Litclub.ge

ღრმა სარეცელი (მთარგმნელი: მაკა ოძელაშვილი)
ქორწინების პირველ ღამეს ქმარი თავისი მაღალი, სრულყოფილი, ზორბა სხეულით ახალ, მაღალ, მოჩუქურთმებულ საწოლზე მიწოლილიყო. იგი ამ სარეცლის სირბილითა და სიფაფუკით ტკბებოდა. უეცრად ის მიუბრუნდა ცოლს, რომელიც ფანჯარასთან იჯდა და ჰკითხა:
- ნახე... შეიცვალა წუთისოფელი?
ცოლმა ფანჯრიდან გადაიხედა და მიუგო:
- არა... არ შეცვლილა...
- მაშ, მოდი, ერთ დღეს კიდევ წავუძინებ! - გადაწყვიტა ქმარმა.
და ერთი კვირით დაიძინა. როდესაც გამოიღვიძა, ნახა რომ მისი სხეული ცოტა არ იყოს, ჩაფლულიყო ლოგინის სიღრმეში... კაცმა გადახედა ქალს და ჰკითხა:
- ერთი გადაიხედე... დუნია ხომ არ შეიცვლილა?
ცოლმა გადაიხედა და უპასუხა:
- არა... არ შეცვლილა.
- მოდი, ერთი კვირით წავუძინებ! - თქვა და ერთი წლით დაეძინა.
გამოიღვიძა და შეამჩნია, რომ ღრმული, რომელიც მის სხეულს ჩაეზნიქა ლოგინში, კიდევ უფრო ჩაღრმავებულიყო... მაშინ კვლავ ჰკითხა ქალს:
- ნახე, ხომ არ შეცვლილა წუთისოფელი?
ცოლმა ამოიოხრა, წამოდგა, გადაიხედა ფანჯრიდან და უთხრა:
- არა... არაფერი შეცვლილა.
გადაწყვიტა ერთი თვეც დაესვენა. ეძინა ხუთი წელი. როდესაც გამოიღვიძა, ნახა, რომ სხეული ლოგინში მეტად ჩაღრმავებულიყო... კაცმა ჩვეულებისამებრ ჰკითხა ცოლს:
- ერთიც გადაიხედე... იქნებ შეიცვალა წუთისოფელი?
ქალი მივიდა ფანჯარასთან, თავი ჩაქინდრა და მიუგო:
- არა, კვლავაც უცვლელია ყველაფერი.
- მოდი ერთი წლით დავიძინებ...
ეძინა ათი წელი.
ამასობაში მისი სარეცელი ღრმა ორმოდ იქცა. ბოლოს ამ საწოლშივე გარდაიცვალა. გადააფარეს სუდარა, რომელიც სარეცლის ზედაპირზე ყოველგვარი ნაოჭისა და ჩაღრმავების გარეშე გადასწორდა. მიცვალებული საწოლიანად, რომელიც მის სამარედ ქცეულიყო, ფანჯრიდან გადააგდეს. შემაზრზენად აღიქვა ქალმა, თუ როგორ დაენარცხა სარეცელი ქუჩის ხისტ მიწას: იგი აღმოჩნდა ქმრის უკანასკნელი სამყოფელი. დამწუხრებულმა ქვრივმა მზერა უსასრულო სივრცეს მიაპყრო და თავისთვის ჩაილაპარაკა:
- ო, ღმერთო ჩემო! ახლა კი ნამდვილად შეიცვალა სამყარო!