Litclub.ge

უსათაურო
კი არ მოვფრინავდით, -
ბაგირზე ჩამოკიდებულ,
რკინის ჟანგიან ყუთში ვისხედით, -
რომელიც კვნესით,
ჭრიალით და გაჭირვებით
ეშვებოდა მთიდან ქალაქში.
ის წვიმით სავსე
და ბნელი სივრცე -
განათებულ სადგურამდე,
ხნულის მსგავსად გავიტანეთ,
კვალი დავატყვეთ...
აქედან ჩანდა: -
როგორ მოსდევდნენ ქალაქისაკენ
მანქანები და ქუჩის ფანრები
ზამთრის მდინარეს.
გადაღლილი,
მომწვანო წყალი
აღუშფოთებლად თმობდა რბოლას,
თითქოს კიდეც ჩერდებოდა,
ხოლო ხიდები მხრებს იჩეჩავდნენ...
რა ელოდა ბებერ მდინარეს
ამ ძველ ქალაქში
წვიმისა და სიცივის მეტი?