Litclub.ge

* * * "მოხუცო"
მოხუცო (ახლა გავისტუმრე ფოსტალიონი) 
ქვეყნისას გთხოვ და ცისას უბნობ, დალახვროს ნიცშემ. 
ამანათისთვის გმადლობ, მახსოვს, ეს ყალიონი 
მეძველმანისგან შეიძინე შარშან ნიცაში. 
მოკლედ, დღეები გაცილებით უფრო მოკლეა, 
ბებერი ძვლების გაციებაც გახდა საშიში. 
ლუდს მივეძალე. ახლაც გვერდით მიდგეს ბოკალი 
იაფი ლუდით სავსე _ ჩემთვის, როგორც ჰაშიში, 
მათრობელია სულ ოდნავი რამ ამ ცხოვრების... 
ადამიანებს დაღუპულებს და მათ აურებს 
მე ვაკვირდები კვლავ და მიჭირს დამახსოვრება 
ყოველი წუთის და ყველაფრის, რაც არ ხმაურობს, 
რასაც შემორჩა სურნელება ძველის, ნამდვილის. 
ხოლო შენ, ვიცი, ცხადზე მეტად სიზმრებს უჯერებ, 
მათ შორის ყოფნა შენთვის უფრო არის ადვილი, 
მაგრამ როდესმე ეგ სიზმრები დაგამუნჯებენ... 
მომწერე (პალმებს მიიტანდა, ალბათ, დარგავდა 
თავის ეზოში მეგობარი შენი, ჩენდლერი) 
ყველა წვრილმანი, უმნიშვნელოც, თუ არ დაკარგა 
შენთვის რაიმემ მნიშვნელობა. იყავ დღეგრძელი!