Litclub.ge

სლავური ზღაპარი (მთარგმნელი: მიხეილ ქვლივიძე)
დაბერდა მეფე, დაჩაჩანაკდა. საკუთარი ხელით მტრედი რაა, იმასაც ვეღარ დაახრჩობდა. გაუნძრევლად იჯდა ოქროს ტახტზე, ოქროდქცეული და ცივი. მხოლოდ წვერი ეზრდებოდა იატაკამდე და უფრო ქვევითაც.
სამეფოს კი ამ დროს სხვა მართავდა. ვინ იყო ის კაცი, არავინ იცოდა. ცნობისმოყვარენი სასახლეს ეხვეოდნენ, მაგრამ კრივონოსოვმა შენობის წინ სახრჩობელები აღმართა, ამიტომ მარტო ჩამოხრჩობილებს შეეძლოთ დაენახათ, რა ხდებოდა სასახლეში, ისინი კი სდუმდნენ.
ბოლოს გარდაიცვალა მეფე. ატყდა ალიაქოთი, ზარების რეკვა, ცხედარი სასახლიდან არ გამოჰქონდათ. ტახტს შეეზარდა მეფე! მისი ფეხები ტახტის ფეხებად, ხელები ტახტის სახელურებად იქცნენ, - ვერაფრით ვერ ააგლიჯეს ცხედარი ტახტს! ტახტიანად დამარხვა კი ენანებოდათ - აფსუსი იყო ოქროს ტახტი!