Litclub.ge

რიჩარდ ბოუნი (მთარგმნელი: ქარდა ქარდუხი)
ახალმოსული, სფუნ რივერში; ვეღარ ვხვდებოდი
მართალი იყო თუ სიცრუე მათი ნათქვამი.
ქვას მომიტანდნენ, დასაწერად ეპიტაფიის,
სახელოსნოსთან დადგებოდნენ ვიდრე ვტვიფრავდი
და საუბრობდნენ:
"ის მშვენიერი კაცი იყო" "იყო კეთილი"
"ის უტკბილესი ქალი იყო" "ღვთის მოშიშარი"...
და მეც სამარის ლოდზე ვკვეთდი, რასაც მეტყოდნენ,
ისე, რომ სრულად არ ვიცოდი ჭეშმარიტება,
მაგრამ, შემდეგ კი, როცა დიდხანს ვიცხოვრე მათთან,
კარგად ვხვდებოდი, მათი ცხოვრება რამდენად ახლოს იყო იმასთან,
რასაც ვკვეთავდი მათს სამარეზე სიკვდილის შემდეგ, ეპიტაფიად.
თუმცა შემდეგაც მას ვწერდი ლოდზე, რასაც მეტყოდნენ
და მონაწილე ვხდებოდი ქვათა
ცრუ ქრონიკების,
ისევე, როგორც მემატიანე, რომელიც აღწერს
მოვლენებს, თუმცა აღარ იცის ჭეშმარიტება,
ან იცის, მაგრამ სურს რომ დამალოს.