Litclub.ge

* * * დოინჯშემოყრილ მთებს
დოინჯშემოყრილ მთებს
შემოჰფლეთიათ ნაბდები - გრიგალი.
კბილებჩაცვენილ დევს
შერიჟრაჟებით დასწვია ჯიგარი.
მივჩერებივარ გზას.
არ ჩანს ხანძთელი, არ მოდის ოშკელი.
ნისლმოხვეული, დგას
უიმედობის სვანური კოშკები.

სილაჟვარდეში სნობს,
იქაურობა მელნიან ხელებზე
მოულოდნელად მცნობს.
და თუმც სიტყვებით "ბევრს ითხოვ, მელექსე"
გარეთ მაგდებენ - ბედშივე, ის
კიდევ ყოფილა მხოლოდღა ვარჯიში
შენზე წერაში, მრჯის
მაინც იგივე: ფერფლს სილაჟვარდეში,
ნაღველმორეულ ბრიყვს,
მე შენ ისევე ძლიერად, ისევე
გაგიჟებამდე მიყვ.
ოღონდ მასწავლე, რარიგად მივეცე
თავდავიწყების რულს,
გამოვეთიშო უშენო სიცხადეს,
ამოვეშენო ნულს
უმომავლობის ამ და ამ რიცხვამდე.

ოღონდ მასწავლე ცდა,
და მე შიგნიდან გავარღვევ თაბაშირს!
დამახელოვნე! და,
გამობრძმედილი, ძვირფასო, მთავარში,
იმედოვნების სრულ
უაზრობაშიც ცხოვრების შემკობას
მოწყურებული, სულ,
შემოგარენის გაქრობის შემდგომაც,
დაგელოდები, მდგომარე წყნარ
განშორებათა ძეგლივით,
ქარბორბალებით კუნთებში ხან,
ხანაც ძარღვებში დელგმებით.


2005