Litclub.ge

დიდი ღამე ქალაქში (მთარგმნელი: ზვიად რატიანი)
მთვრალი ქალაქის ბნელ ქუჩებში,
ღამე,
გზის აბნევა,
საითაა შენი სახლი,
შედიხარ ბარში, რათა იპოვო შენი თავი,
წყლიან სკოჩს უკვეთავ,
ბარში სინესტეა,
ნესტით იჟღინთება ერთ-ერთი სახელო,
ნაძირალები - სკოჩი სუსტია,
ლუდს უკვეთავ,
ქალბატონი სიკვდილი კი გიახლოვდება, აცვია კაბა,
ჯდება შენს გვერდით,
ლუდს უკვეთავ - ამჯერად მისთვის,
მას ხომ ჭაობის სუნი ასდის,
შენს მუხლს ეხება თავისი მუხლით,
ბარმენს ეღიმება,
შენ მას აიძულე, აღელვებულიყო,
რადგან არ იცის, ვინ ხარ,
პოლიციელი თუ მკვლელი, შეშლილი თუ იდიოტი,
უკვეთავ არაყს,
არაყს ასხამ ლუდის კათხაში.

ღამის პირველი საათია,
შენ ეკითხები, რა ეღირება მისი თავი,
სვამ ჭიქებში ჩარჩენილ წვეთებს,
ცუდი გემო, საავტომობილო ზეთის გემო,
ემშვიდობები ქალბატონ სიკვდილს,
ემშვიდობები ბარმენს.

შენ გაგახსენდა, საითაა შენი ოთახი,
ოთახი ღვინით სავსე ბოთლით საპირფარეშოს მაგიდაზე,
ოთახი მოცეკვავე ტარაკანებით.

სრულყოფილება ვარსკვლავებს შორის,
სადაც მოკვდა სიყვარული.