Litclub.ge

არსებობანი (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
მე ხომ შემეძლო - თავზეხელაღებულ, შავგვრემან იტალიელივით - კორსიკის გაუვალ ბარდებში თავი შემეფარებინა და ბებუთით ხელში უმწიფარი ქალიშვილები გამეუპატიურებინა..
წითელკანიანივით ვმდგარიყავი ვიგვამის შესასვლელთან, ტრამალების სუნითა და კვამლით გაჟღენთილი, ხოლო ჩემი ცოლი - ბიზონის ტყავის ფხეკით იქნებოდა გართული...
მე ხომ შემეძლო, ტახტის მოცილესავით, საკუთარი ტყავის გადარჩენის მიზნით, ხელისუფალთან მექეიფა, სასმელზე ზაფრანით შეკმაზული თევზი დამეყოლებინა; მოტკბო სოუსი მოკაუჭებულ თითებზე ჩამომეღვენთებოდა, მე კი სულ იმის ფიქრში ვიქნებოდი, როგორ დამეღუპა ხელმწიფე ან ჩემი ავისმსურველი...
მეც შემეძლო, ვაჭარივით ან ჩალვადარივით, შავი ზთვისპირეთის ტრამალებში მეხეტიალა, ყირიმიდან და ოდესიდან მარილი ან კუპრი ჩამომეტანა. ღამღამობით ზღვიდან მონაბერი ქარის სუნთქვას ვიგრძნობდი, ნაღვერდლის ალმურით სახეალეწილი მე თვითონ მოვყვებოდი ზღაპარს ან სხვის მონაყოლს მოვისმენდი...
მე კი - მასწავლებელი ვარ, ოჯახებში დავიარები და კერძო გაკვეთილებით თავს ვირჩენ...