Litclub.ge

სახელთან მიმართება (მთარგმნელი: ასმათ ფიცხელაურ-ფარჯიანი)
ქალბატონებო და ბატონებო,
რამოდენიმე კვირის განმავლობაში, აქ, ფრანკფურტში, წილად გხვდათ ბედნიერება გაცნობოდით ალბან ბერგის ოპერას - «ლულუ» და მრავალი თქვენგანი, ისინიც, ვინც ვერ ნახა და მოისმინა ოპერა, ვერ ივიწყებენ სახელს - «ლულუ», პოეტ ვედეკინდისა და კომპოზიტორ ბერგის ქმნილების სახელს, რადგან ის ფესვს იკიდებს ცნობიერებაში, სახელი, რომელსაც აურა გააჩნია, აურა, რომელსაც ის, მართალია, მუსიკას და ენას უმადლის, მაგრამ აქვს რა ის, აქვს რა რომელიმე სახელს ამგვარი გამოსხივების ძალა, მაშინ გვეჩვენება, რომ სახელი თავისუფლდება და დამოუკიდებლობას იძენს; მხოლოდ სახელიც კმარა, რათა იყო სამყაროში. სახელთა ნათებასა და ამგვარ სახელთა მიმართ ჩვენს გულმიდრეკილებაზე უფრო იდუმალი არაფერია, ნაწარმოებთა უცოდინრობაც ვერ აბრკოლებს ლულუსა და უნდინას, ემა ბოვარისა და ანა კარენინას, დონ კიხოტის, რასტინიაკის, მწვანე ჰაინრიხისა და ჰანს კასტორპის ტრიუმფულ არსებობას. დიახ, მათთან ურთიერთობა, საუბრებსა თუ ფიქრებში, ჩვენთვის იმდენად ბუნებრივია, იმდენად ჩვეულებრივი, რომ კითხვაც არ გვებადება, თუ რატომ არსებობს მათი სახელები სამყაროში ისე, თითქოს ისინი ვინმეს უკეთ დაანათლეს, ვიდრე ჩვენ - ჩვენი სახელები; თითქოს ნათლობა აღასრულეს მირონცხების გარეშე, ნათლობა, რომლის შესახებ თავად ნაწერები არას ამბობენ, მაგრამ ნათლობა, სახელის ისეთი გადამწყვეტი და უპირატესი დარქმევა აღსრულდა, რაშიც ცოცხლები არ მონაწილეობდნენ. ეს სახელები ამოშანთულია გამოგონილ არსებებზე და თან წარმოადგენენ, ცვლიან მათ. სახელები მუდმივია და ისეა დაკავშირებული გამოგონილ არსებებთან, რომ როცა ვსესხულობთ და ბავშვებს ვარქმევთ, ეს ბავშვები მთელი ცხოვრების მანძილზე დაატარებენ მათ მინიშნებასა თუ ტანსაცმელივით, რადგან სახელი შექმნილ პერსონაჟთან უფრო მჭიდრო კავშირშია, ვიდრე ცოცხალ ადამიანთან.
რაკი მწერლობამ სახელთა შექმნა მოახერხა და ნათლობაც შედგა, მწერლებისათვის ბიძგის მიმცემი აღმოჩნდა სახელის პრობლემა და სახელდების საკითხი არამარტო პერსონაჟებთან მიმართებაში, არამედ ადგილთან, ქუჩებთან მიმართებაშიც, რომლებიც იმ განსაკუთრებულ რუკაზე, იმ ატლასზე უნდა მოთავსდეს, მხოლოდ ლიტერატურა რომ ასაჩინოებს. ეს რუკა იშვიათად ემთხვევა გეოგრაფიულ რუკას, ცხადია, მასზე ის ადგილებიცაა მონიშნული, რომლებსაც კარგი მოწაფეც იცნობს, მაგრამ არის ისეთი ადგილები, მასწავლებლებმაც რომ არ იციან. ყველა ეს ადგილი ერთ მთლიან ქსელს ქმნის, ქსელს, რომელიც დელფოდან და ავლისიდან დუბლინსა და კომბრეიმდე, მორგის ქუჩიდან ალექსანდერპლატცამდე და ბულონის ტყიდან პრატერამდეა გადაჭიმული: ტ. ე. ლორენსის უდაბნო და ცა, სადაც სენტ ეგზიუპერი დაფრინავდა. ამ რუკაზე ეს უდაბნო და ეს ცაც არის აღნიშნული, მაგრამ ბევრ უდაბნოს, ბევრ ნაყოფიერ მიწას ვერ ნახავთ მასზე, აქ ისინი არ არსებობენ. მაგრამ არსებობს ადგილები, ასჯერ ერთი და იგივე, ასჯერ ვენეცია და მაინც ასივე სხვადასხვა: გოლდონისეული, ნიცშესეული, ჰოფმანსტალისა და თომას მანის ვენეცია; ისეთი ქვეყნებიც არსებობს, რომლებსაც ხელმისაწვდომ რუკებზე ვერ იპოვი: ორპლიდი, ატლანტიდა და სხვა მრავალი, ილირიის მსგავსად რომ არსებობენ, მაგრამ ეს ილირია არ ემთხვევა შექსპირის ილირიას. ბუნებრივია, საფრანგეთიც არსებობს, ინგლისიც, იტალიაც და სხვა ქვეყნებიც, რაც არ უნდა ერქვას მათ, მაგრამ ერთხელ მაინც ვცადოთ და მოვძებნოთ ის საფრანგეთი, რომელსაც ახლა ვგულისხმობთ და გავემგზავროთ, იქ ვერასდროს ჩავალთ; იქ ან მუდამ ვიმყოფებოდით, ან ჯერ არასდროს ვყოფილვართ. ჯადოსნურ ატლასზე ყველაფერი უფრო დამაჯერებლად, უფრო ნამდვილად არის მონიშნული; იქ ნევა სენას ესაზღვრება, ხოლო სენაზე ბალზაკის კარუსელის ხიდი და აპოლინერის მირაბოს ხიდი გადის, ქვები და წყალი კი სიტყვებისაგან შეუქმნიათ. იქ ფეხს ვერასდროს დავდგამთ, ვერასდროს გავივლით მირაბოს ხიდზე და ვერც თოვლიანი რუსეთი გვიხილავს, ის რუსეთი, სადაც ალექსანდრ ბლოკის თორმეტნი დაიარებოდნენ. მაგრამ, მეორეს მხრივ, ყოველი ჩვენი მოგზაურობისას ნამდვილად მაინც სად ვიყავით? იქნებ დუბლინის ბორდელში და ბლოკსბერგზე, მბრძანებელ პუნტილას ფინურ მამულებსა და კაკანიის სალონებში, - იქნებ იქ ვიყავით.
ჩვენი სახელები ძალზე შემთხვევითია და ჩვენი და სამყაროს უსახელობის განცდა ხშირად გვეუფლება. სახელები, პერსონაჟთა სახელები, მხარეთა დასახელება, საერთოდ სახელები ამიტომ არის საჭირო, მაგრამ ეს მაინც უცნაურია და ხანდახან გსურს ჰამლეტივით წამოიძახო:
«ყველა ეს ვისთვის? ჰეკუბასთვის. მერე რა არის
ჰეკუბა მისთვის, ან თითონ ეგ ჰეკუბასათვის,
რომ ასე ცხარე ცრემლსა ჰღვრიდა?»
დიახ, რა არის ჩვენთვის ლულუ ან ჟულიენ სორელი, მანონი და ყმაწვილი ელი? იქნებ ისინი მხოლოდ შემცვლელის ან მინიშნების როლს ასრულებენ, ისე, როგორც ჰეკუბაზე მიანიშნებენ, ხოლო ჰეკუბა, თავის მხრივ, რაღაც სხვაზე, მესამეზე მიანიშნებს. იქნებ ისინი ადგილის დამკავებელ-დამჯავშნელები არიან, ან იქნებ უფრო მეტს ნიშნავენ?
რადგან მგონია, რომ ამ სახელთა მიმართ, პერსონაჟთა, ადგილთა სახელების მიმართ ერთგულება ერთადერთი რამ არის, რისი უნარიც შესწევთ ადამიანებს.
ჩვენი მეხსიერება ისეა მოწყობილი, რომ ხშირად ცოცხალ ადამიანთა სახელები გვავიწყდება; 15 წლის შემდეგ აღარც გვახსოვს თანაკლასელთა სახელები, გვეკარგება მისამართები, ოდესღაც ზეპირად რომ გვახსოვდა, ან სახელის ნაწილი, მისი მართლწერა გვავიწყდება და ერთ მშვენიერ დღეს სახელები ერთმანეთში გვერევა. მეხსიერებას ხომ ამგვარი ბურუსიც მოიცავს: ეს ამბავი მაშინ პარმაში მოხდა თუ პიაჩენცაში? - არა, პავიაში, თუმცა მგონი არც იქ არ მომხდარა! ჩვენში სახელთა ამგვარ კვდომას ცოტა რამ თუ გადაურჩება და, გადაურჩება ყველაზე ახლობელთა, ან მათი სახელები, ვინც სახელები, შემთხვევები, შემთხვევითობები დაამკვიდრა-დააფიქსირა.
მაგრამ რისი დავიწყების იმედიც გვქონდა, ადრევე, სკოლაში სწავლის დროს, როცა ვბრაზობდით, ოდისევსითა და ვილჰელმ ტელით რომ გვაწამებდნენ და დავიფიცეთ დაგვევიწყებინა ისინი, როგორც ქიმიური ფორმულები, რომლებიც მართლა დაგვავიწყდა - ამ სახელთა გადავიწყება ვერ შევძელით; ხოლო მათი ჩვენეული წარმოდგენა-წარმოსახვა, ცხადი თუ ბუნდოვანი, უფრო გამძლე, უფრო წარმომადგენლობითია, ვიდრე წარმოდგენა ცოცხალ ადამიანებზე. სახელებთან მიმართება-დამოკიდებულება გრძელვადიანია.
ჩვენ ხომ მართლა ვურთიერთობთ სახელებთან, სამყარო ჩვენთვის სახელებითაა დასახლებული.
ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკის ერთ მუზეუმში მონეს ნახატი - «დუმფარები» - დაიწვა. ერთხელ ვნახე და როცა გაზეთებში ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა, აზრი ამეკვიატა: მაინც სად გაქრა «დუმფარები»? ეს გაქრობა, მახსოვრობაში ჩაქრობა ხომ შეუძლებელია; ჩვენი მეხსიერება ჯერაც ინახავს მათ, სურს შეინახოს ისინი და გსურს, ილაპარაკო მათ შესახებ, რათა აქ დარჩნენ, რადგან ეს სულ სხვაგვარ განადგურებას ნიშნავს, ვიდრე ერთბაშად ყველა დუმფარას სიკვდილი ყველა ტბაში, მიუხედავად იმისა, რომ ნახატის დაწვა უმნიშვნელო დანაკლისია ჩვენთვის ცნობილ, ომებით გამოწვეულ ყველა განადგურებასთან შედარებით. ანდა რა არის ჩვენთვის ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში გაჩენილი ხანძარი, რომლის შესახებ დღემდე, 2000 წლის შემდეგ, ისე ვსაუბრობთ, თითქოს არასდროს გადამწვარიყოს ჩვენი სახლები და ქალაქები. დღემდე ვფიქრობთ მასზე, ერთგულად ვფიქრობთ ასე დიდი ორგულობის ჟამს. კარგია თუ არა ეს ერთგულება და ცრემლები ჰეკუბას გამო - არ ვიცით. ჩვენი გადანაცვლება შესაძლებელია და საუკეთესო უნდა იქნეს გადანაცვლებული. როგორც ჩანს, ეს ასეა დადგენილი.
ახალ ლიტერატურაში სახელთან მიმართებისას ბევრი რამ დამაფიქრებელი ხდება, კერძოდ: სახელთა ცნობიერი შესუსტება და სახელთა დარქმევის უუნარობა, მიუხედავად იმისა, რომ სახელები და ზოგჯერ ძლიერი სახელები, ჯერ კიდევ არსებობს. ორივეზე უნდა ვისაუბროთ, სახელთა დაცვა-დასაბუთებასა და სახელთა დაცემა-დაღუპვაზე, საფრთხეზე, მათ რომ ემუქრება და ამ საფრთხის მიზეზზე.
როცა კაფკას რომანები და მოთხრობები ცნობილი გახდა, მათთან ერთად ცნობილი გახდნენ კ. და იოზეფ კ., ორი პერსონაჟი, რომელთა, ჩვეულებრივი გაგებით, რომანის პერსონაჟებად გამოყოფა არამარტო შეუძლებელია, არამედ ისინი სახელებშივე არიან შეკვეცილ-რედუცირებული და უფრო შიფრად გვევლინებიან, ვიდრე სახელებად. ავტორის მიერ სახელის უარყოფასა და კ.-ს მიმართ ყოველივე იმაზე უარის თქმას შორის, რაც კ.-ს სახელის ტარების უფლებას მიანიჭებდა, საყურადღებო კავშირი არსებობს. ამ პერსონაჟს წართმეული აქვს წარმომავლობა, გარემო, თვისებები, ყოველგვარი მოვალეობა, ყოველგვარი გამომდინარეობა. თუ რა ნაყოფი გამოიღო კაფკას გენიალურმა მანიპულაციებმა, თქვენთვის ცნობილია. კაფკას მოდამ მთელი ლიტერატურა გვიძღვნა. უხვად დაგვასაჩუქრა მოთხრობებითა და რომანებით, რომელთა გმირებსაც ა. და იქს და ნ. ჰქვიათ, რომლებმაც არ იციან საიდან და საით მიემართებიან, ქალაქებსა და სოფლებში, ქვეყნებში ცხოვრობენ, სადაც, ავტორის ჩათვლით, ვერავინ ვერაფერში ერკვევა. აქ მხოლოდ ზოგადი დასახელებები არსებობს: ქალაქი, მდინარე, ხელისუფლება, პროცესები, გარემომცველობა, რაც პარაბოლად უნდა გავიგოთ, მაგრამ რატომ და რისთვის? ეს ყველაფერი შეიძლება ყველაფერს და ყველას მივუსადაგოთ და მივაწეროთ. თუმცა ეპიგონების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ზოგიერთმა, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, იმის გაგება მაინც მოახერხა, რომ დღეს იოლი აღარ არის რაიმეს სახელდება, სახელის დარქმევა და რომ ნაივური სახელდებისადმი ნდობა დაიკარგა, რომ აქ სინამდვილეში სირთულეს ვაწყდებით და რომ სხვა ავტორებიც, რომლებიც გულუბრყვილო სახელდებას განაგრძობენ, იშვიათად ახერხებენ სახელის, პერსონაჟის გადმოცემას იმგვარ სახელთან ერთად, რომელიც უფრო მეტი იქნებოდა, ვიდრე პირადობის დამადასტურებელი ნიშანი; ისინი ვერ გადმოგვცემენ სახელს, რომელიც დაგვარწმუნებდა, მიგვეღო იგი უსიტყვოდ, შეკითხვების გარეშე, რომელსაც შევამჩნევდით, გავიმეორებდით და რომელთანაც ურთიერთობას დავამყარებდით.
მაგრამ მიმბაძველთაგან განსხვავებით, თუ რა თანმიმდევრულად ეპყრობა თავის სახელებს თვით კაფკა, ამას რომანის - «კოშკი» - მაგალითზე გიჩვენებთ. ზედმიწევნით, ზუსტად შევყავართ მას გაურკვევლობასა და უზუსტობაში.
მავანი მიწის მზომელი კ. ჩადის ერთ სოფელში, როგორც ჩანს, ის კოშკის მოხელეა. მოგვიანებით მისი თანაშემწეებიც იკრიბებიან და ასეთი სცენის მოწმენი ვხდებით:
«- თქვენი საქმე რთულად არის, - თქვა კ.-მ და როგორც ყოველთვის მათი სახეები შეადარა, - კი მაგრამ ერთმანეთისგან როგორ განგასხვაოთ? სახელით თუ განგასხვავებთ კაცი, თორემ ისე ჰგავხართ ერთმანეთს, როგორც, - ენა დაება და მერე უნებურად წამოსცდა _ როგორც ორი გველი. ორივეს გაეღიმა: - სხვებს არ უჭირთ ჩვენი გარჩევა, - თავის გასამართლებლად ამის თქმაღა მოახერხეს. - მჯერა, - თქვა კ.-მ - მე თვითონ ვარ ამის მოწმე, მაგრამ მე ჩემი ორთავ თვალით ვხედავ და ეს თვალები ერთმანეთისგან ვერ განსხვავებენ. ამიტომ ისე მოგექცევით, როგორც ერთ კაცს და ორივეს არტურს დაგიძახებთ. ერთ-ერთ თქვენგანს ეს სახელი ჰქვია, მგონი შენ, არა? - ჰკითხა კ.-მ ერთ-ერთს. - არა, - უპასუხა მან, - მე იერემია მქვია. - სულ ერთია, თქვა კ.-მ, - ორივეს არტურს დაგარქმევთ და თუ არტურს გავგზავნი სადმე, მაშასადამე ორივე უნდა წახვიდეთ. და როცა არტურს დავავალებ რაიმეს, ორივენი წახვალთ დავალების შესასრულებლად.»
მაგრამ ჩვენ ვნახავთ, კ.-ს უმეცრება მასზევე როგორ იყრის ჯავრს, რადგან მას სახელის უარყოფის უფლება არა აქვს.
კ. თვითონაც გაუგებრობაში ამოყოფს თავს, როცა ერთხელ, ბოლოს და ბოლოს, დაურეკავენ კოშკიდან და იძულებული ხდება თავისი თავი დაასახელოს.
კ. ყოყმანობს, სახელს ვერ ამხელს. კ.-ს მერყეობას მოთმინებიდან გამოჰყავს მამაკაცი, რომელმაც დარეკა. «- ვინ არის მანდ? - გაიმეორა მან, - პატივს დამდებდით, თუ თქვენ ასე ხშირ-ხშირად არ დარეკავდით, სულ ორიოდე წუთის წინ დარეკეს.» კ. ამ შენიშვნას ყურადღებას არ აქცევს და თავს წარუდგენს, უცაბედად გადაწყვეტს რა, თავი მიწისმზომელის თანაშემწედ გაასაღოს. როცა ჩაეძიებიან, თუ რომელი თანაშემწეა, კ. იძულებული ხდება გათქვას თავისი სახელი და ამბობს: «- იოზეფი ვარ.» - მას ხელს უშლის მის უკან შეყრილი გლეხების ბუზღუნი, ისინი უკმაყოფილონი არიან, რადგან კ.-მ არასწორად წარუდგინა თავი.
მოსაუბრე ეკამათება და ამბობს, რომ მისთვის ცნობილია თანაშემწეების, არტურისა და იერემიას სახელები. კ. კვლავ ტყუის და ირწმუნება - ძველი თანაშემწე ვარ, მიწის მზომელთან ერთად ჩამოვედიო. «არა!» - ყვირის ხმა ტელეფონიდან. «- აბა ვინა ვარ?» - ეკითხება კ. უწინდებური სიმშვიდით. პაუზის შემდეგ ხმაც ეთანხმება და ამბობს იმას, რისი შეტყობაც მას სურდა: კ. ძველი თანაშემწეა. ამგვარად სახეზეა საბედისწერო დასაწყისი; სხვა პიროვნებას ამოფარებულ კ.-ს ისღა შეუძლია იკითხოს, თუ როდის ექნება მის ბატონს, ანუ თავად მას, კოშკში დაბრუნების უფლება. მას პასუხობენ: «არასოდეს!» მართალია კ.-ს არ სურს, მაგრამ ის იერემიას - იერემიას უწოდებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის მისთვის საშიში ხდება, ანუ როდესაც არტური გაიქცევა და მის წინააღმდეგ შეთქმულებას მოაწყობს კოშკში, მაგრამ უკვე გვიანაა, რადგან მალე შეიტყობს, რომ იერემიამ ფრიდა წაართვა, ქალი, რომლის დასაკუთრებასაც თვითონ ცდილობდა, რაკი ფრიდას კოშკის მმართველ კლამის შეყვარებულად თვლიდა. კლამზე ერთ-ერთი საუბრისას, როცა კ. დიასახლისს, კლამის ერთ-ერთ ყოფილ საყვარელს, მმართველის ამბავს გამოჰკითხავს, ნიშანდობლივ პასუხს მიიღებს: «დიასახლისი გაჩუმდა და კ. გაკვირვებით შეათვალიერა. შემდეგ უთხრა: - მშვიდად მოვისმენ ყველაფერს, რასაც იტყვით. გირჩევთ გულახდილად ილაპარაკოთ, ნუ მომერიდებით. ერთადერთი თხოვნა მაქვს, კლამის სახელი არ ახსენოთ. უწოდეთ მას «ის» კაცი, ანდა რაც გნებავთ, მაგრამ სახელს ნუ ახსენებთ».
კ. ჩასვლისთანავე შეიტყობს ერთი მოხელის სახელს: სორდინი. ვიღაც განუმარტავს: «...არ მესმის, როგორ უნდა დაიჯეროს უცხო კაცმა, რომ როცა სორდინის დაურეკავს, მართლა სორდინი უპასუხებს. უფრო სარწმუნო იქნებოდა, ეფიქრა, რომ რიგითი რეგისტრატორი ელაპარაკება სულ სხვა განყოფილებიდან. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება რიგით რეგისტრატორს დაურეკოს და სორდინიმ უპასუხოს. მაშინ აჯობებს, ტელეფონს სასწრაფოდ გაეცალოს, ვიდრე ხმას გაიგონებდეს.»
კ.-ს ჰგონია, რომ ეს ის სორდინია, ვისზეც ოლგა უყვებოდა. ოლგას დამ, ამალიამ ხომ უკუაგდო მოხელის ურცხვი წინადადება და მას შემდეგ მთელი მისი ოჯახი ამალიას უფლების დასაცავად იბრძვის სოფელში.
«...ერთი დიდი მოხელეა კოშკში, რომელსაც სორტინი ჰქვია.» «მსმენია, - თქვა კ.-მ, - ჩემს მოწვევაში მისი ხელი ურევია.» «არა მჯერა», თქვა ოლგამ, «სორტინი თითქმის არ ჩნდება საზოგადოებაში. სორდინიში ხომ არ გეშლება, დ-თი რომ იწერება?» «მართალია», თქვა კ.-მ, «სორდინი იყო». «ჰო», თქვა ოლგამ, «სორდინი ძალიან ცნობილია, ყველაზე ბეჯით მოხელედ ითვლება, მასზე ბევრს ლაპარაკობენ; მისგან განსხვავებით სორტინი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა და ყველასგან შორს უჭირავს თავი...»
ამას მოსდევს რაღაც ამბავი და მერე უცებ ისევ ჩნდება სახელი:
«...კლამზე მხოლოდ ის გვსმენია, რომ ძალიან უხეშია; როგორც ჩანს, საათობით ხმას არ იღებს, მერე უცებ ისეთ საზიზღრობას იტყვის, რომ დაგზაფრავს. სორტინიზე მსგავსი არაფერი გვსმენია, საერთოდაც არაფერი ვიცით სორტინიზე, არც ვიცნობთ. მასზე მხოლოდ ის ვიცით, რომ მისი სახელი სორდინის სახელს ჰგავს: სახელთა მსგავსება რომ არა, საერთოდაც ვერავინ გაიგებდა მის არსებობას. მეხანძრე ჰგონიათ, რადგან სორდინიში ერევათ, რომელიც ნამდვილი მეხანძრეა. სახელთა მსგავსებას იმისთვის იყენებს, რომ თავისი მოვალეობები მას გადააბაროს...»
პერსონაჟთა უცნობობას ანდა მათ შედარებით უცნობობას სახელთა მერყეობა ან სახელთა დაფარულობა უპირისპირდება. ერთი განაპირობებს მეორეს.
ამიტომ აღარ გვაკვირვებს კოშკელ გრაფზე კ.-ს გროტესკული საუბარი მასწავლებელთან: «კ. არ დანებდა და კიდევ ერთხელ ჰკითხა: «როგორ, გრაფს არ იცნობთ?» «საიდან უნდა ვიცნობდე», თქვა მასწავლებელმა ჩუმად და ხმამაღლა წარმოთქვა ფრანგულად: «გაითვალისწინეთ უცოდველ ბავშვთა თანდასწრება». და ეს ფრაზა _ «გაითვალისწინეთ უცოდველ ბავშვთა თანდასწრება», თითქოს ეს უწყინარი შეკითხვა მავანი პიროვნების თაობაზე უზნეო და დანაშაულებრივი ქმედება იყოს _ ამგვარ მაგალითს ანალოგი არ მოეპოვება.
ის, რომ კაფკასთან უბრალო, მოსაწყენი სახელებიც გვხვდება, როგორიცაა გოგონას სახელი - ფრიდა, ან ოლგა და გვარები: გერშტეკერი და ლაზემანი, ჩვეულებრიობითა და უმნიშვნელობით გამორჩეული სახელები, _ ეს სახელის დაუძლეველი საკითხიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა და მეტი არაფერი. კ.-ს პერსონაჟი ნამდვილი წვდომის წამს თავის თავთან თანხმობაშია, როცა აცხადებს, გერშტეკერისა და სხვა სოფლელების მსგავსად შეუმჩნეველი უნდა ვიყო, თუ მინდა ამ სოფელში მშვიდად ვიცხოვროო. მაქს ბროდის აზრით, კ.-ს უბრალოდ სასიკვდილო სარეცელზე უნდა შეეტყო, რომ სოფელში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ამის პრეტენზია არ გააჩნდა. სიკვდილის და ამ შეტყობინების დამთხვევა აუცილებლობითაა განპირობებული, რადგან სხვაგვარად წარმოუდგენელია, როგორ უნდა შედგეს სახელი ¬_ კ., როგორ უნდა მოშინაურდეს სხვა უბრალო სახელთა შორის. კ. თუნდაც მხოლოდ მისი სახელის გამო, შეიძლება მხოლოდ გზაში წარმოვიდგინოთ, მაგრამ არა მიზანთან, არა რაიმე ერთობაში.
მაგრამ ჩემთვის მიუღებელია კაფკას ექსეგეზა.
ჩვენ მიჩვეულნი ვართ პერსონაჟების სახელებით ამოცნობას და ამ სახელთა კვალდაკვალ სიარულს, როცა გვგონია, რომ ამ სახელებთან ერთად პერსონაჟსაც ვფლობთ. კაფკასთან ჯერ კიდევ შესაძლებელია სახელს ჩავეჭიდოთ. მართალია, ხშირად უკუგვაგდებენ, გვაეჭვებენ, მაგრამ ჩვენ ისევ და ისევ ვეჭიდებით მას. ასეთი ჩვევა გვაქვს და განებივრებულნიც ვართ არამარტო ძველი ლიტერატურის, არამედ თანამედროვე მწერალთა მიერაც, რომლებმაც პირველებმა გამოგვტაცეს ხელიდან სახელები. უპირველეს ყოვლისა, თომას მანს ვგულისხმობ. მაგრამ ის დახვეწილობა, რა სახითაც ის თავის სახელთა უმრავლესობას გვთავაზობს, შეიძლება სხვა არც რა იყოს რა, განგაშის პირველი ნიშნის გარდა. თომას მანთან სახელს დიდი მნიშვნელობა ენიჭება; ის უკანასკნელი დიადი სახელთ-გამომგონებელია, სახელთა ჯადოქარი, თუმცა თავის პერსონაჟებს ირონიული სახელებით, კომიკური თუ ტრაგიკული, უაღრესად გააზრებული ნიუანსების მქონე სახელებით მოსავს. მას სურს ბოლომდე გამოწუროს სახელი. სერენუს ცაიტბლომი, ჰელენე ოელჰაფენი, მადამ ჰუპფლი, მარკიზ დე ვენოსტა, ნე პლეტენბერგი, _ მედიდურ-ბიურგერული, ორდინალური, ჩვეულებრივი, უფერული თუ ეგზოტიკური, ფსევდოეგზოტიკური, _ ყველაფერი ზუსტად არის მოფიქრებული და სახელს ინექციასავით აქვს შეშხაპუნებული, და ისეთი სერიოზული სახელიც, როგორიცაა ადრიან ლევერკიუნი, მთელი სიზუსტით არის დატვირთული იმ შინაარსით, რომელიც პერსონაჟს არგუნეს. ავიღოთ თუნდაც ხაზგასმით ჩრდილო-გერმანული, სამხრეთ-გერმანული, სამხრეთული სახელები, რომლებიც უკვე იწყებენ თემას, ანდა ცხადყოფენ ორი სამყაროს თანაკავშირს, როგორც ეს ტონიო კრიოგერის შემთხვევაში ხდება.
დარწმუნებული არა ვარ, თუ რამდენად გამოგვადგება თომას მანი ახალ ლიტერატურაში სახელთა კვლევისას, მაგრამ ირონიულმა, ფართო გაგებით ირონიულმა სახელდებამ შეიძლება იმ აზრამდე მიგვიყვანოს, რომ ნდობით აღსავსე სახელდება აქ იმთავითვე ისე დასრულდა, რომ ერთი-ორი საუცხოო, დიდებული სახელის დატოვება მოასწრო: პეპერკორნი, სეტემბრინი, კრული. ამ სახელთა ნუსხა ძალზე გრძელი იქნებოდა!
ერთი შეხედვით მყარ სახელებს ჯეიმზ ჯოისთან ვხვდებით, თითქმის ისევე მყარ სახელებს, როგორთაც მე-19 საუკუნის რომანებში წავაწყდებით. ისინი გვარწმუნებენ, გვპირდებიან, რომ სოლიდურნი არიან, გვანანავებენ ამ დარწმუნებულობაში: აქ გახლავთ სარეკლამო აგენტი ლეოპოლდ ბლუმი, მარიონ-მოლი _ მისი ცოლი და არათანაბრად პოინტირებული სტივენ დედალოსი, რომელიც მრავალი მნიშვნელობით დახუნძლულ სახელს ატარებს: «შენი სულელური სახელი. ძველბერძნული» _ ეუბნებიან მას. აქ რაიმე შენიშვნა ზედმეტი იქნებოდა, ენის ამგვარი ნჯღრევა, ენის აგრესიული დაშლა სახელებსაც რომ არ ეხებოდეს. ბლუმის სახელი მკითხველს თავდაპირველად უბრალო სახით მიეწოდება; შემდეგ მას ამღვრევენ, ხელახლა იგემოვნებენ, ყოველი მხრიდან, ყოველგვარი შესაძლო სახით წარმოთქვამენ: ლეო, პოლდი, სიოპოლდი, მოგზაური ლეოპოლდი, იუნკერი ლეოპოლდი, ბატონი ლეოპოლდი, უსაყვარლესი ამხანაგი, ლეოპოლდ სათნო ოსტატი, იუნკერი ბლუმი, ლეოპ. ბლუმი, სტივენ დრ. ლეოპ. ბლუმი.
ღამის თეატრში, ბორდელის სცენისას, პირველად ზარი მოუწოდებს: «ბამ, ბამ, უ-კან, ბლუუ». შემდეგ ხმა უხმობს: «პოლდი!» პოლიციელები გამოჩნდებიან, მხარზე ხელს დაადებენ: «ბლუმ, ბლუმისგან, ბლუმისთვის. ბლუმი».
მოგვიანებით ერთ-ერთი პოლიციელი გაანჩხლებული ეუბნება: «ჩქარა! სახელი და მისამართი».
ბლუმი პასუხობს: «დრ. ბლუმი, ლეოპოლდ, კბილის ექიმი. ხომ გსმენიათ ბლუმ-ფაშაზე? მის მილიონებზე. დალახვროს ეშმაკმა, ნახევარი ავსტრია მისია. ეგვიპტე. ბიძაშვილები».
პირველი პოლიციელი ეკითხება: «საბუთი გაქვთ?»
ბლუმი ბარათს აწვდის. ბარათზე პოლიციელი მის სახელს ამოიკითხავს: «ჰენრი ფლაუერი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია».
(ლეოპოლდს მისი შეყვარებული მართა ჰენრი ფლაუერს უწოდებს და როგორც ვიცით, მისი წერილი სწორედ ამ დილით გამოიტანა ფოსტიდან.)
პოლიციელების სცენას მართას გამოჩენა ცვლის. მართა ეძახის: «ჰენრი! ლეოპოლდ! ლეოპოლდ! ლაიონელ, შე დაკარგულო! დამიბრუნე პატივი!»
მეორე ქალბატონი ამტკიცებს, მისგან წერილი მივიღეო, ამ წერილს ის ჯეიმზ ლავბირხის სახელით აწერს ხელს.
მოქმედებაში შემოდის: კოცნები, რომლებიც ჭიკჭიკებენ და გალობენ: «ლეო!.. ლეოპოპოლდ! ლეოლე! ო ლეო!»
ბლუმი როლიდან როლში ძვრება, ხან იმპერატორი და მბრძანებელი ლეოპოლდ პირველია, ხანაც მირონცხებისას არქიეპისკოპოსი დაანათლავს სახელებს: «ლეპოლდ, პატრიკ, ანდრეას, დავით, გეორგ _ ამიერიდან დაგერქვა სახელი».
ბლუმი ქვეშევრდომებს მიმართავს: «ძვირფასო ქვეშევრდომებო, როგორც იქნა ამობრწყინდა ახალი ერა. მე, ბლუმი, ჭეშმარიტებას ვღაღადებ, როცა ვამბობ, რომ ის უკვე ხელშესახებია. დიახ, ერთი ბლუმის თქმით, მალე ოქროს ქალაქში შეხვალთ, რომელიც აღმოცენდება, ანუ ახალ ბლუმუსალემში».
მავანი კი განაცხადებს: «ამ კაცის ერთ სიტყვასაც ნუ ენდობით. ის ხომ ლეოპოლდ მაკინტოშია, ცნობილი ბუნტისთავი. მისი ნამდვილი სახელი ჰიგინსია».
პროფესორი ბლუმი პირველი მდედრობითი მამაკაცია, რომელმაც უნდა იმშობიაროს. ხმა ეკითხება: «ბლუმ, შენა ხარ მესია ბენ იოსები თუ ბენ დავითი?»
მისი ქალიშვილი მილი წამოიძახებს: «ღმერთო ჩემო, ეს ხომ მამიკოა!»
ღამის თეატრის არეულობა ქრება, ბლუმი ზედმეტია, მაგრამ მაინც რჩება ბლუმის სახელი, რომელიც ასოციაციური სახით _ «ბლუმი, ლურჯი ყვავილი» _ ამუშავდება, რჩება ჰენრი ფლაუერად, რომელიც ჩაენაცვლება, წარმოადგენს ბლუმს და გამოავლენს მას უკუთარგმნისას.
მისთვის ასაშენებელი თუ აშენებული სახლის შესაძლო სახელების ასეთ ვარიანტებს გვთავაზობენ: ბლუმის კოლეჯი, სენტ ლეოპოლდი ან ფლაუერვილი.
ჯოისთან სახელები აზრობრივად და ფონეტიკურად გადაადგილებად-გადანაცვლებადია. ისინი შეიძლება არიო, შეცდომით დაწერო ან შეცვალო ისე, რომ თავდაპირველ სახელზე მიანიშნო, როგორც ეს იმ აკროსტიხშია მოცემული, ახალგაზრდა ბლუმმა რომ შეთხზა:
«პოეტები ხშირად მღერიან:
ო დიდებულია მუსიკა!
ლაღად ვმღერი შენ გიგალობ ხმამაღლა:
დიახ, შენ ხარ ჩემი
იმედი და ბედნიერება...»
სახელი ბლუმი კარუსელივით ტრიალებს, ტრიალებს, ვიდრე ყველას, სახელსაც და ჩვენც, თავბრუსხვევა არ დაგვეწყება. ამას ცხადყოფს ერთი ანაგრამაც, ბლუმმა ახალგაზრდობაში რომ დაწერა:
«ლეოპოლდ ბლუმი
ელპოლდბომოლი
მოლდოპელობი
ბოლოპედუმი
ოლდ ოლებო ემ. პე.»
არ იკითხავთ, ვისთან არ უმგზავრია ბლუმს: «სინდბადი ზღვაოსანი და ტინბადი ტინოსანი და ჯინბადი ჯინოსანი და ვინბადი ვინოსანი და ნინბადი ნიჩბოსანი და ფინბადი ფინთოსანი და ბინბადი ბინდოსანი და პინბადი პიროსანი და მინბადი მინდოსანი და ჰინბადი ჰინდოსანი და რინბადი რინდოსანი და დინბადი ქიდოსანი და შინბადი შინდოსანი და ლინბადი ქშინოსანი და ქსინბადი ფშინოსანი.» (თარგმანი ნიკო ყიასაშვილისა)

დაბოლოს, განა შეიძლება დაგვავიწყდეს, რომ წიგნს «ულისე» ჰქვია და ლეოპოლდ ბლუმის ერთდღიანი დუბლინური მოგზაურობა ამ დიადი, მძიმე სახელის _ ოდისევსის _ ჩრდილქვეშ მიმდინარეობს. ეს სახელიც კმარა და საკმარიც უნდა იყოს ჩვენთვის, როგორც გამუდმებული მინიშნება წამებულის მოგზაურობაზე და ყოველ ფეხის ნაბიჯზე სიმბოლური სცენები უნდა აღმოგვაჩენინოს.
სახელის უარყოფა, სახელის ირონიზირება, სახელის მნიშვნელობით თუ უმნიშვნელობით თამაში, სახელის ნჯღრევა _ აი ესენია საშუალებები, მაგრამ უფრო რადიკალური ხერხებიც არსებობს. უილიამ ფოლკნერი თავის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებში _ «ხმაური და მძვინვარება» _ სასოწარკვეთილებაში აგდებს მკითხველს, რადგან ისე ექცევა სახელს, თითქოს პერსონაჟის სახელით აღნიშვნა ძალზე პრიმიტიული რამ იყოს. მე დარწმუნებულიც კი ვარ, რომ ვერავინ მოახერხებს სავსებით გაერკვეს ამ წიგნის ქსოვილში, რადგან უილიამ ფოლკნერის დამოკიდებულება დროსთან ამას უაღრესად ართულებს. წიგნში გამუდმებული გადანაცვლება ხდება სამ დროში. რამოდენიმე წინადადება შეიძლება 1928 წელს ეხებოდეს, შემდეგი წინადადებები კი 1910 წელს. მაგრამ ნამდვილ სირთულეს ეს არ ქმნის; ჩვენ ხომ უკვე კარგად ვიცნობთ ტექსტებს, რომელთაც ქრონოლოგიური დრო აღარა აქვთ ნიმუშად; ფოლკნერთან სირთულეს იქ ვაწყდებით, ნამდვილ განსაცდელში ვვარდებით იქ, სადაც სახელებს ვხვდებით. ამ წიგნის სუპერზე დაბეჭდილი ტექსტის ავტორი ამ ნაწარმოებს ოჯახურ რომანად წარმოგვიდგენს, რითაც ჩვენს შურნარევ აღტაცებას იმსახურებს. ტექსტის ქსოვილში გახლართულნი ვგავართ იმ მაძებარ ძაღლს, რომელიც ყოველ წამს კვალს კარგავს, რადგან ცხვირში სულ სხვადასხვა სუნი სცემს. აქ ორჯერ გვხვდება სახელი კედი (Caddy), ერთხელ y-ით დაწერილი, ერთხელაც ie-თი; ორჯერ გვხვდება სახელი ჯეისონი, ორჯერ _ ქვენტინი: ქვენტინ _ მამრობითი და ქვენტინ _ მდედრობითი. მაგრამ ამის გაცნობიერებაც ვერას გვშველის, რადგან პერსონაჟები აქ სახელებით არ ამოიცნობა, სახელები აქ მახეებს უფრო ჰგავს; მათი ამოცნობა იმ გარემოს, თუნდაც ყვავილნარის საშუალებით შეიძლება, ყოველ პერსონაჟს გარს რომ ევლება; უნდა ამოვიცნოთ ძალზე ნაზი განწყობილებებით, დამახასიათებელი კონსტელაციებით, რომელშიც ისინი იმყოფებიან. ეს გარემო მოკლე ციტატებით იქმნება და მას ყურადღება უნდა მიექცეს პერსონაჟის ყოველი გამოჩენისას, იქნება ეს ქვენტინ-კაცი თუ ქვენტინ-ქალი, რა დროშიც არ უნდა ხდებოდეს მოქმედება, ვისაც არ უნდა ეხებოდეს: ბავშვს, სტუდენტს თუ ახალგაზრდა ქალშვილს, რადგან ავტორი ამ ციტატას ყოველთვის თანაახლებს შესატყვის პერსონაჟს. სახელზე უფრო მეტი ყურადღება იმ კონტექსტს უნდა მივაქციოთ, რა კონტექსტშიც სახელი სახელდება. სახელი შეიძლება ყვავილთან, სირვაშლასთან, გაყიდულ მდელოსთან, ქორწინების ცნობასთან კონტექსტში შემოგვხვდეს. უცებ ვხვდებით, რომ ფეხქვეშ მყარი ნიადაგი მხოლოდ ასე შეიძლება ვიგრძნოთ, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში პერსონაჟები სამუდამოდ დაფარულნი დარჩებიან, მათ კი დაფარვა, მიმალვა სურთ, რადგან არსებობს საამისო მიზეზი, გამოცანა, რასაც სახელები უფრთხიან. ოდესღაც რაღაც მოხდა, მოხდა სისხლის აღრევა და დამნაშავეებს სახელით გამოააშკარავება არ სურთ. სისხლის აღრევის შედეგად ნაშობი ბავშვის სახელი არ უნდა გათქვან. მოვლენა ხშირად იძაბება, მაგრამ მყისვე იფარება და შესაბამისად სახელებიც იძაბება და იფარება.
პირველად ამ ამბავს ასე შევიტყობთ, ასე მოგვითხრობენ: «...რძიანა. მე ვთქვი, მე ჩავიდინე ეს ცოდვა, მამა, ვთქვი მე, ვარდები».
მოგვიანებით ეს წინადადება ერთ სახელთან კონტექსტში ხელახლა ამოტივტივდება. თავდაპირველად ეს არაფრისმეტყველი სახელია, მაგრამ ის თანდათანობით იტვირთება, იტვირთება მანამდე, სანამ მის მნიშვნელობას არ ჩავწვდებით.
«მე ჩავიდინე ცოდვა, ვთქვი მე. მამა ეს მე არ ვიყავი დალტონ ეიმს. და როცა მან (მამრ.) ის (მდედრ.) დალტონ ეიმს. დალტონ ეიმს». (ამას ნართაული წინადადება მოჰყვება, რომელიც სხვა დროს, სხვა პერიოდს გამოხატავს, შემდეგ კიდევ ერთხელ სახელდება ეს სახელი, სამჯერ). «დალტონ ეიმს.D დალტონ ეიმს.D დალტონ ეიმს.»
ვარდები ისევ და ისევ ჩნდება ციტატის სახით. ყვავილი მეტწილად შეშლილ ბენჯამინს უკავშირდება. სირვაშლას სურნელი საიდუმლო ინციდენტთან არის დაკავშირებული.
ის (მამრ.)-ქვენტინი გვიყვება:
«...მან (მდედ.) ჩემი თავი ნოტიო მკვრივ მკერდზე მიიკრა. მესმოდა ახლა რა თანაბრად და ნელა უძგერდა გული და აჩქარებით აღარ ფეთქავდა და წყალი სიბნელეში ბუყბუყებდა ტირიფებქვეშ და სირვაშლას სურნელი ტალღა-ტალღა მიიწევდა მაღლა...»
მოგვიანებით ნათქვამია: «წყეულმა სირვაშლამ აღარ უნდა მოიშალოს ეს?»
მოგვიანებით ისევ მეორდება: «სირვაშლას სურნელი მოედინებოდა და მოედინებოდა...»
რაიმე სიტუაციასთან ან რომელიმე ადამიანთან დაკავშირებული საგნები იგივე რჩება და მოცემულ პერსონაჟს უკეთ გარემოიცავენ, ვიდრე ესა თუ ის სახელი. საგნები ადასტურებენ პერსონაჟის არსებობას ანდა საგანთა ხსოვნას.
სინამდვილეში ფოლკნერის მეთოდი შემდეგში მდგომარეობს: მას ჩვენი ყურადღება სახელებიდან სხვა მიმართულებით გადააქვს, რათა იმ რეალობაში ჩაგვაყენოს, სადაც გამოსავალზე არავინ არაფერს მიგვანიშნებს, არავითარ ახსნა-განმარტებას არ გვაძლევენ. აქ ავტორი არ მიიწერს სახელებს, არ წარმოგვიდგენს მათ და არც სახელთა აღრევის შესახებ გვაფრთხილებს, არამედ აქ მხოლოდ პერსონაჟები ამოიცნობენ ერთმანეთს, ჩვენ კი მხოლოდ დაკვირვების შესაძლებლობა გვეძლევა, თუ რამდენად გავიკვლიეთ გზა და რამდენად შევძელით იმ ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, რომელნიც არავინ გაგვაცნო, მზამზარეული იარლიყებით არავინ წარმოგვიდგინა, მათი უკეთ გაცნობის მიზნით.
ალბათ დროა უკვე ვთქვათ, რომ სახელთან დაკავშირებით ეს აზრი პირველად პრუსტის «დაკარგული დროის» კითხვისას დაიბადა. არ არსებობს სხვა წიგნი, რომელიც მასზე უკეთ გაამახვილებდა ჩვენს ყურადღებას სახელთა გამოყენებაზე, მათ ფუნქციონირებაზე, მათ გაუმტარობასა თუ გამტარობაზე. დიახ, სახელთა გამოსხივების ძალისა და მკვდრადშობის მიზეზი მხოლოდ მაშინ გაცხადდება, თუკი პრუსტისეულ ყოველ სახელს კვალდაკვალ მივყვებით, რადგან მან მხოლოდ ცნობილ სახელთა სასაფლაო კი არ დაგვიტოვა, არამედ სახელები და ამ სახელთა განცდაც თანათემად აქცია თავის რომანში. სახელთა შესახებ მან თქვა ის, რაც როგორღაც მაინც გამოითქმის და თავისი ძალისხმევა ორი გზით წარმართა: ერთის მხრივ, გვირგვინი დაადგა სახელებს, მაგიურ სინათლეში გახვია ისინი, შემდეგ კი გაანადგურა და წაშალა; თან მნიშვნელობით აავსო და დატვირთა და თანაც იმავდროულად მათი სიცარიელეც დაადასტურა, ფუტურო ნაჭუჭებივით მოისროლა და მითვისებული საკუთრების დამღა დაასვა.