Litclub.ge

სოფია მარინა (მთარგმნელი: შოთა იათაშვილი)
სოფია
ფრინავდა ჩიტი, კედელს ეხეთქებოდა, ეწეოდა აქტრისა, იფურთხებოდა სცენაზე.
გადაეხვივნენ მერე ერთმანეთს, წავიდნენ, როგორც თანამეინახენი, სომნაბულები.
მეც კი შევიბუმბლებოდი, კოტურნებზე შევდგებოდი, არ მოვტყუვდებოდი,
იქით გავაცურებდი სხვას.
ათი ბეჭედი ვიპოვე - ბევრი ხომ არაა?
თითოეული თითი გავაბრწყინე: ამტკივდა თავი, არასოდეს ვყოფილვარ ასე ცუდად.
დავიმშვიდებ თავს ბორხესის კრებულით, თამბაქოს მწიკვით.
ერთიც და მეორეც თანა მაქვს მუდამ.
დაეცა აქტრისა, დაეცა ჩიტი, წვანან, ზეცას აჰყურებენ, ერთი პრობლემაც არა აქვთ.
ქერუბიმები არიან, ბუდები, ლამები, ელის მათ ნემსები, გრამები, თეთრი, ლაჟვარდში გადამყვანი.
მშუშხავი შუშა რამპის სიმაღლეზე რომ ყოფილიყო, ისინი ვერ შეერთდებოდნენ, იფართქალებდნენ, ერთმანეთისკენ სწრაფვაში იქნებოდნენ,
დაბეჟილობებს, მოტეხილობებს, ჭრილობებს ყურადღებას არ მიაქცევდნენ.

მარინა
შევიკერე რვა კაბა, თითოეული თითო დღისათვის და მივხვდი: გინდა რომ მომკლა, უკვე დანაც მოიღერე.
ტკივილი ჩამიდგა თვალებში, უბედური ვარ.
რა წესია - დანით, უჩუმრად.
არ ვიცოდი, რა ღირს ჩემი თმა, წავუღე მეძველმანეს.
ნახა, სული შეუბერა - გაფრინდა ჩემი თმა ცაში.
მოვხვდები უთმოდ სცენაზე, შევძლებ ვიცეკვო?
ჩემს შიგნით ეკლესიაა, ეკლესიაში მათხოვარი გოგონა, მე დამეძებს.
როგორ გამოვუშვა, ვენები გადავიხსნა, მუცელი გამოვიფატრო?
გამოფრინდნენ ჩემი ყურებიდან ჩვილები, გამოდის პირიდან მამაო.