Litclub.ge

მეათე ძმა
სად არის ჭერი,
სადაც შევძლებ
თავის მიდრეკას,
კარი გამიღე,
სიყვარულო,
მოვედი,
მე ვარ,
კაცი, რომელიც
ჭერს დაეძებს
და საკუთარ თავს
ისე გაურბის,
როგორც სასტიკ,
ულმობელ მდევარს.
სად არის სახლი -
დამფარავი ცხელი ვნებისა?
კარი გამიღე,
სიყვარულო -
ძველო მევალევ,
და დამიცავი,
გადამმალე ჩემივ თვალისგან,
რომლის მზერასაც
დღემდე
ვერსად
ვერ დავემალე.
ჰო, ერთიბეწო თხილის გული
ცხრა ძმამ გაიყო,
ვერ შეჰკადრებდი
იმათ ძმობას ფიქრებს ბიწიანს,
მე კი იმ ცხრა ძმის
მეათე ძმა
ვიყავი მუდამ
და ჩემმა წილმა
თხილის გულმა
არ მომიწია.
იქნებ, თვალები მექცეს ჭერად? -
ესეც მიცდია:
შევვანებივარ ქუთუთოს სხვენს,
როგორც ობობა,
მაგრამ იქ მუდამ
ცრემლის
წვიმა
ჩამომდიოდა
და თვალთა ჭერიც
უნუგეშოდ
თავს მემხობოდა.
არსად სინათლე,
ყველგან წვიმა წკრიალებს ცივად,-
ქვაზეც,
ბალახზეც,
კუბოსა თუ გულის ფიცარზე...
საით მიდიხარ,
მეათე ძმავ,
რა ჭერს დაეძებ
თხილის გულივით
პაწაწინა
დედამიწაზე.