Litclub.ge

არაბულის მასწავლებელი
ვიქნები შენი არაბულის მასწავლებელი
და გასწავლი,
როგორ აუღლო
სიყვარული სამივე დროში
უმარტივესად,
რადგან არაბულს
დროის გრამატიკული კატეგორია არა აქვს
და, შესაბამისად,
არაფერი
წარსულად, აწმყოდ და მომავლად
არ ნაწილდება.
აქ ზიმზიმებენ უწარსულო აწმყოები
და უმომავლო წარსულები,
ადამიანი კი თავდაყირა ჰკიდია
მათ მობურბურე,
მცხუნვარე საკირეში.

მე ვარ შენი არაბულის მასწავლებელი
და ყველაფერს ვიწყებთ არა სიტყვით,
არამედ საქმით -
"ფაყალა" ძირით,
რაც ქართულად კეთებას ნიშნავს.
ვაუღლოთ კეთება სამივე დროში:
უწარსულო აწმყოში
უაწმყოო წარსულსა და
უწარსულ-უაწმყოო
მომავალში:
საინტერესოდ იტრიალებს
"ფაყალა" ძირი
მე და შენ შორის.

ვიკითხოთ
ისლამამდელი არაბული პოეზია,
უმეცრების ხანის,
ხალხის სიბნელის დროინდელი,
სიბნელიდან
ჟღალი აქლემივით
ამონათებული,
უდაბნოში ზანტად მიმომრწევი,
სანამ სავსე მთვარე დაგვნათის და
მაინც უკუნია,
რადგან ცაზე ჯერ არ აკაშკაშებულა
ნახევარმთვარის
ავადმოელვარე,
ეული მახვილი.
ვიკითხოთ ყურანი,
რამაც უმეცრების ხანა გაანათა
ღვთისგან ნაბოძები
ნატიფი სურებით.

სურა ოთხმოცდამეერთე,
"დაგრაგვნა":

"როს მზე დაიგრაგნება,
როს ვარსკვლავნი მიინავლებიან,
როს მთანი ამოძრავდებიან,
როს ცხრა თვის მაკე აქლემები
უმეთვალყურეოდ დარჩებიან,
როს ნადირნი შეკრებილ იქნებიან,
როს ზღვანი გადაივსებიან,
როს სულნი შერწყმულ იქნებიან,
როს ცოცხლად დამარხულს ჰკითხავენ -
რა ცოდვისთვის მოიკლა?
როს გრაგნილი გაიშლება,
როს ზეცა აიშლება,
როს ჯოჯოხეთი გახურდება,
როს სამოთხე მოახლოვდება,
გაიგებს სული, თუ რა მოიტანა!"

და ეტყვის სული:
უფალო,
მე ვიყავი
ცოცხლად დამარხული
შენგან ნაბოძებ სხეულში
ამ სხეულის უაზრო და უმიზნო ხუშტურებს აყოლილი,
ადამიანური მოვალეობებიდან
ვერ გამომღწევი.
მე ვერ გავიგე
და იქნებ, შენ ამიხსნა,
რა ცოდვა მომეკითხა,
რისთვის დავიმარხე,
რა შეცოდებისათვის მოვიკალი,
თუკი ყველაფერი მაშინ განმესაჯა,
სანამ
მსწრაფლწარმავალში მოვიდოდი,
სანამ უბადრუკ წვეთად დამათხევდი
და სანამ უბადრუკ წვეთს დამათხევინებდი!

ყველა უბადრუკი წვეთი შენ დამათხევინე,
რადგან შენ შექმენი
კარაქზე უფრო რბილი საშოები,
ქვიშის ბორცვებივით
მკვრივი დუნდულები,
ენერგიული,
მსხვილი ბაგეები,
ხოლო სხეულზე, ისე როგორც ცაზე,
შენ ჩამომკიდე
ვნებისაგან სავსემთვარესავით წელში გადრეკილი,
ვერცხლისფრად ავად მოლაპლაპე იატაგანი -
ყველგან შეღწევის და
ყველაფრის გაპობის ჟინით ანთებული,
როგორც სული,
თუ უფრო:
სამშვინველი.

შენ შექმენი ჩემი ასო
და ასო წიგნისა,
რომლითაც იწერება
ყველა ენის ყოველი ნაწერი,
მათ შორის, არაბული...
და იწერებოდა არაბულად
ათას ერთი რამე:
"ათას ერთი ღამე"
"მაკამები",
"ღაზალები", თუ
ეპისტოლე-ტრაქტატები,
რომელთაგან აღსანიშნავია:
მუჰი ად-დინ იბნ ალ-არაბის
"სიყვარულის თარჯიმანი",
ალ-ჰალლაჯის
"შეითნის ეპისტოლე",
აბუ ლ-ალა ალ-მაარის
"შენდობის ეპისტოლე"
და უავტორო
"ასოს დაგრძელების ათას ერთი ხერხი, არაბული".

და, უფალო,
მე ვიყავი მიმომფანტველი,
იმათგან,
შენი ერთი სურის სათაურად რომ გამოიტანე:

სურა ორმოცდამეთერთმეთე,
მიმომფანტველნი:

"დე, დაიხოცონ მატყუარები,
რომლებიც არიან უდარდელობის მორევში;
კითხულობენ: როდისაა დღე სამსჯავროსი?!
იმ დღეს, როცა ისინი ცეცხლზე გამოიცდებიან: -
დააჭაშნიკეთ თქვენი გამოცდა;
ეს სწორედ ისაა, რასაც ასწრაფებდით!
ჭეშმარიტად ღვთისმოშიშნი -
ბაღებსა და წყაროსთვალებში;
მიმღებელნი იმისა, რასაც უბოძებთ უფალი მათი. ჭეშმარიტად, ამაზე უწინ იყვნენ ისინი კეთილისმქნელნი
მხოლოდ ღამის რაღაც ნაწილში თუ მცირედ წასთვლემდათ
და გამთენიას პატიებას ივედრებოდნენ;
მათ ქონებაში არის წილი მათხოვართა და უპოვართათვის
და ქვეყანაზე სასწაულებია დაჯერებულთათვის
და თქვენს სულებში;
განა ვერ განჭვრეტთ?!"

განვჭვრიტე, უფალო,
განვჭვრიტე და გეკითხები:

და ჩემს სხეულში;
სხეული რაღად დაივიწყე?!
აქაც იმდენი სასწაულია:
მარჯნის ბაგენი,
კბილები - წყობილმარგალიტი,
ვარსკვლავები ცაზე, სულსა და თვალებში.
მთვარეიატაგანი ცაზე
და მთვარეიატაგანი -
ლაჯებში.
გული - შენთა სიღრმეთა მწვდომი
და ასო - შენი შექმნილების სიღრმეთა მწვდომი.
რით არ არის ჩემი სხეულის ყოველი მყესი
შენი სასწაული;
ისე, როგორც
ვარსკვლავები, მთვრე თუ
ბალახი.

მე ვარ შენი არაბულის მასწავლებელი.
გასწავლი და ასე გიყენებ,
რადგან მე აღარა ვარ ჰომო საპიენსი,
არც ჰომო ფაბერი,
არამედ ის, რადაც იქცა ჩემი მოდგმის ყოველი წევრი,
რადაც ყოველი საბოლოოდ ჩამოყალიბდა:
ადამიანი - მომხმარებელი,
გამომყენებელი.

მე ვარ შენი არაბულის მასწავლებელი:

"ას-სალამუ ალაიქუმ" -
მშვიდობა შენდა!
ალაიქუმუ ს-სალამუ -
შენდა მშვიდობა!
ერთმანეთს ასე ესიტყვება მაშრიყ-მაღრიბი.

მე ვიყავ შენი არაბულის მასწავლებელი
იმ დღეს, იმ (არა) ჩვეულებრივ 11 სექტემბერს,
ნიუ-იორკის ცათამბჯენის
მაღალ სართულის
ერთ აივანზე
ვიდექი და სამახსოვრო სურათს ვიღებდი.
დავყურებ ფოტოს:
ვიღიმები,
ვერაფერს ვხედავ,
წინ ვიხედები
და ხიფათსაც არ მიგრძნობს გული.
ხოლო ფოტოზე, რათქმაუნდა, გარკვევით მოჩანს,
რომ უკან დიდი თვითმფრინავი მიახლოვდება!

"ჰირუ უმმიქა!"
(აღარ ვთარგმნი)
"ჰირუ უმმიქა!" -
ერთმანეთს ასე ესიტყვება
მაშრიყ-მაღრიბი.

ხოლო ყურანი ამბობს:
"ალაჰს ეკუთვნის აღმოსავლეთიც და დასავლეთიც და საითაც არ მიბრუნდები, მისი სახეა, რადგან ალაჰი ყოვლის მომცველი ბრძენთა ბრძენია."

მე ეს ვიცოდი,
მე იმ დღეს, ღმერთო, სურათს ვიღებდი,
დამშვიდებული
და უკან არც ძრწოლით შევბრუნდი!

ისიც ვიცოდი,
რომ არაბულად სახეს ნიშნავს სიტყვა "სურათი"
ხოლო ქართულად, რასაც ნიშნავს,
მოგეხსენება:
ფოტოს ან სურათს
ანუ იმას, რაც ჩემგან დარჩა,
მას შემდეგ, რაც შენ ცოცხალ სახეზე
თვითმფრინავით გადამიარე,
და, როგორც ზეცა,
გადამგლიჯე თუ გადამკაწრე,
ის ზეცა, რომლის გულისგულში
შენ გიდგას ტახტი.

"ჰირუ უმმიქა" -
დედისტრაკი,
ანდა:
"ფაქ იუ"
ერთმანეთს ასე ესიტყვება მაშრიყ-მაღრიბი,

და ამერიკელს ვინღა ჩივს,
თვითონ არაბსაც
უკვე არ ახსოვს, რა თქმა უნდა,
ის არაბული,
რაც უფალმა ენათა შორის გამოარჩია
და ის, რისთვისაც გამოარჩია ენათა შორის:
სიზუსტისათვის
და სიზუსტის სილამაზისთვის;
როცა ენას შეუძლია იმდენად ზუსტი
იყოს, რომ გულში ჩაკონებას დაემსგავსოს,
მოხვევნას და არა - გასრესვას,
რაკიღა ხშირად ხვევნა გინდა, სრესვა გამოდის.

მე ვიყავ შენი არაბულის მასწავლებელი:
მე შენ გასწავლე:
მუცლით როკვა,
აქლემზე ჯდომა,
ინახით ჯდომა,
და ასე მჯდომს მშვიდი ბაასი,
რომ ღმერთმა შექმნა ეს ქვეყანა,
ამ ქვეყანაში
შექმნა წიგნი
და თვითმფრინავი,
მსხვერპლი - ჯალათი...
უფალმა შექმნა მოწაფე და,
რაც მთავარია,
შექმნა ასეთი არაბულის მასწავლებელი...

ვიქნები შენი არაბულის მასწავლებელი...