Litclub.ge

ელისი (მთარგმნელი: ნაირა გელაშვილი)
სრულია სიმშვიდე ამ მოოქროვილი დღის,
ბებერ მუხებქვეშ
ჩნდები შენ ელის,
გიფართოვდება დადუმებულს მრგვალი თვალები.

მათი სილურჯე მიჯნურთა მსუბუქ თვლემას ირეკლავს,
შენს ბაგეებზე -
იფერფლებოდნენ ვარდისფერი ოხვრანი მათი.

მწუხრზე მეთევზემ ამოზიდა ბადე ტბორიდან.
კეთილი მწყემსი
მიირეკავს ნახირს ტყის პირზე,
ო, ელის, რარიგ მართალია შენი დღეები!

ჩუმად ეღვრება შიშველ გალავანს
ზეთისხილის ლურჯი სიმშვიდე.
და უცებ წყდება ბერიკაცის ბნელი გალობა.

ოქროს პატარა ნავი მიარწევს,
ელის, გულს შენსას ეულ ზეცაზე.

2
ზარების ნაზი წკრიალი დგას ელისის მკერდში
შემწუხრებისას,
როს თავი მძიმედ უვარდება ბნელ სასთუმალზე,

ნარის ეკლებში ლურჯი ნადირი
სისხლისაგან იცლება უხმოდ.

იქვე თალხი ხე დგას, გარიყული -
და მძიმედ სწყდება ნაყოფი ლურჯი,

ბნელი ნიშნები და ვარსკვლავები
იძირებიან მწუხრის ტბორებში.

ბექობს გაღმა დაზამთრებულა.

ლურჯი მტრედები
ღამღამობით ყინულოვან ოფლს ისრუტავენ
ელისის ბროლის შუბლიდან რომ დის.

შავ გალავანთან
ისევ ზუზუნებს
მარტოსული ქარი ღმერთისა.