Litclub.ge

ციკლიდან «უარყოფა» (მთარგმნელი: გიორგი ლობჟანიძე)
ადამიანი, ვისაც ელი

ბავშვმა მამის სიკვდილი ვერ დაიჯერა,
რაკიღა ჯერ კიდევ არ იცოდა,
რა არის სიკვდილი.
გოდება სახლში,
დედის ქვითინი
ჯერ კიდევ არ ნიშნავდა მამის სიკვდილს,
სულაც პირიქით,
ცნობისწადილს უღვიძებდნენ
მათთან, სახლში მოსული სტუმრები
და ქიშმიშიანი ფლავი, ხორციანი...

ლამისაა მოლოდინმა წალეკოს ბავშვი:
დღესაც გვიან დაბრუნდა მამა სამსახურიდან,
მან ცრემლებით ამოავსო მამის არყოფნა,
ის კი ისევ არ მოვიდა მეორე დღესაც,
არც მესამე დღეს...
ბავშვი მაინც ჯიუტად უცდის...

და მგონი, დღეთა სვლასთან ერთად
ბავშვმა გაიგო
რაა სიკვდილი,
ამის შემდგ იგი იტყვის, რომ სიკვდილია,
როდესაც ვინმეს ელოდები, ის კი არ მოდის...
1994

თევზი

ღამე გადის
თევზს კი თავის აკვარიუმში
თვალზე რული არ ეკიდება.

ფიქრები რომ არ მოუღავდნენ
ღამის ნათურის მკრთალ სინათლეზე,
სული გაკმინდა.

არავინ არის მასზე უფრო მიამიტი:
იმედი აქვს, რომ
ერთ მშვენიერ დღეს
ზღვას შეერწყმება.