Litclub.ge

წერტილი (მთარგმნელი: მაკა ოძელაშვილი)
არცთუ მაღალი რკინის რელსები, სილა-ღორღისა და ხე-რკინის შემაღლებული ზღურბლი. სიგრძეში შორს წასული რკინის ზოლი ჰორიზონტთან ჟანგის ფერში გადადის და სწრაფად იკეცება. კარგად რომ დააკვირდე, ის სიშავეში, გრძელი რკინის ზოლში გადავა, რომელიც მრუდედ მიდის დაუსრულებლივ ცის კიდისაკენ. ეს სიმრუდე უზარმაზარ რკალს ქმნის, რომელსაც არღვევ, რათა მასში მილიონობით ადამიანი მოათავსო, დაატიო დედამიწის ყველა მკვიდრი თავისი ცხოვრებით, საზრუნავითა და დარდით. ყველა და ყველაფერი, დასაბამიდან _ დღევანდელ დღემდე. შემდეგ რკინის ზოლი იმავე საზარელი, მაგრამ მომხიბლავი სიმრუდით, ხედვის სცენიდან გადის.
შორიახლოს შემოდგომის ფერებით შემოსილი ხეა. მომწვანო-მოყვითალო ფოთლები რტოებს ეჭიდებიან, მაგრამ, ვაი, რომ ქარის ყოველი დაბერვისას მაინც უამრავი ფოთოლი სცვივა. იფიქრებ, დღის ბოლომდე მთლად ტანშემოძარცულს და შიშველ-ტიტველს დატოვებსო. ის კი მარად ასეთია: არც აკლდება და არც ემატება ფოთლები, მუდამ მომწვანო-მოყვითალო, მტვრიანი შემოდგომის ხეა... არც ნაყოფი აქვს, არც ყვავილი, არც სახელი... ხე.
ტრიალი მინდორი ჰორიზონტს აკრავს. თუ შეჩერდი, ის საკმაოდ ვრცელი ჩანს. ხოლო თუ რკინის ზოლს ზემოთ აჰყევი, მინდორი უფრო და უფრო ფართო მოგეჩვენება. თუ სიმაღლიდან გადმოხედავ, იფიქრებ, რომ მას მთელი კაცობრიობის მოთავსებაც შეუძლია.
ჩუმი, მდუმარე სცენა... დროდადრო, ნაწყვეტ-ნაწყვეტ და შეუმჩნევლად უბერავს ქარი. მხოლოდ ხანდახან თუ მოგეყურება ფოთლების ხმა, რომელიც სრულ სიჩუმეშიც შრიალებს. ქარი დაუბერავს და მისი სტვენა კარგა ხანს გრძელდება. მოფარფატებს რამდენიმე ფოთოლი, მიწიდან წამოიშლება მტვერი, რომელიც თან ბრინჯის ნამჯის გამხმარ ღეროებს იტაცებს. შემდეგ ხმა მიწყდება. მხოლოდ ფოთლის უკანასკნელი ამოსუნთქვაღა გაისმის და ყველაფერი კვლავ მდუმარებას ბარდება. გამეფებული სიჩუმე სცენის განათებას ჰგავს: არც მუქია, არც ნათელი, _ დაბურულია. მზე არსად ჩანს, სინათლეც ალმაცერი და სუსტია. ეს ყველაფერიც მუდამ ასეთია: არც ძლიერდება და არც სუსტდება; მას არც მოძრაობა ეხება. სინათლე თავისი არსებობითა და ყოვლისმომცველობით საღამოს შუქს წააგავს. შემდეგი დღე - მისი აღდგომის დღეა.'მე სცენის შიგნით ვარ. შემიძლია ნებისმიერი კუთხიდან შევხედო მას, ვინაიდან ჩემი ადგილი განუსაზღვრელია. მაგრამ, როგორც არ უნდა შევიცვალო ადგილი ან მიმართულება, სცენას კვლავ იმავე კუთხით აღვიქვამ.
მოახლოებულ მატარებელს ველი. ეს ადგილი სადგური არ არის. დიდი ტანჯვის შეგრძნება მაწუხებს. არ მსურს მატარებლით მგზავრობა, მხოლოდ მოულოდნელობის წუთებს მოველი. მატარებლის ყოველი გამოჩენაც მოულოდნელი და მელანქოლიურია. მისი დანახვისთანავე მიპყრობს სიხარული, გული შიშით იწყებს ძგერას და ვგრძნობ, რომ ვარსებობ!!! ჩემი სულის ამოოხვრას პირველად ვაფიქსირებ და ვიწყებ არსებობის რაობის გააზრებას, ვინაიდან სულიერი ვარ. ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის ის, რომ მალე პუნქტი რელსად გადაიქცევა, რელსი - ხაზად, ხაზი - მატარებლის გრძელ სხეულად, რომელიც კვამლის გაბმული ღრუბლით დაიფარება. არც ის არის ნიშანდობლივი, რომ ის უფრო და უფრო ახლოვდება და სულ მალე ჩემს წინ აღმოჩნდება. არც არაფერს აქვს მნიშვნელობა, გარდა მატარებლის მოულოდნელი გამოჩენისა.
არაფერს ველი... არც არავის სურს იმის ლოდინი, რაც გარდაუვალია. დღემდე არ მენახა მოახლოებული მატარებელი, სადგურის შემოგარენი. არც მგზავრი ვყოფილვარ ოდესმე. არანაირი კავშირი არ არის ჩემსა და მატარებელს შორის, გარდა იმისა, რომ კვლავ ვუმზერ რელსებს. ეს კი მატარებლის არსებობის აუცილებელი პირობაა.
რელსები მოძველდა. სქელი ჟანგი ქერქიდან ფენად იქცა. მიუხედავად ამისა, ცხადია, მრავალ მატარებელს ჩაუვლია აქ. ზოგიც აქედან გასულა. ეს გვერდითი ხაზი ხომ არ არის, რომელიც რკინიგზას გადაავიწყდა? ან იქნებ ეს რელსები ომის დროს დააგეს და შემდეგ დაეკარგათ რუკიდან? დაე, ასეც იყოს. სცენა მუდმივია. მე მასში ვარ. ვუმზერ, რათა სხვა კუთხიდან შევხედო მას. შუქი ალმაცერი და დაბურულია, რელსები გრძელი, ზიგზაგი და ბრწყინვალეა. ხე თითქოს შემოდგომის თესლიდან აღმოცენდა. ეს ყველაფერი დროდადრო ჩნდება. უსასრულოდ და უსაწყისოდ უბერავს სიო. შრიალებენ ფოთლები. გამოშრა მიწაზე მოფენილი ბრინჯის მტვრიანი ნამჯა. გაისმის ფოთოლთა უკანასკნელი ამოსუნთქვა და კვლავ საუკუნო სიჩუმე ისადგურებს.
სცენა მარადიულია. საგნები მასში მუდმივად ენაცვლებიან ერთმანეთს. გულში ჩაფლული დარდიც უცვლელია: არც მსუბუქდება და არც მძიმდება. მელანქოლიაც სცენიდან მოდის. იბადება მაშინ, როდესაც გრძნობ, რომ ის სიცოცხლის, სიხარულის, იმედის და იქნებ მელანქოლიის დასასრულიცაა. ეს რეალური დასასრულია თვით მეცნიერებისა, რომელსაც უკავშირდება იგივე სიმშვიდე, რელსები, შუქი, სიოს შემობერვა, შემოდგომის ხეებით გაშენებული ტყე და მოლოდინი.
სცენა მუდმივია. ჩემთვის ის ხანგრძლივი სევდის დასასრულია, მაგრამ მაინც მუდმივი და უცვლელია. არ მახსოვს როგორ, სად ან როდის დაიწყო ეს ყველაფერი. ვერც იმას ვიხსენებ, თუ როგორ აღმოვჩნდი მის შიგნით. ალბათ უკვე მასში მოვეგე გონს, ან სულაც მასში დავიბადე. ის კი ვიცი, რომ აქ დავრჩები სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე. აქ არაფერი იცვლება. შენელებულ პულსაციათა შორის მანძილი თითქოს ათასი წელია. ეს ყველაფერი ერთ წამშიც რომ მომხდარიყო, დრო უცვლელად მაინც ათასი წელი დარჩებოდა. ამრიგად, პულსაცია სუსტი, უღონო ფეთქვაა, მსგავსი ჩანასახის პირველი შეთრთოლებისა... შემდეგ კვლავ დარეკა მოკრძალებით შემკრთალმა გულმა, დარეკა ძლიერ, მაგრამ ახლა უფრო შორიდან. თითქოს შიშმა მისი ფეთქვა შეანელა. დაჰკრა გულმა. უცებ გამოიკვეთა წერტილი, რომელიც უსასრულობიდან დაიწყო. მე მას დაჟინებით დავაცქერდი და აღმოვაჩინე კიდეც. ამის შემდეგ ჩემთვის სრულიად უმნიშვნელო გახდა, თუ რა მოხდებოდა.
სცენა, შეგრძნება, მწუხარება, უწყვეტი გულისცემა. მე კვლავ უცვლელი ვარ! არც მოწყენილი, არც დარცხვენილი, არც მძინარე და არც ფხიზელი. ვარ იქ, სადაც არც მწუხარებაა, არც დარდი; ეს ადგილი არ ემორჩილება ჟამთა ცვლას. ყოველი გულისცემის დროს, როგორც საშინელი მოვლენის წინ, ვგრძნობ ჩემი გულის ჭეშმარიტ სახეს, რომელიც მღელვარებით ცემს. ხან ძლიერდება, ხანაც სუსტდება, მაგრამ მთავარია, რომ არსებობს, რეალურია. ამ აზრთან ერთად ჩემი სხეულიც მთლიანად თრთის იქამდე, რომ მზადაა აღმოხდეს:
- ცოცხალი ვარ!
ეს მუდმივი, მარადიული შეგრძნებაა, აღმოჩენაა. აღფრთოვანებული ვარ ამით. ჩემი სიხარული უსაფუძვლო არ არის. სცენა კულისებიდანაც რომ დაწყებულიყო და უსასრულოდ გაგრძელებულიყო, ეს სიხარული მაინც არ გაქრებოდა, არც დაიკარგებოდა. მეტიც! ის წამია, თვალის დახამხამებაა მხოლოდ; ის იშვიათი წამია, რომელთა შორის მანძილიც ათასი წელია. სწორედ ეს გულისცემა მაკავშირებს ამ წუთისოფელთან.
დიახ! გაოცებული, მაგრამ დაჟინებით ვაკვირდები და ვამჩნევ საოცრებას, წერტილს.
ამის შემდეგ უმნიშვნელოა ის, რომ წერტილი ზოლად იქცევა, ზოლი კი გრძელ ხაზად, რომელსაც არა აქვს დასასრული...
ეს უკვე უმნიშვნელოა, სრულიად უმნიშვნელო!