცია, რომელიც საზოგადოებას აღარ სჭირდება, არ ან ვერ იღებს მათ საზოგადოებრივ აქტიურობას. და აქედან გამომდინარე, მათი დეპრესიული მდგომარეობა, ფატალური მარტოობა... თუმცა თეონა დოლენჯაშვილი სწორედ იმ მოხუცებს გვიხატავს, რომლებიც ახერხებენ გაარღვიონ ეს მოჯადოებული წრე და მართალია, ამის შედეგად მეტ-ნაკლებად კომიკურნი ხდებიან (განსაკუთრებით, კომიკური პერსონაჟია ლიანა, რომელიც მისაღებ გამოცდებს აბარებს კონსერვატორიაში), მაგრამ ამით ადამიანური ყოფის სტაგნაციას შთამბეჭდავ პროტესტს უცხადებენ. ანუ, ჩემი აზრით, ეს კომიზმი ავტორის ეშმაკური ხერხია, რომლითაც იგი სიბერისეულ აქტივობას კი არ დასცინის, არამედ ღრმა სოლიდარობას უცხადებს, ვინაიდან ამ კომიზმის ფონზე კიდევ უფრო მკაფიოდ იკვეთება პრობლემის სიმწვავე და თითქმის გამოუვალი მდგომარეობა მისი, ვისაც ამ პრობლემასთან შეჭიდების გაბედულება ჰყოფნის.

შეიძლებოდა სხვა ტექსტებზეც საუბარი, მაგრამ, ვფიქრობ, ზემოთაღწერილი მოთხრობებიდანაც ჩანს ავტორის გამოკვეთილი მეტა(დ)თემატური ხაზი. ახლა კი ორიოდე სიტყვა მისი ენის ბუნებაზე. იგი შეხებაში არაა პოსტსაბჭოთა ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ენობრივ ტენდენციასთან, რაც გულისხმობს სლენგის სიუხვეს, პერსონაჟთა ხასიათის საჩვენებლად ნატურალისტური თუ კვაზინატურალისტური მეთოდების მოხმობას - ანუ სხვადასხვა ტიპის სქემატური მეტყველებით ლიტერატურული სოციოლექტების ფენომენთა შექმნას. შეხებაში არაა არც პოსტმოდერნულ ექსპერიმენტებთან, მთელი თავისი სტილიზაციებით, არქაული ლექსიკური მადნით თუ სხვადასხვა ენათა ერთ ტექსტში დატრიალებული კარნავალით.

თეონა დოლენჯაშვილის ენა ჟღერადია, ოღონდ ეს ჟღერადობა მიიღწევა ალიტერაციებისა და მსგავსი გარეგნული ეფექტების გარეშე. მოზომილი, ნებიერი მეტყველება ნაწარმოების ყველაზე დრამატულ მომენტებშიც კი არ კარგავს წონაწორობას, არ ხდება ფიცხი, არეული, ბუნდოვანი... ნებისმიერი მღელვარება არა დიონისური, არამედ აპოლონური კანონებით გამოისახება. ეს ლიტერატურული, მეტისმეტად ლიტერატურული, თანამედროვე ქართული ენაა, ოღონდ არ იფიქროთ, რომ მოსაწყენად აკადემიური: არა, ამ მეტისმეტობაში ჩვეულებრივიდან, სტანდარტულიდან ირაციონალურად ამოზრდილი ახალი, მომხიბლავი წესიერება იგულისხმება. თეონა დოლენჯაშვილის ენის ეს წესიერება მონოტონურობაში არ გადადის, თუმც შეიძლება ითქვას, რომ ეს ენა ჰომოგენურია. ვფიქრობ, ასეთიც დარჩება. და უნდა დარჩეს კიდეც. ის თავის თავში უნდა განვითარდეს, კარდინალური ცვლილებების გარედან, ხელოვნურად შემოტანის მცდელობები კი აისხლიტოს, ვინაიდან მისი მხატვრული სისტემა თვითკმარია.

ესეც ასე. ვფიქრობ, თეორემა დამტკიცებულია. ყოველ შემთხვევაში, ჩემს თავს იგი ნამდვილად დავუმტკიცე. ხოლო ვისაც "ალტერნატივას" ამ ნომერში გამოქვეყნებული მოთხრობა "ვენეტა" და ეს წერილი საკმარის არგუმენტებად არ მოეჩვენება, ვურჩევ, ცოტა მოიცადოს. მალე ალბათ თეონა დოლენჯაშვილის მოთხრობების პირველი კრებულიც გამოვა და იქ უკეთ გამოჩნდება ავტორის მწერლური ღირსებები.