Litclub.ge

ბავარიული გენციანები (მთარგმნელი: შალვა ბაკურაძე)
სექტემბრის ნელთბილ, სევდით გაჟღენთილ ჩვენს ოთახებს ყოველთვის როდი
ამშვენებენ ბავარიული გენციანები,
ლუსკუმი ღამის ჩირაღდნებივით მაღალი და ბინდით მოცული, პლუტონური შავი
სხივებით დამბნელებელი ნათელი დღისა, წიბოვანი გრძელი ალები, ანთებულნი
ჯანღიანი, ბნელი ლაჟვარდით და თეთრი შუქის მძიმე სუნთქვით წამახულები.

ლურჯად მბოლავი ჩირაღდნები, მრუმე ლურჯი ლამპიონები პლუტონისა, მიწისქვეშეთის
შედედებული მუქი ლურჯი ცეცხლის ენები, ლურჯ შუქს რომ ჰფენენ დემეტრეს
ყვითელ სამფლობელოებს.
ვისთვის მოსულხართ აქ, შეთეთრებულ დღის სამეფოში.

მიბოძეთ მე ეს ჩირაღდანი, ეს მკრთალი ღერო სამი ყვავილით და ამ სამღერძა
ლურჯი ცეცხლით ნაბიჯ-ნაბიჯ გზას გავიკვლევ უშუქარი უფსკრულისაკენ,
იქ მხედველობა უძლურია და წყვდიადი ერწყმის წყვდიადს და პერსეფონეც
სწორედ ახლა, სექტემბერში მიემგზავრება ამ კუნაპეტი მიმართულებით,
მისი სხეული მხოლოდ ექოა მარადიულ უკუნ ღამეში, ჩახვეულია ძველ საქმროსთან
პატარძალი კიდევ ერთხელ მოტაცებული, განმსჭვალულია პლუტონის ვნებით,
დაძირულია ღამის წიაღში და მრუმე ლურჯი ლამპიონები წყვდიადს ჰფენენ
საქორწინო სარეცელს.

მიბოძეთ მე ეს ყვავილი, ეს სამი ლურჯი ლამპიონი,
რადგან ქორწილში სტუმრად მიხმობენ.
მივემგზავრები სულდგმულ ღამეში.