Litclub.ge

პორტუგალიელი მონაზვნის წერილები (მთარგმნელი: ნესტან იორდანიშვილი)
მკითხველისადმი

დიდი გარჯისა და ზრუნვის შედეგად მოვახერხე დამედგინა სწორი ნუსხა "ხუთი პორტუგალიური წერილის" თარგმანისა. ეს წერილები პორტუგალიაში ნამსახური ერთი კეთილშობილი გვამისადმია მიძღვნილი. თავადაც მინახავს, მცნობნი სიყვარულისა რა ქება-დიდებას ასხამენ ამ წერილებს, რა თავგამეტებით დაეძებენ და გადავწყვიტე, ყველას ძალიან ვაამებ, თუკი დავსტამბავ-მეთქი. მე არ ვიცი სახელი კაცისა, ვისაც სწერდნენ ამ ბარათებს, არც მთარგმნელის სახელი ვუწყი, მაგრამ ვიმედოვნებ, საწყენად არ დაურჩებათ, საზოგადოების სამსჯავროზე რომ გამომაქვს ისინი.


წერილი პირველი

ხედავ, სასურველო, რა ზომამდე მკლებია შორსმჭვრეტელობა? ჰოი, ბედკრულო! თავად მოგაყივნეს და მეც მაცდუნებ მომყივნებელი იმედებით. ტრფობა, ამდენ სიამოვნებას რომ გიქადდა, ახლა მხოლოდღა უსაზღვრო სასოწარკვეთასა გგვრის, რასაც არა შეედრება რა, განშორების სისასტიკის მეტი. ვით ავიტანო ეს მოშორვება? მისთვის ხომ ჩემს მწუხარებას, რაგინდ ხერხიანიც არ უნდა იყოს, საკმაოდ ავბედითი სახელი ვერ მოუძებნია. ნუთუ ვერასოდეს ვნახავ მაგ თვალებს, რომლებშიაც იმდენ სიყვარულს ვკითხულობდი, რომელთაც გული შემიძრეს, ცას მწიეს სიხარულით, ყველაფრის მაგივრობას მიწევდნენ იმზომ, რომ სხვა აღარაფერი მქონდა სანატრელი. ვაგლახ! ჩემი თვალები ვეღარ ხედავენ ერთადერთ სინათლეს, რომელსაც ძალუძდა მათი ანთება და მეც ცრემლი არ გამშრობია მას მოღმა, რაც გავიგე, რომ წასვლა გაქვთ გადაწყვეტილი. თქვენთან განშორება ისე სამძიმოა ჩემთვის, რომ უეჭველად დარდს გადავყვები. მაინც მგონია, შევიყვარე ეს უბედურებანი, რომელთა ერთადერთი მიზეზიც თქვენა ართ; ჩემი სიცოცხლე პირველი ნახვის უმალ მოგიძღვენით და რაღაც ტკბილ-მწარე სიამოვნებასაც ვგრძნობ, მტლედ რომ დაგედეთ. დღე ერთია და ათასჯერ გიხმობთ ოხვრა-ვაებით; ცრემლმდინარი ყველგან დაგეძებთ და ამდენი ვაი-ვაგლახის სანუქფოდ მხოლოდ ჩემი შავბედის გულახდილი შეგონება ჩამესმის ყურში; იგი ისე სასტიკია, რომ თავის მოტყუები სნებას არ მაძლევს და მიწყივ დამძახის: კმარა, ბედკრულო მარიანა, ტყუილად თავს რად იკლავ, ამაოდ უხმობ სატრფოს, ვისაც შენს დღეში ვეღარ იხილავ; ზღვა გადასცურა, რომ გაგქცეოდა. ახლა საფრანგეთშია, იშვებს, იხარებს და წამითაც კი არ ფიქრობს შენს მწუხარებაზე. მაშ, რაღად იკლავ თავს, რად მისცემიხარ სასოწარკვეთას, თუკი მადლიერიც არ დაგირჩება? მაგრამ ვაი რომ არ შემწევს ძალი ასე უკადრისად განგსაჯოთ და თავადაც ერთობ მოწადინე ვარ თქვენი გამართლებისა: არა, არა მსურს იმის დაჯერება, რომ დამივიწყეთ. განა ისედაც საკმაოდ უბედური არა ვარ, რომ ტყუილი ეჭვებით გულს არ ვიწყლავდე? ან კი ძალისძალად რად უნდა დავივიწყო, თავს რომ მევლებოდით, რომ სიყვარულში დაგერმწუნებინეთ? ისე მომხიბლა თქვენმა თაყვანისცემამ, ერთობ უმადური ვიქნებოდი, ისეთივე მგზნებარებით რომ არ მიყვარდეთ, როგორც იმ ნეტარ დროს, როცა თქვენი სიყვარულის საბუთებითა ვხარობდი. როგორ იქნება, ასეთი სანეტარო წუთების მოგონება ეგზომ სასტიკი გახდეს? და განა ეს უტკბესი მოგონებანი გულს უნდა მიფლეთდნენ? ვაგლახ! თქვენმა უკანასკნელმა წერილმა ისე მოაქცია საწყალი, რომ ლამობდა კიდეც სხეულს გაჰყროდა და თქვენს საძებნელად გადმოხვეწილიყო. ამ შმაგმა ვნებებმა ისე გამტანჯეს, რომ სამ საათზე მეტხანს გრძნობზე აღარ ვიყავ; გაუსაძლისი მეჩვენა ცხოვრება, რომელსაც თქვენი გულისთვის უნდა გამოვეთხოვო, რაკი დღეის ამას იქით არად გარგიათ. მაგრამ ჩემდა ჭირად კვლავ ვიხილე დღის სინათლე, თავს კი ვიტყუებდი, სიყვარული ბოლოს მომიღებს-მეთქი, და ღმერთმანი, მიხაროდა კიდეც, ეს ჩემი ტანჯული გული თქვენთან გაყრას რომ აღარ იგლოვდა. მას მოღმა სხვა ჭირიც ბევრი დამერთო ზედ; მაგრამ თავად განსაჯეთ, განა იქნება არ ვვაგლახებდე, როს ვერა გხედავთ? მაინც კი ყველა სატკივარს ვითმენ, უდრტვინველად ვიტან, რაკი თქვენგანა მჭირს ყოველივე... ნუთუ ეგზომი სიყვარულის სანაცვლოდ ამასღა მთავაზობთ? თუმცა რა?! დაფიცებული მაქვს, მთელი სიცოცხლე გაღმერთებდეთ და სხვას არავის შევხედო; გარწმუნებთ, თქვენც კარგს იზამთ, თუ აღარავის შეიყვარებდით. განა შეიძლებთ ჩემს ტრფობაზე ნაკლებ ტრფობს დასჯერდეთ? იქნებ სიტურფე სხვაგან მეტი ჰპოვოთ (თუმც კი უწინ მარწმუნებდით, ულამაზესი ქალი ხარო), მაგრამ ამგვარ სიყვარულს ვეღარ შეხვდებით და სხვა დანარჩენი რა სათვალავში მოსატანია. ტყუილად ნუ გაირჯებით, ნუ მომწერთ, არ დამივიწყოთო. მე არ ძალმიძს თქვენი დავიწყება და არც ის მავიწყდება, იმედი რომ ჩამისახეთ გულში, დავბრუნდები და ერთხანს შენთან დავჰყოფო. ვაგლახ მე! მთელი სიცოცხლე ჩემს გვერდით ყოფნა რად არ გსურთ? მე რომ შემეძლოს ამ ტიალი მონასტრის მიტოვება, თქვენი სიტყვის აღსრულებას პორტუგალიაში აღარ დაველოდებოდი და თქვენს საძებნელად გამოვსწედი, არაფერს დაველოდებოდი, ყველგან თან გამოგყვებოდით, მსოფლიოს რომელ კუთხეშიაც არ გადაგტყორცნიდათ ბედი და მუდამ მეყვარებოდით. მე ვერა ვბედავ თავი ვინუგეშო, ეს აღსრულდება-მეთქი. არ მინდა გულს ჩავისახო ფუჭი იმედები, შვებას რომ მომიტანს, მხოლოდ მწუხარებასა მინდა ვგრძნობდე. მაინც გაგიტყდებით და გეტყვით, ჩემმა ძმამ რომ თქვენთვის წერილის მოწერა დამანება, სიხარულმა ისე ამიტაცა, წამით დამავიწყა ჩემი სასოწარკვეთა. გემუდარებით, მითხარით, რად ეცადეთ ჩემს მოხიბვლას, თუკი ჩემი მიტოვება გქონდათ განზრახული? ან ეგრერიგად რად ცდილობდით ჩემს გაუბედურებას? რად არ დამაყენეთ მშვიდად ამ ჩემს მონასტერში? განა რაიმე ბრალი მქონდა თქვენს წინაშე? მაინც შენდობასა გთხოვთ; არც არაფერს გემართლებით. შურისძიებაზე ფიქრს წამითაც კი არ გავივლებ გულში; მხოლოდ ჩემს შავბედს ვდებ ბრალს. მე მგონია, ჩვენ ამ გაყრით მთელი ის უბედურება დაგვატეხა თავს, რაც კი რამ გვქონდა საშიშარი; მაგრამ ჩვენს გულებს მაინც ვერ გაყრის; სიყვარულმა, მასზე ათასწილ ძლიერი რომაა, ისინი სამარადჟამოდ შეუკავშირა ერთიმეორეს. თუ ჩემი სიცოცხლე რამედ გიღირთ, წერილებს ნუ დამიძვირებთ. მე ღირსი ვარ, რომ გულის პასუხი გამიზიაროთ, ისიც მითხრათ, როგორა ცხოვრობთ... თუმცა მირჩევნია, კვლავ მინახულოთ. მშვიდობით, ვეღარ შევლევივარ ამ ბარათს; ვიცი, თქვენს ხელში მოხვდება და ნეტა მეც ეს ბედი მეწიოს-მეთქი, სულ ამას ვნატრობ. ვაიმე ბედკრულს! რა უგუნური ვარ, ვიცი, ეს არ მოხდება. მშვიდობით, ძალა მელევა. მშვიდობით, მუდამ გიყვარდე და ამ ჭირზე სხვა ჭირიც მომისართე.


წერილი მეორე

თქვენმა ლეიტენანტმა ეს-ესაა მამცნო, გზაში ქარიშხალი შემოგსწრებიათ და იძულებული გამხდარხართ ალგარვის სამეფოში შეგეცადათ: ვშიშობ, ვაითუ ზღამ გალახა-მეთქი, და ამ საფიქრალმა ისე მოიცვა ჩემი გონება, რომ ჩემი სატკივარი მთლად გადამავიწყდა; თქვენა გგონიათ, თქვენს ლეიტენანტს უფრო შესტკივა გული თქვენზე და უფრო მოწადინეა შეიტყოს, რაც თავს გადაგხდებათ? ჩემზე უწინ რად უნდა გაეგო ეს ამბავი, მე რატომ არაფერი შემატყობინეთ? ძალზე უბედური ვყოფილვარ, თუკი მას ბოღმა, რაც აქედან წახვედით, ერთი წერილის მოსაწერადაც ვერ მოიცალეთ და კიდევ უფრო უბედური ვყოფილვარ, თუკი დრო ჩაგივარდათ ხელში და არკი მომწერეთ: თქვენს უსამართლობასა და უმადურობას არა აქვს საზღვარი. მაგრამ სასოწარკვეთა მომიღებდა ბოლოს, თავს რაიმე უბედურება რომ დაგტყდომოდათ სასჯელად და მირჩევნია მოგიტევოთ ეგ თქვენი ცოდვანი, ვიდრე შურნაძიები ვიქნე. ცხადზე ცხად საბუთებს ვეურჩები, რომელთაც უნდა დამარწმუნონ, რომ აღარ გიყვარვართ და კარგადა გრძნობ, მიჯობს ბრმად მივყვე ჩემს ვნებას, ვიდრე თქვენს აშკარა უგულისყურობაზე ვვაგლახებდე. რამდენ დავიდარაბას ამაცილებდით თავიდან, თქვენი ჩემდამი დამოკიდებულება ჩვენი გაცნობის დღეებშიაც ისეთივე გულცივი რომ ყოფილიყო, როგორადაც ეს ერთი ხანობა მეჩვენება! მაგრამ მიბრძანეთ, ჩემსავით ვის არ მოატყუებდა ამოდენა მგზნებარება და ვის არ მოეჩვენებოდა გულწრფელად თქვენი ნაუბარი? ო, რა ძნელია თავი აიძულო და ეჭვი შეიტანო საყვარლის სინდისიერებაში? კარგადა ვხეადვ, თვით უმცირესი საბაბიც იკმარებდა ჩემთვის თქვენს გასამართლებლად და თუმც ამადაც კი არ იწუხებთ თავს, ჩემი სიყვარული ისე ერთგულად გმსახურებთ, რომ თუკი წამით მაინც დამნაშავედ გხადთ, მხოლოდ იმიტომ, რომ თავადვე გამართლოთ და მით უზომო ნეტარებას მწიოს. საშველს არ მაძლევდით, თქვენი ტრფობის ალით მეც ცეცხლი შემომიგზნეთ, მომხიბლეთ თქვენის ქათინაურებით, ფიცი შემომფიცეთ ერთგულება; მეც უზომო სიყვარული ჩამესახა გულს და მაცდუნა; ვაგლახ, ამ ამაო და ბედნიერი დასაწყისის ბოლო მხოლოდღა ცრემლებია, ოხვრა და შავბნელი სიკვდილი და ამ სატკივრისათვის ვერც ვერაფრით მიწამლებია. მართალია, თქვენი ტრფობით ნეტარებაც ბევრი ვიგემე, მაგრამ სიმწარეც ძალზე ბევრი ვნახე - ყოველი გრძნობა, თქვენ რომ აღმიძრავტ, მუდამ ასე წრეგადასულია ხოლმე. თუკი თქვენს სიყვარულს ჯიუტად წინ აღვუდგებოდი, თუკი მწუხარებაც ბევრი განახეთ და ცოტა ეჭვიანობის საბაბიც მოგეცით, ეს იმიტომ, რომ უფრო მეტად გამეხელებინეთ; თუკი რაიმე ხელოვნური შენიშნეთ ჩემს ყოფაქცევაში, თუკი მსურდა გონების ძალნი მეხმია, რათა წინ აღვდგომოდი ამ ჩემს გულს, თქვენკენ რომ მოილტვოდა გამალებით, შეგიძლიათ მკაცრად დამსაჯოთ და თქვენი ძალაუფლება მაგრძნობინოთ; მაგრამ თქვენზე მანამ შემივარდა გული, ვიდრე სიყვარულს გამიმჟღავნებდით; გახელებულ მიჯნურად მეჩვენეთ, მეც ცას ვეწიე სიხარულით და თავდავიწყებით შემიყვარდით. თქვენც ხომ ჩემსავით დაბრმავებული არ ყოფილხართ, მაშ, რად ინებეთ ჩემი გაწბილება? ან რას აქნევდით ჩემს სიყვარულს, თუკი ასე მალე მოგყირჭდებოდათ? აკი იცოდით, რომ სამუდამოდ პორტუგალიაში არ დარჩებოდით, მაშ, რად ამირჩიეთ აქ მე, ჩემდა ჭირად? ამ მხარეში უთუოდ ნახავდით სხვა ქალსაც, ჩემზე უფრო ლამაზს, ვისთანც იმდენსავე სიამეს ჰპოვებდით, რაკი მხოლოდ ხორციელ სიამეთა მძებნელი ყოფილხართ; ეს ქალი უზომოდ გიერთგულებდათ თქვენს აქ ყოფნაში, თქვენი წასვლის შემდეგ დრო იოლად გაუქარვებდა ნაღველს. მისი მიტოვება სისასტიკეში არ ჩამოგერთმეოდატ, არც მუხთლობაში: თქვენი საქციელი კი ტირანს უფრო ჰფერობს, ვიდრე მიჯნურს, ვინც დღეცისმარე იმაზე უნდა ფიქრობდეს, სატრფოს თავი როგორმე მოვაწონოო. ვაგლახ! რად მიწყლავთ გულს, რომელიც სათქვენოდ გადამიდვია? კარგად ვხედავ, ისევე იოლია ჩემს აუგში თქვენი დარწმუნება, როგორც თქვენს სიკეთეში ჩემი დაჯერება იყო იოლი. შეგეწინააღმდეგებოდით მთელი ჩემი სიყვარულისდა მიუხედავად და ვერც კი შევნიშნავდი, უჩვეულო რასმე ჩავდივარ-მეთქი, მიტ უმეტეს, რომ არაფერი მეგულება მიზეზთაგან სერიოზული, რომელთც ჩემი მიტოვება გაიძულეს. ეს მიზეზები მოსატანიც კი არ მგონია, რაკი მათ შორის ერთიც არ დაიძებნება ისეთი., ჩემი თქვენგან მოწყვეტა რომ შეძლებოდა. თქვენ კი ის მოიდეთ საბაბად, საფრაგეთს მმართებს წასვლა, გემი უკვე გზას ადგასო... რას დაეძებდით, დე, წასულიყო. ჩემიანებმა მომწერესო. განა არ უწყით, რა დღე დამაწიეს ჩემიანებმა? თურმე ღირსება გთხოვდათ ჩემს დატოვებას, განა მე ღირსება ქარს არ გავატანე? თქვენ თქვენი მეფის სამსახურად გმართებდათ წასვლა, და თუკი ყოველივე, რასაც მასზე ლაპარაკობენ, მართალია, მას თქვენი შემწეობა სულაც არა სჭირია და მიუსვლელობასაც ადვილად მოგიტევებდათ.
ძალზე ბედნიერი ვიქნებოდი მთელი ცხოვრება ერთად რომ გაგვეტარებინა, მაგრამ რაკი ბედმა ინება ჩვენი გაყრა, მიხარის, რომ მოღალატე მე არა ვყოფილვარ, ამგვარი უკეთური რამ მე არ ჩამიდენია. ეს როგორ მოხდა? ჩემი მოყვარული გულის სიღრმე გადაგიშალეთ, თქვენ კი შეიძელით სამუდამოდ მიგეტოვებინეთ, მიგეგდეთ თქვენგან მოძულებული ჩემი გამთანგველი ძრწოლის ანაბარა და თუ გამიხსენებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი თავი ახალ სიყვარულს ანაცვალოთ. კარგად ვხედავ, გადარეულის სიყვარულით მიყვარხართ, მაგრამ სულაც არ ვჩივი, გულს ასეთი შმაგი გრძნობები რომ ჩამსახვია, ვურიგდები ასეთ შავბედობას და ვერ შევძლებდი ამ სიამის გარეშე მეცხოვრა, რომელსაც ვგრძნობ და რომლითაც ვნეტარებ; ვამაყობ, ამდენი სატკივრით გასენილს რომ მიყვარხართ. მაგრამ დღენიადაგ საშინელი ზიზღი და სიძულვილი მდევს თან და ყველაფერზე გული ამეყარა: ჩემი ოჯახი, მეგობრები და თვით ეს მონასტერიც გაუსაძლისი შეიქნა ჩემთვის; ყველაფერი, რასაც იძულებით ვხედავ და რისი გაკეთებაც მიწევს, მზარავს. მე ისე ძვირფასად მიჩანს ჩემი სიყვარული, რომ მეჩვენება, თუ რასმე ჩავდივარ, თქვენ უნდა გარგებდეთ და თუ რამ ვალი მაძევს, _ მხოლოდ თქვენს წინაშე. დიახ, ჩემო, სინდისი მქენჯნის, თუკი ყოველ წუთს სიცოცხლისას თქვენ არ გწირავთ: ვაგლახ! რა ვიქნებოდი ამდენი სიძულვილისა და სიყვარულის უმისოდ, ჩემს გულს რომ ავსებენ? შევძლებდი კია გამეძლო ჩემი მიწყივი საფიქრალისათვის და მშვიდი, უღიმღამო ცხოვრებით მეცხოვრა? ეს სიცარიელე და ეს უგრძნობლობა ჩემში ბუნებას როდი ჰფერობს. აქ ყველამ შენიშნა, რომ ზნე ვიცვალე. წინამძღვარმა ყვედრებით გადმომიკრა სიტყვა, მერე ცოტათი დამიტკბა კიდეც. არ ვიცი, რა ვუპასუხე, მგონი, ყველაფერში გამოვუტყდი. თვით უმკაცრეს მონაზონთაც კი ვებრალები ამ უბედურ დღეში რომ მხედავენ; უფრო მოწიწებითა და დაყვავებით მექცევიან. ყველას მოულბო გული ჩემმა სიყვარულმა; მხოლოდ თქვენ დარჩენილხართ უგრზნობელი, არც ბარათებს მწერთ და თუ მოიწერთ, სიტყვაძუნწობთ, ფურცელი სანახევროდაც კი არ არის სავსე და აშკარად ჩანს, რომ სული გელევათ, ერთი ამ წერას მალე მოვრჩებოდეო. დონა ბრიტმა მაიძულა სენაკიდან გამოვსულიყავ, სურდა გავერთე და იმ აივანზე გამიყვანა სასეირნოდ, საიდანაც მარტოლა მოჩანს; გავყევი და მყის მწარე მოგონებები ამეშალა; მთელი ის დღე ტირილში დავაღამე. ჩემმა მეგზურმა უკანვე მიმაბრუნა. საწოლზე დავემხე და დიდხანს ვფიქრობდი იმაზე, ცოტა იმედია, ოდესმე მაინც განვიკურნო-მეთქი. რასაც ჩემი დარდის გასაქარვებლად სჩადიან, მწუხარებას მიათკეცებს და თვით ამ წამლებშიაც ბევრს ვხედავ სადარდებელს. ხშირად მინახიხართ ამ ადგილებში ჩავლილი და მომწონებიხართ; იმ საბედისწერო დღესაც ამ აივანზე ვიდექ, როცა პირველად ვიგრძენ, რომ გულს თქვენდამი უიღბლო სიყვარული ჩამსახვოდა და მომეჩვენა, რომ თქვენც გეწადათ მოგეწონებინათ ჩემთვის თავი, თუმცა კი ჯერ არ მიცნობდით. თავი დავირწმუნე, ჩემს ამხანაგთა შორის მე გამომარჩია-მეთქი და წარმოვიდგინე, რომ როცა ჩერდებოდით, გულით გეწადათ, უკეთ დაგენახეთ და თქვენი სიჩაუქით აღტაცებაში მოვსულიყავი, როს ცხენს სადავეს მიუშვებდით ხოლმე. შიშით გული მელეოდა, როცა ძნელად სავალი გზა უნდა გაგევლოთ. ბოლოს მოხდა ისე, რომ იდუმალ დავინტერესდი ყველა თქვენი ნამოქმედარით. კარგადა ვგრძნობდი, გული შემვარდნოდა თქვენზე და საჩემოდ მივითვლიდი ყველაფერს, რასაც თქვენ აკეთებდით. ამეების ბოლო თქვენც კარგად მოგეხსენებათ და თუმცა ჩემგან არა ხართ დასაზოგი, სულ ყველაფერს არ უნდა გწერდეთ იმის შიშით, რომ უფრო დამნაშავედ გაქცევთ _ თუკი ეს შესაძლოა, _ და თავსაც მეტ სასაყვედუროს გავუჩენ, რაკი სულ ამაოდ ვცდილობ ჩემი ერთგულება გაიძულოთ, თქვენ ამაზე მეტად მაინც ვერ მიერთგულებთ. განა ძალმიძს იმედი ვიქონიოთ, რომ ჩემი წერილები და ჩემი ყვედრება შეიძლებს იმას, რაც ჩემმა სიყვარულმა და თავდავიწყებამ თქვენს უმადურობაზე ვერ შეძლო? მე ერთობ თვალნათლივ ვხედავ ჩემს უბედურებას, თქვენი უსამარტლო საქციელიც დაეჭვების იოტისოდენა საბაბსაც არ მაძლევს, მაგრამ ყველაფერი უნდა მოვიჭირვო, რაკი თქვენ გამწირეთ და მიმატოვეთ. განა მხოლოდ ჩემს თვალში ჩანდით სასურველი და სხვათა გულებს ვერ მოინადირებთ? მე მგონი, საწყენად არ დამირჩება, სხვათა გრძნობები თუ გაამართლებენ ჩემსას და ვისურვებდი, მთელი საფრანგეთის ქალებს მოეწონოთ, მაგრამ არც ერთმა არ შეგიყვაროთ და თქვენც არც ერთზე არ შეგივარდეთ გული. გულუბრყვილობაა ეს სურვილი და აუხდენელი: მე მაინც ჩემი მწარე გამოცდილებით ვიცი, რომ თქვენ ხანიერი ტრფობა არ ძალგიძთ და სხვის დაუხმარებლადაც იოლად დამივიწყებთ; ახალი ტრფობის იძულება ამისათვის არც დაგჭირდებატ. იქნებ მერცია რაიმე საპატიო საბაბი გქონდეთ? მართალია, ამით უფრო უბედური შევიქნებოდი, სამაგიეროდ თქვენ აღარ გექნებოდათ ბრალი. კარგად ვხედავ, რომ თქვენ საფრანგეთს დარჩებით დიდ სიამეთა უმისოდაც, თქვენივ ნება-სურვილით. გრძელი გზით დამაშვრალობა, რაღაც წვრილმანი რიდი და შიში იმისა, რომ ჩემმა სიშლეგემ თქვენც არ დაგრიოთ ხელი, წამოსვლას გიშლით. ეჰ, მე იმასაც დავჯერდებოდი, თუ მხოლოდ ჟამიდან-ჟამს მნახავთ ხოლმე; იმის ცოდნაც მეყოფა, რომ ერთ ადგილას ვიმყოფებით. მაგრამ თავს ვიტყუებ; იქნებ თქვენ სხვისი სიმკაცრე და სისასტიკე უფრო გხიბლავთ, ვიდრე ეს ჩემი კეთილი განწყობა. ნუთუ შეიძლება, ტრფობის ალი ცუდმა მოპყრობამ მოგიდოთ? მაგრამ სანამ დიდ სიყვარულს ჩაიდებთ გულში, მოიგონეთ ჩემი ეგოზმი მწუხარება, იმედთა გაცუდება, ჩემი ბორგვა და წრტიალი, ჩემი წერილების უცნაური კილო, ჩემი გულახდილობა, ჩემი სასოწარკვეთა, ჩემი სურვილები, ჩემი ეჭვიანობა. ო, უეჭველად უბედურებას გადაეყრებით. გევედრებით ისარგებლეთ ჩემი ამ ყოფით, დაე ეს სატანჯველი, რაშიაც ჩამაგდეთ, მთლად უსარგებლო არ დარჩეს თქვენთვის. ამ ხუთი თუ ექვსი თვის წინათ საწყენი გულახდილობით გამიმჟღავნეთ, სამშობლოშიაც მიყვარდაო ერთი ბანოვანი. თუკი ის გიშლით დაბრუნებას, დაუფარავად მაცნობეთ, რომ აღარ გავიტანჯო: იმედის ნატამალი კიდევ შემრჩენია და თუკი ამ იმედს აღსასრული მაინც უწერია, მსურს დღესვე გარდამიწყდეს და მეც დავიღუპო საბოლოოდ. გამომიგზავნეთ იმ ქალის სურათ და მისი რომელიმე ბარათი. მომწერეთ ყველაფერი, რასაც გეუბნებათ; იქნება ამაში ვპოვო ცოტაოდენი ნუგეში, ანდა კიდევ მეტი მწუხარების საბაბი. მეტს ვეღარ გავძლებ ამ დღეში მყოფი და ცვლილება, რასაც არ უნდა მიქადდეს იგი, სასიკეთო იქნება ჩემთვის. მინდა თქვენი ძმის სურათიც მქონდეს და თქვენი რძლისაც: ყოველივე, რაც რამედ გიღირთ, ძვირფასია ჩემთვის. თავსაც გადავდებ იმისათვის, რაც გიყვართ. ჩემს თავზე სულ არა ვფიქრობ. არის წუთები, როცა მეჩვენება, მეყოფა-მეთქი მორჩილება, რათა დავემონო მას, ვინც გიყვართ; თქვენმა ავმა მოპყრობამა და მოძულებამ ისე დამთრგუნეს, რომ ვერ გამიბედავს ზოგჯერ მაინც ვიფიქრო, შემიძლია ვიეჭვიანო და ამით არ გავაჯავრო-მეთქი. ასეთ წუთებში თავი უცოდვილესი მგონია, რაკი გსაყვედურობთ. ხშირად ვირწმუნებ თავს, რომ ასე ცხადლივ არ უნდა გიჩვენოთ, რა სახმილი მიდაგავს გულს, რაკი ეს გრძნობა აბეზარი გამხდარა თქვენთვის. უკვე რახანია, ერთი ოფიცერი ამ ბარათს ელოდება. გადავწყვიტე, ისეთი წერილი მომეწერა, რომ მისი მიღება უამურად არ დაგრჩენოდათ, მაგრამ ერთობ შლეგური გამომივიდა და უნდა დავასრულო... ვაგრლახ! ძალი არ შემწევს საამისოდ. როცა გწერთ, მგონია, გესუბრებით და ისე შორეულად აღარ მეჩვენებით ხოლმე. მომდევნო ბარათი აღარ იქნება ასე გრძელი და ასე კადნიერი, შეგიძლიათ ენდოთ ჩემს სიტყვას, გახსნათ და თავად ნახოთ. მართალია, არ უნდა ვლაპარაკობდე სიყვარულზე, რომელიც მოგყირჭდათ, და დღეის ამას იქით ასეც მოვიქცევი. მალე ერტი წელი შესრულდება, რაც მტლედ დაგიდეთ ჩემი თავი; თქვენი ტრფობა მგზნებარედ მეჩვენა, მეტისმეტად გულწრფელად და წამითაც არ მიფიქრია, რომ ჩემი სიკეთე ისე აგაყრევინებდათ გულს ჩემზე, გაიძულებდათ ცხრა მთას იქით გადახვეწილიყავით და მისგან ლტოლვილი ზღვის ღელვასაც არ დარიდებოდით. ამგვარი მოპყრობა მე არ დამიმსახურებია; მოიგონეთ ჩემი კდემამოსილება, ჩემი შეკრთომა და შეშფოთება. მაგრამ თქვენ არ გაიხსენებთ არაფერს, რაც თქვენდა უნებურად ჩემდამი სიყვარულს გაგიახლებთ. ოფიცერი, რომელმაც ეს წერილი უნდა გადმოგცეთ, აგერ მეოთხედ მეუბნება, გზას ვადგავარ და ნუღარ მაყოვნებთო. ნეტა რა აჩქარებს?! ეტყობა, ვიღაც გაუბედურებულ ქალს ტოვებს ამ მარეში. მშვიდობით, მე უფრო მიჭირს ამ წერილთან განჭორება, ვიდრე თქვენ _ ჩემი მიტოვება, იქნებ სამუდამოდაც. მშვიდობით, ათასი საალერსო სახელით ვერ მოგმართავთ, ვერ გამიბედავს ვერც ჩემს გრძნობათათვის ფრთის გაშლევინება; სიცოცხლეზე ათასწილ უფრო მეტად მიყვარხართ და ათასჯერ მეტად, ვიდრე თავად მგონია. რა ძვირფასი ხართ ჩემთვის და რა სასტიკი! აღარაფერსა გწერთ, თავს ვერ მოვრევივარ, ეს რომ არ გითხრათ, ისევ თავიდან მოვყვები სათქმელს და ოფიცერიც გამასწრებს. გამასწროს რა! დე წამოვიდეს, მე ჩემთვი სუფრო ვწერ, ვიდრე თქვენთვის და ამ წერაში მხოლოდ შვებას ვეძიებ. ვიცი, ჩემი წერილის სიგრძე შიშს მოგგვრით, არც წაიკითხავთ ნაწერს. რა ჩავიდინე ასეთი, ამგვარი უბეუდრება რომ მხვდა წილად? რად მომიწამლეთ სიცოცხლე? ნეტა სხვა მხარეს რად არ გავჩნდი? მშვიდობით და შემინდეთ; უკვე ვეღარ ვბედავ შეგევედროთ, გიყვარდეთ-მეთქი. ხედავთ, რა დღეში ჩამაგდო ჩემმა შავბედმა? მშვიდობით.


წერილი მესამე

რა მელის? რა გზას დავადგე? ყველა იმედი ეგზომ გამიწბილდა. ვფიქრობდი, სადაც არ უნდა იყოს, წერილ სმუდამ მომწერს და ის წერილებიც გრძელი იქნება-მეთქი; მეგონა, მალე შეყრის იმედით ტრფობას გამიცხოველებდით, თქვენს ერთგულებაში უზომოდ დარწმუნებული შვებას ვპოვებდი, ჩემი ყოფაც გასაძლისი შეიქნებოდა და უკიდურესი მწუხარება არ დამრევდა ხელს. რაღაც უმწეო გეგმებსაც ვაწყობდი, ყოველი ღონე მსურდა მეხმარა და ვცდილიყავ განკურნებას, თუკი დავრწმუნდებოდი, რომ მთლად ამომიღეთ გულიდან და დავიწყებას გადამეცით.
თქვენი სიშორე, საღვთო შიში და შიში იმისა, რომ ამდენი ურვითა და უძილობით მთლად შევარყევდი ჩემს ჯანმრთელობას, რაკი დაბრუნების პირი არ გიჩანდათ, თქვენი გულცივობა და ნაჩქარევი დამშვიდობება გაყრისას, რომლისთვისაც ყოვლად უგვანი საბაბი მოიდეთ და ათასი სხვა მიზეზი, სავსებით საპატიო რომ ჩანს და მაინც ყოვლად გამოუსადეგარია, თითქოსდა საიმედო შემწეობას მიქადდა. და რაკი მხოლოდ ჩემს თავთან მიწევდა ბრძოლა, ვერაფრით შევიძელ ჩემს სისუსტეს ჭვანგებიდან დავხსნოდი, ვერც ხელიდან დავუსხლტი დღევანდელ სატანჯველს. ვაგლახ! რა საბრალისი ვარ, რომ თქვენ ჩემთან ერთად არ ვალალებთ და ჩვენ ორთა შორის მარტო მე მეთქმის უბედური. ეს აზრი მკლავს და მომაკვდავს ძრწოლა მიპყრობს იმის გაფიქრებაზე, რომ ჩემთან ერთად თავდავიწყებით არასდროს მისცემიხართ სიამეს. დიახ, ახლა ვხვდები, რომ თავიდანვე ავი გედოთ გულში: თქვენ მღალატობდით ყოველთვის, როცა კი მეუბნებოდით, აღტაცებული ვარ, თქვენთან მარტო დარჩენა რომ მომიხერხდაო. მხოლოდ ჩემი შავბედის წყევა იყო თქვენი გატაცებაცა და თქვენი გახელებაც. თქვენ ცივი გონებითა სჯიდით და ცდილობდით ტრფობის ალი დაგეგზონოთ ჩემს გულში, თქვენ ჩემი სიყვარული ოდენ გამარჯვებად მიითვალეთ, გული ამ გრძნობით ძალუმად თავის დღეში არ აგტოკებიათ; განა დიდად უბედური არ გეთქმით და სულის სინატიფეც არა გკლებიათ, რომ სხვაგვარად ვერ ისარგებლეთ ჩემი უგონო სიყვარულით? ან როგორ მოხდა, რომ ეგზომი ტრფობით ვერ მოვახერხე თქვენი გაბედნიერება? მხოლოდ თქვენი სიყვარულით მივტირი იმ სიამეთ, თქვენ რომ დაკარგეთ: განა შესაძლოა მათით დატკბობა არ გდომებოდათ? ყველა რომ გეგემნათ, დაინახავდით, რომ ეს უფრო მეტ სიამეს მოგანიჭებდათ, ვიდრე ჩემი გაწბილება და მიხვდებოდით, რომ უფრო ბედნიერი ხარ, როცა გახელებით გიყვარს, ვიდრე მაშინ, როცა ვისმე უყვარხარ. მე აღარ ვუწყი, ვინა ვარ, რას ჩავდივარ, ან რას მიველტვი; ათასი ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობა მიფლეთს გულს. განა ამაზე სავალალო ყოფა გაგონილა? გაგიჟებით მიყვარხართ, და მაინც მენანებით, ბედს არა ვთხოვ ამგვარმავე სიშმაგემ დაგრიოთ ხელი: დღეს მოვისწრაფებ, ან უმისოდაც დარდი მომიღებს ბოლოს იმის გაფიქრებაზე, რომ თავის დღეში ვერ ჰპოვებთ მოსვენებას, თქვენი ცხოვრება სულ ტანჯვაა და მღელვარება, რომ ტირილში ათენ-აღამებთ და ყველაფერი მოგძულებიათ. მე ჩემს სატკივარსაც ვერ ავუდივარ და ვით ავიტანო მწუხარება, თქვენი სატკივარი რომ მომაყენებს - ის ხომ ჩემთვის ათასწილ უფრო ძნელი გასაძლისია. მაინც არ ძალმიძს ვინატრო, ნეტა სულ არ იფიქროს-მეთქი ჩემზე და გამოტეხით რომ გითხრათ, უზომოდ ვეჭვიანობ ყველაფრის მიმართ, რაც სიხარულს განიჭებთ, თქვენს გულს და გრძნობას სიამესა ჰგვრის საფრანგეთში. არ ვიცი, რადა გწერთ; კარგად ვუწყი, რომ მხოლოდ სიბრალულს გამოვიწვევ თქვენსას, მე კი თქვენი სიბრალული არა მჭირდება. ჩემს თავზე ჯავრი მომდის, როცა კი გავიფიქრებ, რამდენი რამ შემოგწირეთ: სახელი გავიტეხე, მშობლების რისხვას არ დავერიდე, ჩვენში მონაზონთათვის დაწესებულ მკაცრ კანონებს გადაველ და თქვენი უმადურობა კი დავიმსახურე, რაც ჩემთვის ყველა სხვა უბედურებაზე უარესია; მაგრამ კარგად ვგრძნობ, რომ ეს სინდისის ქენჯნა მთლად გულწრფელი როდია, რომ გულისგულში მინდა თქვენს სიყვარულს კიდევ მეტი საფრთხე შეემთხვია ჩემთვის და რაღაც საბედისწერო სიამესა ვგრძნობ, სასწორზე რომ შევაგდე ჩემი სიცოცხლეცა და ჩემი სახელიც: რაც კი რამ უძვირფასესი გამაჩნია, განა თქვენთვის არ უნდა შემომეწირა? და განა არ უნდა ვიხარებდე, რომ ორთავ მტლედ დაგიდეთ? მაინც ასე მგონია, სულაც არ ვარ-მეთქი კმაყოფილი არც ჩემი ამდენი ურვითა და არც სიყვარულის ნამეტანობით, მაგრამ ვაი რომ ვერც იმას მოვკვეხ, თითქოს თქვენით ვიყო კმაყოფილი. ვცოცხლობ ასე - მოღალატე და, იმდენსავე ვღონისძიობ ჩემი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, რამდენსაც დრის მოსასწრაფებლად. ვაი, სირცხვილო! მაშ, ჩემი სასოწარკვეთა მარტო ჩემს წერილებში მოჩანს? მართლა ისე რომ მყვარებოდით, როგორც ათასჯერ შემომიფიცავს, განა დიდი ხნის მკვდარი არ ვიქნეოდი? მე მოგატყუეთ, თქვენა გაქვთ აქეთ საჩივლელი! ვაგლახ! რად არა ჩივით? ვნახე, როგორ მშორდებოდით, იმის იმედიც არა მაქვს, რომ კვლავ გიხილავთ და მაინც სული მიდგას პირში. გიღალატეთ და გთხოვთ შემინდოთ. არ მომიტევებთ? მაკცრად განმსჯით? ეჭვობთ, რომ ჩემი გრძნობები საკმაოდ შმაგი არ ყოფილა? არ იკმარებთ, რაცა მჭირს? გნებავთ უცილოდ მოვკვდე თქვენი სიყვარულით? ოღონდ მიბრძანეთ, რომ დავძლიო ჩემი სისუსტე და ჩემს ჭოჭმანსაც ჭეშმარიტების სასოწარკვეთილებით ბოლო მოვუღო. ეს ტრაგიკული აღსასრული უთუოდ გაიძულებთ ხშირად იფიქროთ ჩემზე, ჩემი ხსოვნა ძვირფასი შეიქნება თქვენთვის და იქნებ გულიც აგიჩუყოთ ხოლმე, თუმც კი სიკვდილი ბევრადა სჯობს ჩემს აწინდელ ყოფას. მშვიდობით და ნეტამც არასდროს მენახეთ! ვაგლახ მე, აშკარად ვგრძნობ, რომ ვტყუი და ამ წუთსაც როცა გწერთ ამას, ვიცი, მირჩევნია უბედური ვიყო და მიყვარდეთ, ვიდრე ჩემს დღეში არ მენახეთ. უდრტვინველად ვიტან ჩემს უბედო ბედს, რაკი თქვენ არ ისურვეთ მისი სასიკეთოდ მობრუნება. მშვიდობით, აღმითქვით, რომ გულით დაგნანდებით, თუკი დარდი მომიღებს ბოლოს და სხვა თუ არაფერი, ჩემი გაშმაგებული სიყვარული სუყველაფერზე გულს აგაყრევინებთ. ჩემთვის ეს კმარა ნუგეშად და თუ მიწერია სამუდამოდ დაგშორდეთ, არ ვისურვებდი სხვას დავუტოვო თქვენი თავი. განა მეტისმეტი სისასტიკე არ იქნებოდა, ჩემი სასოწარკვეთითი ისარგებლოთ, რათა უფრო სასურველი გახდეთ სხვათა თვალში და ყველას დაანახვოთ, რომ ისეთი ტრფობა შტამბერეთ, რომლის ბადალიც ქვეყნად არ მოიძევება? კიდევ ერთხელ გემშვიდობებით; ძალიან გრძელ ბარათებსა გწერთ, საკმაო რიდით ვერ გეპყრობით, გთხოვთ მომიტევოთ და ვიმედოვნებ, ცოტა სიბრალულს მაინც გამოიჩენთ საბრალო, უგონო ქალისადმი, ვინც სრულ გონებაზე იყო, სანამ თქვენ შეუყვარდებოდით. მშვიდობით, მგონი, ერთობ ხშირად გელაპარაკებით ჩემს გაუსაძლის ყოფაზე; მაინც გულის სიღრმეში მადლობას გწირავთ იმ სასოწარკვეთისათვის, რომელშიაც ჩამაგდეთ; მძაგს სიმშვიდე, რომლითაც ვიშვებდი, სანამ თქვენ გაგიცნობდით, მშვიდობით. ჩემი სიყვარული დღითიდღე მატულობს. ღმერთო, რამდენი რამა მაქვს თქვენთვის სათქმელი!


წერილი მეოთხე

მე მგონი, ძლიერ ვვნებ ჩემს გულისთქმათ, მათ გადმოცემას ამ უბადურკი წერილებით რომ ვცდილობ. რა ბედნიერი ვიქნებოდი, თქვენს გრძნობათა სიმძაფრის მიხედვით რომ შეგძლებოდათ გემსჯელათ მათზე! მაგრამ ამის ბედი მე არ მეღრისა და მსურს გითხრათ, დე გაცილებით ნაკლებ ცხოვლად, ვიდრე თავადა ვგრძნობ, რომ აგრე ავად არ უნდა მომეპყრათ, დავიწყებას არ უნდა გადამცეთ; ეს ფიქრი სასოწარკვეთილებაში მაგდებს და თქვენთვისაც დიდი აუგია: აჯობებდა კეთილგენებათ და მოგესმინათ, როგორ მოვიჩივლებ ჩემს სატანჯველზე, რომელიც წინდაწინვე გავითვალისწინე, როცა დავრწმუნდი, ჩემი მიტოვება აქვს-მეთქი განზრახული. კარგად ვუწყი, თავი მოვიყივნე, როცა ვფიქრობდი, რომ უფრო ნამუსიანად მომექცეოდით, ვიდრე საერთოდ სჩვევიათ მამაკაცებს, რადგან ჩემი სიყვარულის ნამეტანობას ეჭვი ვერავითარი შებღალავდა და ერთგულებასაც მეტს ვიმსახურებდი, ვიდრე ჩვეულებრივ ვხვდებით ხოლმე. მაგრამ ღალატი გედოთ გულში და ყოველივეს, რაც თქვენთვის მოვიმოქმედე, დამსახურებისამებრ როდი მიაგებთ. მაინც ერთობ უბედური ვიქნებოდი, თუკი მხოლოდ იმიტომ გეყვარებოდით, რომ მიყვარხართ და მინდა ყველაფერს თქვენს ჩემდამი ტრფობას ვუმადლოდე. მაგრამ ამგვარი ყოფა მე არ მეღირსა: აგერ ექვსი თვე გახდება, რაც თქვენგან ერთი ბარათიც კი არ მიმიღია. მთელს ჩემს უბედურებას მივაწერ იმას, რომ ასე ბრმად მოგენდეთ; განა წინდაწინ არ უნდა მივმხვდარიყავი, რომ უმალ სიამე მომეშლებოდა, ვიდრე თქვენი სიყვარული გამინელდებოდა? განა შეიძლებოდა მეფიქრა, რომ მთელ სიცოცხლეს პორტუგალიაში დაჰყოფდით, უარს იტყოდით კარიერაზე, სამშობლოზე, რომ მარტო ჩემზე გეფიქრათ ხოლმე? ჩემს სატკივარს არაფერი ესაშველება და გარდასულ სიამეთა მოგონება სასოწარკვეთაზე სასოწარკვეთას მიმატებს. როგორ, ნუთუ ნატვრით ამაოდ დავშვრები და ჩემს დღეში ვეღარ გიხილავ ჩემს სენაკში ტრფობის ალით ატანილსა და მგზნებარეს? მაგრამ ვაი რომ თავს ვეცრუები და ვუწყი, ძალიან კარგად ვუწყი, რომ ყველა გრძნობა, ჩემს გულსა და გონებას ლხენით რომ ავსებდა, მხოლოდ განცდილ სიამეთა ნაყოფი იყო და ისევე მალე განქარდებოდა, ვით ეს სიამენი. ამ მეტისმეტად ბედნიერ წუთებში საშველად უნდა მეხმო გონებისათვის, გრძნობათ საბედისწერო ნამეტნაობისათვის ლაგამი ამომედო და წარმომედგინა ყოველივე, რასაც ახლა განვიცდი. მაგრამ სულ ერთიანად მოგიძღვენით თავი და სად შემეძლო მეფიქრა იმაზე, რაც სიხარლს მომიშხამავდა და ხელს შემიშლიდა სრულად დავმტკბარიყავ თქვენი ტრფობის მგზნებარებით. ისეთ სიამეს მგვრიდა თქვენთან ყოფნა, სადღა მეცალა იმაზე საფიქრად, რომ როდესმე უნდა გაგყროდით. მახსოვს კია, ზოგჯერ გეტყოდით, გამაუბედურებთ-მეთქი, მაგრამ ეს ზაფრა მყისვე გაიფანტებოდა და მსიამოვნებდა, თვით ამ შიშსაც თქვენ რომ გწირავდით მსხვერპლად. მერე კვლავ ვნებდებოდი ჯადოსნობასა და თქვენს მაცდურ დაპირებებს. კარგად ვხეადვ, რა უწამლებს ყველა ჩემს სატკივარს და მალედაც განვიკურნებოდი, რომ აღარ მიყვარდეთ. მაგრამ, ვაგლახ, რა საზარელი იქნება ეს წამალი. არა, მირჩევნია, ათასწილ მეტად გავიტანჯო, ვიდრე დავიწყებას მივცე თქვენი თავი. ვაგლახ! განა ეს ჩემზედ ჰკიდია? ჩემს თავს იმასაც ვერ ვუსაყვედურებ, რომ წამით გავივლე გულში, ნეტა აღარ მიყვარდეს-მეთქი. თქვენ ჩემზე უფრო შესაბრალისი ხართ და სჯობს კაცმა აიტანოს ყველა ის ტანჯვა, რასაც მე ვიტან, ვიდრე დატკბეს უხანო ტრფობით, თქვენი ფრანგი საყვარლები რომ გთავაზობენ. არა, არა მშურს თქვენი სიმშვიდე; მებრალებით კიდეც. დარწმუნებული ვარ, მთლად ვერ დამივიწყებთ. თავიც კი მომწონს, რაკი ისეთ დღეში ჩაგაგდეთ, რომ უჩემოდ მხოლოდ კნინი სიამოვნებანიღა შეგრჩებათ ხელში. მე თქვენზე უფრო ბედნიერი მეთქმის, რაკი უფრო დაკავებული მაქვს გონება. ეს ერთი ხანია, მონასტრის მეკარედ დამნიშნეს. ყველანი, ვისაც ჩემთან ლაპარაკი უხდება, გიჟად მიმიჩნევენ, რადგან თავად არ ვიცი, რას ვპასუხობ ხოლმე; ეს მონაზვნებიც, ჩემსავით უგუნურნი არიან, თუკი ჰგონიათ, რაიმესათვის შემწევს ძალი. ო, როგორა მშურს ემანუელისა და ფრანცისკის ბედი. რატომ განუყრელად თქვენთან არა ვარ მათსავით? მე ხომ უფრო სიხარულით გამოგყვებოდით და უფრო ხალისითაც მოგემსახურებოდით. ქვეყნად თქვენი ნახვის მეტს ხომ არაფერს ვნატრობ. ნეტა თუ მიგონებთ მაინც? მარტო ამასაც ვიკმარებდი, მაგრამ ვაი რომ, ამის იმედიც გადამეწურა. ოღონდ ვახსოვდე-მეთქი, ამას არ ვჯერდებოდი, როცა მუდამდღე გხედავდით. მაგრამ თქვენ მაიძულეთ ყველაფერში თქვენი მონა-მორჩილი ვიყო. მაინც არ ვნანობ, რომ გაღმერთებდით, რომ მაცდუნეთ; თქვენი მტანჯველი და იქნებ სამარადჟამო მოშორვება ქრთილისოდენადაც არ ამცირებს ჩემი სიყვარულის ცეცხლს. მე მინდა ყველამ იცოდეს ეს ამბავი, დასამალი არაფერი მაქვს. მიხარია, რომ თქვენი გულისათვის გავიტეხე სახელი. სხვა რამ სახელი მე არ მჭირდება, სარწმუნოებასაც არად ჩავაგდებ, ოღონდ მიყვარდეთ თავდავიწყებით სანამ სული მიდგას პირში, რაკი ერთხელ შეგიყვარეთ. ამეებს იმიტომროდი გეუბნებით, რომ წერილის მოწერა გაიძულოთ. არა, თავს ძალას ნუ დაატანთ, თქვენგან მხოლოდ იმის მიღება მსურს, რაც კეთილი ნებით იქნება ბოძებული. ნაძალადევი სიყვარულის მთხოვნელი როდი ვარ. სიხარულითაც მოგიტევებდით, რამეთუ ვხედავ, შეიძლება კიდევაც დაგეზაროთ წერილის მოწერა და ვგრძნობ, რომ მზადა ვარ შეგინდოთ ყოველგვარი დანაშაული. ერთმა ფრანგმა ოფიცერმა მოიღო მოწყალება და ამ დილით მთელი სამი საათი თქვენზე მელაპარაკა. მითხრა, საფრანგეთმა ზავი დადოო. თუ ეს მართალია, არ შეგიძლიათ გამოეშუროთ ჩემს სანახავად და საფრანგეთში წამიყვანოთ? მაგრამ მე ამას არ ვიმსახურებ, მოიქეცით ისე, როგორც გენებოთ, ჩემი სიყვარული უკვე აღარ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მომეპყრობით; მას შემდეგ, რაც წახვედით, წამითაც არ მქონია მოსვენება და ერთადერთ სიამოვნებად ისღა მშტენია, რომ დღეში ათასჯერ ვიმეორებ თქვენს სახელს. ის მონაზვნები, რომელთაც იციან, რა სავალალო დღეში ჩამაგდეთ, ხშირად მებაასებიან თქვენზე. რაც შეიძლება იშვიათად გამოვდივარ ჩემი სენაკიდან, სადაც თქვენ იმდენჯერ მწვევიხართ და გამუდმებით დავყურებ თქვენს პორტრეტს, რომელიც ჩემთვის ჩემს სიცოცხლეზე ათასწილ უფრო ძვირფასია. ეს ცოტა სიამესა მგვრის, მაგრამ მწუხარებასაც მიათკეცებს, როცა კი გავიფიქრებ, რომ ვერ გიხილავთ, რომ იქნებ სამუდამოდ გაგვყარა ბედმა. ნუთუ შესაძლოა ვეღარ გნახოთ, ვეღარასოდეს მოგკრათ თვალი? ნუთუ სამუდამოდ მიმატოვეთ? სასოწარკვეთა მრევს ხელს, თქვენს საბრალო მარიანას ღონე მიეღო, გული მისდის ამ წერილის დასრულებისას. მშვიდობით, მშვიდობით და შემიბრალეთ.


წერილი მეხუთე

დღეს უკანასკნელად გწერთ და ვიმედოვნებ, ამ წერილის კილოთი, უწინდელთაგან აგრერიგად რომ სხვაობს, გაგრძნობინოთ: ახლა კი საბოლოოდ დავრწმუნდი, აღარ გიყვარვართ და მეც ხელი უნდა ავიღო თქვენს სიყვარულზე. როგორც კი შესაძლებლობა მომეცემა, უკანვე დაგიბრუნებთ ყველაფერს, რაც თქვენგანა მაქვს ბოძებული. ნურც იმის შიში გექნებათ, ოდესმე კიდევ მომწერსო. თქვენს სახელს კონვერტზედაც აღარ დავაწერ; ეს საქმე დონა ბრიტს მივანდე, რომელსაც უწინ სულ სხვა აღსარებას ვეუბნებოდი ხოლმე. ჩემს თავზე მეტად მას ვენდობი. ყოველ ღონეს იხმარს, რომ სანდო პირის ხელით გამოგიგზავნოთ პორტრეტი და სამაჯურები, რომლებიც თქვენგან მქონდა ნაჩუქარი. მაინც მინდა იცოდეტ, რომ ეს რამდენიმე დღეა, ვგრძნობ, შემწევს ძალი ნაკუწ-ნაკუწ ვაქციო თქვენი სიყვარულის ეს საწინდარნი, რომლებიც ჩემთვის ესოდენ ძვირფასი იყო, მაგრამ იმდენი სისუსტე გიჩვენეთ, თავის დღეში არ დაიჯერებთ, რომ შეიძლება ამ უკიდურესობამდე მივიდე. ამადაც მინდა დავტკბე იმ სიმწარით, მათი მოშორვება რომ ჩამოთესს ჩემს სულში და ცოტათი თქვენც დაგწყვიტოთ გული. გამოგიტყდებით, თქვენდა და ჩემდა სამარცხვინოდ, რომ ეს წვრილმანები ჩემთვის უფრო ძვირფასი გამოდგა, ვიდრე მსურს ვაღიარო, და ვიგრძენი, ნებისყოფის უკიდურესი დაძაბვა დამჭირდა, სათითაოდ რომ უნდა გამოვთხოვებოდი, აი ახლა კი, როცა თავს ვინუგეშებდი, გულიდან ამოგიღეთ-მეთქი. მაგრამ თუ რამე ამოიჭერ გულში, კაცი საწადელს მუდამ ეწევი ხოლმე. ყველაფერი დონა ბრიტს მივუთვალე და რომ იცოდეთ, ეს გადაწყვეტილება რამდენ ცრემლის ღვრად დამიჯდა! ათასი ფიქრისა და ყოყმანის შემდეგ, რომელთა ანგარიშსაც თქვენ არ გაბარებტ, მაინც ვძლიე თავს და დავაფიცე, თავის დღეში არ მელაპარაკოს ამ ანაბარზე, ნურც დამიბრუნებს, თუნდაც ერთხელ თვალის დასაკრავადაც რომ ვთხოვო და ჩემგან ნამალევად თქვენ გამოგიგზავნოთ.
არ ვიცოდი, რა ზომამდე მყვარებიხართ, სანამ რაც ძალი და ღონე მაქვს, არ მოვიწადინე ამ ტრფობისგან განკურნება; ვშიშობ, ცდასაც ვერ გავბედავდი, წინასწარ რომ მცოდნოდა, გზად რამდენი სიძნელე გადამეღობებოდა. გეფიცებით, ბევრად მერჩია მყვარებოდით ეგეთი უმადური, ვიდრე სამარადჟამოდ ამეღო თქვენზე ხელი. მივხვდი, რომ ჩემთვის თქვენ ნაკლებ ძვირფასი ხართ, ვიდრე ჩემი სიყვარულია და საოცრად დამიმძიმდა მისი გულიდან ამოშანთვა მას შემდეგაც კი, რაც თქვენმა უკადრისმა საქციელმა თქვენი თავი შემაძულა.
ჩემი სქესისთვი სჩვეული სიამაყეც კი არაფრად წამადგა, თქვენ რომ აგიმხედრდით. ვაგლახ! მე ავიტანე თქვენი ზიზღი, ავიტანდი თქვენს სიძულვილსა და ეჭვიანობსაც, თქვენი სხვა ქალისადმი სიყვარული რომ აღმიძრავდა, მაშინ, სხვა თუ არაფერი, რაღაც გრძნობა მაინც მექნებოდა დასაძლევი, მაგრამ თქვენი გულგრილობა კი ვერ ამიტანია. კადნიერად მეგობრობას მეფიცებით, თქვენი უკანასკნელი წერილის თავაზიანმა კილომ დამანახვა, რომ უწინ მოწერილებიც მიგიღიათ და გულიც არ შეგტოკებიატ, წაკითხვით თუმც კი წაიკითხეთ. უმადურო, მე ჯერ კიდევ საკმაოდ შლეგი ვარ და სასოწარკვეთაში მაგდებს ფიქრი იმისა, რომ არ შემიძლია თავი ვინუგეშო, წერილებს თქვენამდე არ მოუღწევიათ-მეთქი. მძაგს თქვენი კეთილსინდისიერება, განა გთხოვეთ, გულწრფელად მითხარით-მეთქი სიმართლე? რატომ არ დამიტოვეთ ჩემი სიყვარული, სამისოდ სხვა არა იყო რა საჭირო, ოღონდ წერილი არ მოგეწერათ. მე არ მსურდა თვალი ამხელოდა; განა მთლად უბედური არ მეთქმის, რომ ვერ შევიძელ მეიძულებინეთ დაგენდეთ და ცდილიყავით ჩემს მოტყუებას, რომ აღარ შემიძლია გამართლოთ ხოლმე? მაშ, იცოდეთ, ახლაღა მივხვდი _ თქვენ ღირსი არ ყოფილხართ ჩემი სიყვარულისა! კარგად ვუწყი ყველა თქვენი შეცოდება და მაინც (თუკი ყოველივე, რაც თქვენი გულისთვის ჩავიდინე, იოტისოდენა ლმობიერებას გამოგაჩენინებთ ჩემდამი), გემუდარებით, მეტს ნუღარ მომწერთ და დამეხმარეთ, რომ საბოლოოდ მიგცეთ დავიწყებას. თუკი ოდნავადაც არის, მაგრძნობინებთ, რომ შეგძრათ ამ წერილის წაკითხვამ, იქნებ დაგიჯეროთ კიდეც; იქნებ თქვენი აღსარება საწყენად დამირჩეს, გამარისხოს და ცეცხლი შემომიგზავნოს. ნუღა დაეძებთ რას მოვიმოქმედებ, თორემ ჩამიშლით ყველა განაზრახს, მე კი არ მსურს ცოდნა იმისა, რომ ეს წერილი გულს მოგხვდათ. ნუ ამიმღვრევთ ყოფას, საჩემოდ რომ ვიმზადებ; ვფიქრობ, უნდა დამაჯეროთ იმ უბედურებათ, თავს რომ დამატეხეთ (რაოდენ მოწადინეც არ უნდა ყოფილიყო ჩემი გაუბედურებისა). ამ ეჭვს ნუღა წამართმევთ. იმედი მაქვს, დროთა განმავლობაში მას სიმშვიდედ ვაქცევ. სიტყვას გაძლევთ, არ შეგიძულებთ, ვუფრთხი მძაფრ გრძნობებს და მათ გულში ვეღარ ჩავიდებ. დარწმუნებული ვარ, ამქვეყნად ვპოვებ უფრო ერთგულსა და უფრო მოხდენილ საყვარელს. მაგრამ ვაგლახ! ვის შეუძლია სიყვარული შთამბეროს? განა სხივის სიყვარული გამიტაცებს? განა ჩემმა გრძნობამ გული შეგიძრათ საჩემოდ? განა არ გამოვცადე, რომ სიყვარულით მოხიბლულ გულს არასოდეს ავიწყდება, რამაც განაცდევინა აღმაფრენა, რომელსაც არ იცნობდა და რომლის უნარიც შესწევდა თურმე? რომ მისი ფიქრი გამუდმებით დასტრიალებს იმ კერპს, რომელიც თავად შეიქმნა, რომ მის პირველ გრზნობებს და პირველ ჭრილობებს არც განკურნება უწერიათ და არც დავიწყება. ყველა ის ვნებანი, მის საშველად რომ ეშურებიან და ლამობენ მისი გულის შეჯერებას, ამაოდ ჰპირდებიან ნეტარებას, რომელსაც ის ვეღარსად ჰპოვებს; ყოველგვარი სიამე, რომელთაც კი უწადინოდ დაეძებს, მხოლოდ მაშინ თუ წაადგება, რომ დაანახვოს, არაფერია მისთვის ისე ძვირფასი, როგორც ხსოვნა განცდილი მწუხარებისა. რად დამიკოდეთ გული, რად მიჩვენეთ სიყვარულის არასრულყოფილება, სიყვარულისა, რომელსაც მარადისი სიცოცხლე არ უწერია; რად შემამთხვიეთ ეგზომი ჭირნი, თან რომ სდევს გაშმაგებულ სიყვარულს, როცა ის ზიარი არაა, ან რატომაა, რომ ბრმა წადილი და სასტიკი ბედი იმათთვის გვწირავს, ვისაც სხვისი ტრფობა უფრო გაახალისებს.
ახალ სასიყვარულო კავშირიდან რამე სიხარულსაც რომ გამოველოდე, და ვინმე მართლაც რომ შემხვდეს ჩემი მოყვარული, იმდენად მებრალვის ჩემი თავი, სინიდისი მწარედ დამქენჯნიდა, ქვეყნად უკანასკნელ კაცსაც ვერ ჩავაგდებდი იმ დღეში, როგორშიაც თქვენ ჩამაგდეთ. და თუმცა არაფერი მრჯის დაგზოგოთ, არ ძალმიძს ასე სასტიკად ვიძიო თქვენზე შური, კიდევაც რომ შემეძლოს გული შევიცვალო.
ამ წუთს ვცდილობ შეგინდოთ და კარგად მესმის, რომ მონაზვნებზე გული ჩვეულებრივ არ მისდით ხოლმე; და მაინც, საღად განსჯა თუ იქნა, სხვა ქალებს კაცმა ისევ მონაზვნები უნდა ამჯობინოს; მათ ხომ არაფერი უშლით ხელს გამუდმებით თავიანთ სიყვარულზე იფიქრონ, არ ართობთ და ყურადღებას არ უფანტავთ ათასი რამ წვრილმანი საზრუნავი ერობაში მყოფი ქალებივით. მე მგონი, ვერაფერი სიამოვნებაა ხედავდე სატრფოს, ვისი გონებაც ათასი წვრილმანითაა გარტული და სულის სინატიფეს უნდა იყო მოკლებული, რომ არ შეგზაროს, როცა შენი სატრფო დღენიადაგ წვეულებებზე, ჩაცმა-დახურვაზე და სეირნობაზე ლაპარაკობს. ყოველ წუთს ახალ-ახალი ეჭვი გიღრღნის გულს ამის შემყურეს. ერობაში ქალები იძულებულნი არიან ყველას თავაზით მოეპყრან, საუბარში ხათრიანობა გამოიჩინონ და ვინ ითავდებებს, რომ ამ დროს კიდევაც არ ხალისობენ და რომ თავის ქმრებს მუდამ უკიდურესი ზიზღით ეკიდებიან? ო, რა ათვალწუნებული უნდა ჰყავდეთ საყვარელი, რომელიც ზუსტ ანგარიშს არ მოითხოვს მათგან, უსიტყვოდ სჯერა ყოველივე, რასაც კი ეუბნებიან და ამ უთვალავი მოვალეობით დამძიმებულ სატრფოს უსაზღვრო ნდობითა და სიმშვიდით უცქერს. მაგრამ ამ სარწმუნო საბუთებით როდი ვცდილობ ჩაგაგონოთ, რომ უნდა გიყვარდეთ; ამგვარი ხერხი რას წამადგება, როცა ბევრად უკეთესთაც ვერ მწიეს საწადელს. ძალიან კარგადა მაქვს შეგნებული ჩემი ბედი და არცა ვცდილობ მის დაძლევას. მთელი სიცოცხლე უბეუდრებაში უნდა გავლიო; განა თქვენ რომ გიცქერდით ყოველდღე, მაშინ უბედური არ ვიყავ? ვკვდებოდი იმის შიშით, არ მიღალატოს-მეთქი, მინდოდა მიწყივ თქვენთვის მეცქირა, ეს კი შეუძლებელი იყო. სულ იმის შიშში ვიყავ, ამ მონასტერში შემოსვლით თავს საფრთხესი იხვევს-მეთქი; სული მელეოდა, როცა სალაშქროდ წახვედით, სასოწარკვეთილებაში ვვარდებოდი, რატომ ლამაზი არა ვარ, რომ უფრო ღირსი ვიყო-მეთქი მისი სიყვარულისა. ვუმხედრდებოდი ჩემს კნინ არსებობას, სულ იმის ფიქრში ვიყავ, ჩემმა ტრფობამ რაიმე ზიანი არ შეამთხვიოს-მეთქი; მეჩვენებოდა, რომ საკმაოდ არ მიყვარდით, თავზარი მეცემოდა, ჩემიანების რისხვა არ დაატყდეს-მეთქი, მოკლედ, ისეთსავე საბრალობელ დღეში ვიყავ, როგორც ახლა. თქვენი სიყვარულის რაიმე ნიშანი რომ მოგეცათ მას მოღმა, რაც პორტუგალიიდან წახვედით, ძალ-ღონეს არ დავზოგავდი, ამ ყოფიდან რომ მეხსნა თავი, სხვის ტანსაცმელს გადავიცვამდი და თქვენს სანახავად გამოვწევდი; ვაგლახმე! რა დღე მეწეოდა თქვენგან მოძულებულს, მართლა საფრანგეთსი რომ ამომეყო თავი? რა დაბნეულობა, რა სასოწარკვეთა დამრევდა ხელს მაშინ? რა სირცხვილს ვაჭმევდი ჩემს ოჯახს, იგი ხომ უფრო ძვირფასი შეიქნა ჩემთვის მას შემდეგ, რაც აღარ მიყვარხართ. ხომ ხედავთ, ცივად განსჯაც შემძლებია და ვხვდები, რომ შეიძლებოდა უფრო საბრალობელიც ვყოფილიყავ, ვიდრე დღესა ვარ და ჩემს სიცოცხლეში ამ ერთხელ მაინც გონივრულად გელაპარაკებით; ჩემი თავდაჭერილობა უთუოდ მოგეწონებათ და ჩემით აღტაცებაში მოხვალთ. ოღონდ მე ამეების გაგება აღარა მსურს, აკი გთხოვეთ, მეტს ნუღარ მომწერთ-მეთქი, ახლაც იმასვე გემუდარებით.
ნუთუ არასდროს გიფიქრიატ, როგორ მოვეპყარიო? არ გიფიქრიათ, რომ ჩემი უფრო მეტი გმართებდათ, ვიდრე ვისიმე ამქვეყნად? მე შმაგის სიყვარულით მიყვარდით; რა ზიზღით ვუცქეროდი ყოველივე დანარჩენს! მაგგვარი საქციელი ნამუსიან კაცს არ ეკადრება, უთუოდ გულით გძაგდით, რაკი თავდავიწყებით არ შემიყვარეთ; ერთობ კნინ ღირსებებს მოვუხიბლივარ, მართლაცდა, რა ჩაიდინეთ ისეთი, რომ ჩემი გული მოგეგოთ? რა შემომწირეთ? განა სხვა ათას სიამეს არ დაეძებდით? განა თამაშზე ან ნადირობაზე ხლეი აიღეთ? განა პირველი არ წახვედით ომში? განა ყველაზე გვიან არ დაბრუნდით? ბრძოლის ველზედაც თავს არ იზოგავდით, თუმც კი გემუდარეთ, ჩემი სიყვარულის გულისათვის თავს გაუფრთხილდით-მეთქი; პორტუგალიაში დამკვიდრებასაც კი არ ცდილხართ, თუმცა აქ დიდ პატივში იყავით. თქვენი ძმის ერთმა ბარათმა მიგატოვებინათ ყველაფერი და წამითაც კი არ შეყოყმანებულხართ, მაშინვე წახვედით. განა არ მიამბეს, რომ გზაში სულ საუცხოო გუნებაზე იყავით? გამოტეხით გეტყვით, რომ მაიძულებთ, მწარედ შეგიჯავროთ. ვაი რომ თვითონ დავიტეხე თავს ყველა უბეურება: თავიდანვე დიდ გრძნობას შეგაჩვიეთ, ერთობ გულმართლად მოგენდეთ, მაგრამ თავი რომ შეაყვარო ვინმეს, თვალთმაქცობაა საჭირო, ოსტატურად უნდა ეძიო ხერხი გულს ალი შემოუგზნო, მარტო სიყვარულით სიყვარულს ვერ მოიმკი. ისურვეთ მყვარებოდით და რაკი ეს განზრახვა ჩაიდეთ გულში, არაფერს დაერიდებოდით, რომ საწადლისათვის მიგეღწიათ. შემიყვარებდით კიდეც, თუ ეს აუცილებელი შეიქნებოდა. მაგრამ თქვენ იმთავითვე მიხვდით, მუხანათო, რომ გულისწადილს უსიყვარულოდაც ადვილად ეწეოდით და შეგეძლოთ გრძნობისთვის ძალი არ დაგეტნიათ. გგონიათ, დაუსჯელად ჩაგივლით ჩემი გაწბილება? თუ რაიმე შემთხვევამ ისევ გადმოგაგდოთ ჩვენს მხარეში, იცოდეთ, ჩემიანებს შურს ვაძიებინებ თქვენზე. მე დიდხანს თქვენგან მიტოვებულიც გაღმერთებდით, დღეს კი ამგვარი ყოფა მომძულებია, სინიდისიც მქენჯნის აუტანიელი სიმკაცრით, ცხადადა ვგრძნობ სირცხვილს იმ ცოდვებისათვის, თქვენ რომ ჩამადენინეთ და ვაი, რომ აღარა მაქვს სიყვარული, რომელიც ხელს შემიშლიდა მთელი სიგრძე-სიგანით დამენახა, რატომ ვარ ბრალული. როდის იქნება გული არ მეფლითებოდეს? როდის მომცილდება თავიდან ეს შეჭირვება, შე უწყალოვ? მაინც მგონია, ავს არ გისურვებთ, ბედნიერებასაც ავიტან თქვენსას. მაგრამ როგორ იქნებით ბედნიერი, თუ კეთილშობილი გული გიძგერთ საგულეში? მინდა კიდევ ერთი წერილი მოგწეროთ და დაგანახოთ, რომ რამდენიმე ხანში შეიძლება კიდევ უფრო დავმშვიდდე, რომ ემამება ჩემდამი თქვენს უგვან მოპყრობაზე გელაპარაკოთ მას შემდეგ, რაც გული ასე არ მექნება დათუთქული; მაშინ კი გამცნობთ, რომ მეზიზღებით, გულგრილად ვლპარაკობ თქვენს ღალატზე; გადამავიწყდა სიამენიცა და ტანჯვაც და მხოლდო მაშინღა მახსენდებით, როცა თავად მინებს. გეთანხმებით, თქვენ ბევრად მეტი უპირატესობა გააჩნდათ ჩემთან შედარებით. განა თქვენ არ შთამაგონეთ სიყვარული, რომელმაც გონება დამაკარგვინა, მაგრამ რა თავსაქები სამე ეს არის? ყმაწვილი ვიყავ, გულუბრყვილო, პატარაობიდან მონასტრის კედლებში გამოკეტილი, მხოლოდ უსიამო ხალხი მერტყა გარს, არასდროს არ მსმენია ქათინაურები, რომლებითაც ყურები გამომიჭედეთ; მეგონა, თქვენი წყალობა იყო მოხდენილობაცა და სილამაზეც, ჩემში რომ ჰპოვებდით. თან თქვენი ქებაც მესმოდა, ყველა თქვენ გასხამდათ ხოტბას, თქვენც ყველა ღონეს ხმარობდით, რათა ტრფობა გაგეღვიძებინათ ჩემს გულში. მაგრამ როგორც იქნა, გამოვერკვიე ამ ჯადო-თილისმისაგან, თქვენც დიდად შემეწიეთ ამ საქმეში და ვაღიარებ, თქვენი დახმარება მეტისმეტად წამადგა. უკან რომ გიგზავნით თქვენს წერილებს, ჩემთვის ვიტოვებ ორ უკანასკნელს და გადავიკითხავ ხოლმე უფრო ხშირად, ვიდრე პირველთ ვკითხულობდი, რათა კვლავ არ დამრიოს ხელი სისუსტემ. ო, რა ძვირად დამიჯდა ეს სისუსტე და რა ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ჩემი სიყვარულისათვის არ გეკრათ ხელი. კარგადა ვგრძნობ, ჯერ კიდევ მეტისმეტად ბევრს ვფიქრობ თქვენს ღალატზე და საყვადურებსაც ბევრს გეუბნებით. მაგრამ გაიხსნეთ, როგორ დავიფიცე, უეჭველდ ვპოვებ-მეთქი სულის სიმშვიდეს და მგონი, მივაღწევ კიდეც საწადელს, ან არა და, რაიმე უკიდურეს ზომას მივმართავ, რაც მაინცდამაინც საწყენად არ დაგირჩებათ. ოღონდ თქვენი მეტი აღარაფერი მინდა, სიგიჟეა, ერთსა და იმავეს ასე ხშირად რომ გიმეორებთ, უნდა ჩამოგეხსნათ და აღარასოდეს ვიფიქრო თქვენზე: ისიცა მგონია, ამიერიდან აღარ მოგწერთ, განა მმართებს წვრილად მგოახსენოთ ყოველივე, რაც გულში მიძევს?