Litclub.ge

შემოდგომური ვალსი (მთარგმნელი: გივი შაჰნაზარი)
პირი შეუკრავთ ერთმანეთთან
გულმავიწყ წვიმას
და მხდალ ქარს ისე, - ქვეყნის სურვილს არც დაუდევენ
და შესდგომიან საქმეს -
გვალპობს...
მოწყენილობა!
ფოთლები ისევ შეთქმულები არიან ახლაც
და უკვე ხეთა, ხეთა მწვანე საწარმოები
აღარ უშვებენ... აღარც ჟანგბადს,
არც ყვითელ შრიალს,
დასწყევლის ღმერთი!..

ყოველ ჩვენგანში - დაფლეთილი მოწყენილობა
ოცნებობს მხოლოდ მეძველმანის გამოჩენაზე;
ნეტავ, მავანის ხრინწიან ხმას ჩვენი ფანჯარა
შემოეგლიჯა და ოთახში შემოსულიყო -
"მოწყენილობას, ვიძენ ძველმან... მოწყენილობას!"
და ახლა ყველა სანახევროდ ვართ მარტოსული
და ახლა ყველა სანახევროდ ვართ ნაღვლიანი -
დაქანცულები ყველაფრისგან, ყოველივესგან -
მიხრა-მოხრაა,
ფიქრია თუ წეს-ჩვეულება!..

ჰაერს ადედებს ჯანღი,
ნისლით ზეცა დაბლდება,
რომ გააწვრილოს მოთმინების ძაფი და როცა
თითისტარიდან... მაღლა ავა... გაწყდეს წივილით.

და ახლა ყველა ცუდ რამეებს თუღა ვიხსენებთ,
ყველა ჩვენგანი პესიმისტად გადაქცეულა,
შეგვზიზღებია ყოველივე, -
ჩვენი თავიც კი!
და ჩვენს ჩახაშმულ სიფათიდან ქირქილი წვეთავს,
როგორც ყოველ ხეს კანტიკუნტი ფოთოლი სცვივა,
ვით ღარს საწვიმარს წვირიანი სდის წვიმის წყალი,
ლავგარდანს - მღვრიე წვეთები და სულს... ჩაჟანგული
მოწყენილობა!
წვეთავს!.. წვეთავს!..
დასწყევლის ღმერთი!

ეს გულმავიწყი წვიმა და ეს მშიშარა ქარი,
თხელი ნაღველი და მსუქანი... მოწყენილობა,
ეს - რაღაც ცუდი და ამ ცუდზე სხვა უკეთური
დაწყვილებულან
და ცეკვავენ, ცეკვავენ ახლა
ქუჩაში,
სახლში
და ჩვენს ვიწრო, ვიწრო ოთახში!
ცეკვავს ამავე ძველ და ახალ ვალსს დედამიწაც
და წელიწადის ოთხივე დროც იგივეს ცეკვავს,
იგივეს ცეკვავს თვით ცხოვრებაც,
აზრიც იგივეს!
ეს რა სიგიჟე დატრიალდა, -
დასწყევლის ღმერთი!..

და რაღა რჩება, რომ ვაკეთოთ?!. (მოწყენილობის
მყიდველი არ ჩანს,
ყველა ჩვენგანს გაყიდვა უნდა!)
მოდი, მეწყვილედ ავირჩიოთ...
მოწყენილობა!
და ჩვენც ვიცეკვოთ,
ჩვენც ვიცეკვოთ -
როგორც გიჟებმა -
გამგიჟებელი ეს ძველი და ახალი ვალსი! -
დავიწროებულ და მწუხარე ჩვენსავე სულში! -
და რაც მოხდება, დაე მოხდეს -
დასწყევლის ღმერთი!..