Litclub.ge

* * * სევდას სქესი აქვს
სევდას სქესი აქვს.
მე შევიყვარე შენი ქალური,
შენი მარად პირველყოფილი
და ნამდვილი სევდა სევდისა;
ვით მარგალიტი ნიჟარაში,
ვით კატა მზეში,
ვით სხვა სულ სხვაში -
სადაც ნებივრობ.
მე შევიყვარე... და მაპატიე,
მაგრამ როცა მიატან ზღუდეს,
განცალკევების ზღუდეს უცილოს
და გსურს გაენდო
კაცობრიობის მაცოცხლებელ სევდას კაცისას -
უსუსური ხარ და სასაცილო.
მიუღწეველში და ერთადერთში,
მოუხელთებელ მონატრების სევდაში დარჩი,
დე მარტოდ-მარტო.
სიყვარული ხომ საერთოა.