Litclub.ge

დიდი აქლემის პატარა ყურში (მთარგმნელი: გივი შაჰნაზარი)
ოდესღაც თურმე
ჩვენთვის უცნობი კანონმდებელი დამსხდარა ხალხი
და უთქვამს:
აი, ეს იყო თეთრი!
აი, იმას კი ეწოდოს თალხი!
ეს მივიჩნიოთ უკუღმართ საქმედ!
ის - წაღმა ბრუნვად ჩავთვალოთ ჩარხის!
და განუსაზღვრავთ წესი და რიგი:
ეს - უკუღმართი... წაღმართი - იგი...

და ჰა, ჩვენ ახლაც მშვიდად დავდივართ...
სისულელეთა ამ მუზეუმში,
სად ტანსაცმელი კი არ გვეხევა,
არამედ - სული, სული საბრალო!
რომლის ფსკერზედაც რაღაც ისეთი
აუტანელი რამ არის, როგორც
ფეხსაცმელებში - მარცვლები ქვიშის,
ბასრი ეკალი - შერჭმული ფრჩხილში...

და ბრუნავს, ბრუნავს,
ფირფიტის ირგვლივ წრეხაზზე ბრუნავს
ცხოვრების ნემსი
და იძულებით
ამღერებს მუდამ
მარად გამტანჯველ იმ მელოდიას,
უავტორო რომ გახლავთ დიდი ხნის! -
თუმც უავტორო, მაგრამ შეუვალ
ციხედ ცნობილი და მიღებული...
და უცნაური
მსდევს რამ სურვილი (ექსცენტრიული,
თბილი, სხვაგვარი)
და... დღე და ღამე აღარ მასვენებს;
მე ახლა მინდა (თქვენს მაგივრადაც)
არა ღრენა და კრუტუნი მხოლოდ,
არამედ - ბრდღვინვა, ბრდღვინვა მხეცივით!
(ოდეს შევყმუვლებ, დრუნჩს ქვას მივადებ
თუ ახალ ტიპის ამ მრგვალ მაგიდას,
განა სულ ერთი არ არის სულაც?!.)

ვერ თანავუგრძნობ... ვეღარც კი ვიტან
იმ საბრალობელ ცხოველთ, რომელნიც
იარლიყს "შინაურს" დაატარებენ,
მათივე აზრით - როგორც სამხრეებს,
ჩემი აზრით კი - სირცხვილის დამღას...
თქვენ გოლიათი აქლემი გიჯობთ?!
მე კი (ხუმრობად ნუ ჩამომართმევთ)
თაგუნას ვარჩევ, თუ გნებავთ - ვირთხას,
თაგვსა და ვირთხას, რომლებიც დღემდე
შინაურებად არა ქცეულან...

და როს კოშმარულ ძილში ვირთხები
თქვენ სიყვარულით ღრღნას დაგიწყებენ,
გამოფხიზლდით და სულ ერთი წამით
ასე იფიქრეთ: ღირს კი ნამდვილად,
საუკუნეთა მანძილზე ძილი
დიდი აქლემის პატარა ყურში?!.