Litclub.ge

სტუმრები ჩამოდიოდნენ აგარაკზე...
I
სტუმრები ჩამოდიოდნენ აგარაკზე. დარბაზი ივსებოდა ქალებითა და კაცებით; ისინი ერთდროულად მოვიდნენ თეატრიდან, სადაც იტალიური ოპერა გადიოდა. ქალებმა თავიანთი ადგილი დაიკავეს დივანებზე. მათ ახლობლად შემოკრბა კაცების წრე. გაჩაღდა ვისტი. ფეხზე დარჩა მხოლოდ რამდენიმე ახალგაზრდა; და საერთო საუბარს პარიზის ლითოგრაფიების თვალიერება შეენაცვლა.
აივანზე ორი კაცი იჯდა. ერთი მათგანი, მოგზაური ესპანელი, ცხოვლად ტკბებოდა ჩრდილოეთის ღამის მშვენიერებით. იგი აღფრთოვანებით უცქეროდა ნათელ, ფერმიმქრალ ცას, უჩვეულო შუქით გასხივოსნებულ დიდებულ ნევას, გამჭვირვალე ბინდბუნდში მჩინარ გარემომდებარე აგარაკებს.
- რა წარმტაცია თქვენი ჩრდილოური ღამე, - თქვა მან ბოლოს, - და როგორ არ უნდა ვინაღვლო მის სიმშვენიერეზე ჩემი სამშობლოს ცისქვეშაც კი?
- ერთ-ერთმა ჩვენმა პოეტმა, - მიუგო მეორემ, - იგი რუს თეთრფეროვან მზეთუნახავს შეადარა: გამოგიტყდებით, შავგვრემანი, შავთვალა იტალიელი ქალი ან სიცოცხლითა და სამხრეთული ხორციელი სიტკბოებით აღსავსე ესპანელი ქალი უფრო მეტად ატყვევებს ჩემს წარმოსახვას. თუმცა la brune et la blondeდიდი ხნის დავა ჯერ კიდევ არაა გადაჭრილი, მაგრამ სიტყვამ მოიტანა და: იცით თუ არა, ერთი უცხოელი ქალი როგორ მიხსნიდა პეტერბურგული ზნის სიმკაცრესა და სისპეტაკეს? მარწმუნებდა, სამიჯნურო თავგადასავალთათვის თქვენი ზამთრის ღამეები მეტისმეტად ცივია, ზაფხულისა კი მეტისმეტად ნათელიო.
ესპანელმა გაიღიმა.
- ამრიგად, ჰავის გავლენის შედეგად, - თქვა მან, - პეტერბურგი სილამაზის, თავაზიანობის, უბიწოების აღთქმული ქვეყანაა.
- სილამაზე გემოვნების საქმეა, - მიუგო რუსმა. - ჩვენს თავაზიანობაზე კი რა მოგახსენოთ, იგი მოდაში არაა, მასზე არავინ ფიქრობს. ქალებს ეშინიათ კეკლუცის სახელი არ გაუვარდეთ. კაცებს - ღირსება არ შეელახოთ. ყველა ცდილობს გემოვნებიანი და ზრდილობიანი არარაობა იყოს. რაც შეეხება ზნის სისპეტაკეს, ბოროტად რომ არ გამოვიყენო უცხოელის მიმნდობელობა, მე თქვენ მოგიყვებით...
და საუბარმა მეტად სატირული მიმართულება მიიღო.
ამ დროს დარბაზის კარი გაიღო და ვოლსკაია შემოვიდა. იგი პირველ ყვავილხანობაში იდგა. მისი სწორი ნაკვთები, დიდი შავი თვალები, სხარტი მოძრაობა, მეტად უცნაური მორთულობა - ყველაფერი ძალაუნებურად იპყრობდა ყურადღებას. კაცები რაღაცნაირი ხალისიანი გულითადობით შეხვდნენ, ქალები აშკარა არაკეთილმოსურნეობით. მაგრამ ვოლსკაია არაფერს ამჩნევდა. შეუსაბამოდ უპასუხებდა საერთო კითხვებს და დაბნეულად იყურებოდა აქეთ-იქით. ღრუბელივით ცვალებად სახეზე წყენა ეხატა. იგი მედიდურ თავადის ქალ გ.-ს გვერდით დაჯდა და, როგორც იტყვიან, se mjt a bouder.
უცებ ვოლსკაია შეკრთა და აივნისაკენ შებრუნდა. მას მოუსვენრობა დაეუფლა. წამოდგა, ჩაუარა სავარძლებს და მაგიდებს, წუთით მოხუც გენერალ რ.-ს მაგიდასთან შედგა, არაფერი უპასუხა მის მოსწრებულ მადრიგალს და უცებ აივანზე გასრიალდა.
ესპანელი და რუსი წამოდგნენ. ვოლსკაია მივიდა მათთან და რამდენიმე სიტყვა აბნეულად თქვა რუსულ ენაზე. ესპანელმა იფიქრა, აქ ზედმეტი ვარო, და დარბაზში დაბრუნდა.
მედიდურმა თავადის ქალმა გ.-მ ვოლსკაიას თვალი გააყოლა და თავის მეზობელს ხმადაბლა უთხრა:
- ეს უმსგავსობაა.
- საოცრად ქარაფშუტა ქალია, - მიუგო მეზობელმა.
- ქარაფშუტაო? ეგ ცოტაა. შეუწყნარებლად იქცევა. შეუძლია რამდენიც ნებავს, პატივი არ სცეს საკუთარ თავს, მაგრამ საზოგადოება ჯერ კიდევ არ იმსახურებს მისგან ამგვარ უპატივცემლობას. მინსკის შეეძლო ეს მისთვის ეთქვა.
- Il n’en fera rein trop heureux de pouvoir la compromettre. თუმცა, ნაძლევს ვდებ, მათი საუბარი სრულიად უწყინარია.
- ამაში დარწმუნებული ვარ... დიდი ხანია, რაც ასე გულკეთილი გახდით?
- გამოგიტყდებით, გულთან მიმაქვს ახალგაზრდა ქალის ბედ-იღბალი. მას ბევრი რამ კარგი აქვს, ხოლო ცუდი - გაცილებით ნაკლები, ვიდრე ფიქრობენ, მაგრამ გატაცებანი დაღუპავენ!
- გატაცებანი! რა მაღალფარდოვანი სიტყვაა! რა არის გატაცებანი? ხომ არა გგონიათ, რომ მას მგზნებარე გული აქვს და რომანული გონება? უბრალოდ ცუდადაა აღზრდილი... ეს რა ლითოგრაფიაა? ჰუსეინ ფაშას პორტრეტი? მაჩვენეთ.
სტუმრები იშლებოდნენ, სასტუმროში არავინ იყო ქალთაგან, მხოლოდ აშკარად უკმაყოფილო დიასახლისი იდგა მაგიდასთან, სადაც ორი დიპლომატი კარტის უკანასკნელ ხელს ამთავრებდა. ვოლსკაიამ უცებ შეამჩნია, რომ გარიჟრაჟებულიყო, და აჩქარებით დატოვა აივანი, სადაც დაახლოებით სამი საათი მარტონი იყვნენ ის და მინსკი. დიასახლისი ცივად გამოემშვიდობა ვოლსკაიას, ხოლო მინსკისთვის განზრახ ზედაც არ შეუხედავს. სადარბაზოსთან რამდენიმე სტუმარი თავიანთ ეტლს ელოდებოდა. მინსკიმ ვოლსკაია მისსავე ეტლში ჩასვა.
- მგონი, შენი რიგია, - უთხრა მინსკის ახალგაზრდა ოფიცერმა.
- სრულიადაც არა, - მიუგო მინსკიმ. - სხვას უტრიალებს ვოლსკაიას ფიქრი. მე უბრალოდ მისი მესაიდუმლე ვარ, ანდა, რაც გნებავთ, ის. მიყვარს კი სულით და გულით - საოცრად სასაცილოა.

ზინაიდა ვოლსკაია მეექვსე წელში იყო გადამდგარი, დედა რომ გარდაეცვალა; მამამ, საქმიანმა და დროსტარების მოყვარულმა კაცმა, ქალიშვილი ფრანგ აღმზრდელ ქალს ჩააბარა, ათასნაირი მასწავლებელი დაუქირავა და ამის შემდეგ მასზე უკვე აღარ ზრუნავდა. ზინაიდა თოთხმეტი წლისა მშვენიერი ასული იყო და სამიჯნურო ბარათებს სწერდა თავის ტანცმაისტერს. მამამ ეგ ამბავი გაიგო, ტანცმაისტერი დაითხოვა და ქალიშვილი საზოგადოებაში გამოიყვანა, რადგან ფიქრობდა, მისი აღზრდა დამთავრებულიაო. ზინაიდას გამოჩენამ დიდი ხმაური გამოიწვია. ვოლსკის, მდიდარ ახალგაზრდა კაცს, რომელიც მიჩვეული იყო თავისი გრძნობები სხვების აზრისთვის დაემორჩილებინა, ზინაიდა გაგიჟებით შეუყვარდა, ვინაიდან ხელმწიფე მთელი საათი ესაუბრა ზინაიდას, როცა ინგლისურ სანაპიროზე შეხვდა. ვოლსკიმ დაიწყო მაჭანკლის მიგზავნა. ქალიშვილის მამას გაუხარდა, რომ შემთხვევა მიეცა თავიდან მოეშორებინა მოდად ქცეული საპატარძლო. ზინაიდას კი ერთი სული ჰქონდა, გათხოვილი ყოფილიყო, რომ მთელი ქალაქი თავისთან ეხილა. თანაც ვოლსკი არ ეზიზღებოდა, და ამრიგად მისი ხვედრი გადაწყვეტილი გახლდათ.
ზინაიდას გულწრფელობა, მოულოდნელი ოინები, ბავშვური თავქარიანობა თავდაპირველად სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენდა და მაღალი საზოგადოებაც კი ემადლიერებოდა ქალს, რომელიც წამდაუწუმ არღვევდა არისტოკრატიული წრის გოროზ ერთფეროვნებას. იცინოდნენ მის ცელქობაზე, იმეორებდნენ მის უცნაურ უსაქციელობას, მაგრამ გადიოდა წლები და ზინაიდას სულში კვლავ თოთხმეტი წელი იდგა. დაიწყეს ბუზღუნი. დაასკვნეს, ვოლსკაიას სრულებით არ გააჩნია მისი სქესისთვის ნიშანდობლივი ზრდილობის გრძნობაო. ქალები შორდებოდნენ, კაცები კი უახლოვდებოდნენ. ზინაიდამ გაიფიქრა, წაგებული არ ვარო, და დამშვიდდა.
ხმა გავარდა, ზინაიდას საყვარლები ჰყავსო. ავყიაობა დამტკიცების გარეშეც კი ტოვებს თითქმის საუკუნო კვალს. მაღალი წრის დებულებაში ჭეშმარიტების მსგავსი რამ ჭეშმარიტებას უტოლდება, ხოლო იყო ცილისწამების საგანი, ეს ჩვენ ჩვენსავე თვალში გვამცირებს. ვოლსკაიამ, აღშფოთებისაგან აცრემლებულმა, გადაწყვიტა, წინ აღსდგომოდა უსამართლო მაღალი საზოგადოების ძალაუფლებას. საამისო შემთხვევა მალე მიეცა.
ზინაიდამ გარს დახვეულ ახალგაზრდათა შორის მინსკი გამოარჩია. ეტყობა, ხასიათებისა და ცხოვრებისეულ გარემოებათა ერთგვარ მსგავსებას ისინი უნდა დაეახლოებინა. მინსკიმ თავისი უზნეო საქციელით ასევე დაიმსახურა გაკიცხვა მაღალი წრისა, რომელმაც იგი ცილისწამებით დასაჯა. ჭაბუკმა გულგრილობის ნიღაბი აიფარა და მიატოვა საზოგადოება. ვნებებმა დროებით ჩაუხშვეს გულში თავმოყვარეობის ქენჯნა, მაგრამ გამოცდილებებით დამშვიდებული კვლავ გამოჩნდა იგი საზოგადოების არენაზე და მას უკვე თავისი სიფრთხილესმოკლებული სიჭაბუკის მგზნებარება კი არ მოუტანა, არამედ ეგოიზმის შემწყნარებლობა და წესიერება. მინსკის არ უყვარდა მაღალი საზოგადოება, მაგრამ არ სძულდა, რადგან უწყოდა, რომ აუცილებელი იყო მას მოსწონებოდა. ამასთანავე, მაღალ საზოგადოებას თუმცა საერთოდ პატივს სცემდა, განსაკუთრებით არ ინდობდა და მზად იყო მისი ყოველი წევრი მსხვერპლად შეეწირა თავისი გულღრძო თავმოყვარეობისათვის. ვოლსკაია იმიტომ მოსწონდა, რომ ქალი ბედავდა აშკარად სძულებოდა მინსკისთვის საზიზღარი პირობები. მინსკი გამხნევებით და რჩევით აგულიანებდა ვოლსკაიას, მესაიდუმლედ გაუხდა და მალე მეტად საჭირო კაცი შეიქმნა მისთვის.
ვოლსკაიას წარმოსახვას ერთხანს ბ *იზიდავდა.
- იგი თქვენი ფეხის მტვრადაც არ ღირს, - უთხრა მინსკიმ. - მთელი ჭკუაგონება Liaisons dangereuses”-დან აქვს ნასესხები, ისევე როგორც მთელი თავისი გენია ჟომინისაგან მოპარული. ახლოს რომ გაიცნობთ, შეგეზიზღებათ მისი ტლანქი უზნეობა, ისევე როგორც სამხედროებს სძულთ მისი უხამსი მსჯელობა.
- მე მინდოდა რ. შემყვარებოდა, - უთხრა ზინაიდამ.
- რა სისულელეა! - მიუგო მინსკიმ. - რა ძალა გადგათ, დაუკავშირდეთ კაცს, რომელიც თმას იღებავს და ყოველ ხუთ წუთში აღტაცებით იმეორებს: Quand j’ etais a Florence...ამბობენ, მის აუტანელ ცოლს უყვარსო; დაეხსენი მათ: ორივე ერთმანეთისთვისაა გაჩენილი.
- ბარონი W.?
- ბარონი ქალაჩუნაა; რა ყრია მასში? მაგრამ, იცით რა? ლ. შეიყვარეთ. იგი დაიპყრობს თქვენს წარმოსახვას. ისევე უჩვეულოდ ჭკვიანია, როგორც უჩვეულოდ სულელი; et puis c’est un homme a grands sentiments,* იქნება ეჭვიანი და ვნებიანი, გაწამებთ და გაცინებთ, მეტი რაღა გნებავთ?
მაგრამ ვოლსკაიამ არ დაუჯერა. მინსკი ხვდებოდა, რა ედო ქალს გულში. ვაჟის თავმოყვარეობა შელახული იყო. მინსკის არ ეგონა, თუ შეიძლებოდა თავქარიანობა ძლიერ ვნებებთან ყოფილიყო შეერთებული. ამიტომ წინასწარ ჭვრეტდა ყოველგვარი მნიშვნელოვანი შედეგებისგან დაზღვეულ კავშირს, ზედმეტ ქალს თავისი ქარაფშუტა საყვარლების ნუსხაში და გულცივად ისაზრებდა, როგორ გაემარჯვა. ალბათ რომ შეძლებოდა, მოსალოდნელი ქარიშხლები წარმოედგინა, უარს იტყოდა გამარჯვებაზე, ვინაიდან მაღალი წრის კაცი სიამოვნებას და პატივმოყვარეობასაც კი ადვილად სწირავს მცონარობასა და წესიერებას.

II
მინსკი ჯერ კიდევ ლოგინში იწვა, როცა წერილი მოართვეს. წერილი მთქნარებით გახსნა. მხრები აიჩეჩა, ქალის უწვრილესი ნაწერით გავსებული ორი ფურცელი რომ გაშალა. წერილი ამდაგვარად იწყებოდა:
“ვერ გითხარი ყველაფერი, რაც გულში მიდევს: შენ გვერდით ვერ ვპოულობ აზრებს, რომლებიც ახლა ასე ცხოვლად მდევენ თან. შენი სოფიზმები ეჭვს მიფანტავენ, მაგრამ მაიძულებენ ვდუმდე: ეს ამტკიცებს შენს მუდმივ უპირატესობას ჩემთან შედარებით, მაგრამ არ კმარა ბედნიერებისთვის, ჩემი გულის სიმშვიდისათვის...”

ვოლსკაია საყვედურობდა გულცივობას, უნდობლობას და სხვ., შესჩიოდა, ევედრებოდა, თვითონაც არ იცოდა, რას. ნაზად, ალერსიანად არწმუნებდა და საღამოსთვის თავის ლოჟაში უნიშნავდა პაემანს. მინსკიმ ორი სიტყვით უპასუხა, თავს იმართლებდა, მოსაბეზრებელი, აუცილებელი საქმეები მაქვსო, და ჰპირდებოდა, თეატრში უსათუოდ მოვალო.

III
- თქვენ ისე გულახდილი და ლმობიერი ხართ, - თქვა ესპანელმა, - ვბედავ, ერთი ამოცანის ამოხსნა გთხოვოთ: მე მთელ ქვეყნიერებაზე დავეხეტებოდი, ევროპის ყველა სამეფო კარზე წარვმდგარვარ, ყველგან ვწვევივარ მაღალ საზოგადოებას, მაგრამ ისე შებოჭილად, ისე უხერხულად არ მიგრძვნია თავი, როგორც თქვენს დაწყევლილ არისტოკრატიულ წრეში. ყოველთვის, როცა თავადის ქალ ვ.-ს დარბაზში შევდივარ და ვხედავ ამ მუნჯ, უძრავ მუმიებს, რომლებიც ეგვიპტის სასაფლაოებს მაგონებენ, რაღაცნაირი სიცივე მეუფლება. მათ შორის არაა არც ერთი მორალური ძალა, არც ერთი სახელი თავისი საჩინოებით არ ჩამბეჭდვია მეხსიერებაში. მაშ რა მაკრთობს?
- არაკეთილმოსურნეობა, - მიუგო რუსმა. - ეს ჩვენი ხასიათის თვისებაა. ხალხში ეს თვისება გამოიხატება დამცინველობით. ჩვენი ბანოვნები მეტად ზერელედ არიან განათლებულნი და მათ აზრებს არაფერი ევროპული არ იზიდავს. კაცებზე ლაპარაკიც ზედმეტია. მათთვის პოლიტიკა და ლიტერატურა არ არსებობს. გონებამახვილობა დიდი ხანია ათვალწუნებულია, როგორც ქარაფშუტობის ნიშან-თვისება. მაშ, რაღაზე ილაპარაკებენ? თავიანთ თავზე? არა, - ისინი ერთობ კარგად არიან აღზრდილნი. მათ რჩებათ რაღაც შინაურული, წვრილმანური, პირადული საუბარი, რაც მხოლოდ რამდენიმესთვის, რჩეულთათვის არის გასაგები, და ადამიანი, რომელიც ამ მცირე დასს არ ეკუთვნის, მიჩნეულია, როგორც უცხო, თან არა მარტო სხვა ქვეყნის შვილი, არამედ თავისიანიც.
- მომიტევეთ ჩემი კითხვები, - თქვა ესპანელმა, - მაგრამ სხვა დროს საეჭვოა, მათზე დამაკმაყოფილებელი პასუხი მივიღო და ვეშურები ვისარგებლო თქვენით. თქვენ ახსენეთ თქვენი არისტოკრატია; რა არის რუსული არისტოკრატია. მე თქვენს კანონებს ვსწავლობ და ვხედავ, რომ არა გყავთ მემკვიდრეობითი არისტოკრატია, დაფუძნებული მამულის განუყოფლობაზე. თქვენს თავადაზნაურობაში, მგონი, არსებობს მოქალაქეობრივი თანასწორობა და თავისუფლად შეიძლება მიაღწიო მას. მაშ, რაღას ეფუძნება თქვენი ეგრეთ წოდებული არისტოკრატია, მარტოოდენ გვარეულობის სიძველეს?
რუსმა გაიცინა.
- თქვენ ცდებით, - მიუგო ესპანელს. - ძველი რუსული თავადაზნაურობა თქვენ მიერ მოხსენიებულ მიზეზთა გამო ჩრდილში მოექცა და წარმოქმნა მესამე წოდების გვარეულობა. ჩვენს კეთილშობილ უაზნოთ, რომელთაც მეც მივეკუთვნები, თავიანთი გვარის ფუძემდებლად რიურიკი და მონომახი მიაჩნიათ. მე ვიტყვი, მაგალითად, - განაგრძობდა რუსი; სახეზე თვითკმაყოფილების გამომხატველი დაუდევრობა აღბეჭდოდა. - ჩემი თავადაზნაურობის ფესვი შორეულ დროში იკარგება, ჩვენი ისტორიის ყველა ფურცელზეა ჩემი წინაპრების სახელები, მაგრამ ფიქრად რომ მომსვლოდა, ჩემი თავისთვის არისტოკრატი მეწოდებინა, ალბათ ბევრს გავაცინებდი. ჩვენი ახლანდელი არისტოკრატია კი თავის პაპასაც ძლივს დაასახელებს. მათი ძველი გვარები წარმომდგარა პეტრემდე და ელისაბედამდე. დენშჩიკები, მგალობლები, ხოხოლები, აი, მათი გვარის ფუძემდებლები. სასაყვედუროდ არ ვამბობ: ღირსება ყოველთვის ღირსებაა და სახელმწიფო საჭიროება მოითხოვს მის განდიდებას. მხოლოდ სასაცილოა მეღვეზელეების, დენშჩიკების, მგალობლებისა და მედავითნეების არაკაც შვილიშვილებში ხედავდე ჰერცოგ Monmorency-ს,პირველი ქრისტიანი ბარონის, და კლერმონ-ტონერის მედიდურობას. ჩვენ ისეთი პრაქტიკული ხალხი ვართ, მუხლმოდრეკილი ვდგავართ ახლანდელი შემთხვევის, წარმატების წინაშე და... მაგრამ ძველი დროით მოხიბვლა, წარსულისადმი მადლიერება და ზნეობრივი ღირსებებისადმი პატივისცემა ჩვენთვის არ არსებობს. კარამზინმა ახლახან გვიამბო ჩვენი ისტორია, მაგრამ საეჭვოა, რომ ყური დავუგდეთ. ჩვენ ვამაყობთ არა წინაპრების სახელით, არამედ რომელიმე ბიძის ჩინით ან ბიძაშვილის ბალებით. მხედველობაში მიიღეთ, რომ წინაპრებისადმი უპატივცემლობა პირველი ნიშანია ველურობისა და ზნედაცემულობისა.