Litclub.ge

ჯონქა ხადური
ტანჯვისთვის იყო დაბადებული.
მიდიოდა და ღრენა-ღრენით მისდევდა ქარი.
მიდიოდა და მისჩხაოდნენ შავი ღრუბლები.
ვერც სეტყვა გაძღა ჯონქას თავზე ჩამოხვავებით
და არც წვიმები დაიღალნენ მისი წამებით.
ამოყვირებული კაცი იყო ჯონქა ხადური,
სიმართლე ვულკანივით ამოსკდებოდა ხოლმე მისი პირიდან -
სიმართლე კი... მოგეხსენებათ, რა მტრიანი ვინმეა! -
აი, ამიტომ ებრძოდნენ ჯონქას:
თავმჯდომარეც და ხევისბერიც,
მექალთანე ლადიმერაც და ხელმრუდი კოტიაც,
მილიციელიც და მოსამართლეც...
უღრენდა და ჰკბენდა ჯონქა,
უღრენდნენ და ჰკბენდნენ ისინიც,
ებრძოდა და ებრძოდნენ.
ამოყვირებული კაცი იყო -
ამოყვირება ვერავინ ვერ მოაშლევინა.
...და ბოლოს - ნეტავ როგორ შეხვდნენ ერთიმეორეს
ის და სიკვდილი?
მაინც მგონია, რომ თვითონ ჯონქა
გაიწეოდა სიკვდილისკენ, როგორც მხსნელისკენ
და გატანჯულ სულს უტანჯველად ჩააბარებდა.
სიკვდილიც შემოხვევდა ხელს და ეტყოდა:
მოდი აქ, შვილო, ეგრე ვინღა გაგიმეტაო,
რა ჭრილობებით სავსე გული მოიტანეო?!.